საწყალი ობამა
დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამაზე მოგახსენებთ. ვერ ვიფიქრებდი, თუ მსოფლიოს უპირველესი პოლიტიკური ფიგურა ოდესმე ჩემი დასაცავი გახდებოდა. ამას ისე ვამბობ, გულის მოსაოხებლად, თორემ დასაცავიც და გადასარჩენიც სწორედ საქართველო და ქართველი ხალხი, საქართველოსა და ქართველი ხალხის ღირსებაა.
ქალბატონ მაია ორჯონიკიძესაც, ალბათ, ამ დიადმა მიზანმა უკარნახა არცთუ ორიგინალური იდეა - ვრცელი “ღია წერილით” მიემართა პრეზიდენტ ობამასთვის.
ბატონი ობამა, რა თქმა უნდა, ქალბატონი მაიას წერილს არც წაიკითხავს მისი “გრანდიოზული” მოცულობის გამო. არც ესაა დიდი უბედურება. სამოციან წლებში დაბადებულმა, მძიმე ბავშვობა გამოვლილმა, მაგრამ დღეს უკვე სავსებით ზრდასრულმა ქალბატონმა მაიამ ეს, ალბათ, შესანიშნავად იცის. იგი ამ ვრცელ წერილს ობამაზე კი არა, ჩვენზე, საკუთარ ბეჩავ თანამემამულეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად წერს. ადრესატად ამერიკის პრეზიდენტი რომ ეგულისხმა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მხატვარი და პუბლიცისტი (ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს ავტორი) ქალბატონი მის გასაგონად სამოციანი წლების საბჭოთა კავშირზე ასე დაწვრილებით არ ილაპარაკებდა. საქმე ის არის, რომ თანამედროვე დემოკრატიის აკვნად აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პერიოდში ჯერ კიდევ მძვინვარებდა რასიზმის თეორია. ამავე წლებში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომები ინდოჩინეთში, რითაც დღეს ამერიკელი ხალხი და ამერიკის ადმინისტრაცია, რბილად რომ ვთქვა, მაინცდამაინც არ ამაყობს. ყველაფერ ამის შეხსენება კენიური წარმოშობის ბარაკ ჰუსეინ ობამასთვის მთლად კორექტული არ უნდა იყოს.
მხატვრისა რა გითხრათ, მაგრამ პუბლიცისტს ასეთი გულუბრყვილო შეცდომა არ უნდა მოუვიდეს.
მაია ორჯონიკიძე არ გახლავთ ვინმე “ერთ-ერთი ქართველი პუბლიცისტი.” იგი სააკაშვილის ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერი (ვერ არის მთლად სანაქებო საქციელი პუბლიცისტისგან!) და ამ ხელისუფლების პოლიტიკის ასევე მხურვალე პროპაგანდისტია. ეს ნიშნავს, რომ მისი პირით სააკაშვილის ხელისუფლება ლაპარაკობს. სწორედ ეს პუბლიცისტი, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება, რუსეთს რომ თავი დავანებოთ, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებს, პირდაპირი გაგებით, ასმენს ობამასთან, ამ თქვენს ევროპელ პარტნიორებს თქვენს ზურგს უკან ამერიკისა და თქვენი ერთგული საქართველოს წინააღმდეგ პირი შეუკრავთ, რუსებთან კუდები გადაუბამთ და ათას მზაკვრულ გეგმას ამზადებენო!
შეგახსენებთ, რომ საუბარია ევროპის ორ უდიდეს სახელმწიფოზე, რომელთა “რუსული პოლიტიკა” თურმე ასე მიუღებელი ყოფილა ქალბატონი პუბლიცისტისთვის, ანუ მიხეილ სააკაშვილისთვის.
ეს მიამიტური დასმენა, რა თქმა უნდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ევროპა-ამერიკის ურთიერთობებზე, მაგრამ ძალიან ცუდად წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლებას და, სამწუხაროდ, საქართველოს ხალხსაც, რომელსაც, “ღია წერილიდან” გამომდინარე, საბოლოოდ დაუკარგავს მოვლენათა შეფასებისა და განსჯის უნარი. მაგალითად, ასეთის - გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპის ყველა დანარჩენი სახელმწიფოს ხელისუფლებები საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ხელმძღვანელობენ საკუთარი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებით და არა იმით, რას იფიქრებს მათ გადაწყვეტილებებზე მიხეილ სააკაშვილი; რომ ამერიკის ადმინისტრაციისთვის მისი ბუმბერაზი სადაზვერვო და დიპლომატიური სამსახურების წყალობით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებებზე გაცილებით მეტია ცნობილი, ვიდრე ეს ბატონ გივი თარგამაძეს წარმოუდგენია.
სხვა მხრივ, როგორც სამოციანი წლების ლიტერატურულ კრიტიკაში იყო მიღებული, მაია ორჯონიკიძის სტატია “კარგი ქართულით არის დაწერილი და საამოდ იკითხება.”
თეიმურაზ ქორიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (4 კომენტარი):
da ise, logikastan rogor vart? tu ise gagaborotat,chemtvis ucnobma mizezebma, rom ver xedavt evropuli saxelmwifoebis amolarul damokidebulebasa da demokratiuli anu dasavluri faseulobebis galats?!
warmatebebs gisurvebt, magram ase shors ver waxvalt- cota inteleqti, cota kritikuli da analitikuri msghelobis unari da cotac meti nichi da yvelaferi uket gamogivat!!!
დატოვეთ კომენტარი