ქვათა შეგროვების ჟამი
გასულ კვირას დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე ერთობ გამძაფრდა. დროდადრო იგი კარგად ნაცნობ სცენას დაემსგავსა - ბავშვები ნაავარიევ, აგურებზე შეყენებულ მანქანაში რომ ჩაძვრებიან ხოლმე და კამათობენ - ლონდონში “წავიდნენ” თუ - პარიზში. შეიძლება იყვირონ, იჩხუბონ, საჭეც “დაატრიალონ”, მაგრამ მთელ ამ დავიდარაბაზე, უზარმაზარი ენერგიის დახარჯვის მიუხედავად, მანქანა ადგილიდან მილიმეტრითაც არ დაიძვრება; მაქსიმუმ, აგურებიდან ჩამოვარდეს.
დავეწიოთ და გავუსწროთ მადაგასკარს!
“ვიმედოვნებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდება, ნებისმიერი დაძაბულობა განიმუხტება, ხოლო მხარეები პროვოკაციებისგან თავს შეიკავებენ”, - განაცხადა გასულ შაბათს ჰილარი კლინტონმა “ამერიკის ხმისათვის” მიცემულ ინტერვიუში.კითხვას - უკრაინაში ლიდერობს კანდიდატი, რომელიც ნატოში შესვლის წინააღმდეგია. თუ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს, იქნება ეს უკან გადადგმული ნაბიჯი? - მან უპასუხა: “არა, რადგან ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც უკრაინელი ხალხი იღებს. არავინ არავის ნატოში შესვლას არ აიძულებს... თუ უკრაინაში ხელისუფლება იცვლება და უკრაინელ ხალხს ამ ეტაპზე ნატოში შესვლა არ სურს - ეს მათი არჩევანია”; საქართველოზე კი შემდეგი რამ თქვა: “იგი იმყოფება იმ პროცესში, რომელიც გვიჩვენებს, შეიძლება თუ არა წევრობის პირობები დააკმაყოფილოს”.
სახეზეა აქცენტების გადაადგილება და ერთობ შეცვლილი ტონალობა, თუნდაც 2009 წლის 5 მარტს ბრიუსელში კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან შედარებით: “მე გადავეცი უკრაინასა და საქართველოს ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა, მათი ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით”.
უკრაინასთან მიმართებაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათქვამი შეიძლება არა მხოლოდ “ლიდერ კანდიდატს” (იანუკოვიჩს), არამედ მის კონკურენტსაც ეხებოდეს. “ტიმოშენკოს დაპირება ნატოს საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, დაპირებადვე დარჩება. იგი გამოიყენებს ევროპული ინტეგრაციის რიტორიკას, ხოლო ევრო-ატლანტიკურს ყველანაირად მოერიდება”, - თვლის ვლადიმერ გორბაჩი, უკრაინის ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტიდან, ნატოში გაწევრიანების თავგამოდებული მომხრე. იგი დასძენს, რომ ამ კონტექსტში “იუშჩენკოს არგასვლა მეორე ტურში რუსეთის სტრატეგიული ხაზის გამარჯვება იყო” (სააგენტო IMK; უკრაინა).
წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამ პლანეტაზე მცხოვრებთა ბედს არა ცინიკური გეოპოლიტიკური გათვლები, არამედ ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმები, მაღალი მოთხოვნები განსაზღვრავენ. ვნახოთ ერთი, კრიტერიუმებში როგორ ვართ... “Economist”-ის “დემოკრატიის ინდექსს” გადავხედოთ.
104-ე ადგილზე ვართ, “ჰიბრიდული რეჟიმების” ჯგუფში, კენიასა და ეთიოპიას შორის. შედარებისთვის, იგივე უკრაინა უფრო საპატიო, თუმცა მაინც “არასრულყოფილ დემოკრატიათა” ჯგუფშია და 53-ე ადგილს იკავებს. ჩვენ კი გვისწრებს უგანდა და ბანგლადეში, მოზამბიკი და ალბანეთი, თანაც რის ხარჯზე?
რეიტინგში შეჯამებულია სხვადახვა კრიტერიუმები: “პოლიტიკური კულტურა”, “სამოქალაქო თავისუფლებები” და ა.შ. ქვეყნის ადგილს სიაში მათი საშუალო არითმეტიკული განსაზღვრავს. “ხელისუფლების ფუნქციონირებაში” კატასტროფული ჩავარდნა გვაქვს, ეს ფაქტორი რომ არა, მადაგასკარს მაინც გავუსწრებდით.
ყურადღებით მივყვეთ მომდევნო ჩამონათვალს (თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვემოთ): ავტორიტარული პოლიტიკა, ცენზურა, ჩარევა არჩევნების პროცესში; პოლიციის მიერ ოპოზიციონერების დაპატიმრება და მათთან ანგარიშსწორება; რეპრესიების გაძლიერება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნაცვლად. ხელისუფლება დისკრედიტირებული და არაკომპეტენტურია, მისი ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს. ძალოვანი ორგანოები პოლიტიზირებულია, ოფიცრებს არა კომპეტენციის, არამედ ლოიალურობის მიხედვით არჩევენ. უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უზარმაზარია. აგრარული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა იმპორტიორად იქცა. როდესაც პრეზიდენტი რომელიმე რაიონში ჩადის, სპეცსამსახურების თანამშრომლები საგანგებოდ აწყობენ “პოტიომკინის სოფლებს” და გლეხებს ინსტრუქტაჟს უტარებენ. შტატებმა უზარმაზარი ფინანსური დახმარება გასწიეს, მაგრამ აუცილებელი რეფორმების განხორციელება მაინც ვერ მოხერხდა. ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ იგი მაინც სჭირდება აშშ-ს მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის, ათამაშებს კონფრონტაციის კარტს, ხოლო მანკიერ სისტემას არ ცვლის.
უკანასკნელი ტანგო საიგონში
ესოდენ ნაცნობი ჩამონათვალის შემდეგ, მიღებულია თვალების ზეცისკენ აპყრობა და პათეტიკური კითხვის დასმა: რა ეშველება ამ ქვეყანას? არადა, კონკრეტულ შემთხვევაში - აღარაფერი, ყველაფერი უკვე დასრულდა; მაშინ, როდესაც 1975 წლის 30 აპრილს საიგონში ერთმა ჩვეულებრივმა ტანკმა (T-54; საბორტო ნომერი 843) პრეზიდენტის რეზიდენციის კარიბჭე შეანგრია.სამხრეთ ვიეტნამის კრახის გამომწვევი მიზეზების ზემოთ მოყვანილი ნუსხა კი ამერიკელ პროფესორ ფილიპ შონბერგს ეკუთვნის, რომელმაც არ დაიზარა და სტუდენტებისთვის ყოველივე თეზისურად ჩამოაყალიბა. ათჯერ მეტი კი დაწერა; უბრალოდ, ყველაზე რელიეფური დეტალები გამოვყავით.
ხდება ხოლმე: იცვლება აშშ-ის ურთიერთობა ჩინეთთან და რუსეთთან, ნავთობის ფასი, დოლარის კურსი, მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი (გინდ ახლა, გინდაც 70-იანი წლების პირველ ნახევარში), შფოთავს ამერიკული საზოგადოება და ავიამზიდები ერთ ნაპირს შორდება, რათა გეზი მეორისაკენ აიღოს. Nothing personal, son... მართლაც, არაფერი პირადული - ეს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებია. მიტოვებულ ნაპირზე კი რჩებიან ადამიანები, რომლებმაც ბედი საკუთარ ქვეყანაში ამერიკული გავლენის გაფართოებას დაუკავშირეს; შორი, სასოწარკვეთილი სილუეტები.
ამერიკელ ვეტერანებს, რომლებიც 1975 წლის 29-30 აპრილს მონაწილეობდნენ ოპერაციაში “Frequend Wind”-ი. მისი გახსენება მშვიდად დღემდე არ შეუძლიათ. საზღვაო ქვეითთა კორპუსმა საიგონიდან შვეულმფრენების მეშვეობით მე-7 ფლოტის ხომალდებზე 1737 ამერიკელისა და 5595 სხვა ქვეყნის მოქალაქის (უმრავლესობა ვიეტნამელი იყო) ევაკუირება მოახერხა. თუმცა საიგონიდან გაქცევის მოსურნეთა რაოდენობა ასჯერ მეტი იყო.
ამ კადრების დავიწყება შეუძლებელია: საიგონის ცაში მძიმედ ფრინდებიან შვეულმფრენები (გამოიყენებოდა CH-46 და CH-53). საელჩოს ჩარაზულ კარიბჭეს კი ხალხის უზარმაზარი მასა აწვება. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელების ერთგულნი იყვნენ, გადარჩენას ლამობდნენ, მაგრამ ღობისა და იარაღშემართული საზღვაო ქვეითების ცოცხალი კედლის გადალახვას ვერ ახერხებდნენ. ასეთ ტრაგიკულ მომენტში რთულია, ახსნა, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გაქცევა მხოლოდ ამერიკელებისთვის ღირებულმა მცირე კონტინგენტმა მოახერხა. ხოლო წვრილფეხა პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, რიგით ზონდერებს, ექსპერტებს, რომლებიც უყვებოდნენ საზოგადოებას ვიეტნამის გეოპოლიტიკურ მისიაზე და სტრატეგიულ მოკავშირეებზე, მოსამართლეებს, რომლებიც ასრულებდნენ იმ, მართლაც რომ კოშმარული, რეჟიმის დაკვეთებს, გრძელი გზა ელოდათ შრომა-გასწორებითი ბანაკებისკენ, ცივი ბრინჯის ულუფა, თოხი, ბარი და სხვ. ბევრი მათგანი ოჯახს ვერ დაუბრუნდა.
რეჟიმი შიგნიდან დალპა და მოსახლეობის უმრავლესობა (ისევ ფილიპ შონბერგის მიხედვით) მის დამხობას მიესალმა ანაც აბსოლუტური გულგრილობით შეხვდა. საიგონის დაცემამდე ორი წლით ადრე, როდესაც პარიზში სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობდნენ, ჰენრი კისინჯერს სამხრეთ ვიეტნამის დელეგაციისთვის ლამის ხელების ამოტრიალება დასჭირდა, რათა შემოთავაზებულ პირობებს დათანხმებულიყვნენ. რეჟიმი გრძნობდა, რომ იგი სხვა პირობებში, გარდა მწვავე კონფრონტაციისა ამერიკელების სრული მხარდაჭერის პირობებში, ვეღარ იცოცხლებდა. მართლაც, მან ვერც გადაწყობა, ვერც ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის შემუშავება მოახერხა.
პარიზში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, აშშ-ის ჯარებმა დატოვეს ვიეტნამი, შეთხელდა ფინანსური დახმარების ნაკადიც. კომუნისტები არ ჩქარობდნენ - ჯერ რამდენიმე მცირე შეტევა განახორციელეს, რეაქციას და შედეგებს დააკვირდნენ, შემდეგ კი ერთი დარტყმით პროამერიკული რეჟიმის აგონიას ბოლო მოუღეს. ვიეტნამის გაერთიანების პატივი სწორედ წითლებს ხვდათ წილად. ამის შანსი საიგონის რეჟიმსაც ჰქონდა, თანაც წინაპირობებიდან გამომდინარე, ალბათ, გაცილებით დიდიც, მათ კი დეფექტური კვაზისახელმწიფოს შექმნა ამჯობინეს, რომელიც შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, დამხობისათვის განწირული იყო. თუმცა “დიდი ისტორიის” გადასახედიდან, ალბათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ მოახერხებს ქვეყნის გამთლიანებას, მთავარია, იგი ერთიანი გახდეს.
“არსებითი მნიშვნელობა არ აქვს!” - ამ ომის ბოლო სიტყვებია. სამხრეთ ვიეტნამის კაპიტულაციის ცერემონიაზე ჩრდილოელმა პოლკოვნიკმა ბუი ტინმა თქვა: “ვიეტნამელთა შორის არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები; მხოლოდ ამერიკელები დამარცხდნენ”. პოლკოვნიკმა ჰარი სამერსმა მუნდირის ღირსების დაცვა სცადა: “თქვენ ბრძოლაში ვერც ერთხელ ვერ დაგვამარცხეთ!”. “შესაძლოა, - მიუგო ვიეტნამელმა, - ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს”.
დამსხვრეული საჭადრაკო დაფა
როდესაც VII ფლოტის ხომალდები მძიმედ მიაპობდა ტალღებს და მაშველი შვეულმფრენების პილოტები უკანასკნელ ინსტრუქციებს იღებდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერაც განაგრძობდა რიტუალურ შელოცვებს “მხარდაჭერისა” და “პრინციპების ერთგულების” შესახებ. ეს იყო ნამდვილი პოემა თავისი “აღშფოთებებითა” და “შეშფოთებებით”, რომელთაც თან ესოდენ ნაცნობი “არასოდეს დავუშვებთ” და “დაბეჯითებით მოვუწოდებთ” ერთვოდა. იყო სხვა განცხადებებიც - ამერიკელი ექსპერტების კრიტიკა, სტატიები საიგონური ტირანიის უუნარობაზე, მოკლედ ყველაფერი, რაც წინ უძღვის საბოლოო განაჩენს: “ყველაფერში დამნაშავე, ჩვენ კი არა, თავად თქვენ ხართ”.
და ისევ საქართველო (არანაირი პარალელები, მხოლოდ პერპენდიკულარები); სააკაშვილის ბოლო შეთავაზება, შტატებს გამოეყენებინათ საქართველოს აეროდრომები და პორტები ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის (ზოგმა მიმომხილველმა ამის მიღმა დაინახა თადარიგის დაჭერა ირანზე ამერიკელების იერიშის წინ, თუმცა მათ არ ავყვებით) ფრიად საგულისხმო იყო, ისევე, როგორც უკრაინულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. ჯამში ეს გამოიყურებოდა, როგორც იმ პოზიციის ძიება, რომელიც საქართველოს კონფრონტაციის წინა ხაზზე აშშ-ს სასარგებლო მოკავშირედ აქცევს, თუმცა სახელმწიფო მდივნის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის კონფრონტაციის ხანა ამ ეტაპზე დასრულდა.
საინტერესო ეპიზოდია დაკვირვებისთვის: სააკაშვილი თითქოსდა მოქმედებს “დიდი საჭადრაკო დაფის” მოდელის ფარგლებში და ხელს უწყობს შტატების გავლენის გაფართოებას, თუმცა მის მოწადინებას ვაშინგტონის შესაბამისი რეაქცია არ მოსდევს. თუ გახსოვთ, “მატრიცაში” ბავშვი რომ ეუბნება გაკვირვებულ ნეოს: “შეეცადე, გაიგო სიმართლე - კოვზი არ არსებობს”. დაახლოებით ეს მომენტია: - მიშა, ეს დაფა არ არსებობს!
“ცივმა ომმა” დათვური სამსახური გაგვიწია იმ თვალსაზრისით, რომ სამყაროს ორი დაპირისპირებული მხარის ბრძოლის არენად აღვიქვამდით; მარქსისტულმა დიალექტიკურმა მიდგომამ, მითოლოგიურმა წარმოდგენებმა სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის შესახებ, საბოლოოდ სამყაროს სურათის გამარტივებამდე მიგვიყვანა. თამაში კი ცოტა უფრო რთული გამოდგა. ისე, კეთილი თეთრხალათიანი ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ პაციენტის ლტოლვა სამყაროს სურათის გამარტივებისკენ, მისი ყოვლისმომცველი დაყოფა ნათელ და ბნელ მხარეებად, მზარდი პარანოის უტყუარ ნიშანს წარმოადგენს.
როდესაც ჩინური პოლიტიკის პატრიარქი დენ სიაოპინი ძლიერ მოხუცდა, ყველა თანამდებობა დატოვა, გარდა ერთისა, იგი ჩინეთის ბრიჯის მოყვარულთა ასოციაციის თავმჯდომარედ დარჩა. არა იმიტომ, რომ, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსისა არ იყოს, ბანქოზე გადარეული მანიაკი იყო; უბრალოდ, დენს გლობალური პოლიტიკის ეს პატარა მოდელი ძალიან უყვარდა.
მოთამაშე ორზე მეტია, ხოლო მომგებიანი კომბინაციები ყველა მონაწილის სვლების გათვალისწინებით იგება. თამაშობს აშშ, თამაშობს ჩინეთი, რუსეთიც, ევროკავშირიც (სულ “პასს” იძახის, ესეც ტაქტიკაა). თუ ვინმე ფიქრობს, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები და ფინანსური ჯგუფები არ თამაშობენ, ქვა პირველმა ისროლოს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა კოზირებს ინახავს რუსეთი. კოზირი ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული კომბინაციის გასათამაშებლად სჭირდებათ როგორც შტატებს, ისე - ჩინეთს.
კრემლი გრძნობს ამ მდგომარეობას, იყენებს მას და ფსონსაც ზრდის. მოსკოვში საკმაოდ სერიოზული განცხადებები კეთდება - ვლადიმერ პუტინმა ვიცე-პრემიერ შუვალოვთან შეხვედრაზე თქვა: “მუშაობა პოსტ-საბჭოთა სივრცის ინტეგრაციაზე ჩვენთვის, უეჭველად, პრიორიტეტს წარმოადგენს” (27.01.10). თეთრი სახლი (ისევ ჰილარი კლინტონის პირით), ერთის მხრივ, კი პასუხობს, რომ აშშ “არ ცნობს რუსეთის უფლებას გავლენის სფეროებზე”, თუმცა განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გზა გადაუღობოს რუსულ კონტრიერიშს უკრაინაში და კრემლის ახალ ინტეგრაციულ პროექტებსაც, ასე თუ ისე, მშვიდად ხვდება. იქ, სადაც ვაშინგტონი რეალურად მოქმედებს, დაპირისპირება ღრმავდება - სპარსეთის ყურესა (ნავთობის მოწოდება ჩინეთისთვის) და ტაივანის გარშემო (ჩინეთის ეროვნული ინტერესების ზონა).
რას იზამ, შესაძლოა, სტრატეგიული გამარჯვება ჩინეთზე ამჟამად შტატებისთვის უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიდრე ირიბი კონტროლი სისხლით მორწყულ კავკასიის მთებსა და უკრაინის მადლიან ველებზე;
ცვლილებების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად დღეს სწორედ უკრაინა გვევლინება.
მეხსიერებას კი რატომღაც არცთუ შორი წარსულიდან უცხო ქალაქის ხედები ამოაქვს, რომელთა ფონზე პატარა, სასოწარკვეთილი ადამიანები უძლურად აღაპყრობენ ხელებს ცაში აჭრილი შვეულმფრენებისკენ. Nothing personal, son... just business.
დიმიტრი მონიავა
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი