“დონავიზიის” შიშველი სიმართლე და გია ჭანტურიას ცხოვრების მშვენიერების დარდუბალა
როდესაც ამ ორიოდე თვის წინათ თბილისის ქუჩებში პირველი პორნო ბილბორდები გამოჩნდა, სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ვერაფრით დავაკავშირე იმავდროულად სამთავრობო კონტროლქვეშ არსებულ ტელე არხებზე დაანონსებულ ამბავთან - ახალი ტელევიზიის გახსნასთან. რაც შეეხება თავად ახალ ტელევიზიას, პატარა იმედის სხივი მიჭიატებდა გონებაში.
- ვიფიქრე, არიქა, გვეშველა, მიშას ახალმა მამობილმა, ჯო ბაიდენმა, მსოფლიო დემოკრატიის ყოფილ შუქურასა და ვარსკვლავბიჭუნას, ჩვენგან მალულად, ანუ კადრს მიღმა, იქნება, მამაშვილურად ყური აუწია და უძღები შვილი მედია სივრცის გახსნაზე დაიყოლია, რის მაუწყებელი პირველი მერცხალიც ახალი ტელევიზია იქნება-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს - ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო, ისე დაგვემართა.
პირველი რეჩხი გულმა მაშინ მიყო, როდესაც ვიღაც “ხულიგნების” მიერ იმ ბილბორდების შავი საღებავით “წაბილწვის” შესახებ შევიტყვე; და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ჩემი ავი წინათგრძნობა გამართლდა - ე. წ. რეალტივის სახით შიშველი სიმართლის რა მოგახსენოთ და მორიგი შიშველი პროპაგანდისტული მანქანა კი შეგვრჩა ხელში.
“დონავიზიის” ეთერში გასვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ახალი მაუწყებლობის მთავარი ამოცანა და მიზანი, ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის, რომელიც მიზეზთა გამო სახელგატეხილია, ბოლომდე ჩაწიხლვა-გასრესაა.
მკითხველს ვთხოვ, სწორად გამიგოს - ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ ოპოზიციის დაცვას ვაპირებ. ოპოზიცია, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, გასაკრიტიკებელი კი არა, მე თუ მკითხავთ, გასაროზგიც არის, მაგრამ ამ წერილის მთავარი მიზანი სხვაა და ამ მიმართებით არ შემიძლია, ერთი მაგალითი არ მოვიყვანო.
საკმარისი იყო, რომ ლოთი ქობალია ზურაბ ნოღაიდელის გვერდით აღმოჩენილიყო, რომ მაშინვე გაახსენდა “დონავიზიას” ლოთის მიერ დახვრეტილი დათო ბოლქვაძე. ნამდვილად არ ვარ ყოფილ პრემიერზე დიდი წარმოდგენის, მაგრამ პოლიტიკურ ალღოს რომ არ უჩივის, ეს თუნდაც ლოთი ქობალიას შემთხვევაში დასტურდება. სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი, რომ მიზეზთა გამო უმნიშვნელოვანესი რეგიონია, სადაც განსაკუთრებით ძლიერი პოზიციები აქვთ ნაცებს, არა მგონია, სადაო იყოს. აგრეთვე, ისიც, რომ აქამდე ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თუ ლიდერმა ვერ შესძლო იქ ხელისუფლებისთვის მეტნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამეგრელოში განსაკუთრებით ძლიერია ნაცების დიქტატურა-ტერორი.
არამედ იმიტომაც, რომ ათასგზის მოტყუებული და იავარქმნილი სამეგრელო, მეგრელი კაცი, ასე ადვილად აღარავის ენდობა და ლოთი ქობალიაც, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, არც თუ უმნიშვნელო გავლენა აქვს და უფრო მეტიც, იმდენი ძალაც გააჩნია, რომ ახალაიების კლანიც კი ცუდ-უბრალოდ ვერაფერს გაუბედავს, სწორედ ამისთვის სჭირდება ზურაბ ნოღაიდელს.
ჰოდა, აქამდე სად იყვნენ “დონავიზიები”? ახლა რომ ამოქექეს მრავალი წლის წინათ გარდაცვლილი დათო ბოლქვაძის თემა და წაღმა-უკუღმა ატრიალებენ “რეალტივის” ეთერში ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტის ფონზე. იმაზე რატომ არაფერს ამბობენ, რომ დათო ბოლქვაძის მკვლელი ლოთი ქობალია მიშა სააკაშვილმა გამოუშვა ციხიდან სწორედ იმ მიზნით, რომ ნაცების პოზიციების გამყარებაში დახმარებოდა, მაშინ, როდესაც ახალაიებს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ იმაზე, რასაც დღეს მიაღწიეს სამეგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში?
დიდის მოკრძალებითა და თანაგრძნობით, მინდა, დათო ბოლქვაძის ჭირისუფლებსაც მივმართო - ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენს მოუშუშებელ იარას თქვენივე ხელით იყენებს ხელისუფლება ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ “დონავიზიის” მაუწყებლობა სულ ახალი დაწყებულია, მათი “შიშველი სიმართლის” ტყუილების მაგალითების მოხმობა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.
დასასრულ, საზოგადოებას მხოლოდ იმას შევახსენებ, რომ “დონავიზიის” შეფი ის გურამ დონაძეა, რომელმაც “რუსთავი 2”-ში მაშინ შეწყვიტა ქართველი დონაჰიუს კარიერაზე ოცნება, როდესაც პირდაპირ ეთერში ყურები აახიეს და რევოლუციის შემდეგ შსს პრესცენტრის “დონად” მოგვევლინა; ეს ის “დონია”, ვისი ბრძანებითაც, დახვრეტილ ბუტა რობაქიძეს “პოსმერტნო” ავტომატი “ჩაუდეს”; ეს ის “დონია”, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი და ასეთი კაცის ტელევიზიის შიშველ სიმართლეს ვინმე დაიჯერებს?..
ახლა კი, ჩემო მკითხველო, რადგანაც ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს, “დონას” ჩალხანა, გია დარდუბალოვიჩ ჭანტურიაზე გადავინაცვლოთ, ე.წ. საზოგადოებრივ არხზე, რომლის მაუწყებლობის მთავარი დევიზი კიდევ ერთი შიშველი სიმართლეა.
ცხოვრება მშვენიერია!
ვინ აღარ ვიხილეთ რევოლუციის შემდეგ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელის სავარძელში, მაგრამ, როგორც იტყვიან, არ დაადგათ საშველი. არაფერმა გაჭრა ამ ხალხზე, თვით ე. წ. სირცხვილის კორიდორებმაც კი, მაინც უსირცხვილოდ გვაყრიან თვალში ნაცარს და ყოველ დღე გვიმტკიცებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია. და ახლა გია ჭანტურია...ეს ის კაცია, რომელიც თავის დროზე “დარდუბალას” ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, ანუ ვისაც არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ვარდების რევოლუციაში, თუმცა წვლილის მიუხედავად, წილი თავიდანვე ვერ დაიდო, წილში არ გაიყვანეს.
კარგად მახსოვს, როცა ვარდების დემოკრატიულმა იდეალებმა ჭკნობა დაიწყო და ჯერ კიდევ ნაცების მიერ ბოლომდე არ იყო “რუსთავი 2” პრივატიზებული, მისი ეთერის ერთ-ერთ ბოლო პლურალისტურ თოქშოუში, როგორი განცხადება გააკეთა ამ ვაჟბატონმა - რა დროს დემოკრატიაა, ჯერ ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო! რაც, ერთი მხრივ, იქ დამსწრე საზოგადოებისთვის სილის გაწნას ჰგავდა, რომლის ნაწილმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სტუდია და, მეორე მხრივ, “დარდუბალას” ავტორის ეს განცხადება ხელისუფლების გასაგონადაც იყო გაკეთებული - აქა ვარ, რატომ დაგავიწყდით, მე რა, მაწყენს ხიზილალიანი ბუტერბროდიო?
აი, ასეთი კონფორმისტი მედროვე ჩაუყენეს “საზოგადოებრივ არხს” სათავეში და ეს ვიგინდარა განკარგავს ამ ტელევიზიის 27-მილიონიან ბიუჯეტს, რომელიც ყველა ჩვენგანის ჯიბიდან ფინანსდება.
სამწუხარო ფაქტია, რომ ე. წ. ნაციონალური არხებიდან, რომელთაც ხალხმა რუსთავი 1,2,3 და ა.შ. შეარქვა, არაობიექტურობის, ტენდენციურობის ხარისხით, პირველობას არავის უთმობს I არხი. არა და სწორედ მათ მოეთხოვებათ და ევალებათ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, რასაც ისინი ოდენ ცხოვრების მშვენიერების ცრუ პროპაგანდაში ხედავენ.
მერე რა, რომ ომში დავმარცხდით, მერე რა რომ საქართველომ ტერიტორიების ლამის 1/3, დე ფაქტო - დე იურე დაკარგა, მერე რა, რომ ათიათასობით ახალი დევნილები გვყავს - გადართეთ I არხზე და ნახავთ, თუ როგორ უზით კალთაში “ქლაბოუში” პედერასტების როლების ცნობილ და საეჭვო ოსტატობით შემსრულებელ ნიკა გრიგოლიასა და მიშა ანდღულაძეს ცოლები და იმაზე დაობენ, თუ ვისი ცოლია უფრო სექსუალური. ამაზე მეტი დასტური გინდათ იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება მშვენიერია?
ან ე. წ. დიდი ათეული რად ღირდა, რომლის ერთ-ერთი გადაცემაც ეკლესიაზე დარტყმისთვის გამოიყენეს. გადაცემა, რომელიც, როგორც წესი, ჩანაწერის სახით გადიოდა. ის გადაცემა, რომელზეც ვსაუბრობ, “რატომღაც” პირდაპირი ეთერით მიდიოდა, სადაც “თავისუფლების ინსტიტუტის” ცნობილი ხლისტი დავით პაიჭაძე, პირდაპირ “აწვებოდა” ირმა სოხაძეს - თქვი, რომ პატრიარქმა განახორციელა თქვენზე ზეწოლა, რისი გეშინია, პირდაპირ ეთერში ხართო!
ახლაა და, თეა თუთბერიძის ცნობილი გამოხდომის შემდეგ, საპატრიარქოს თხოვნას პირდაპირი ეთერის მიცემის შესახებ, უარს ეუბნება გია ჭანტურია იმ აბსურდული მოტივით, რომ შესაბამისი ფორმატის გადაცემა არ გვაქვსო (?).
თუმცა რაღა უნდა გაუკვირდეს საზოგადოებას “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ჩემი კოლეგა ირმა ინაშვილის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ. “თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელსაც ფაქტიურ გამგებლობაში გადასცეს “საზოგადოებრივი არხი”; ამას ელოდნენ ლევან რამიშვილის, გიგი თევზაძის, სოზარ სუბარის, ლაშა ბუღაძის, ბექა მინდიაშვილის, ნოდარ ლადარიას, ბასილ კობახიძის, მამუკა ხერხეულიძის, თამარ კინწურაშვილისგან, რომლებიც ირმა ინაშვილმა ჩამოთვალა, როგორც 2004 წლის “საგანგებო თათბირის” მონაწილენი? ამ ხლისტებისგან ვინმე რაიმე ფარსაგს ელოდა? ან იმავეს მოელის ვინმე გია დარდუბალოვიჩისგან?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიამ არა ერთი და ორი დიდმოწამე წმინდანი იცის, ქართველი ერი არასოდეს ყოფილა ქრისტეს ჯვრის ფანატიკურად მიმდევარი. ფანატიკურად ქართველ კაცს მხოლოდ საკუთარი სამშობლო უყვარდა. საკუთარი ეროვნული მეს იდენტიფიკაციას მართლმადიდებელ ქრისტიანობაში ხედავდა და ამიტომაც, როგორც დიდი ილია ამბობდა, ქრისტეს ჯვრისთვის ჯვარს ეცვა ქართველი ხალხი. იმიტომ ებრძვიან ჩვენი შინაური მტრები - სოროსის, ბჟეზინსკის ძუძუნაწოვი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრები ასე გააფთრებით ჩვენს დედა ეკლესიას, რადგან კარგად უწყიან, იმ წმინდა სამებიდან - ენა, მამული, სარწმუნოება - რისი დაცვაც ილია მართალმა ანდერძად დაგვიტოვა, ენა, დიდი ხანია, გაბახებულია; მამული - ჩამომცრობილი და, თუ ამ ტემპით გაგრძელდა საქართველოს დაშლის პროცესი, სულ მოკლე ხანში ვინძლო პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მიმდებარე ტერიტორია შეგვრჩეს მხოლოდ; მამა-პაპათა რჯულია ის, რითაც და რის გამოც ქართველს ქართველი შეიძლება ერქვას ჯერ კიდევ...
იქნებ, ვინმემ იფიქროს, რომ “კალამი გამექცა”, ანუ წერილის მთავარ თემას გადავუხვიე. არამც და არამც, რადგანაც საზოგადოებრივი არხის და, ზოგადად, ყველა ტელევიზიის მესვეურებმა, იქნებ, შეიგნონ, რომ ეკლესიასთან ფარული თუ აშკარა ბრძოლით საქართველოს საფუძველს ანგრევენ და, თუ ჩვენს ქვეყანას, ერს გადარჩენა უწერია, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებს სანამ ჯოჯოხეთის კუპრში მოუწევთ ბანაობა, მანამდე აქ, მიწაზეც, აგებენ პასუხს განრისხებული ქართველი ერის წინაშე!..
დავით მხეიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი