მთავარი | საზოგადოება | პროფესორი გაგნიძე სკიპტრიანი გიჟისა და იღლიაში ამოჩრილი ტრიბუნის შესახებ

პროფესორი გაგნიძე სკიპტრიანი გიჟისა და იღლიაში ამოჩრილი ტრიბუნის შესახებ

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ზურაბ გაგნიძე: სააკაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია დააკარგვინა
ქართველობა შეწუხებულია იმაზე ფიქრით, საით მივდივართ ან ვის მივეცით ნდობის მანდატი. ამისათვის კი, უპირველესად, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად რთული პოლიტიკური ფენომენია თანამედროვე, უმაღლესი სახელმწიფო რანგის ფუნქციონერი. ქვეყნის პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პოლიტპორტრეტზე გვესაუბრება ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ზურაბ გაგნიძე.

- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს და როდის დავუშვით შეცდომა - “მიშა-მიშას” ძახილით ქვეყანა რომ ჩავაბარეთ თუ ახლა, როდესაც გავყვირით “მიშა, წადი!”?
- სააკაშვილის მმართველობა შეიძლება სამი სიტყვით შეფასდეს: არაადეკვატური, არასისტემური და ბნელი. მისი მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება, მოტივაცია - საკუთარი და კლანის კეთილდღეობა. მისი პოლიტიკური კურსი ეყრდნობა უცხო ძალთაგან დაპროგრამებულ მართვას. სააკაშვილი ტალახში სვრის იმ ერის სახელსა და ღირსებას, ვის შვილადაც დაიბადა, არცხვენს პირველი კაცისა და პრეზიდენტის ტიტულს.
- სააკაშვილის ქარიზმამ სრულიად საქართველო გაიყოლა ბარიკადებზე, მაგრამ მისადმი ნდობა თოვლივით დადნა... რამ განაპირობა მისი აღზევება ან დაცემა?
- მიშა იყო და არის მსოფლიო გლობალიზაციის პოლიტიკის ახალი ჯურის რეფორმატორი. თავიდანვე ნაციონალური დროშის ფრიალით, ეროვნული ღირებულებების დანერგვის დაპირებებით საიმედოდ ინიღბებოდა. საზღვარგარეთ მიღებულმა განათლებამ ის პიარტექნოლოგიების გროსმაისტერად ჩამოაყალიბა. ხალხი მის შეცნობასა და გამოვლენას გარკვეული ხანი მოუნდა. მაგრამ ქართველი კაცი მიხვდა, რომ “ვარდების რევოლუცია” ჯორჯ სოროსის ფულით დადგმული პოლიტიკური სპექტაკლი იყო, რომელმაც ქვეყნის სათავეში მოიყვანა “სკიპტრიანი გიჟი” თავისი შენიღბული ავკაცობით.
სააკაშვილის მთავრობის არც ერთი მინისტრი არაა იმ დარგის სპეციალისტი, გამოცდილებით აღჭურვილი პროფესიონალი და საქვეყნო საქმეებისთვის შერჩეული, რომელიც აბარია. ამიტომაცაა მთლიანად მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები, რითაც მან მოახერხა ხელისუფლების ერთიანად ხელში ჩაგდება. ამგვარი საკადრო პოლიტიკა ქვეყნის ინსტიტუციონალური ნგრევაა და ვერაფრით უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობის ჩამოყალიბებას.
საკონსტიტუციო ცვლილებებმა სააკაშვილი უზურპატორად აქცია. საკანონმდებლო ორგანო ჯერ ნოტარიულ ოფისად აქცია და სადაცაა ქუთაისს გაამწესებს. სასამართლო ხელისუფლება ისეა დაკნინებული, ასე მგონია, დამოუკიდებლობის პრეტენზია აღარც გაუჩნდება. ბიზნესი დაწიოკებულია, ტერიტორიები - დაკარგული, მედიასივრცე პრეზიდენტსა და მის პიარს ემსახურება თუ არა და... მდარე, ჩვენს მენტალობას გაცილებულ საპნის ოპერებს გვიჩვენებს.
სააკაშვილის დემოკრატია ფარსია. მუშტშემართული და თმააწეწილი გაყვირის სხვათა მიმართ “ნულოვან ტოლერანტობაზე”. სააკაშვილის მმართველობა სადიზმის იერს ატარებს, ქუჩაში განუკითხავად ხვრეტენ ახალგაზრდებს. მათი გაუხსნელი საქმეები კი პროკურატურის მაღალ თაროებზეა შემოდებული.
7 ნოემბერის აქციებს რეზინის ტყვიებითა და ფსიქოტროპული იარაღით უმასპინძლა, რითაც 2007 წლის 7 ნოემბერს მან ისედაც აგონიაში მყოფი დემოკრატია სამუდამოდ დაასამარა. ამ ფაქტით მისი სივერაგე თვით სკეპტიკოსებისთვისაც ცხადი გახდა. ჩვენი პასიურობის ბრალია, რომ სააკაშვილი ტოტალური გაყალბებითა და დასავლეთის მხარდაჭერით კვლავაც პრეზიდენტად მოგვევლინა. ტრიბუნა მატრაბაზივით იღლიაში ამოჩრილი დააქვს და “მამა მარჩენალს” ბუზს სპილოდ აჩვენებს, ხოლო ჩვენ თვალში ნაცარს გვაყრის.
მისმა გაუწონასწორებელმა პოლიტიკამ გეოპოლიტიკური კატასტროფა მოახდინა. დღენახევრიანი ომით დასავლეთისთვის მთელი შუა აზია ჩაკეტა და ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია დააკარგვინა. ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის კოლაფსი.
ამერიკელების მიერ შექმნილმა ამ პოლიტიკოს-კიმბორგმა მომხვეჭელობისა და ქონების დაგროვებისაკენ პათოლოგიური სწრაფვა გამოამჟღავნა. მას ფულის წიგნაკების მთელი კართოტეკა აქვს მსოფლიოს ბანკებში. საქართველოში ყველა შემოსავლიანი ბიზნესის მეწილეა.
სააკაშვილმა ლამის მთელი ქვეყანა დამსმენთა, მომსმენთა და “კონფიდენტებად” სახეშეცვლილ აგენტთა სათარეშოდ აქცია.
სააკაშვილისვე დამსახურებაა, რომ უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი მილიარდების ნაწილს მთავრობა ჯიბეში იტენის, ნაწილს კი არჩევნებს ახმარს.
მისი “წყალობით”, საქართველოს სახელმწიფო ვალი 8 მილიარდზე მეტია. ეს თანხა არც სოციალური პროგრამების განხორციელებას, არც ეკონომიკურ განვითარებას, არც უმწეოთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს მოხმარებია; არც ქვეყანასა და ხალხს, არც დასაქმების ყბადაღებულ პროგრამას; არც საწარმოები ამუშავებულა, არც ბიზნესსფერო გაუმჯობესებულა, არც ეკონომიკური აღორძინება დაწყებულა და არც სოფლის მეურნეობა აღდგენილა. გამოყოფილი მილიარდიანი გრანტი, რომელიც ომის შემდგომ ინფრასტრუქტურების აღდგენას უნდა მოხმარებოდა და დაზარალებულთათვის ნორმალური არსებობის პირობები შეექმნა, პრეზიდენტის რაიხსტაგად მონათლული სასახლის დასრულებას მოხმარდა.
ვინც თანამედროვე პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, ყველამ იცის, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური დაპყრობა, მტრის თანამედროვე იარაღი - ქვეყნების ვალით დაკაბალება და ასე ვთქვათ ეკონომიკური დაპყრობა უფრო მეტად დამღუპველია, ვიდრე ქვეყნის ასაოხრებლად შემოსული ტანკები. ამის მაგალითია ჩეხეთი. მისმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ჩეხეთში ჩაატარა პლებისციტი საგარეო ვალის აღებაზე. ჩეხებმა უარი თქვეს მსოფლიო ბანკის ვალზე და ქვეყანას ეკონომიკური კაბალა ააცილეს. სააკაშვილი კი ხალხს არაფერს ეკითხება.
აღარაფერს ვამბობ ჯარში განხორციელებულ რეფორმებში გადაყრილ მილიარდებზე, ჯარის შეიარაღებისა და წვრთნის პროგრამების დაფინანსებაზე. ჯარს ჰქონდა მეტად საპატიო ფუნქცია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აგვისტოს ომში აღმოჩნდა, რომ ჯარი საერთოდ არ გვყოლია. სად წავიდა მილიარდები?!.. სააკაშვილს გამოეცალა რა ის საყრდენი, რომელსაც წლების მანძილზე აპიარებდა, მისი მიდგომა ჯარისადმი შეიცვალა. მასზე პოლიტიკური კონტროლი დააწესა და თავდაცვის მინისტრად ადამიანების უფლებების სასტიკი დამრღვევი, მოძალადე და ბანდიტი ახალაია დანიშნა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ამგვარი იარლიყით მოხვდა. ცხადია, დღეს ჯარი პრეზიდენტს უსაფრთხოებისათვის კი არა, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. მდგომარეობა თუ გაურთულდა, სამხედრო დიქტატურის დამყარებასაც შეეცდება. ამას ადასტურებს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერის - ლინკოლნ მიტჩელის სიტყვები: “ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება სწორედ სააკაშვილის შიდა პოლიტიკის გამო არ სურს”.
მართალია, სააკაშვილს სურს, თავი ომში გამარჯვებულ, ყველასათვის სასურველ და წარმატებულ პრეზიდენტად წარმოგვიდგინოს და არ აცნობიერებს, რომ ამ წლებში მან უდიდესი, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასი შეცდომები დაუშვა, მაგრამ ახლა, ლოგიკური შეფასებით, მისი მმართველობის დღეები დათვლილია, რადგან ყველა მიმართულებით დაღმავალი გზით გვატარა.
და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი წინააღმდეგია, ვეღარ ეგუება მის მიერ მოტანილ სიბრმავეს, სიყრუეს, ნიღაბ-როლებს, ხალხი დრტვინავს და მზადაა, ქვეყნის ბატონ-პატრონობას მიაღწიოს, რასაც თან გააყოლებს ოდიოზური პრეზიდენტის პოლიტიკურ ახირებებს.

ესაუბრა
ლალი შაშიაშვილი

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru