მთავარი | საზოგადოება | ზურაბ გაგნიძე: ეროსი კიწმარიშვილი ისევ ცრუობს...

ზურაბ გაგნიძე: ეროსი კიწმარიშვილი ისევ ცრუობს...

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

პოლიტიკური ამინდი ჭირვეულობს. საჭიროა სიტუაციის ახლებური აღქმა, ყველა ძირეული სისტემის გადახალისება, დროული განთავისუფლება შტამპების რუტინისგან და ხალხისთვის რწმენის დაბრუნება. აქ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ფსიქოლოგიას, ინდივიდუალიზმს, აქტივობას, მისწრაფებებს, გაბედულებასა და მოთხოვნილებებს. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ზურაბ გაგნიძე გაგვაცნობს “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის, შემდგომ რუსეთში საქართველოს ელჩის და ამჟამად ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის - ეროსი კიწმარიშვილის ფსიქოსტრუქტურის ძირითად მახასიათებლებს.

- ბატონო ზურაბ, რა მოუტანა ხალხსა და ქვეყანას “გამარჯვებული ხალხის” ტელევიზიამ და “ვარდების რევოლუციის” მამად მონათლულმა ეროსი კიწმარიშვილმა; მისი ეს როლი რა ფსიქოშტრიხებით იყო განპირობებული?

- კიწმარიშვილის ფსიქოლოგიური ხაზი ერთი მიმართულებით არ მიდის, ზიგზაგურია და უამრავ განშტოებებს შეიცავს. ეს წინააღმდეგობრივი ხასიათი სრულიად აისახება მის ცხოვრებაზე და ავტორიტეტს ულახავს. ხშირად გვაოცებს უტიფრობით, გონებრივი მიგნებებითა და სიყალბესთან შეუღლებული უტეხობით. ის ამბობს: “ვარდების რევოლუცია” არ იყო დაგეგმილი პროექტი, რომ ვიღაც სადღაც დაჯდა და მოამზადა. ყველაფერი იმპულსური და არაპროგნოზირებადი იყო,” - ეს ცხადყოფს, რომ პიარტექნოლოგიებში კარგად ჩახედული კიწმარიშვილის სულიერებაში ჩადებულია ცბიერი, მატყუარა, სინდისთან მწყრალად მყოფი ადამიანის კოდი.

კიწმარიშვილს უჭირს სიცხადის დანახვა და აღიარება.

ეს მასში ხდება არა სინდისის ქენჯნით, არამედ იმიტომ, რომ სულიერებაში, კარგა ხანია, ფესვგადგმული სიცრუე აქვს ჩაბუდებული, რომელიც დღესაც ყვავილობს.

არსებული ვითარება კი სიცრუის ტრადიციად ქცევას ან ჩვევად ჩამოყალიბებას ემსახურება. ბატონ ეროსის მორალური უფლება არ ჰქონდა და არც აქვს, თავისი ნიჭი, შემოქმედებითი პოტენციალი სიცრუისა და ბოროტების გამარჯვებისთვის ხარჯოს. მან “ვარდების რევოლუციაში” მოახერხა დაფანტული, დაშლილი, საზოგადოებრივი აზრის გამთლიანება და შეკვრა. ეროსი კიწმარიშვილის ძალისხმევა “ვარდების რევოლუციის” დროსაც და დღესაც თვითდამკვიდრებასა და გავლენის მიღწევას ემსახურება. მას ამოქმედებს არა ჭეშმარიტი ღირებულებები, არამედ სამომავლოდ განსაკუთრებული ადგილის მოპოვების სურვილი. აქედან გამომდინარე, მისი მანკიერი ზრახვები და ვნებები მიღწეულმა შედეგებმა ვერ დააკმაყოფილა, თუმცა იცის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი მოზომი­ლი, თანაბარი და ზუსტი თუ არ იქნება, კატასტროფა გარდაუვალია. მას ავიწყდება სიბრძნე - “რევოლუცია ჭამს თავის შვილებს”. გამოცდილებამ ჭკუა ვერ ასწავლა, მას უჭირს აღიარება და არა - ანალიზი. ეს, ერთი მხრივ, მის ძლიერ გონებრივ უნარებზე მიგვითითებს, მეორე მხრივ კი - მის ზნეობრივ დაქვეითებაზე. ამ თეორიას მისივე ნათქვამი გვიდასტურებს - “დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დაცული უნდა იყოს მისი მფლობელის ამბიციისაგან, თავისი მიზნების სარეალიზაციოდ მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია. “რუსთავი 2” და ბევრი არხი საქართველოს ცნობიერებას წამლავს”. ეს მისი პირადი გამოცდილება და გაანალიზებული თავგადასავალია ქვეცნობიერის გამოფხიზლებისას ნათქვამი. მომდევნო სტრიქონში კი უკვე დანაშაულზე წასწრებული ქურდის კომპლექსით თავს იმართლებს: “რუსთავი 2” არ მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით. პოლიტიკური მანიპულაცია რომ ნდომებოდა, 300.000 კაცს, რომელიც გიორგი სანაიას გარდაცვალების დღეს გამოვიდა ქუჩაში, სასაფლაოზე სანაპიროთი არ წაიყვანდა. 2001 წელს, როდესაც უშიშროება თავს დაგვესხა, ერთი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია”. ეროსი კიწმარიშვილი ისევ ცრუობს... განცხადება ზურაბ ჟვანიამ გააკეთა, ხოლო ტელევიზიის წინ ხალხს შესაკრებად თვითონ “რუსთავი 2”-ის თანამშრომ­ლებმა მოუწოდეს. ორივე მისი განაცხადი განსჯით აზროვნებასაც და ფაქტებსაც ეწინააღმდეგება. ფსიქიკაში დატყვევებული მისი სულიერება აღიარებისკენ მიისწრაფის, რათა, როგორც ხალხი ამბობს, გულიდან სიმძიმე მოიშოროს, ხოლო გონება სიფრთხილეს კარნახობს. ამდენად, გართულებული ფსიქოწყობა აქვს, აწვალებს სიცხადე, მაგრამ არ შეუძლია, მას თვალი გაუსწოროს. გაორებული ფსიქიკა აქვს, თანაც არ გააჩნია ჯანსაღად ნაწრთობი ნებელობა. მის ფსიქიკაში დომინანტური იმპერატივისთვის გამუდმებით იბრძვის გული და გონება, რაც ადამიანისთვის ფსიქოლოგიური ტრაგიზმია.

წინსვლისთვის აზარტი მის გონებაში ძლიერი ემოციით ვითარდება, კაზინოს მოთამაშის მსგავსი სქემით - იცის რისკის ფაქტორი, მაგრამ ცდუნების ძალა მის სულიერ და გონებრივ უნარებს ჯაბნის. ამგვარი ფსიქოლოგიური ზეგავლენით შთაუნერგა ხალხს ყალბი რწმენა, ცრუ რწმენის კერპიც მშვენივრად გააპიარა. ამ არჩევანით კი დაკარგა მოწოდების გზა, ავტორიტეტი, მისივე დაფუძნებული ტელევიზია და ნდობა ხალხის მხრიდან.

- ბატონო ზურაბ, რით ახსნით ეროსი კიწმარიშვილის სკანდალურ განცხადებას აგვისტოს ომის შესახებ, საპარლამენტო კომისიაზე დაკითხვისას?


- პიროვნების ფსიქოლოგია არ შემოისაზღვრება იზოლირებულად გუშინდელი დღით. მასში დაბუდებული ამბიციურობა “ვარდების რევოლუციით” არ დაკმაყოფილებულა. გულწინწილა, უზნეო, პატივმოყვარე სიხარბით გაუმაძღარი კაცი რევანშისთვის დროს ეძებდა. ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილს ომის წამოწყებისთვის დასავლეთი ზურგს საბოლოოდ შეაქცევდა. პოლიტიკური სპექტრი ამბობდა - “სააკაშვილი წასულია, ცოტა მიწოლაღა უნდაო”. ეროსის სკანდალური განცხადება - “საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ადმინისტრაციიდან ჰქონდა მწვანე შუქი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად”-  მხოლოდ პირად მიზანს ემსახურებოდა და არა - სიმართლის დადგენას. შურისძიებამ აქცია მართლის მთქმელად და გაორებული ფსიქიკის პატრონის ნათქვამს მკვეთრად გამოხატული კონკრეტულობა შესძინა. მის ამ საქციელს წარმართავდა აღიარებისა და ყურადღების ცენტრში მოხვედრის დაუოკებელი ვნება. კრიტიკულ სიტუაციებში დათრგუნული სურვილები იღვიძებენ და ანგრევენ მისი გონებრივი იმპერატივის გალავანს. აი, მაგალითი მისი გამოსვლიდან: “მე დღეს არ ვამთავრებ, ვიწყებ. 5 წელი გაჩუმებული ვიყავი და ხმას არ ვიღებდი ისეთ თემებზეც კი, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია”. საინტერესო პასაჟია. მინდა, ვკითხო: - ბატონო ერასტი, ახლა რა მოხდა? რაშიც მონაწილეო­ბა მიიღეთ, იმით არ გრძნობთ თანაზიარობას მათთან, ვისზეც განაწყენებული ხართ? ფსიქოანალიზით კი სიმართლე ბატონ ეროსის მაშინ აგონდება, როდესაც უჭირს, იგივე სქემატურობით, როგორც მძიმე წუთებში ფარისეველს ღმერთი აგონდება. მის ნათქვამს არასოდეს ახასიათებს დიდსულოვნება, მის მძლავრ გონებრივ უნარებს აკლია კეთილგონიერება. და მაინც, მისი წარმატება ნიჭსა და გონიერებაზე მეტად მის პრაგმატულ ხასიათზე, გერგილიანობასა და ალღოზე მოდის.

ანგარებიან ამბიციას თვითონვე ხდის ფარდას - “სააკაშვილმა თავიდან მომიცილა... მისთვის ყველაზე დიდი პრობლემის მატარებელი “რუსთავი 2” და კიწმარიშვილი იყო... არ უნდა მეთქვა, სახლში წავალ და ჩემს პროექტებს მივხედავ-მეთქი, უნდა მომეთხოვა პოლიტიკური დივიდენდები, მიმეღო ის, რაც მეკუთვნოდა პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით: პარლამენტში ფრაქცია, მინისტრების პორტფელები, მიმეღო პოლიტიკური თანამდებობები და ჩამოვყალიბებულიყავი პოლიტიკურ მოთამაშედ”. დააკვირდით: “არ უნდა მეთქვა” “უნდა მომეთხოვა” - რამხელა სინანულია ამ სიტყვებში და როგორ ცდილობს თავისი სიხარბის შენიღბვას, ერთდროულად იყენებს ნიღაბს, მახვილსა და ფარს. მახვილის მოშველიებით არავის ინდობს, მე-ს წარმოსაჩენად ნიღაბს ხმარობს და ფარს იმარჯვებს, მაგრამ... მის მსჯელობებში შინაგანი ექსპრესით დამუხტული გულისტკივილი მოედინება, რომ ხელსაყრელი მომენტი ხელიდან გაუშვა. ეგოისტი, პატივმოყვარე, მიზანდასახული, საკუთარ თავზე ნარცისივით შეყვარებული, უკიდურესად თავდაჯერებული მარცხს თავის თავს ვერ პატიობს და მწარედ განიცდის. ერთგვარი შური იპყრობს იმის გამო, რომ თავისი შესაძლებლობები, პროფესიონალიზმი, გერგილიანობა, შნო და მიზანსწრაფვა “ვარდების რევოლუციის” პროექტში უშურველად ჩადო, სხვებმა კი მოიმკეს. წარუმატებლობამ და მწირმა სულიერებამ ის ეგოისტ რევანშისტად, დემაგოგად, შანტაჟისტად, სკანდალისტად და აგრესორ პროვოკატორად წარმოაჩინა. ამიტომ ქმნის აურზაურს, არ ერიდება მხილებას, რადგან ახლა ამგვარი პოზიციით სურს გამორჩენა, ის ელის მოგებას... იქამდე კი თავს არ იზღუდავს, ინტენსიურად ცხოვრობს აწმყოთი, განდიდების მძებნელად რჩება და გამუდმებით იბრძვის მეთოდების შეცვლით. აი, მისი დღის რეჟიმი: “დილით ცხენით ვიწყებ... საღამოობით ორი საათი ჩოგბურთს ვთამა­შობ. წელიწადში ერთხელ ვცდილობ, მთაში წავიდე. ზაფხულობით... წყლის თხილამურებზე ვიდექი, ზამთრობით ვდგავარ ჩვეულებრივ თხილამურებზე”. ყურადსაღებია მისი განმარტებები, რომ ცხენი დიდ პოზიტიურ ენერგიას ჩუქნის, ჩოგბურთი - აქტივობას და ასე შემდეგ. რაც მიგვანიშნებს, რომ ყველაფერს სარგებლიანობის თვალსაზრისით უყურებს და არა შინაგანი განცდის სიამოვნებითა და გატაცებით. მეუღლის ბიზნესსაც ამ კუთხით აფასებს: “ყველა “მის საქართველო” ძალიან წარმატებულადაა გათხოვილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბრენდი პატივსაცემია”. ამ ბანალურ და მერკანტელურ შეფასებაში აქცენტირებული პირადი ცხოვრების მოწყობის მოტივი საოცარია, განა ბრენდის წარმომადგენელი მსოფლიო მასშტაბით წარმატებას თუ მიაღწევდა, ნაკლებ პატივსაცემი იქნე­ბოდა? გამოდის, ეროსის ფსიქოწყობის მთავარი ხერხემალი პირადი გამორჩენაა, პირადი კეთილდღეობა და მატერიალური უზრუნველყოფა.

- ბატონო ზურაბ, დღეს ბატონი ეროსი ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორია და აცხადებს, რომ მისი მიზანი ქართული მედიის დემოკრატიული განვითარებაა და უამრავი ახალი პროექტების განხორციელებას გვპირდება...

- ამა წლის მარტში ეროსი პრესის ფურცლებზე აცხადებდა: “ორჯერ გადავრჩი და მესამედ ამ წყალში შესვლა არასოდეს მომინდება.” 9 თვეში კი გადაწყვეტილებას იცვლის. გაორებული ფსიქიკის ცვალებადობის მატარებელი შეძლებს დემოკრატიული მედია­სივრცის შექმნას?! ამერიკაში მისი ვიზიტის მთავარი სამიზნე ის 20 მილიონი დოლარი იყო, რომელიც დემოკრატიისა და მედიის განვითარებისთვის უნდა წამოვიდეს, საიდანაც 9 მილიონი მედიის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ამ “გემრიელ ლუკმას” ეროსის მსგავსი ხელეჩო კაცი ხელიდან არ გაუშვებს. მას ამის პრეტენზიაც აქვს - “მე ვარ ადამიანი, რომელსაც საქართველოში სატელევიზიო მენეჯმენტში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მე შევქმენი ტელევიზია, რომელიც მრავალგზის აღიარებული გახდა მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ... რომლის მაგალითზეც და ანალოგიით ვითარდება დღეს სატელევიზიო სივრცე”. მინდა, ეროსის შევახსენო, რომ ნაღვაწს შედეგი და ხალხი აფასებს და არა - ავტორი. ცხადია, ხალხი ხვდება, რამხელა შეცდომაში შეიყვანა ქვეყანა 2003 წელს მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულმა ტელევიზიამ, როგორ დაკარგა საზოგადოებამ ნდობა ქართული ტელესივრცის მიმართ და ძალიან სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ დღეს სატელევიზიო სივრცე “რუსთავი 2”-ის ანალოგიით ვითარდება, რასაც მოწმობს არაერთი შეურაცხმყოფელი წარწერები შენობის ფასადებზე ამ საკითხთან მიმართებაში. მინდა, ვკითხო ბატონ ეროსის - თუ ტელემედია დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკიდან დაფინანსდება, ნუთუ “მუსიკას არ შეგიკვეთავენ?”. იცით, რას კითხულობს ხალხი - კიწმარიშვილი მეორე რევოლუციის მოწყობას ახლა უკვე “მაესტროს” საშუალებით აპირებს? რადგან “მაესტროს” დირექტორად დანიშვნაში ჯერ კიდევ შეუცნობელი პოლიტიკური მუხანათობა ილანდება. ეჭვქვეშ დგას ვერსია: ხელისუფლება ცდილობს, ტელევიზია “მაესტროს” დამოუკიდებლობის იმიჯი შეუქმნას და თავისი ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ეროსი “მაესტროს” 3 წლით, ზუსტად 2013 წლამდე უხელმძღვანე­ლებს.

ეროსის ფსიქოტიპაჟი კარგად იხდენს პროფესიონალიზმს, განსაკუთრებულ ნიჭს იჩენს სატელევიზიო პიარტექნოლოგიებში, მოხერხებულად თამაშობს ერის ბედზე გულატკივებულ მამულიშვილობასა და სიმართლის ქომაგობას.

ბოლო დროს ხელისუფლებაზე ამხედრებული კაცის მუნდირიც მოირგო. განდიდებისთვის, სიმდიდრის მოსახვეჭად და უზრუნველი მომავლისთვის დიდ რისკზე უკვე მესამედ მიდის,

ბრძენს კი უთქვამს “ერთსა და იმავე წყალში სამჯერ კი არა, ორჯერაც ვერ შეხვალო”.


მის ფსიქოსტრუქტურაზე დაკვირვებამ მეტად მნიშვნელოვან დასკვნამდე მიმიყვანა - ყველა ქმედებასა და განსჯაში რაციონალურ ლოგიკას ექვემდებარება. მასში ყველა ნიშან-თვისება “რაციოს” ემორჩილება და ეს ელემენტი მის ფსიქეში დომინანტია და ამიტომაც კვლავაც იმედით შესცქერის ეროსი ზამთრის სიახლოვით დათრთვილულ ვარდებს.

ესაუბრა
ლალი შაშიაშვილი

კომენტარები (1 კომენტარი):

ADA 21 12, 2009 11:10
avatar
DIDI MADLOBA AM PUBLIKACIISTVIS LALI SHASHIASHVILS; PROFESORMA GAGNIZEM DASVA ZUSTI "DIAGNOZI'. F A N T A S T I U R I A!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru