მარტყოფის ბრძოლის ველზე ნაგავსაყრელი შენდება
ისტორიული ძეგლების უპატივცემულობა და შეურაცხყოფა ლამის ხელისუფლების ჰობი გახდა, მაგრამ კრწანისის ბრძოლის ველზე ნაგავსაყრელის მშენებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ნორიოს მოსახლეობა ამ ამბავს სასტიკად ეწინააღმდეგება, რის გამოც საპროტესტო აქციაც მრავალჯერ გამართეს.
ადგილობრივები მათ სოფელში ნაგავსაყრელის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება. მას შემდეგ, რაც ნორიოს მიმდებარე ტერიტორია მერიას ნაგავსაყრელისთვის გადაეცა, უგულავას უწყებამ გლდანის ნაგავსაყრელის ნორიოში გადატანა გადაწყვიტა. მერიაში აცხადებენ, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ნაგვის პოლიგონის აშენება ყველა დაწესებული სტანდარტის მიხედვით მოხდება, თუმცა, რომელი სტანდარტების მიხედვით, არ აკონკრეტებენ.
ადგილი, სადაც თბილისის მერია ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს, კულტურულ-ისტორიულ ადგილს წარმოადგენს.
ადგილობრივები მას ნორიოს ნაქალაქევს უწოდებენ. გარდა ამისა, ამ ტერიტორიის მახლობლად მარტყოფის სამონასტრო კომლექსია განთავსებული. მოსახლეობის განმარტებით, ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით არის დაშორებული. მერიაში კი აცხადებენ, რომ ნორიოს მკვიდრთ რაღაც შეეშალათ - ნაგავსაყრელი სოფლიდან 3 კილომეტრით, ხოლო სამონასტრო კომპლექსიდან 4 კილომეტრით არის დაცილებულიო.
“არსებობს მოთხოვნა და სტანდარტები, რომლის მიხედვით, ნაგვის პოლიგონი დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრით უნდა იყოს მოშორებული. საუბარია სოფელ ნორიოდან ნაგავსაყრელის სამი კილომეტრით დაშორებაზე, რაც არანაირად არ არღვევს დადგენილ ნორმებსა და წესებს. მეორეც, პოლიგონი იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და ყველანაირი უსაფრთხოების ზომებიც - გათვალისწინებული; მოსახლეობას არც სუნი შეაწუხებს და არც გამონაბოლქვი. ნაგავი იქ არ დაიწვება. ეკლესიაო, რომ იძახიან, ეკლესიიდან ზუსტად 4 კილომეტრით იქნება დაშორებული. ეტყობა მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ; სპეციალისტებიც მივიდნენ და კვლევები ჩაატარეს,” - განაცხადა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ დვალმა.
თუმცა ასე არ ფიქრობენ ნორიოს მცხოვრებლები. ისინი ამტკიცებენ, რომ ნაგავსაყრელი მათგან ერთ კილომეტრში მდებარეობს, ეს კი სოფლისთვის დამღუპველია, რადგან ანტისანიტარია იქნება. დღეს ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მერიის მიერ მიყვანილი ტრაქტორები გაჩერებულია. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, ისინი ტრაქტორისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
“სადაც უნდათ, იქ წაიღონ ნაგავსაყრელი, ოღონდ ხალხისთვის იყოს უსაფრთხო. ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი არ იქნება. თუ მაინც გააკეთებენ, მაშინ ამ სოფელს გადაშენება უწერია. ნორიოელთა სახელით გეუბნებით, რომ არც ერთი კაცი უკან არ დაიხევს. აქ ძველი ნაქალაქარია, ნორიოს ნაქალაქარი - კულტურის ძეგლები. მეორეც, აქ სამონასტრო კომპლექსებია: წმიდა გიორგის, ღვთაების მამათა მონასტერი, წმიდა ანტონ მარტმყოფელის ტაძარი, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ეს ნაგავსაყრელი. ნორიოს პირველი საჯარო სკოლიდან ნაგავსაყრელამდე ერთი კილომეტრია.
ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ნორიოს, ისე მარტყოფსა და დიდ ლილოს.
ეს მიწა მერიამ დაარეგისტრირა. ისეთი საუბარი წავიდა, თითქოს იქ ევროსტანდარტის ქარხანა უნდა გაეკეთებინათ. ჯერ ერთი, იქ ქარხანა არ შენდება, პირდაპირ ნაგავსაყრელი კეთდება. მეორეც, როგორი ევროსტანდარტული ქარხანაც არ უნდა ააშენონ, მაინც წინააღმდეგი ვართ იმ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის გაკეთებისა.
ამ ამბავს ვიღაც შეეწირება. სოფელი ერთსულოვანია. გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენი წინაპრების ძვლების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ არ გაკეთდეს იქ ნაგავსაყრელი. არანაირი აქციის მოწყობას არ ვაპირებთ. გლდანში რომ ნაგავსაყრელი უქმდება, ღმერთმა სიკეთე მისცეს გლდანელებს, არც იქ არ უნდა იყოს ნაგავი, მაგრამ შენგან ნაგავი წამოიღო და მე დამიყარო ეზოში, ეს ხომ არ შეიძლება,” - აცხადებს ნორიოს მკვიდრი თამაზ ქავთარაძე.
ნორიოში, ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, რა საფრთხე ემუქრება ადგილობრივებს, ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერს, გია გაჩეჩილაძეს ვკითხეთ. ეკოლოგიურ კატასტროფასთან ერთად, გაჩეჩილაძე ამ ტერიტორიის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
“ადგილობრივები აღშფოთებულები არიან იმ ვანდალური გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო და რომლის განხორციელებაც მისი უშუალო დავალებით უგულავამ დაიწყო.
ამ საკითხზე მუშაობისას ბევრი რამ “გააპრავეს”. 18 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ბრძანებით, თბილისის მერიას ნაგავსაყრელის მოსაწყობად საკუთრებაში გადაეცა სოფელ ნორიოს მიმდებარე 65,5 ჰექტარი მიწა.
ჩვენ დიდი ხანია, რაც გლდანის ნაგავსაყრელის წინააღმდეგ ვიბრძვით. მოგეხსენებათ, იქ საშინელი ანტისანიტარიაა; ხდება თვითაალება, შემდეგ ეს ბოლი ვრცელდება თბილისის ფარგლებში და მარტო გლდანის მოსახლეობას კი არ აწუხებს, თბილისის მიმდებარე სოფლებსაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლდანის ნაგავსაყრელი გადავიტანოთ იქ, სადაც უფრო კატასტროფულ სიტუაციას შექმნის.
ნორიო არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი, უნიკალური ნაწილი. გარდა იმისა, რომ იქ არის მე-6, მე-10, მე-12 საუკუნეების ძეგლები, როგორიცაა: ანტონ მარტმყოფელის საფლავი და სვეტი, წმიდა გიორგის სალოცავი, ღვთაების სამონასტრო კომპლექსი, იქ არის მარტყოფის ისტორიული ველი, სადაც მოხდა მარტყოფის ბრძოლა. იქ არის ჩვენი გმირების სამარხები; ახლაც კი მოსახლეობა იქ უამრავ არქეოლოგიურ ნიმუშებს პოულობს. აღმოჩენილია ქვევრებში დამარხული ჩონჩხები. ეს ანტიკური ხანის კულტურაა.
ამასთან, გლდანის ნაგავსაყრელის ბოლი, გარკვეულ პერიოდებში, ქარის მიმართულების შესაბამისად, ნორიომდეც კი აღწევს. თუ ეს ნაგავასაყრელი სოფლის ახლოს გადაიტანეს (რაღაც ერთი კილომეტრის დაშორებით), წარმოიდგინეთ, მოსახლეობა რა დღეში ჩავარდება. ნორიო ერთ-ერთი უდიდესი, ისტორიული ქართული სოფელია. იქ დაახლოებით 6000-მდე კომლია. ეს ხალხი ამბობს, რომ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ თუ მაინც იძალეს, მაშინ იძულებული ვიქნებით, აქედან გადავსახლდეთო,” - ამბობს გაჩეჩილაძე. იგი ნაგავსაყრელის ნორიოში გადატანასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.
ნორიოს მკვიდრმა თამაზ ქავთარაძემ კი გვითხრა, რომ მერია შეჰპირდა მათ ამ მშენებლობის შეჩერებას, თუმცა ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
მაკა ქობალია
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი