ხელისუფლება 500 ათას ადამიანს უსახლკაროდ ტოვებს
ქართული ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობასა და საზოგადოების საკუთრების დაცვაზე საუბარი მაშინ დასრულდა, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ბანკი მევალის ქონებას 7 დღეში გაყიდის, უკანასკნელ 10 წელიწადში შეძენილ ქონებას კი დააყადაღებს.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვალის არსებობას სასამართლო დაადასტურებს, მის დასაფარად 7 დღე მიეცემათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქონებას ბანკი დააყადაღებს. დაყადაღებული ქონება კი აუქციონზე გაიყიდება, დავალიანების მქონე პირს კი მხოლოდ 4 კვირის სამყოფ საკვებს, საწვავ და სანათ საშუალებებს დაუტოვებენ. აღსრულების ბიუროს ინიციატივით, თბილისში მევალეთა რეესტრიც შეიქმნა, რომელშიც ის პირები შეჰყავთ, ვისაც კრედიტორის მიმართ დავალიანება აქვს და, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მის დაფარვას ვერ ახერხებს.
2007 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბანკებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი კლიენტთა სესხის რესტრუქტურიზაციაზე, მოგვიანებით რესტრუქტურიზაციის გეგმა ბანკების მორიგი “ბლეფი” აღმოჩნდა.
“საქართველო და მსოფლიო” შეეცადა, ბანკების ხელმძღვანელებისაგან მოესმინა არგუმენტები იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც ბანკის მევალის 7 დღეში უსახლკაროდ დატოვებას ითვალისწინებს.
ამ მიზნით დავუკავშირდით ბანკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღანელებს. მათმა უმეტესობამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაიკო ძირკველიშვილმა მიზეზად სამსახურში არ ყოფნა დაასახელა;
საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ბალავაძის განმარტებით კი, მევალეთა რეესტრში ადამიანი მხოლოდ ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილების შედეგად ხვდება, ანუ იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაფარვა ვერც ერთი გზით, მათ შორის რესტრუქტურიზაციით, ვერ მოხერხდა და მომხმარებლის საკითხი სასამართლოში წყდება.
“ბანკების თვითმიზანი არ არის, მომხმარებელთან ურთიერთობა სასამართლოს გზით ან მომხმარებლის ქონების გაყიდვით გადაწყვიტოს. ბანკი მოწოდებულია, მომხმარებელს დაეხმაროს სესხის დაფარვაში და მომხმარებელს შეფერხების შემთხვევაში, სესხის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს,” - აცხადებს ბალავაძე.
ბაზისბანკის პიარ მენეჯერის - თამუნა ხადურის თქმით, ეს კანონი ქართული საბანკო ეკონომიკის რეალობის ადეკვატურია და მასში პრობლემური არაფერია. ხოლო კლიენტისთვის 7-დღიანი ვადის მიცემა მისი მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ ხდება: “ჩვენ ვაკეთებთ სესხის რესტრუქტურიზაციას კლიენტებისთვის. თუკი ბანკის მევალე მოლაპარაკებაზე წამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ”.
ბანკის წარმომადგენლებს უჭირთ კანონთან დაკავშირებით ისეთი არგუმენტების დაპირისპირება, რომელიც გამოდგება აღსრულების ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირწონედ.
მიუხედავად ბანკირების სხვადასხვა პიარ განცხადებებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, უახლოეს მომავალში ასეულობით ათას ადამიანს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება.
ახალი კანონის შეფასება ეკონომიკის ექსპერტს - გია ხუხაშვილს ვთხოვეთ. ხუხაშვილის თქმით, ეს კანონი პოლიტიკური ფორმაჟორითაა განპირობებული და ხელისუფლება ვალდებულია, პასუხისმგებლობა გადაინაწილოს მეწარმეებთან ერთად: “თუ ხელისუფლება და ბანკები ვალის ამოღების ბლიც მეთოდებს მიმართავენ, ამით თავადვე დაზარალდებიან, ვინაიდან ერთიან თანხას ამოიღებენ და შემდეგ მათი ბიზნესი და ეკონომიკური წინსვლა ფაქტობრივად გაჩერდება. ამას მოჰყვება ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის მეორე ტალღა”.
ექსპერტის აზრით, ხელისუფლება კლიენტებისთვის 7-დღიანი ვადის მიცემით გარკვეულ სარგებელს მიიღებს, მაგრამ შემდეგ რა იქნება? - იქნება ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბანკებთან ურთიერთობას შეწყვეტს და ბანკებიც კლიენტების გარეშე დარჩებიან.
“ამგვარი პრაქტიკა ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არა ცივილიზებულსა და განვითარებულში. ბუნებრივია, რომ არანორმალურ ქვეყანაში ყველაფერი ხდება. ეს კანონი მხოლოდ რისკთან თამაშია. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება, ფაქტობრივად, 500 000 ადამიანზე მეტს უსახლკაროდ ტოვებს,” - აცხადებს გია ხუხაშვილი.
აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ბარნაბიშვილი კი კანონის დეტალებს განმარტავს: “თუკი კრედიტორი სასამართლოს მიმართავს და ვალის არსებობა დადასტურდება, საქმეში აღმასრულებელი ჩაერთვება. კანონი განსაზღვრავს იმ ნივთების ნუსხასა და მოცულობას, რომელთა დაყადაღებაც აღმასრულებელს არ შეუძლია. თუკი აუქციონის შედეგად ვალი არ დაიფარება, დავალიანების მქონე პიროვნებას ნებისმიერ ქონებას თუ შემოსავალს ჩამოართმევენ, რაც მას მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაუჩნდება”.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეს ბანკებს აქვთ ფინანსური რესურსი, რომლითაც შესაძლებელია კრედიტორების ვალის რესტრუქტურიზაცია, მაგრამ, ალბათ, ბანკირთა ნებით რესტრუქტურიზაცია არ ხდება.
ოპოზიციური პარტიები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული კანონის მიღებაში ხელისუფლების ბინძური ხელი ურევია და რომ სწორედ მმართველი გუნდის წევრები აპირებენ ამ კანონით (დაზარალებული ადამიანების ხარჯზე) ხელის მოთბობას.
თავად ბანკის მევალეები კი ამბობენ, რომ, თუკი მათ საკუთრებას ჩამოართმევენ, ისინი იძულებული გახდებიან, ჯერ ბანკს მოსთხოვონ პასუხი, შემდეგ - ხელისუფლებას.
შორენა გოგოლაძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი