მიშა და ჰიჩკოკი
სერ ალფრედ ჰიჩკოკის “სამარკო ნიშანი” - დანაშაულის სიმძიმის გადატანა - ქართული პოლიტიკის “სასაქონლო ნიშნად” იქცა. მაგრამ სასპენსის მამის კინემატოგრაფიული ვნებები თუ მაყურებელს ძრწოლას ჰგვრის (ანდა მიუღებელია), ქართული პოლიტიკის მამების ვნებააშლილი მარულა ხალხის გაოგნებასთან ერთად მის ინდიფერენტულობასაც იწვევს. მიშა ერთ-ერთია და არა - ერთადერთი, ვინც ხალხის აპათიით ჟონგლიორობს და სათავისოდ იყენებს, თუმცა იგი ყველაზე მეტად სარგებლობს ამ ვითარებით და ძნელია, გონისმიერი ახსნა მოუძებნო მის ქმედებას.
ყოველთვის განსაცვიფრებლად ზუსტი ვლადიმერ ნაბოკოვი ჰიჩკოკის შესახებ წერდა, - მისი შავი იუმორი ჩემს შავ იუმორს ენათესავებაო. ნეტავ, რას იტყოდა გენიალური მწერალი, ჩვენს დროს რომ მოსწრებოდა, თვალი გაედევნებინა მკვეთრად გამოხატული შავი იუმორის კონტურისთვის და დაენახა, რომ ამ მხრივ სააკაშვილი დიდად არ ჩამოუვარდება ჰიჩკოკს, რომლის ფილმებისთვისაც დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, იუმორით გაზავებული დაძაბულობა...
სააკაშვილმა წარმატებული რეჟისორის შემოქმედება თავისი 15-წლიანი პოლიტიკური კარიერის ყველა საფეხურზე, ასევე, წარმატებულად გამოიყენა. თუკი ყურადღებით გადავხედავთ მისი საქმიანობის ცალკეულ ეტაპებს, ადვილად შევნიშნავთ, რომ
თვითონ შიშით შეპყრობილი და ავტოკრატიისკენ მიდრეკილი, უდროოდ აღზევებული სააკაშვილი სწორედ შიშის დამკვიდრებას ცდილობდა პრეზიდენტობის პირველივე თვეებიდან.
ამისთვის მან შესანიშნავად გამოიყენა პრესა და ტელევიზია და ის განწყობაც, რომლითაც რევოლუციის ეიფორიით გაბრუებული ხალხი ასაზრდოებდა. რაც შეეხება დანაშაულის გრძნობას, ის სააკაშვილის მუდმივი თანმდევია და მისგან გათავისუფლებას ამაოდ ცდილობს სხვაზე გადაბრალებით. იდენტობის დაკარგვის საფრთხე მას აღარ ემუქრება, რადგან, დიდი ხანია, დავიწყებული აქვს ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი. იგი დაძაბულობის მოხსნას ხშირად იუმორით ცდილობს, მაგრამ ამ მცდელობას გულწრფელობა აკლია და არც ოსტატობა ჰყოფნის შესანიღბად.
ცალკე უნდა აღინიშნოს ჰიჩკოკისეული უდანაშაულოდ დევნილების თემა. თუკი რეჟისორი ამ თემის ირონიზირებასაც ოსტატურად ახერხებს, სააკაშვილისთვის კინაღამ ცხოვრებისეულ დრამად იქცა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელიც საქართველოში დაატრიალა ახირებულმა ავტოკრატმა. გაიხსენეთ, მაშინ ყველა იმაზე საუბრობდა, რუსული ტანკების თბილისში შემოსვლის შემთხვევაში, როგორ გააგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას “უდანაშაულოდ დევნილი” სააკაშვილი ოკეანის გაღმა; და ის მითქმა-მოთქმაც, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა აქტივები და ქონება უკვე გაიტანეს საზღვარგარეთ.
ცალ-ცალკე თითოეული ამ საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს, რომ “საქართველო და მსოფლიომ” არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა სააკაშვილის “მოღვაწეობას”.
სხვათაშორის, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰიჩკოკი ექვსჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე: ხუთჯერ - საუკეთესო რეჟისურისთვის (“რებეკა”, “სამაშველო ნავი”, “მოჯადოებული”, “ფანჯარა ეზოს მხარეს”, “ფსიქო”) და ერთხელ - საუკეთესო ფილმისთვის (“ეჭვი”) როგორც პროდიუსერი, მაგრამ ეს პრიზი ვერც ერთხელ ვერ მიიღო. ამის თაობაზე რეჟისორი ხუმრობდა, მუდამ პატარძლის მეგობარი ვარ, პატარძალი კი ვერ გავხდიო.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიჩკოკი წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი იყო და თრილერის ჟანრში მრავალ ტექნიკას დაუდო დასაბამი, იგი სიცოცხლის ბოლომდე “პატარძლის მეგობრად” დარჩა, სააკაშვილი კი ქართველი ხალხის ბედის ირონიით, ბევრი ემოციითა და, თავხედობად ნუ მიიღებთ, ცოტა უჭკუობითაც “პატარძლად” მოგვევლინა და ამავე ქართველი ხალხის ნერვებზე ისევე უკრავს, როგორც ჰიჩკოკი - მაყურებლის ნერვებზე. თუმცა ჩვენც მაყურებლები ვართ და “მცდარ გზაზე” შემდგართ ხან მიშასეული “უაზრო დიდებით” “ტკბობა” გვიწევს, ხან უაზრო გამომეტყველებით შევცქერით “ფანჯარას ეზოს მხარეს”, ხან “თავბრუსხვევა” გვაწუხებს, ხან - “უსამართლო თამაში”; ხშირად “სიგიჟე” გვაშფოთებს, ყველაზე მეტად კი “ჩიტების” გულისწამღები ჟივჟივი გვზარავს.
“ჩიტები” ჰიჩკოკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც რეჟისორმა თავისი თითქმის 40-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შესთავაზა მაყურებელს. ალბათ, სააკაშვილიც ემზადება, რომ თავისი მოღვაწეობის ამსახველი კინო-შედევრი გვაჩვენოს. მხოლოდ ენდი გარსიას შესრულებული როლი სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს მისი აღმატებულების მთელ ბრწყინვალებას. ამიტომ სულ რაღაც 25 წლის შემდეგ ვიხილავთ ჰიჩკოკისეული კინემატოგრაფიული სიზუსტის მიბაძვით გადაღებულ ფილმს “სირები” (სულხან-საბას მიხედვით, “სირი” ძველქართულში ჩიტს ნიშნავს).
აბა, მთლად პლაგიატობის მორევში ხომ არ გადაეშვება და “ჩიტებს” ხომ არ დაარქმევს? “სირებისთვის” მსახიობების შერჩევა, დღევანდელი განათლების რეფორმის წარმარტებით განხორციელების შემთხვევაში, სულაც არ გაუჭირდება იმდროინდელ საქართველოში. რაც შეეხება პროტოტიპებს, არც მათი მონახვა გაძნელდება დღევანდელი სახელისუფლო თუ ოპოზიციური წრეებიდან. რეჟისორისა და პროდიუსერის ფუნქციას თავად სააკაშვილი შეითავსებს პრეზიდენტობასთან ერთად და ეს იქნება აუცილებლად დრამა, რომელსაც დოკუმენტური კადრებით უხვად მოამარაგებს მისი განვლილი და მომავალი “მოღვაწეობა”.
სააკაშვილს არ გაუჭირდება ავტობიოგრაფიული ფილმების გადაღება სახელწოდებით - “ეიფორია”, “კარტბლანში”, “მკვლელობა ოქროყანაში”, “ჩაცხრილული თაობა”, “ხალხის პირისპირ”, “ფეხადგმული ძეგლები”, “ომობანა”, “დაოთხილი მთავარსარდალი”, “მიშველეთ!”, “აფეთქებული წარსული”, “შუშის ქვეყანა”... ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ცოტა თვითონაც იფიქროს, მეტი საქმე მაინც არ ექნება.
ჰიჩკოკი საშინელებათა ფილმების მაესტროდ ითვლება, მხატვრული ფილმების! იგი ამბობდა, რომ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას თუ მოვინდომებთ, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები.
როგორც ჩანს, ეს კარგად იცის და, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ანალიზი მისთვის მტანჯველი პროცესია, ხოლო ჭეშმარიტების მიხედვით განვლილი ცხოვრების კონსტრუირება ნამდვილ ჯოჯოხეთად წარმოუდგენია, სააკაშვილი მაინც გადაიღებს საშინელებათა ფილმს, ოღონდ დოკუმენტურს! მართალია, რეჟისორული ნამუშევრის თვალსაზრისით, შეიძლება ნაკლიც ბევრი აღმოუჩინოთ, მაგრამ მკაცრად ნუ განსჯით, სამაგიეროდ, გულწრფელობით გამოირჩევა. თუკი ჰიჩკოკი შიშის ატმოსფეროს მხოლოდ კინემატოგრაფიული მეთოდებით ქმნიდა, სააკაშვილი გადაიღებს დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ყველაფრის გამართლებას შეეცდება. ოღონდ არა ისეთს, როგორიც “ტელეიმედმა” ახლახან შემოგვთავაზა “სპეციალური რეპორტაჟის” სახითა და სახელწოდებით “სააკაშვილის ეპოქა”. ეს ფილმი მართლაც მოიპოვებს წარმატებას, რადგან თავის მართლების უზადო ხერხებით შეიქმნება, თუმცა ისეთივე ამაზრზენი იქნება, როგორიც “ეპოქაა”.
და ნათლად გამოჩნდება, რომ ჰიჩკოკი არამარტო გენიალური რეჟისორია, მისი გამონათქვამი - “რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი” - ამ შემთხვევაში ზუსტ ადრესატს იპოვის და იგი, რა თქმა უნდა, არ იქნება სააკაშვილი, რომელიც ამ ფილმით არამარტო ბავშვობის ოცნებას აიხდენს, არამედ დოკუმენტური მასალით გაამყარებს იმ დანაშაულის სიმძიმეს, რომელსაც სხვას ვერ გადააბრალებს.
და თუ რაიმეში გამოადგება, შეუძლია ეს ფოტოც გამოიყენოს. მკითხველს მონტაჟი რომ არ ეგონოს, აქვე ვიტყვი, რომ ფოტორეპორტიორმა დავით მძინარიშვილმა “სააკაშვილისა და ჰიჩკოკის არამშვენიერი წამი” 2009 წლის 25 მაისს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე “შეაჩერა”, როდესაც მთავარსარდალი სააკაშვილი ნატოს მრავალეროვნული სწავლების მეორე ფაზის - “Cooperative lancer 09”-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
კადრი, რომელიც “როიტერმა” მთელ მსოფლიოში გაავრცელა, ზუსტად გვიჩვენებს იმ რეალობას, მიშას პრეზიდენტობას რომ უხანგრძლივებს და ქართველ ხალხს კიდევ უფრო აშორებს ოცნებას - ოდესმე მაინც იხილოს ერთიანი საქართველო.
აგვისტოს ომში “გამარჯვებულმა” მთავარსარდალმა ვაზიანის პოლიგონი უკომენტაროდ დატოვა. სამაგიეროდ, მრავლისმეტყველია ფოტო, რომელიც ამ ვიზიტს ასახავს და რომელსაც მხოლოდ ერთი სათაური შეშვენის - “მიშა და ჰიჩკოკი”.
კარგად დააკვირდით ამერიკელი სამხედროს გვარს - HITCHCOCK. უცნობია, იგი ამ სწავლებაზე საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავდა, თუ ეს პოზა საჩვენებლად შეარჩიეს, იმის დასტურად, რომ “დემოკრატიის შუქურვარსკვლავს” კვლავაც უფრთხილდება ვაშინგტონი. შეიძლება ამერიკელებმა ამით ისიც მიგვანიშნეს, რომ, თუკი ჰიჩკოკი კინემატოგრაფიული ხერხებით გადმოსცემდა თავზარდამცემ შიშს, სააკაშვილი ამ შიშის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანით ცდილობს მისი ხუშტურებით თავმობეზრებული ხალხის დათრგუნვას. რას გაუგებ ოკენისგაღმელთა შავ იუმორს, მით უმეტეს, თუკი ამ იუმორის ობიექტი უკვე საკუთარ მფარველებსაც ყელში ამოუვიდა.
სხვათაშორის, ეს სურათი არ მოხვდა პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე. ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. უცნაური ის არის, რომ პრეზიდენტის ფოტოგალერეაში 2007 წლის 8 თებერვლიდან 2010 წლის 21 იანვრამდე ვერაფერს ნახავთ.
თუმცა რატომ უცნაური? განა თქვენ სიამოვნებით გაიხსენებდით თქვენი ცხოვრების საშინელ მომენტებს? არც “უაზრო დიდებით” თავბრუდახვეულ “ახალგაზრდა და უმანკო” მიშას სურს უახლესი წარსულის გახსენება და ამიტომაც “ჩამოხეული ფარდის” უკან მდგომი “ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა” კვლავაც ცდილობს, გეზი აიღოს “ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით”, თუმცა იქიდან უკვე შემოუთვალეს “გზა მშვიდობისა”. ამიტომაც “სამაშველო ნავი” დასჭირდება იმ კიბემდე მისასვლელად, რომლის “39 საფეხური” უნდა აიაროს. არადა, “ეჭვის ჭია” ღრღნის, რადგან კარგად იცის, რომ “უსამართლო თამაში” ხეირს არ დააყრის.
ხალხთან უსამართლო თამაში კი “ვარდების რევოლუციით” დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ვლადიმერ ნაბოკოვს დავუბრუნდეთ, რადგან მასზე უკეთ ვერავინ შენიშნა განსხვავება თავისუფლებასა და თავისუფლების არარსებობას შორის. კადეტების ლიდერის, ცნობილი ლიბერალის პაველ მილიუკოვისთვის ნაჩუქარ წიგნზე კი წააწერა: “რევოლუციები - ეს არის ხალხის სიმწიფის გამოცდა. ჩავიჭრებით და გადაბარება აღარ იქნება”.
ჩვენ ჩავიჭერით. ისღა დაგვრჩენია, კინოს ვუყუროთ, ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებს, თორემ სააკაშვილის დოკუმენტური საშინელებების ყურება “მცდარ გზაზე” დამდგარ საქართველოს, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოუწევს.
ბონდო
მძინარაშვილი
მძინარაშვილი
P.S. ალფრედ ჰიჩკოკს ჰოლივუდში ორი ვარსკვლავი მიუძღვნეს ფილმებისა და ტელევიზიის კატეგორიებში. რეჟისორ-პრეზიდენტ სააკაშვილის ვარსკვლავი კი ჯერჯერობით ცაში კიაფობს და მამალი ნაციონალებიც კრძალვით შესციცინებენ. თვითონ არ იცის და ამათ საიდან ეცოდინებათ, როდის მოწყდება და შთაინთქმება უსასრულობაში.
ჩვენც ნუ ვიმარჩიელებთ. რა აზრი აქვს... ვარსკვლავს კი არა, მის პრეზიდენტობას!
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი