ქსანტიპას შესახებ, ანუ სიმართლე პრეზიდენტის ქვრივზე
ვინმემ ან რამემ უნდა გააჩეროს ზვიად გამსახურდიას ქვრივი, უკაცრავად პასუხია და დედაკაცი, რომელმაც ამას წინათ ისეთი რამ იკადრა, რასაც მისგანაც კი არავინ ელოდა - ბარ-ნიჩბით მიადგა საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავს. მაგრამ მოდი თავიდან და დაწვრილებით გავიხსენოთ ყველაფერი, რაც პრეზიდენტ გამსახურდიასა და მის ოჯახს ეხება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით (ეს იყო ერთადერთი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მივიღე როგორც ამომრჩეველმა) დაიწყო “მრგვალი მაგიდის” მმართველობა და მითქმა-მოთქმაც, რომ პრეზიდენტის მეუღლე მანანა, თავის დასთან ლელე არჩვაძესთან ერთად, უხეშად ერეოდა ქვეყნის საკადრო პოლიტიკაში.
როდესაც ირაკლი მენაღარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე მანანა არჩვაძის დაქალი, მანანა ძოძუაშვილი დაასკუპეს, ცხადი გახდა, რომ მითქმა-მოთქმა არც თუ უსაფუძვლო იყო.
1991 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, დამოუკიდებლობის აქტის უკვე ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტზე, რაღაც მანქანებით, მანანა არჩვაძის ხელმოწერაც დაფიქსირდა, რაც, უპრეცედენტობასთან ერთად, ქართველი ხალხისთვის გაუგონარი შეურაცხყოფა, ამ დოკუმენტის წაბილწვა და საზოგადოებისთვის სილის გაწვნა იყო.
ამის შემდეგ აღარავის არაფერი უკვირდა - მედოლე გახდა პრეფექტი, ნიჭიერი მეზღაპრე უნიჭო მთავარი იდეოლოგი, ხოლო მედუქნის შვილმა საქართველოს დედოფლად დაიგულა თავი, რომელიც თავის სეფე ქალებთან ერთად წყვეტდა, რომელი პრეფექტი თუ მინისტრი უნდა დაენიშნათ ან მოეხსნათ - საქართველოს ეროვნული ხელისუფლება უცილო დაღუპვისკენ მიექანებოდა, რისი მიზეზიც, სხვა მრავალ ობიექტურ გარეშე თუ შიდა ფაქტორებთან ერთად, ერთი სუბიექტურიც იყო - ზვიად გამსახურდიამ ვერ მოახერხა საკუთარი ცოლის ამბიციების მოთოკვა. მარტივად თუ ვიტყვით, “კუხნაში” ვერ მიუჩინა ადგილი. ჯერ ცოლი დაისვა თავზე და შემდეგ ცოლის დისა და მანანას დაქალის “ტროიკა” მთელ ქვეყანას დაასვა თავზე, რაც პატრიარქალური აზროვნების, მენტალიტეტის საქართველოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ზვიად გამსახურდიას ბევრი ერთგული ადამიანი დააკარგვინა.
და მოხდა ის, რაც მოხდა - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენები, რაზეც დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა ლაპარაკობს, თუმცა სიმართლეს - თითო-ოროლა და ისიც “მოგუდულად”. სიმართლე კი ისაა, რომ არნახული უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი არავინ დაიცვა თბილისში, სწორედ ზემოთქმულის გამოც. ამიტომ იყო, რომ რუსთაველის, ქალაქის ცენტრის იქით, თუ არ იცოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ თბილისში ომი იყო. ამიტომ მოახერხეს ერთმა მუჭა გვარდია-მხედრიონმა ზვიად გამსახურდიას საქართველოდან გაძევება.
გავიდა ხანი, ზვიადი მოკლეს თუ თავი მოიკლა, ამაზე სხვა დროს. პრეზიდენტის ოჯახი თბილისში დაბრუნდა და, ჰოი, საკვირველებავ! მაშინ, როდესაც მანანა არჩვაძის მიტინგებს თემურ მღებრიშვილი არბევდა “ჩურჩხელებით”, პრეზიდენტის უმცროსმა ვაჟმა გიორგიმ მღებრიშვილის სპეცრაზმში ამოყო თავი... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და შევარდნაძის მილიციიდან დაწყებული, მიშას პოლიციით დამთავრებული ყველგან კარგად გრძნობდა თავს. ახლა პოლკოვნიკობას თავი დაანება და დიასპორის სამინისტროში “ზამმინისტრია”...
არ შემიძლია, არ შევეხო ზვიად გამსახურდიას მთაწმინდაზე გადმოსვენების პერიპეტიებს. გახსოვთ, ალბათ, რომ ამ ქალბატონმა მაშინაც თავისი გაიტანა და კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართველ ხალხს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - იმით გაგულისებულმა, რომ კათოლიკოსმა უარი შეჰბედა ზვიადის ცხედრის სამების ტაძრის ეზოში დაკრძალვაზე, ეგრე არ უნდაო და ზვიადისთვის წესის ასაგებად მომზადებული სამების მაგივრად დემონსტრაციულად კოლხურ კოშკში მიასვენა მეუღლის ნეშტი. მერე იყო და მთაწმინდის მიწას მივაბაროთო, დაითანხმეს, მაგრამ აქაც თავისი უკმეხი ხასიათი გამოავლინა - გინდა თუ არა, ილიას გვერდით უნდა დაიკრძალოსო. ერთი სიტყვით, როგორც იყო მიაბარეს მიწას ზვიად გამსახურდიას ტანჯული ძვლები, მაგრამ ამ დედაკაცის კაპრიზებმა აშკარად ჩრდილი მიაყენა სამგლოვიარო პროცესიას. და ეს ძალიან, ძალიან რბილად არის ნათქვამი.
საზოგადოებას ე.წ. “დიდ ათეულთან” დაკავშირებული გამოხდომებიც ემახსოვრება ამ ქალბატონისა, როდესაც საპატრიარქოსთან მიტინგებს მართავდა - წმინდანები ამოიღონ ნომინაციიდანო, მას შემდეგ, რაც დაინახა რომ ზვიად გამსახურდიას ილია მართალმა და წმიდა დავით აღმაშენებელმა გადაასწრეს. თითქოს, ან ერთი და ან მეორე წმინდანები რომც არ ყოფილიყვნენ, არათუ ზვიად გამსახურდიას, არამედ სხვა რომელიმე ქართველ მოღვაწეს ჰქონდა შანსი ამ ბუმბერაზებთან გაჯიბრებისა.
რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, შარშანდელი გაზაფხულის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ხელმოცარულ ლიდერს - იგი უეცრად, რატომღაც პარლამენტად წოდებული საქათმის წევრი გახდა და წიკლაურ-ხერხეულიძე-ოჩიაურის გვერდით, ერთ-ერთი საპატიო ქანდარა დაიკავა! ვინმეს სმენია, რომ ან ერთი, ან მეორე ძმა პროტესტის ნიშნად საკუთარი ქანდარებიდან გადმოფრენას აპირებენ? ეგეც იქით იყოს, უბრალო სიტყვაც არ გვსმენია მათგან საკუთარი ძმის, ტუსაღ ცოტნე გამსახურდიას დასაცავად თქმული.
და ამ დროს მანანა არჩვაძე, ზეინაბ ბოცვაძის გმირივით “მონანიებიდან”, ზვიად გამსახურდიას საფლავის თხრას იწყებს. გაგონილა ასეთი მკრეხელობა და ელემენტარული უპატივცემულობა მიცვალებულისა? ამ ქალბატონს არ უნდა, გაიგოს, რომ ქართველმა ხალხმა ზვიად გამსახურდიას მთაწმინდაზე, როგორც ვინმეს მეუღლეს კი არა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სტატუსით მიუჩინა ადგილი.
ხელისუფლებისა და პირადად სააკაშვილის ბრალია, რომ თავის დროზე ამ ქალბატონის მთავარი ხუშტური თუ კაპრიზი შეასრულეს; ანუ მაშინ, როდესაც ზვიადის ნეშტის ექსპერტიზა არ ჩატარდა! ამ ქალმა ჯერ სიცოცხლე გაუმწარა ზვიადს და ახლა მკვდარსაც არ ასვენებს საფლავში - დღენიადაგ მიცვალებულის სახელით ეწევა პოლიტიკურ სპეკულაციას.
აქამდე რაც ითმინა საზოგადოებამ, ისიც არ უნდა მოეთმინა და ამ უკანასკნელის პატიება ყოვლად შეუძლებლად მიმაჩნია. თუ ეს ქალბატონი შეურაცხადია (ასეთი აზრიც არსებობს), მაშინ?.. თუ არა და, რამენაირად უნდა აღიკვეთოს მთაწმინდის საძვალეში მიწის თვითნებური სამუშაოები - ორივე შემთხვევაში ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც ვანოს კანტორის ბიჭებსაც კი ვერავინ დაძრახავს ძალისმიერი ქმედებების გამო!
დაბოლოს: ვისაც ჩემი ნათქვამი გემწარათ, დაფიქრდით, კიდევ ერთხელ გაიაზრეთ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია საქართველოს პირველ პრეზიდენტს, საკუთარი შვილების მამის ნაწამებ არა ერთგზის და არა ერთ ადგილას დამარხულ-გადასვენებულ ცხედარს მიწიდან თხრიდა! ეს ქალი მკვდარს საფლავიდან თხრიდა!
გაიაზრეთ?! ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, თუკი მკვდარს ასეთ დღეში აგდებს, სიცოცხლეში რა დღეში ჩააგდებდა და როგორ გაამწარებდა...
დავით მხეიძე
P.S. ბერძენი ფილოსოფოსის - სოკრატეს ცოლის, ქსანტიპას სახელი ისტორიაში შევიდა როგორც უარყოფითი ადამიანისა, სულელი და კაპასი ცოლისა. მითი ქსანტიპას სიანჩხლეზე მომდინარეობს ქსენოფონტის ნაწარმოებიდან “პიფი”, რომელშიც ქსანტიპა წარმოდგენილია როგორც ფილოსოფიური ანტიპოდი და სრული საპირისპირო პიროვნება ბრძენი სოკრატესი.
ქსანტიპამ სახელი გაითქვა თავისი სამარცხვინო ქმედებებით. მართლაც, მას ისეთი საშინელი და მძიმე ხასიათი ჰქონდა, ისეთი უხეში იყო, რომ მხოლოდ თავაზიან და კეთილშობილ სოკრატეს თუ შეეძლო მისი ატანა.
ერთხელ გაკაპასებულმა სანტიპამ ქმარს თავზე ვედრით ნარეცხი წყალი გადაასხა. საამისოდ ამ გათახსირებული დედაკაცისთვის მიზეზი ძნელი მოსაძებნი არ იყო. სოკრატე კი ყოველთვის დიდსულოვნად ხვდებოდა მის გამოხდომებს. ერთხელ ხალხმრავალ ბაზარში უსაქმოდ მოხეტიალე ქმარს ქსანტიპამ ლაბადა შემოახია. ამის მხილველი სოკრატეს მეგობრები აღშფოთდნენ და ბრძენს ადანაშაულებდნენ, მოუწოდებდნენ, ჭკუა ესწავლებინა საზიზღარი ალქაჯისათვის, რათა ქმრისათვის პატივი ეცა.
ამ ქალისთვის ძალიან ძნელი იყო იმ მიზნებში ჩაწვდომა, რაც მის ქმარს ცხოვრებაში ჰქონდა დასახული. ქსანტიპამ, მართალია, თავისი სახელგანთქმული ქმრის სიბრძნიდან ვერაფერი სარგებელი ნახა, მაგრამ ყოველთვის მისი ერთგული იყო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც არ მიუტოვებია.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი