რამაზ კლიმიაშვილი: საქართველოს დაშლის გეგმა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კონფედერაციული სუბიექტების გაჩენას ითვალისწინებს
აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც დამარცხებული საქართველოს ტერიტორიების აღიარება მოხდა, ჩვენს მეზობლებში კვლავ გაჟღერდა საქართველოს შემდგომი დაშლის სხვადასხვა გეგმა. პირველი და მთავარი რუსეთისთვის კავკასიაში თავის მთავარ დასაყრდენთან – სომხეთთან პირდაპირი კავშირის არქონაა. ამისათვის ერთი ვარიანტია გოდერძის უღელტეხილზე ახალი თანამედროვე გზის მშენებლობა, რითაც სომხეთი თითქოს აისრულებდა დიდი ხნის ოცნებას და შავ ზღვაზე რაღაც გასასვლელს მოიპოვებდა, რითაც პირდაპირ დაუკავშირდებოდა რუსეთს. გავიხსენოთ, რომ 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაეროს წინამორბედ ერთა ლიგაში არ მიიღეს და იმის გამო, რომ სომხეთმა ბათუმი მოითხოვა, მისი დამოუკიდებლობაც დე იურე არ აღიარეს! თუ რა შედეგი მოჰყვა ამას არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სომხებისთვისაც, ყველამ კარგად იცის.
სხვათაშორის, ამ პირდაპირი გზის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინათ გაჟღერდა და მისი ერთ-ერთი ხმაურიანი მოწინააღმდეგე სწორედ სააკაშვილი იყო. ამ ცოტა ხნის წინათ კი მანვე ერევანში ხელი მოაწერა ამ გზის მშენებლობას, რისთვისაც სომხეთის უმაღლესი ჯილდოც მიიღო. და თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გზის მშენებლობას - ამის თაობაზე ქართულ პრესაში არაერთხელ ითქვა და ამჯერად აღარ შევჩერდები.
მაგრამ თუ აგვისტოს ომამდე ეს გზა სომხებს სრულად დააკმაყოფილებდა, ახლა წაქცეული და დასუსტებული საქართველოსადმი ახალი, საკმაოდ ფანტასტიკური პრეტენზია გაუჩნდათ – მათ სურთ, სახმელეთო საზღვარი ჰქონდეთ რუსეთთან! და თუ ადრე რაღაც სახმელეთო “დერეფანზე” იყო ლაპარაკი, რომელიც ჯავახეთს ცხინვალთან დააკავშირებდა, ახლა მათი ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა!
ამ შემთხვევაში, ცხადია, ჯავახეთი სომხეთის შემადგენლობაში იგულისხმება, მაგრამ გაურკვეველი რჩება, მაინც როგორ ექნებათ მათ საერთო საზღვარი, თუ, რასაკვირველია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული იურიდიული ანექსია არ მოხდა რუსეთის მიერ და მისი ფსევდო “დამოუკიდებლობა” არ გაუქმდა. მაგრამ მაშინაც კი მათ საერთო საზღვარი არ გამოსდით.
აი, აქ გამახსენდა ორი რამ – როდესაც ბოლშევიკებმა გამოაცხადეს “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნა, ოსებმა დედაქალაქად გორი მოითხოვეს, რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს ეს დღეს! და მეორე, კოკოითმა ამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ “დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს” ტერიტორიული პრეტენზიები აქვს საქართველოსთან; ამასთან, ის მარტო თრუსოს ხეობას არ გულისხმობდა!
აქ დამეხმარა ჩემ მიერ მოპოვებული რუკა, სადაც კარგად ჩანს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში მთელი შიდა ქართლი იგულისხმება და საერთო საზღვარი სომხეთის შემადგენლობაში მყოფ სამცხე-ჯავახეთთან (ბორჯომისა და ბაკურიანის ჩათვლით) გორის სამხრეთითაა თრიალეთის ქედთან! კომენტარები აქ სრულიად ზედმეტია.
ამ რუკაზე სხვა მეზობლების მადაც კარგად ჩანს – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთმანეთსაა მოწყვეტილი, გაერთიანებული აჭარისა და გურის ავტონომია გაურკვეველია - თურქეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს ოსმალეთის იმპერიის დროს იყო თუ რუსეთისაა? სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი, როგორც ჩანს, აფხაზების ხელით რუსეთს უნდა დარჩეს (აფხაზეთის სვანეთი ხომ უკვე მიიღეს საჩუქრად სააკაშვილისაგან?!) და ა.შ. ამ რუკაზე რატომღაც მხოლოდ ქვემო ქართლი გაიმეტეს ჩვენთვის, როგორც ჩანს, აზერბაიჯანელები ჯერ მადაზე არ მოსულან, მაგრამ სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში ეს რეგიონიც ხომ უნდა დავკარგოთ. რა გვრჩება ჩვენი ქვეყნიდან? ბევრი არაფერი. უბრალოდ, ასრულდება რუსების მუქარა: “თუ ჩვენ არ გინდივართ, დაივიწყეთ საბჭოთა პერიოდის საზღვრები და ისე დაგტოვებთ, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატამდე იყავით!”
რამდენად რეალურია ეს? სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნის ყოველი დღე გვაახლოებს ამ ზემოთ მოყვანილ სცენარსა და რუკასთან!
ხუთდღიანი ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, 13 აგვისტოს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს გაემგზავრა და იქ წარადგინა თავისი ხედვა - “კავკასიაში სტაბილურობის და თანამშრომლობის პლატფორმა”. მას მოსკოვში პუტინმა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე დღეს, 14 აგვისტოს, ის უკვე თბილისში იყო და ამ “პლატფორმას” სააკაშვილმაც მისცა თანხმობა. იმავე წლის 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს სესიაზე ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები და ამჯერად მათ გამოხატეს თურქეთის ამ ინიციატივისადმი თანადგომა. მაგრამ ამ დოკუმენტში რაც წერია, არ გამოქვეყნებულა, გარდა იმისა, რომ ის მოიცავს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას, ხოლო მშვიდობის გარანტებად კვლავ თურქეთი და რუსეთი გამოდიან, როგორც ეს ყარსის ხელშეკრულებით იყო. გაუგებარია, რატომ იმალება ამ “პლატფორმის” შინაარსი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა წყაროებში კვლავ გააქტიურდა სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის შექმნის იდეა.
გასაგებია, რომ ბრიუსელში სამხრეთ კავკასიის რუკას რომ დახედავენ, ამ სამ პატარა სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების იდეა გაუჩნდებათ, ისინი ხომ ჰომოგენიურად მიაჩნიათ, ვინაიდან არ ითვალისწინებენ დიდ სხვაობას ისტორიაში, კულტურასა და სარწმუნოებაში, ყველაფერ იმას, რაც საერთაშორისო სამართლის გარეთ არის დარჩენილი. ცალკე საკითხია ენა - ერთიან სახელმწიფოში ხომ სახელმწიფო ენა უნდა არსებობდეს. აქ ისინი აუცილებლად შვეიცარიის კონფედერაციის მაგალითს მოიყვანენ, მაგრამ ამ ქვეყანამ საუკუნეებს გაუძლო, ჩვენთან კი დროდადრო კვლავ ისვრიან! ამდაგვარი ფორმატი ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ, როდესაც 1918 წელს გერმანიის მოთხოვნით შეიქმნა მკვდრად შობილი “ამიერკავკასიის ფედერაცია” სამი თანაბარუფლებიანი სუბიექტით, ერთ თვეში კი მათივე მოთხოვნით იგი გაუქმდა.
ამჯერად საქმე უფრო შორს არის წასული და სამსუბიექტიანი ფედერაციის ნაცვლად მრავალსუბიექტიან კონფედერაციას გვთავაზობენ. უკვე გამოჩნდა მინიშნებები, რომ, თუ აფხაზებთან და ოსებთან ერთად გინდათ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, კონფედერაცია თქვენი ერთადერთი შანსი არისო! მაგრამ ამ მოდელით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა თანაბარ სუბიექტებად, ასევე, მოაზრებიან აჭარა და ჯავახეთი, რომლებსაც, ალბათ, იგივე სტატუსით მოიაზრებენ, როგორითაც საქართველოს დარჩენილ ტერიტორიას! თუ ამას დავუმატებთ, რომ ამ “კონფედერაციაში” ჩამოთვლილ ხუთ სუბიექტთან ერთად კიდევ ოთხი თანაბარუფლებიანი სუბიექტი მოიაზრება – სომხეთი, ყარაბაღი, ნახჭევანი და აზერბაიჯანი – ისეთ დომხალს ვიღებთ, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში და ძაღლი პატრონს ვერ იცნობს! როგორც ჩანს, 2008 წლის 14 აგვისტოს საკუთარ მხრებზე გადატანილი “მოგებული ომის” შემდეგ ჩვენმა “სახელოვანმა მხედართმთავარმა”, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამაზე მისცა თანხმობა.
ამას თუ დავუმატებთ ორიოდე დღის წინათ რუსულ პრესაში გაჟღერებულ ფანტასტიკურ მოსაზრებას, რომ ამერიკელებს სურთ დასუსტებული საქართველოს სომხეთთან ერთ ფედერაციაში გაერთიანება – მხოლოდ ხელებს თუ გავშლით! მათი აზრით, ასეთ “ფედერაციაში” პირველ ვიოლინოს ვინც დაუკრავს, მგონი, ძნელი მისახვედრი არაა.
ამიტომ ცხადი ხდება, რომ ჩვენი დიდი თუ მცირე მეზობლების აზრით, საქართველოს დაშლა დღის წესრიგში დგას და ეს ჩვენი შესაძლო უახლოესი მომავალია. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიდრე სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად ზის, ეს საფრთხე უფრო და უფრო ახლოვდება.
თუ კი არ გვინდა ნაწილებად დაშლილი და რუკიდან გამქრალი ერთიანი საქართველო, ამის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია ქართველი ხალხის მიერ ერისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გასამართლებით.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი