სიკვდილის პრეისკურანტი
საქართველოში საარსებო მინიმუნი რომ დაბალია და ამ თანხით თავის გატანა შეუძლებელია, არავისთვისაა უცხო. ამ მინიმუმით ადამიანს არათუ სიცოცხლე, არამედ დაკრძალვის ხარჯების გასტუმრებაც კი გაუჭირდება. საქართველოში 2010 წლის იანვარ-თებერვალში საშუალო მომხმარებლის შემოსავალი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით საარსებო მინიმუმმა 2010 წლის დასაწყისში 113,4 ლარი შეადგინა.
ეს ის თანხაა, რითაც ჩვენი მაღალჩინოსნები ამაყობენ და რომელიც თურმე ერთი თვე უნდა ეყოს ადამიანს, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ სუშის საყიდლადაც არ ეყოფა.
ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობიაო, - შეიძლება ინატროს ბევრმა, მაგრამ არც ეს ჯდება იაფი.
თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული დამკრძალავი ბიურო “ჰერმესი” (ჰერმესი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას ძე იყო, რომელიც მიცვალებულთა სულებს აცილებდა ჰადესში) სასაფლაომდე მიაცილებს მიცვალებულებს, მაგრამ ეს “მიცილება” ფასიანია.
როგორც მერიაში გვითხრეს, თბილისის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს რომელიმე სახელმწიფო სასაფლაოზე, მონიშნოს ის ადგილი, რომელიც “მოეწონება” (ზოგიერთს ურჩევნია, ხედი დედაქალაქს გადაჰყურებდეს) და უპრობლემოდ დაუკანონებენ. ამ შემთხვევაში სასაფლაო მხოლოდ ორადგილიანი უნდა იყოს, დამატებითი ადგილისთვის 500 ლარი იქნება გადასახდელი.
“ჰერმესის” მომსახურება მხოლოდ 107 ლარი ჯდება. მასში შედის საფლავის გათხრა, მიცვალებულის დასაფლავება. საფლავის გათხრა და მიწის დაყრა არც ისე ძვირია და ამას საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანიც კი გასწვდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დაკრძალვა 107 ლარი მხოლოდ მაშინ დაგიჯდებათ, თუ მიცვალებულს კუბოს გარეშე დაკრძალავთ. ისე კი მის მოწესრიგებას (ჩაცმა-დახურვა იგულისხმება) და ტრანსპორტირებას (მიცვალებული თავისი ფეხით ხომ არ “წავა” სასაფლაოზე?), როგორც ატყობთ, 107 ლარი არ ეყოფა...
თუ გადაწყვეტთ, რომ მიცვალებული საფლავამდე მერიამ “მიაცილოს”, თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ მერიის აგენტი, რომელსაც თან ექნება ილუსტრირებული კატალოგი მომსახურების ფასებით. მასში კუბოს ფასი 150 ლარიდან 3000 ლარამდე ადის (ხარისხის შესაბამისად), ტახტის, სუდარის, კანდელისა და შანდლების საკითხსაც, თუ გნებავთ, მერია მოაგვარებს. დამატებით, მიცვალებულს ჩააცმევენ და გაპარსავენ (რა თქმა უნდა, თუ მამაკაცია) კიდეც; დაგვრჩა მიცვალებულის სამუდამო განსასვენებლამდე მიყვანა, აქაც ყველაფერი თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული. მაგ. “კადილაკის” კატაფალკი 140 ლარი ღირს, მრგვალფარებიანი “მერსედესი” კი - 80. მიცვალებულს სასაფლაოზე მარტო ხომ არ “გავუშვებთ”, ამიტომ ხალხის გადასაყვანად ავტობუსი დაგჭირდებათ. ნუ ღელავთ, მერიამ ამაზეც იზრუნა, 120-140 ლარად შეგიძლიათ ავტობუსის დაქირავება. საფლავის მოწყობა კი ოჯახის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ამაში მერია მონაწილეობას არ ღებულობს. მარმარილოს საშუალო ზომის ქვა წარწერითა და სურათით სულ რაღაც 400 ლარი დაგიჯდებათ.
თუ თქვენ არ მოგეწონათ მერიის მიერ შემოთავაზებული სერვისის პირობები, შეგიძლიათ კერძო დამკრძალავ ბიუროებს მიმართოთ, ასეთი კი თბილისში ბევრია, მაგ: “ჰადესი”, “მუმია”, “რიტუალი-ჩაო ესკუდერო”, “ჯი.ემ. ჯგუფი”, “მარადისობა” და სხვ.
ჩვენ ერთ-ერთ დამკრძალავ ბიურო “ჰადესს” მივმართეთ, სადაც დაწვრილებით აგვიხსნეს მომსახურების დეტალები და ფასები. მერიისგან განსხვავებით, მათ საფლავის მოძიება და შემდეგ დაკანონება არ ეხებათ. თუ ამ ბიუროს დაუკავშირდებით, მათი წარმომადგენელი ყველაფერს თვითონ გააკეთებს, თუ ტირილი და გოდება არ შეგიძლიათ, არც ესაა პრობლემა - ტირილი შეთავსებით.
მათი ინფორმაციით, სარიტუალო მომსახურების ფასები ასეთია: მიცვალებულის ჩაცმა-დასუფთავება 10 ლარი, გაპარსვა 10 ლარი, ბალზამირება - 60 ლარი, წიფლის კუბო - 150 ლარი, მუხისა - 260, იტალიური სტილისა 350 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ტრანსპორტს, მიცვალებულის გადასასვენებელი მანქანა 60 ლარიდან 150 ლარამდე ჯდება, ხოლო ხალხის გადასაყვანად “იკარუსის” მარკის ავტობუსი - 100, “მერსედესის” მარკისა კი 120 ლარი დაგიჯდებათ.
მოკლედ, თუ ამ ყველაფერს დავიანგარიშებთ და ზედ ქელეხის სუფრის ხარჯებსაც, მინიმუმ 1500 ლარსაც დავუმატებთ (150 კაცზე), 2500 ლარს მივიღებთ, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის დიდი თანხაა. გამოდის, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა მთელი ორი წელი უნდა აგროვის ფული დაკრძალვის ხარჯების დასაფარავად. ასე რომ, არც სიცოცხლე ღირს ამ ქვეყანაში და არც - სიკვდილი!
ალექსანდრე აკობია
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი