საქართველო და მსოფლიო: ცხრამილიონიანი “დაკვირვება” ცხრამილიონიანი “დაკვირვება” ================================================================================ საქართველო და მსოფლიო on 28 01, 2010 06:07 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველომ ორი ათასზე მეტი ე. წ. დამკვირვებელი მიავლინა. ისინი არჩევნებზე არ დაუშვეს, სამაგიეროდ, ქართველ ძალოვან “მაჩოებს” უკრაინაში კარგი გასეირნება გამოუვიდათ. მათ ჯავრი სულ უკრაინელ ლამაზმანებზე “იყარეს”, რისთვისაც ბევრ მათგანს მუშტიც მოხვდა სახეში. ქართველი “დამკვირვებლები” ამჟამადაც უკრაინაში იმყოფებიან. საინტერესოა, რა დაუჯდა ქვეყანას მათი უკრიანული ვოიაჟი და ამ თანხით რისი გაკეთება შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნის გაუბედურებული ხალხისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში “პროფესიონალები” არჩევნებამდე სამი დღით ადრე გაგზავნა, რათა ცესკოში დარეგისტრირებულიყვნენ და არჩევნებზე დაკვირვების უფლება მიეღოთ, მაგრამ “ნურას უკაცრავად!”. უკრაინელებმა ქართველების “დაკვირვება” არ მოინდომეს და ჩვენმა სწორუპოვარმა მამაკაცებმა კიევში გაილაღეს. მათი რა მიდიოდა, ფულს ხომ ხელისუფლება (ქართველი ხალხის ჯიბიდან) უხდიდათ! შევეცადეთ, გაგვერკვია, დაახლოებით, რა თანხა დაჯდა მათი ვიზიტი უკრაინაში (ავიაბილეთების, სასტუმროსა და დამკვირვებელთა ხელფასების ჩათვლით). უკრაინის მიმართულებით სამი ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს. მათ შორის ორი უკრაინული კომპანიაა, რომლებშიც თბილისი-კიევის ბილეთის ფასი 132 ევროა, ხოლო ორივე გზა ერთგან - 276 ევრო, ხოლო მეორეგან 269 ევრო ღირს. განსხვავებული ფასები აქვს ქართულ “აირ ზენას” (კიევამდე მგზავრობის საფასურია 115 ევრო, ხოლო ორივე გზისა - 283). ეს ჩვეულებრივი ჩარტერული რეისების ფასებია. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი სერვისით ისარგებლეს თარგამაძემ, ახალაიამ და კოდუებმა; “იკადრეს” კი ჩვეულებრივი ჩარტერი?! რამდენადაც ცნობილია, მხოლოდ ბილეთები ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 1 369 720 ლარიდან 1 მილიონ ნახევრამდე დაუჯდა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ “საპატიო მისიით” წარგზავნილებს თავშესაფარიც დასჭირდებოდათ (სასტუმროში ნომრების აღება), ცხადია, გაცილებით დიდ თანხაზე გვექნება საუბარი. ამ მიზნით რამდენიმე ტურისტულ სააგენტოს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, თუ რა დაჯდება კიევში, საშუალო დონის სასტუმროში, ერთი ადამიანის 5 დან 10 დღემდე ვიზიტი. როგორც სააგენტოებში განგვიმარტეს, კიევში, სამვარსკვლავიან სასტუმროში, ერთადგილიანი ნომრის ათი დღით აღება 368 ევრო ჯდება, ორკაციანისა კი - 546 ევრო; თანაც, ამ თანხაში კვება არ შედის. გამოდის, რომ ორი ათასი ადამიანისთვის სასტუმროს დაქირავება დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასიდან მილიონ ნახევრამდე დაჯდა, თუმცა ვეჭვობ, რომ გივი თარგამაძე, ზაზა გოროზია და დამკვირვებლად მივლენილი მათი “კოლეგები” სამვარსკვლავიან სასტუმროს არ დასჯერდებოდნენ, მათი ვიზიტი გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა ქვეყანას. რაც შეეხება მათ კვებას, შესაძლოა, ისინი მამაპაპურად შემწვარ გოჭებსა და ხაჭაპურებს არ მიირთმევდნენ, მაგრამ არც შიმშილით მოიკლავდნენ თავს და მაინცდამაინც არც ეკონომიის გაწევაზე იფიქრებდნენ. გამოდის, რომ ამ ე. წ. დამკვირვებლების გამზგავრება-დაბინავებაში სახელმწიფომ სამი მილიონი ლარი მაინც დახარჯა. კულუარული ინფორმაციით, თითოეული “დამკვირვებლის” ხელფასი 3000 ლარით განისაზღვრა, რაც ორი ათას დამკვირვებელზე ექვს მილიონ ლარს შეადგენს. “ელიტარულ დამკვირვებლებს” კი, ცხადია, უკრაინის “დაფასებისთვის” ბატონი მიხეილ შლეგი გაცილებით მეტი თანხით “დააფასებდა”. ჩვენი “დამკვირვებლები” ჯერაც უკრაინაში იმყოფებიან და კაცმა არ იცის, როდის ჩამოვლენ. ნარინჯისფერ რევოლუციაგამოვლილებს წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აქვთ. თუმცა საინტერესოა, რაზე დაკვირვებას აპირებენ - მათ ხომ საარჩევნო უბნებს სათოფეზე არავინ მიაკარებს! რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს “უკრაინული გასეირნება” საქართველოს მოსახლეობას ცხრა მილიონ ლარამდე დაუჯდა. ამ ფასად კი რამდენ სახლს შეუძენდნენ დევნილებს და რამდენ გაჭირვებულს შეუმსუბუქებდნენ მძიმე ყოფას! მაგდა კლდიაშვილი