მთავარი | პოლიტიკა | კენიური ხორციდან რუანდულ დემოკრატიამდე

კენიური ხორციდან რუანდულ დემოკრატიამდე

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

როგორც ცნობილია, საქართველოს ივლისის შუა რიცხვებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. რა საკითხები განიხილება ვიზიტის ფარგლებში, რატომ გახდა აფრიკის ქვეყნები ბოლო დროს ხელისუფლებისთვის ასეთი მიმზიდველი და რატომ გაააქტიურა ბრძოლა ხელისუფლებამ ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.
- ბ-ნო ჰამლეტ, თქვენი აზრით, რა არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - ჰილარი კლინტონის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში?

- ამერიკას კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს; მითუმეტეს ახლა, როდესაც  კავკასიაში, შარშანდელთან შედარებით, სიტუაცია მკვეთრადაა შეცვლილი. მას შემდეგ, რაც ობამას პოლიტიკით უკმაყოფილო სააკაშვილმა ირანის მიმართ საკუთარი სიმპათია დააფიქსირა, საეჭვოა, ამერიკას მისი დამოკიდებულება მოწონებოდა.
ცნობილია, რომ ამერიკას ირანი გულზე მაინცდამაინც არ ეხატება. მართალია, ირანის პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო მოწვევა საზოგადოებისთვის ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძისგან გახდა, არა მგონია, ამ ამბის გახმაურება პრეზიდენტის ნებართვის გარეშე მომხდარიყო.
ამის შემდეგ სააკაშვილმა ინფორმაცია უარყო. ესაა ჩვენი პრეზიდენტის კიდევ ერთი გაუაზრებელი და არასერიოზული ნაბიჯი, რომელსაც არც თუ იშვიათად მიმართავს ხოლმე. ეს განცხადებები, ალბათ, იმ არასათანადო მასპინძლობის შედეგია, რომელიც სააკაშვილს ამერიკაში გაუწიეს. სააკაშვილი ობამამ ოფიციალურად არ მიიღო. სააკაშვილი ამით განაწყენდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვე იყურყუტა სააკაშვილმა ამერიკაში, არც ძალისხმევა დაუკლია და არც ფული, ობამასთან ოფიცილური შეხვედრა რომ შემდგარიყო, არ გაუმართლა. მე, მაგალითად, მივესალმებოდი იმას, საქართველოს ირანთან, ისევე, როგორც ყველა მეზობელ ქყვეყანასთან, კარგი დიპლომატიური ურთიერთობა რომ ჰქონოდა. ამერიკამ ჩათვალა, რომ პარტნიორ ქვეყანას მის მტერთან სიამტკბილური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს. ეს თემაც განიხილება, ალბათ, ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, და არა მარტო ეს.
სააკაშვილს აინტერესებს, როგორ უყურებს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია მის პერსონას. მაპატიეთ და, საქართველო სააკაშვილს მხოლოდ თავისი კუჭის გავლით აინტერესებს. საქართველოა მისთვის საკუთარი პერსონის წარმოსაჩენი საშუალება. სააკაშვილს რომ საქართველო აინტერესებდეს, სულ სხვანაირ პოლიტიკას აწარმოებდა.
სააკაშვილი ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, ალბათ, შეეცდება, ამოიცნოს, რას უპირებს მას თეთრი სახლი. პრინციპში ეს საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან თეთრი სახლი მას არც არაფერს უპირებს.
სააკაშვილს თუ ვინმე რამეს უნდა უპირებდეს, საქართველოს მოსახლეობაა, რომელიც ისეა დეგრადირებული, რომ თავისუფლად იტანს მის მმართველობას, ისეთ მაქინაციებს, რაც ამას წინათ ჩატარებულ არჩევნებზე იყო და სრულიად თავისუფლად აიტანს ორი წლის შემდეგაც იგივე მაქინაციებით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. არაა გამორიცხული 2013 წელსაც იგივე განმეორდეს.
სააკაშვილმა გაზეთ “მონდისათვის” გაკეთებულ კომენტარში, ჟურნალისტის კითხვაზე, რას აპირებს 2013 წელს და უფიქრია თუ არა პრემიერ-მინისტრობაზე,  დადებითი პასუხი გასცა; აღიარა, რომ პრემიერობაზე ფიქრობს. არ გასულა ცოტა ხანი და ქუთაის­ში ყოფნისას განაცხადა, რომ 2013 წლის შემდეგ საერთოდ აპირებს წასვლას ხელისუფლებიდან. თუმცა საკითხავია, როდის იყო გულწრფელი სააკაშვილი. მე უფრო მგონია, რომ პირველი განცხადების დროს. მეორე, უბრალოდ, იმისთვის გაკეთდა, რომ გულის­ნადების წამოცდენის შემდეგ როგორღაც დაერეგულირებინა სიტუაცია, რაც გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მისმა განცხადებამ გამოიწვია.
სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ორი წლით ადრე ფრონტის ხაზის გახსნა საჭირო არ იყო და საზოგადოება დაამშვიდა, წავალო. ეს კი, ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი იმის დადგენასაც შეეცდება, ხომ არ მიაქცია თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მის განცხადებებს ყურადღება და შეეცდება დაადგინოს მათი განწყობა ამ საკითხთან მიმართებაში.
ჰილარი კლინტონი, ალბათ, დაინტერესდება, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენასთან. როგორც ცნობილია, ამერიკამ დიდი ენერგია ჩადო ამ ორი სახელმწიფოს დასაახლოებლად, თუმცა შარშანდელი მიღწეული შე­თანხმება ამ  ორი სახელმწიფოს პარლამენტმა დაბლოკა. აქედან გამომდინარე, ამერიკის იმიჯიც შეირყა. ამდენი ენერგია დახარჯა სახელმწიფოების დასაახლოებლად, ეს ყველაფერი კი უშედეგო აღმოჩნდა.
- ბოლო დროს შეიმჩნევა საქართველოს ინტერესი აფრიკის ქვეყნების მიმართ. ამას არც პრეზიდენტი სააკაშვილი მალავს. გურგენიძის ვიზიტებიც გახშირდა აფრიკულ ქვეყნებში. ცნობილია, რომ აფრიკის ქვეყნები საუკეთესო საშუალებაა შავი კაპიტალის დასაბანდებლად. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე ხელისუფლების არაკანონიერად დაგროვებული კაპიტალი სწორედ ამ ქვეყნებში გადაინაცვლებს? 
- აფრიკის კონტინენტი ყოველთვის ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ფულის გათეთრება აფრიკის ქვეყნების მმართველების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. იქ დღესაც თავისუფლად შეიძლება ჩასვლა და ნებისმიერი გზით ნაშოვნი ფულის გათეთრება. იქ სჭირდებათ ფული და არ უყურებენ, რა გზითაა ნაშოვნი - შავია, თეთრია თუ ყვითელი. ამიტომ ინტერესდებიან, ალბათ, ჩვენი ქვეყნის მესვეურნი აფრიკის ქვეყნებით, ისეთით, როგორიცაა რუანდა. ამას წინათ სააკაშვილმა ბრძნული აზრიც კი გაახმიანა, რომ თურმე რუანდა ეკონომიური განვითარების დონით ბევრ ევრო­პულ სახელმწიფოს სჯობს. ეს, ალბათ, რუანდაში რომ გაიგონ, სიხარულით გულები დაუსკდებათ. არსად გამიგია, რომ რუანდა წარმატებული ქვეყანაა. შეიძლება სჯობდეს სენეგალს ან კოდ-დიუარს, ან აფრიკის სხვა ქვეყნებს, მაგრამ, საერთო ჯამში, არაფრით შეიძლება მისი შედარება ევროპის სახელმწიფოებთან არც დემოკრატიული და მითუმეტეს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ამ განცხადების მიზანია, რომ ქართულ საზოგადოებაში მასზე კარგი აზრი შეიქმნას.
პირველად აფრიკის ქვეყნების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ გამსახურდიას დროს შეიტყო, როცა სიგუამ კენიიდან ხორცის შემოტანა გადაწყვიტა. ახლა კი იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ფულია გასათეთრებელი.
რუანდა შესანიშნავი ადგილია ამისათვის, თანაც ეს განხორციელდება იმ ბანკის მეშვეობით, რომელშიც გურგენიძე მუშაობს. და თუ ეს აღმოჩენა გურგენიძემ გააკეთა, ალბათ, აღარ გაუჭირდებათ არა მარტო რუანდასთან, არამედ სხვა მსგავს სახელმწიფოებთან კავშირის დამყარებაც. სამწუხაროდ, სააკაშვილი და მისი გუნდი, იმის მაგივრად რომ რამე გააკეთონ ქართული ეკონომიკისთვის, ნაძარცვი ფულის აფრიკულ ქვეყნებში გათეთრებას ცდილობენ.
- ბოლო დროს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით გახმაურდა ფაქტები იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. თქვენთვის თუ იყო რაიმე ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ის ფაქტი, რომ საქართველოში იარაღით ვაჭრობა აქტუალური იყო, ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა.
იარაღით ვაჭრობა ჯერ კიდევ 1993-94 წლებიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც რუსებმა ბაზები დაგვიტოვეს, ქართველებმა კი ამ ტექნიკის გაყიდვა დაიწყეს.
მახსოვს,1997 წელს ამ საკითხით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ოფიციალური განცხადებები,რომ თითქოს რუსეთი არ გვეხმარებოდა სამხედრო ძალების ჩამოყალიბებაში და იმიტომ გადავიხარეთ დასავლეთისკენ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამასთან დაკავშირებით შევხვდი თავდაცვის ყოფილ მინისტრის მოადგილეს, რომელმაც იმ სამხედრო ტექნიკის სია მიჩვენა, რუსეთმა რომ გადმოგვცა. სია დაახლოებით 100-ფურცლიანი იყო. საქართველოში რუსებმა დიდძალი იარაღი დატოვეს და მისი გატანა შემდგომ ხდებოდა ნელ-ნელა. მე ფაქტსაც შევესწარი, როცა ნიკო ლეკიშვილის ძმას გამზადებული ჰქონდა იარაღით დატვირთული კონტეინერი ბათუმში, მაგრამ, ასლან აბაშიძემ გაიგო თუ არა, დაბლოკა. მაშინ პარლმენტის წევრიც ვიყავი, აჭარის წარმომადგენელიც და ჩემთან არა მარტო სატელეფონო, პირადი საუბრებიც მიმდინარეობდა, რომ ასლან აბაშიძესთან მეწარმოებინა მოპალარაკება ამ ტვირთთან დაკავშირებით. თუმცა ასლანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
იარაღით ვაჭრობა და ნარკოტრეფიკი ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად ითვლება და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებაც არ ამბობს უარს ამაზე.
ამას წინათ იმასაც წერდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრაზიტო ქვეყნად ითვლება ნარკოგადაზიდვების მხრივ. ეს სერიოზული ბრალდებაა, მაგრამ ამით არც არავინ დაინტერესებულა. ის სპეცოპერაციაც, რაც ცოტა ხნის წინათ ჩატარდა ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ, მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვა იყო. საზოგადოებას მტვერს აყრიან თვალებში, თითქოს ნარკოტიკების შემოტანას ხელს უშლიან და მის წინააღმდეგ იბრძვიან.

ესაუბრა ლილი მიროტაძე

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru