მთავარი | საზოგადოება | ჰამლეტ ჭიპაშვილი: აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვით საქართველოს დაშლის პროცესი არ დამთავრებულა

ჰამლეტ ჭიპაშვილი: აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვით საქართველოს დაშლის პროცესი არ დამთავრებულა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ქართველი პოლიტოლოგები თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ციურიხში გაფორმებული ხელშეკრულება სამხრეთ კავკასიისთვის მეტად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა იქვე იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრის გახსნას შეიძლება მოჰყვეს. მათი აზრით, ერთგვარად შეიცვლება სომხეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ის აღარ იქნება ისეთი რევერანსული, როგორიც აქამდე იყო. ასევე, მოსალოდნელია, რომ სარქსიანმა მხარი დაუჭიროს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მრავალწლიან მოთხოვნას ამ რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭების თაობაზე. თურქეთსა და სომხეთს შორის ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დაწყებას ზოგი პოლიტოლოგი ამერიკულ პროექტსაც უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს, სომხეთი რუსეთის ორბიტას ჩამოაშოროს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი რა შეიცვლება საქართველოსთვის და ეს ხომ არ შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებას, ამის გარკვევა პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან ვცადეთ.

- ბატონო ჰამლეტ, თუკი ციურიხში ანკარასა და ერევანს შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად გაიხსნება საზღვრები თურქეთსა და სომხეთს შორის, ანუ სომხეთი აღარ იქნება საქართველოზე დამოკიდებული, ხომ არ დადგება დღის წესრიგში “ჯავახეთის საკითხი”?

- ჩვენთვის გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ 1992 წლიდან სომხეთი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი სივრცე იყო და ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა. 1992 წელს რკინიგზის ვაგონების ძარცვის საბაბით და სომხეთში მიმავალი ტვირთების გადარჩენის მოტივით შევარდნაძის ხელისუფლება შეიჭრა აფხაზეთში და დაიწყო ომი. ამას მოჰყვა სარკინიგზო მიმოსვლის გაუქმება. სამიოდე წლის წინათ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის მიზეზით რუსულმა მხარემ ლარსი ჩაკეტა. მართალია, ჩრდილოელმა მეზობელმა ის უკვე აღადგინა, მაგრამ საქართველო ჯერჯერობით არ აპირებს ამ სასაზღვრო პუნქტის გახსნას. სხვათაშორის, მინდა, ისიც გითხრათ, რომ, როცა მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ბრძანდებოდა, ის ორდენით დააჯილდოვეს. ეს ორდენი ერთგვარი ავანსი იყო იმ დაპირების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა სომხებს მისცა. მან განაცხადა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის წინააღმდეგი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რკინიგზა არ მუშაობს, საგზაო მიმოსვლა, ფაქტობრივად, შეწყვეტილია და ერთადერთი გზა, რომლითაც სომხეთი რუსეთს უკავშირდება, ეს შავ ზღვაზე გასასვლელია საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამ სატრანზიტო მიმოსვლაში სომხეთი საკმაოდ სერიოზულ თანხებს იხდის და უკმაყოფილოცაა, რადგან მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ტარიფებია დაწესებული.
- თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და საზღვრის გახსნას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის?
- თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნის შემთხვევაში, საქართველოში ტვირთბრუნვა 30-35 პროცენტით შემცირდება, რაც ბიუჯეტში თანხების შემცირებას ნიშნავს. არ გაივლის ტვირთი - არ იქნება შემოსავალი. როდესაც სააკაშვილი მილიონობით ტურისტზე საუბრობს, არ ახსენებს, რომ უცხოელი ტურისტების 90 პროცენტი სომეხია და ქართულ ტურისტულ ყულაბას, ძირითადად, სომხები ავსებენ. აჭარაში, სადაც ყოველ წუთს ზეცას უნდა უყურო - გაწვიმდება თუ არა, დასასვენებლად არ ჩამოდიან ამე­რიკელები და ფრანგები. რუსეთთან ურთიერთობა არ გვაქვს. უკრაინელებს კი გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ ყირიმის კურორტებზე. ცხადია, როცა თურქეთთან საზღვარი გაიხსნება, 2010 წლის ტურისტულ სეზონზე სომხებს შანსი ექნებათ, აჭარის ნაცვლად დაისვენონ თურქეთის შავი და ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე, იმ ცნობილ კურორტებზე, სადაც, სხვათაშორის, ქართველებს უყვართ სიარული. სომხებს იქ დასვენება გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე - აჭარაში. საქართველოს ბიუჯეტში ესეც გამოიწვევს ფულადი შემოსავლების კლებას.
- ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნა მხოლოდ ქართულ ეკონომიკაზე აისახება?
- როდესაც სომხეთსა და თურქეთს შორის საკომუნიკაციო კავშირები დამყარდება, სომხეთი საქართველოს მიმართ აღარ იქნება ისეთი რევერანსული, როგორიც აქამდე იყო. ის უკვე მყარად დასვამს მთელ რიგ საკამათო საკითხებს და გულადად ილაპარაკებს იმ პრობლემებზე, რაც ჯავახეთში არსებობს. ამასწინათ სარქსიანმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში სომხური რეგიონული ენა უნდა იყოს. ამ განცხადებას პოლიტიკოსებმა კრიტიკა და ვაი-უშველებელი მოაყოლეს. თუმცა, თუ არ ვცდები, პარლამენტმა ამის თაობაზე გადაწყვეტილებაც მიიღო. საგულისხმოა ისიც, რომ აქ მხოლოდ ენის საკითხზე არაა ლაპარაკი. მოსალოდნელია, სარქსიანმა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების მრავალწლიან მოთხოვნას ავტონომიის თაობაზე მხარი დაუჭი­როს. ღმერთმა უწყის, რას დაარქმევენ, მაგრამ პირველსაწყისზე ეს იქნება სამცხე-ჯავახეთის ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში. მერე ამას შეიძლება მოჰყვეს ისედაც დაქუცმაცებული საქართველოს კიდევ უფრო დანაწევრება. სხვათაშორის, არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვით საქართველოს დაშლის პროცესი არ დამთავრებულა, ის ახლა დაიწყო. თუკი სომხები კატეგორიულად მოითხოვენ ავტონომიას, არა მგონია, ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს.
- რატომ?
- უპირველეს ყოვლისა, ევროსაბჭო მყავს მხედველობაში. სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოება რომ სომხურ ენაზე ყოფილიყო, ეს ევროსაბჭოს კატეგორიული მოთხოვნა იყო.
- თუკი სომხური რეგიონული ენა გახდება, ეს ხომ კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოსთან ინტეგრაციას?
- როგორც ჩანს, საქართველოს ეს არ აინტერესებს. არც ერთ ხელისუფლებას - არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც მათ წინამორბედს (საბჭოთა კავშირი მაქვს მხედველობაში) საამისოდ არაფერი გაუკეთებია. ქართული ენის პედაგოგის გაგზავნაც კი პრობლემად იყო ქცეული. არ ხერხდებოდა ქართული ტელერადიოგადაცემების მიღება და ა.შ. გასულ წელს ანკარაში კავკასიის ქვეყნების პოლიტოლოგთა და მეცნიერთა შეხვედრას ვესწრებოდი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ბრძანდებოდნენ იქ, მაშინ, როცა სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე სომხური დიასპორის წარმომადგენელმა კატეგორიულად მოითხოვა ავტონომია არა მხოლოდ სომხებისთვის, არამედ აზერბაიჯა­ნელებისთვისაც. აქედან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ ქართულ სახელმწიფოს დასაფიქრებლად აქვს საქმე და კუვეიტში სირბილს ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება სჯობია. რომ არ დაგვეწყო ომი და არ ყოფილიყო 7-8 აგვისტო, ეს საკითხები ასეთი სიმძაფრით არ დაისმებოდა. რაკი სერიოზული ბზარი გაჩნდა და ხომალდმა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ჩაძირვა დაიწყო, ყველა ცდილობს, ამ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი წაჰგლიჯოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სამწუხაროა, რომ ამ პროცესებს სერიოზულად არავინ უყურებს. ამასწინათ ქართულ მასმედიაში დიდი ზარ-ზეიმით გაშუქდა, თუ როგორ მოუგეს ქართველმა პარლამენტარებმა რუსებს სტრასბურგის დიპლომატიური ომი, როგორ ჩამოართვეს ხმა რუსეთის დელეგაციას და სხვა ზღაპრები, თუმცა არაფერი თქმულა, როგორ დატოვეს უპასუხოდ რუსეთის დუმის წევრის - კოსტანტინ კოსაჩოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართველებს სტალინმა აჩუქა. ეს ინფორმაცია რუსული პრესიდან შევიტყე.
- ჩვენი მასმედია ტრადიციულად დუმდა...
- ჩვენმა პრესამ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა, ისევე, როგორც უყურადღებოდ დატოვა ე.წ. ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ, ვიღაც სულელმა აკოფ მინაშვილმა, თვალებგადმოკარკლულმა გაბაშვილმა და ა.შ. დღესდღეობით სომხები დაბეჯითებით ბეჭდავენ წიგნებს, ბროშურებს, რუკებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, სადაც თბილისიც კი სომხეთის შემადგენლობაშია; გადაშლი ენციკლოპედიას და ნახავ, რომ სამცხე-ჯავახეთი თურმე სომხეთი ყოფილა და ა.შ. დღეს, შეიძლება, არავინ გვართმევს თბილისს და სომხეთს არ აკუთვნებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხის მეხსიერებაში ილექება, პასუხს კი არავინ სცემს. სომხეთ-თურქეთის ურთი­ერთობიდან გამომდინარე, რაც მოგახსენეთ, ერთ-ორ თვეში ნათელი იქნება. სომხეთის ხელისუფლება საკუთარ მოთხოვნებში უფრო მტკიცე იქნება. პოლიტიკა და დიპლომატია ძალიან სწრაფად იცვლება და თუ ფეხს ვერ აუწყობ, წაგებული აღმოჩნდები.
- ბატონო ჰამლეტ, ჩვენ, ძირითადად, სომხურ ფაქტორზე ვისაუბრეთ... როგორც ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთში იმყოფებოდა. ხომ არ დადგება დღის წესრიგში თურქეთის მიერ აფხაზეთის აღიარება?
- ჯერჯერობით ეჭვი მეპარება, რომ თურქეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თურქეთს რომ აფხაზეთთან ურთიერთობა სურს, ამას წყალი არ გაუვა. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს კიდეც. არ არის გამორიცხული, საკმაოდ დიდი თანხაც ჩადოს აფხაზეთის განვითარებისთვის, ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად. თურქეთს კავკასიის მოწესრიგების საკუთარი გეგმა აქვს და ეს გულისხმობს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თანამშრომლობას აფხაზეთთან, საქართველოსთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ყოველგვარი კინკლაობის გარეშე, ანუ თურქეთს სურს სამშვიდობო ზონის შექმნა ამ ტერიტორიაზე... თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სულაც არ განიხილავს საქართველოს შემადგენლობაში. მისი პოზიცია უახლოვდება რუსეთის პოზიციას. მეგობრობა და ძმობა პოლიტიკაში არ არსებობს. პოლიტიკაში არის ინტერესები და თურქეთი ყოველთვის გაუწევს ანგარიშს რუსეთს, განსაკუთრებით, ისეთ საკითხებში, როგორიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია.
მოგეხსენებათ, ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის დაწყებული ურთიერთობა ამერიკული პროექტია და მიმართულია იქით, რომ სომხეთი რუსეთის ორბიტას ჩამოაშორონ. შესაძლოა, ეს იყოს კიდეც ამერიკულ გეგმაში. მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და ნაკლებსავარაუდოა, რომ შტატებმა ეს შეძლოს. ქართველებისგან განსხვავებით, სომხები სხვა ყაიდის პოლიტიკოსები არიან, პოლიტიკური ბალანსის შე­ნარჩუნება უყვართ და შეეცდებიან, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთანაც და თურქეთთანაც. ამ ეტაპზე შეიძლება სომხეთს დააბრუნებინონ აზერბაიჯანისთვის წართმეული ტერიტორიები და ყარაბაღის საკითხი გაიყინოს. არ არის გამორიცხული, თურქეთის ზეგავლენით აღდგეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კომუნიკაციები და ეკონომიკური კავშირები. თუ ეს ასე მოხდა, საქართველო დაკარგავს არამარტო ტურიზმიდან და ტრანზიტით მიღებულ შემოსავლებს, არამედ შესაძლოა, - ენერგეტიკული ტრანზიტიც სომხეთის გავლით შეირჩეს.
- ნაბუკოს პროექტს გულისხმობთ?
- არ არის გამორიცხული. როგორც სპეციალისტები წერდნენ, ეს პროექტი 12 მილიარდზე მეტი ჯდება და ეკონომიკური კრიზისის დროს ძნელია ამხელა თანხების მოძიება. მხარეები შეეცდებიან, უფრო იოლი დერეფანი მოიძიონ და ასეთ დერეფნად სომხეთი ჩათვალონ.

ესაუბრა
ნათია ქადაგიშვილი

კომენტარები (2 კომენტარი):

shoka 10 02, 2010 11:55
avatar
მაგარია
hamleti 14 02, 2010 01:31
avatar
hamlet chipashvili xo saertod geniosia ra amas ogond sakartveloze debiloba alaparake da meti araferi unda. vinc es statia waikitxa uaxloes5-10 wliadshi naxavt ro es yvelaferi idiotobaa aucilebeli araa ro yvelas degeneratuli natqvamebi davijerot xalxo vinaa hamlet chipashvili ha ha ha ha ha ha ha ha .

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru