მუსლიმანური საფრთხე აგრესიული ისლამით გარშემორტყმული საქართველოსთვის
ამ ბოლო კვირაში ახლო აღმოსავლეთში სერიოზული მოვლენები განვითარდა. მათ, შესაძლოა, გამოძახილიც სერიოზული მოჰყვეს და არსებული მყიფე მსოფლიო ბალანსი დაარღვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკის (და საქართველოს) ორ უახლოეს სამხედრო პარტნიორს ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც სერიოზული კონფრონტაციისკენ მიილტვიან.
როგორც ცნობილია, 29 მაისს ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ექვსი გემი (სამი სატვირთო და სამი სამგზავრო), რომელთაც “თავისუფლების ფლოტილია” ეწოდა, კვიპროსიდან ღაზას სექტორისკენ დაიძრა. სეპარატისტული პალესტინური ტერიტორია, უკვე რამდენიმე წელია, სამხედრო ორგანიზაცია “ჰამასის” ხელშია, რომელიც არ სცნობს პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციას მაჰმუდ აბასის მეთაურობით და ისრაელთან ყოველდღიურ ომშია ჩართული. ღაზადან, პრაქტიკულად, ყოველდღე უშვებდნენ რაკეტებს ისრაელის მიმართულებით, ხოლო ისრაელი ამაზე წერტილოვანი დარტყმებით პასუხობდა, რასაც ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
დღეს ეს ტერიტორია (ღაზა) თავისი მილიონნახევარი მოსახლეობით მთლიანად ბლოკირებული ჰყავს ისრაელს, ხოლო მისი დასავლეთი საზღვარი, საიდანაც აქ იარაღი შედიოდა, ეგვიპტეს ამ ინცინდენტამდე ჩაკეტილი ჰქონდა და მხოლოდ ისლამურ დღესასწაულებზე აღებდა რამდენიმე დღით. ამ ინცინდენტის შემდეგ კი ეგვიპტემ თავისი საზღვარი ღაზასთან უვადოთ გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ღაზა ყველაფერს ისრაელიდან იღებს, ვინაიდან იქ არაფერი იწარმოება; ბლოკადამდე მისი მოსახლეობა დილაობით ისრაელში გადადიოდა სამუშაოდ, ხოლო საღამოობით უკან ბრუნდებოდა.
სეპარატისტების ბლოკადა სულ უფრო მეტ აღშფოთებას იწვევს მსოფლიოში. ამაზე ისრაელი პასუხობს, რომ ის საკმარისად ამარაგებს ამ ტერიტორიას პირველი მოხმარების საგნებით, ელექტროენერგიითა და წყლით. მე კი ეს ბლოკადა მაგონებს სეპარატისტული აფხაზეთის ბლოკადას საქართველოს ხელისუფლების მიერ და რამდენიმე თურქული გემის ჩაძირვასა და დაპატიმრებას.
ამჯერად ფლოტილიას განზრახული ჰქონდა ისრაელის ბლოკადის გარღვევა და ღაზას სექტორში ტვირთის ჩატანა. ამაზე ისრაელის ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ეს ტვირთი ისრაელის რომელიმე პორტში ჩამოეტვირთათ და შემოწმების შემდეგ, თუ იქ იარაღი არ იქნებოდა, მას თვით ისრაელი შეიტანდა ღაზაში; ტერორისტებისა და სეპარატისტების ტერიტორიების ბლოკადის გარღვევას კი ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა.
ამ ფლოტილიის აქტივისტთა დაახლოებით ორ მესამედს თურქები შეადგენდნენ, დანარჩენები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდა – ისრაელის სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ ცხრა კაცი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. დაახლოებით ხუთასამდე აქტივისტი (მათ შორის ოთხასი თურქია) ჯერ ისრაელის ციხეებში მოათავსეს, საიდანაც ისინი ამ დღეებში გაათავისუფლეს და სპეციალური თვითმფრინავებით სტამბულში გადაიყვანეს.
ამაზე თურქეთმა ელჩის გაწვევით უპასუხა, ქვეყანაში კი გრანდიოზული დემონსტრაციები დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ. ევროკავშირმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელი დაგმო, ხოლო ამერიკა საგონებელში ჩავარდა – ორივე ეს ქვეყანა, ისრაელიცა და თურქეთიც, მისი უახლოესი სამხედრო პარტნიორებია ახლო აღმოსავლეთში და არც ერთის დაკარგვა მას ხელს არ აძლევს, თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი ობამას ატყობს სიმპატიებს ისლამური ქვეყნების მიმართ. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ობამამ ბავშვობა ისლამურ ქვეყნებში (პაკისტანსა და ინდონეზიაში) გაატარა, ხოლო მისი მტრები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ იგი მაჰმადიანია, ყოველ შემთხვევაში, დედამისის მეორე ქმარი ნამდვილად ისლამის მიმდევარი იყო.
ისრაელი პრაქტიკულად გარიყული აღმოჩნდა საერთაშორისო არენაზე და აქ ჩვენ ვამჩნევთ ზოგიერთების მიერ გამოყენებულ ორმაგ სტანდარტს - ის რომ ჰამასი ყოველდღე უშვებდა რაკეტებს ისრაელის მიმართულებით, ეს რაღაც განსაკუთრებულ რეაქციას არ იწვევდა ევროპაში.
მაგრამ მთავარი სენსაცია წინ გველოდა - სკანდალურად ცნობილმა არაბულმა ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ” გამოაქვეყნა მისი გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, რომ გემის ინსპექტირებისთვის მასზე ასულ ისრაელ მედესანტეებს “მშვიდობის” აქტივისტებმა კეტებითა და ჯაჭვებით შეუტიეს და ისინი დაატყვევეს. მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს ცეცხლი ისრაელმა მედესანტეებმა, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა.
დღეს ევროპისა და ამერიკის ხალხებისათვის ისლამი სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. თავის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოთქვა სურვილი, რომ “გამოინახოს წინსვლის ახალი გზა მუსლიმანი ხალხებისთვის.” ამავე დროს მან თავდაცვისკენ მოუწოდა უდანაშაულო ხალხებს, რომლებშიც ისლამისტები შიშის დანერგვას და ამ გზით თავიანთი მიზნის მიღწევას ცდილობენ. ობამამ მიმართა იმ ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ კონფლიქტის გაღვივებას და ყველაფერში დასავლეთის საზოგადოებას ადანაშაულებენ.
ევროპასა და ამერიკაში ისლამის მომძლავრებას ექსპერტები ისლამური ქვეყნებიდან სულ უფრო მზარდი ემიგრაციით ხსნიან: თურქები - გერმანიაში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში; მაროკოელები – საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში; პაკისტანელები - ინგლისში; არაბები - კი ყველგან და ა.შ. კიდევ უფრო სერიოზული სიტუაციაა ამერიკაში - 5 ივნისს ამერიკულმა ტელეარხმა RTVI-მ თავისი მაყურებლების ინტერაქტიული გამოკითხვა მოაწყო და 97%-მა ღიად დააფიქსირა, რომ ისლამის გავლენა ამერიკაში დღითიდღე იზრდება. და თუ აფროამერიკელების უდიდესი უმრავლესობა ჯერ კიდევ ბაპტისტია (ისინი მათმა ბატონებმა მონათმფლობელობის პერიოდში იძულებით მონათლეს), შავკანიან ახალგაზრდებში სულ უფრო ძლიერი ხდება ისლამისადმი მიდრეკილება.
რატომ ხდება ეს - მარტო მასობრივი ემიგრაციის ბრალია თუ აგრესიული ისლამური სატელიტური ტელეარხების მაუწყებლობის შედეგია, რომლებიც ღიად მაუწყებლობენ ევროპასა და ამერიკაში - სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. აქ განსაკუთრებით გამოირჩევიან “ალ-მანარი”, რომელიც “ჰეზბოლაჰს” ეკუთვნის და “ალ-აქსა”, რომელიც “ჰამასის” საკუთრებაა. ეს ტელეარხები ყოველივე ქრისტიანული ღირებულებების მიმართ სიძულვილს თესენ და მაჰმადიანი იმიგრანტებისა და მათი შვილების რადიკალიზაციას ახდენენ.
ამის მრავალი მაგალითი არსებობს. თუნდაც ინგლისში “ალ-ქაიდას” წევრების დაპატიმრება ახალი ტერაქტების მზადებისას, რომლებიც ინგლისში დაბადებული და გაზრდილი პაკისტანური წარმოშობის ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. მაგრამ განსაკუთრებით ძლიერია ეს მუხტი მაროკოელ ემიგრანტებსა და მათ შვილებში; ევროპაში მომხდარი ტერაქტების უმეტესობა სწორედ მათზე მოდის. თუ ამას დავუმატებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტმა ამ დღეებში ბელგიასა და ჰოლანდიას მიბაძა და საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრის ტარება აკრძალა, ახალი დაპირისპირება გარდაუვალია.
“ჰეზბოლაჰის” სატელიტური ტელეარხი “ალ-მანარი” ამერიკის სახელმწიფო დეპარტამანტმა 2006 წელს შეიტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, როგორც “ტერორისტული ტელეარხი, რომელიც ტერორისტების რეკრუტირებას ახდენს და შესაბამის ინსტრუქციებს გადასცემს”. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ტელეარხი ტერორიზმში დაადანაშაულეს. ევროპაში კი საფრანგეთისა და ჰოლანდიის მთავრობებმა თავიანთ პროვაიდერებს ჯერ კიდევ 2004 წელს აუკრძალეს ამ არხის ტრანსლირება, მაგრამ საუდის არაბეთში განთავსებული არაბთა ლიგის სატელიტური “ArabSat” და ეგვიპტური “ILESAT” დღესაც “ალ-მანარის” ტრანსლირებას ახდენენ და ევროპასა და ამერიკაში დაბადებულ მუსლიმან ახალგაზრდებს გონებას უწამლავენ. მაგალითად, ბერლინელი ახალგაზრდა მუსლიმანები, რომელთა რაოდენობა, ზოგიერთის აზრით, ლამის მილიონს შეიძლება აღწევდეს, აღიარებენ, რომ, ძირითადად, სწორედ ამ ტელეარხს უცქერიან, მიუხედავად იმისა, რომ თეორიაში მისი ტრანსლირება გერმანიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2006 წელს აიკრძალა.
იმავე 2006 წელს, “ალ-მანარის” წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის დროს ეთერში გამოჩნდა კიდევ უფრო აგრესიული ფუნდამენტალისტური ისლამური სატელიტური ტელეარხი “ალ-აქსა”, რომლის ოფიციალურ დამფუძნებლად “ჰამასი” ითვლება, თუმცა გაურკვეველია, რა ფულით და ვინ აფინანსებს მას. ჯერჯერობით ის არ აუკრძალავთ, ვერც ჩაახშობენ, ვინაიდან ზემოდასახელებული არაბული სატელიტების გავლით მაუწყებლობენ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ფრანგულ სატელიტურ ტელეკომპანია “TELSAT”-ს, რომელიც რამდენიმე კოსმოსური სატელიტის მფლობელია, როგორც ჩანს, დიდი ფული გადაუხადეს და ის “ალ-აქსას” ტრანსლირებას ახდენს. საფრანგეთის მთავრობამ “EUTELSAT”-ს მაუწყებლობის შეწყვეტა უბრძანა, მაგრამ მან ის მხოლოდ ერთ-ერთი თავისი სატელიტიდან გათიშა, დანარჩენი ორი კი კვლავ აგრძელებს მის ტრანსლირებას. არ დაგავიწყდეთ, ეს ის “EUTELSAT”-ია, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიაზე მიმართული ქართული ტელეარხი “პირველი კავკასიური” დაბლოკა.
1999 წელს კოსოვოს ომის დროს ნატოს თვითმფრინავებმა ბელგრადში დაბომბეს სერბეთის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელემაუწყებლობის შტაბ-ბინა. მიუხედავად 16 ჟურნალისტის დაღუპვისა, ნატომ თავისი ნაბიჯი გაამართლა, როგორც მუსლიმანთა წინააღმდეგ სლობოდან მილოშევიჩის პროპაგანდისა და მოწოდებების გასანეიტრალებელი აქცია. აქედან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუ რა საშიშროებასა და იარაღს წარმოადგენს მაუწყებლობა ბევრი ხელისუფლების ხელში.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შარშანდელი ვიზიტი თათარსტანში ადგილობრივმა ნაციონალისტებმა მათი სეპარატიზმის წახალისებად აღიქვეს. ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ თათარსტანი შეიძლება გახდეს ცენტრი რუსეთის ვოლგისპირეთის ისლამიზაციისა და შესაძლო გამოყოფისა. აქ ავტონომიებში ნამდვილად არის ნაციონალისტური მუხტი, ისეთი, როგორიც ჩრდილოეთ კავკასიაში იყო ათიოდე წლის წინათ. მაგრამ, თუ ჩრდილოკავკასიური ნაციონალიზმი თანდათან გადაიზრდება ერთიანი ისლამური ემირატის შექმნის იდეაში, ასეთივე ბედს უწინასწარმეტყველებენ ვოლგისპირეთის ავტონომიებსაც, ანუ თათარსტანს, ბაშკირსტანს, მორდოვას, მარიი ელს, უდმურტეთს. და თუ ბაშკირი თათრები რუსი მეფეების მიერ თავის დროზე მოინათლნენ, მათი ისლამში დაბრუნება არც თუ ისე რთული იქნება. ანალოგიურ პოზიციაში აღმოჩნდებიან მოლდავეთში იქაური მონათლული თათრები – გაგაუზები. ყირიმი კი კვლავ თათრების ხელში გადადის, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე ეკატერინე მეორემ არ დაიპყრო ისინი. ხოლო ლუჟკოვის მიერ ყირიმის რუსეთის საკუთრებად გამოცხადება, ჯერჯერობით მხოლოდ რიტორიკის დონეზე რჩება.
წლეულს არნახული წარმატება ხვდა წილად ფანტასტიკური ჟანრის ამერიკულ მხატრულ ფილმ “ავატარს”. ბრწყინვალე სპეცეფექტებს რომ თავი დავანებოთ, აქ მაინც მთავარი მისი უნიკალური შინაარსია: ამერიკული არმია რომელიღაც პლანეტაზე გადასხდა მის დასაპყრობად, ვინაიდან მისი წიაღისეული აინტერესებს. ხოლო ადგილობრივებთან მათ გეგმებში გასარკვევად აგენტად შეაგზავნიან ამერიკის ელიტარულ საზღვაო ქვეითთა რაზმის წარმომადგენელს. ეს ამერიკელი სულ მალე რწმუნდება, რომ ადგილობრივი ხალხი უფრო მაღალი პრინციპებითაა აღჭურვილი და სულ მალე მათ ააჯანყებს სწორედ ამერიკელების წინააღმდეგ! ისინი იმარჯვებენ და ამერიკელებს იმ პლანეტიდან აძევებენ!!! და ყოველივე ეს ჰოლივუდშია გადაღებული, რაც სულ ცოტა ხნის წინათაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა. საინტერესოა, ამ ადგილობრივ ტომებში ავტორები ავღანელებს გულისხმობენ თუ ერაყელებს?
ყველაფერ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, რომელიც ისლამურ სამყაროს ესაზღვრება და ადვილად შეიძლება გარშემორტყმულიც კი იყოს აგრესიული ისლამით. თუ იმასაც გავითვალისწინებით, რომ დღევანდელი რეჟიმის იდეოლოგები “თავისუფლების ინსტიტუტიდან” განსაკუთრებული სიძულვილით არიან გამსჭვალულნი ქართული, და საერთოდ, მართლმადიდებლური ეკლესიებისადმი, ადვილად გასაგებია, ქართველი ხალხის ამ ერთადერთი დამცავი იდეოლოგიის დასუსტება ხელს თუ ვის აძლევს. აქ დავაზუსტოთ, რომ “თავისუფლების ინსტიტუტი” იეღოველებს იმიტომ იცავდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაესუსტებინა, მაგრამ, როდესაც არაფერი გამოუვიდათ, პირდაპირ პატრიარქის ლანძღვაზე გადავიდნენ.
თუ მოხდა, რომ ისლამური ქვეყნების რკალში მოქცეულ საქართველოში ჩვენი დედაეკლესია დასუსტდა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ბუნება ვერ ითმენს სიცარიელეს, ხალხი რომელიმე ახალი სარწმუნოების ძებნას შეუდგება. ის კვლავ ათეიზმს ნამდვილად ვეღარ დაუბრუნდება, იეღოველობა და სხვა რომელიმე სექტა რომ მასიურად გავრცელდეს, ძალიან ძნელად წარმოსადგენია. ასე რომ, ქართველი ხალხის დაჩოქება მის ნამდვილ მტრებს, ალბათ, მისი ისლამიზაციით წარმოუდგენია. ხოლო ვინაიდან ყველაფერი ქართული, ცნობიერება იქნება, შეგნება თუ კულტურა, სწორედ მართლმადიდებლობაზეა დაფუძნებული, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა მომავალს გვიმზადებენ არა ჩრდილოეთიდან, არამედ - სამხრეთიდან.
რამაზ კლიმიაშვილი
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი