მთავარი | საზოგადოება | რა მოსწერა ჭაბუა ამირეჯიბმა “საქართველო და მსოფლიოს”

რა მოსწერა ჭაბუა ამირეჯიბმა “საქართველო და მსოფლიოს”

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

როგორც იქნა, გავბედე და განვახორციელე ჩემი დიდი ხნის ოცნება - 11 სექტემბერს ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს ვეწვიე. ჩემი სტუმრობა წინასწარ ბატონ ჭაბუას მეუღლესთან, სათნო და გულისხმიერ ქალბატონ თამარ ჯავახიშვილთან შევათანხმე. ჩემს სიცოცხლეში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრობის წინ ვფიქრობდი - ბანალურ შამპანურთან ერთად, ისეთი რა მიმერთმია ცოცხალი კლასიკოსისთვის, რომ მისთვის მესიამოვნებინა.

დიდი ჭოჭმანის შემდეგ, არჩევანი საზოგადოება “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ გამოცემულ ბროშურებზე შევაჩერე, რომელიც 10 ნაწილად გამოვიდა საერთო სათაურით “ჟამი ხსნისა”. ბროშურები უძახე და მოცულობით სქელტანიანი ორტომეულის მოცულო­ბისაა, რომელიც ბატონმა თემურ ქორიძემ, თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ შეადგინა. ეს ბროშურები რუსეთ-საქართველოს იმ მრავალსაუკუნოვანი, ტკბილ-მწარე ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს, რაზედაც საუ­ბარი დღეს ლამის სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
ბატონმა ჭაბუამ იქვე ჩემი თანდასწრებით ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი “საჩუქარი”, რასაც არც თუ მცირე ხანი მოანდომა.
ვიჯექი ამ დროს ბატონი ჭაბუას პირისპირ და ვცდილობდი ჩემი ცხოვრების ამ დიდებული წამის ბოლომდე გაცნობიერებას. დიახ, ბატონებო! იქნებ ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი ასეთი პათეტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჭაბუა ამირეჯიბზე გადაჭარბებული საუბარი შეუძლებელია!
ჰოდა, ვუყურებდი ქართული მწერლობის დამაშვრალ მახვშს, ქართული პროზის პოეტს (თუ ამის თქმა შეიძლება), თხემით ტერფამდე არისტოკრატს თავისი გენეტიკით, ჯიშით და ჯილაგით და არა მხოლოდ ამით და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი...
თუკი დღეს ვინმეს “დუმილი რეკავს” - ეს დიდი ჭაბუა ამირეჯიბია!!!
ასოციაციურად დიდი ილიას ნათქვამი გამახსენდა, - ხმები კი არ უნდა დაითვალოს, უნდა აიწონოსო! ამან ისე განარისხა სოციალ-დემოკრატები, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს...
დღესაც ასეა - შე კაი კაცო, მთელი ქვეყნის უმრავლესობა მართლაც რომ მხარს გიჭერდეს, ერთი ჭაბუა ამირეჯიბის “დაიცავი საქართველომ!” არ უნდა გადასწონოს?
სასიამოვნო გარინდებიდან ბატონი ჭაბუას, რომელიც ჩემი მცირედი საჩუქრის თვალიერებას მორჩენილიყო, ჟესტმა გამომიყვანა - მადლობის ნიშნად “გამხმარ” მკერდზე ხელი მიიდო და თავი დახარა...
“ჩემი რომელი წიგნი არა გაქვს?” - დამიწერა შეკითხვა დაფაზე. აღარც ერთი, თუმცა თავის დროზე თითქმის ყველაფერი მქონდა და ყველაფერი წაკითხული მაქვს-მეთქი.
მაგიდიდან ზანზალაკი აიღო, გააწკარუნა და ქალბატონმა თამარმა ჩემთვის წიგნების გადმოლაგება დაიწყო, რომლებზედაც გენიალური მწერალი წარწერების გაკეთებას შეუდგა.
მეც იქვე ვათვალიერებდი დიდი მწერლის ავტოგრაფებს, რომლებიც ჩემ მიმართ ავანსად კეთილ სურვილებსა და სიყვარულს გამოხატავდა.
ზედმეტად ჩავთვალე ჩემი იქ ყოფნა, მითუმეტეს, ინტერვიუს ჩაწერა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ მინდოდა მოხუცის შეწუხება და მეორეც, რაღა ინტერვიუებია საჭირო, როცა “დათა თუთაშხია” ინტერვიუც არის და, გნებავთ, აღსარებაც, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბმა ქართველ ხალხს ჩააბარა. ეს რომანი ჩემთვის, როგორც სახარება, ისეა.
...მოვდიოდი ძვირფასი წიგნებით ხელდამშვენებული და მძაფრი ემოციებით დატვირთული - მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი და სწორედ ამ ფიქრის შედეგია წინამდებარე წერილი.
სიკვდილ-სიცოცხლეზე ბატონ ჭაბუას რომ ექნება ნაფიქრი, იმდენს და ისე ღრმად ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, ვერასდროს შევძლებთ.
“მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი,” - ბრძანა კონსტანტინე გამსახურდიამ და ბატონი ჭაბუაც, როცა იქნება, მარადისობაში შეაბიჯებს. მისი, ჩემი აზრით, ქართული პროზის ყველა დროის შედევრი, “დათა თუთაშხია”, ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმაღლეს პიედესტალს დაიკავებს. ხოლო თავად ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი კი იმ შემოქმედთა შორის აღმოჩნდება, რომელთაც ყველა წიგნიერი ქართველი მხოლოდ სახელით მოიხსენიებს.
ჰოდა ამიტომ - კიდევ დიდხანს იყავით, ბატონო ჭაბუა!..

დავით მხეიძე


ღირსების გრძნობით არის გამსჭვალული გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ისევე, როგორც მისი დამაარსებლები და ის პირველი კაცი, ვინც ამის დაარსება მოიფიქრა. ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მომავალი თქვენ და ქართველ ერს.
ჭაბუა ამირეჯიბი, თბილისი, 11.09.2009

კომენტარები (3 კომენტარი):

მარე 19 09, 2009 11:15
avatar
მე რომ ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმში თქვენს სტატიაზე მივუთითე,ვინმე თენგიზმა (მეტსახელია ალბათ) მიპასუხა: ეს გაზეთი საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერაა დააარსებულ-დაფინანსებულიო.
მიხარია,რომ ბატონ ჭაბუას ცოტათი განსხვავებული აზრი ჰქონია!..
nani 22 09, 2009 04:18
avatar
rogor maxsovs batoni Chabua kinos axal ambebs gadmostsemda televiziit.ra dro gasula.dges chveni stayvano mtseralia.Tbilishi rom viyo martlats shevatsuxebdi baton chabuas avtograpistvis.
tutka 23 09, 2009 12:38
avatar
madloba amistvis davit mxeizes.

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru