ტარიელ გაგნიძე: მთავარია, ვისთან იმსჯელებს პოლიტიკურ თემაზე რუსეთის პრეზიდენტი
ქართული პოლიტიკური სპექტრის ბოლოდროინდელი გააქტიურება მომავალშიც არა ერთხელ გახდება საზოგადოების განსჯის საგანი. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის მცდელობა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან. რუსეთის ხელისუფალთ არა ერთხელ განუცხადებიათ, რომ არ ცნობენ საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ ექნებათ. ამ ფონზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ჯერ ზურაბ ნოღაიდელის, ხოლო შემდეგ ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტები და შეხვედრები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” თავმჯდომარემ, ბატონმა ტარიელ გაგნიძემ ამ საკითხებზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება, თუმცა საუბარი უფრო “შინაური” თემით დავიწყეთ.
- ბატონო ტარიელ, მალე სამი თვე გახდება, რაც ხელმეორედ დაარბიეს ჩვენი გაზეთის რედაქცია და თქვენი ოფისი. წინასწარ ვხვდები, რასაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: რაიმე სიახლე ხომ არა აქვს გამოძიებას?
- ამ რამდენიმე დღის წინ პირადად მოვიკითხე საქმის მდგომარეობა და შევხვდი ორივე გამომძიებელს - 2009 წლის 26 თებერვლის ქურდობაზეც და 2009 წლის 19 დეკემბრის დარბევის ფაქტზეც. ორივე შემთხვევაში მივიღე ტრაფარეტული და არაფრისმთქმელი პასუხი: საქმეები ჯერჯერობით გაუხსნელია, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს.
მე არ ვარ აყოლილი ილუზიებს და ვიცი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმეებს გახსნა არ უწერია. ერთის მხრივ, ეს გასაგებიცაა - საკუთარ თავს თვითონვე ხომ არ ამხელენ?
- მახსოვს, დარბევის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვენ საყვედურს გამოთქვამდით საქართველოში აკრედიტირებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი და ბრძანებდით, მათ რომ მეტი ყურადღება გამოეჩინათ თქვენს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაციისადმი, ხელისუფლება ცოტა თავშეკავებული გახდებოდა და დარბევას ვეღარ გაგვიბედავდაო. ახლა მაინც თუ გამოიჩინა ვინმემ ყურადღება?
- საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი ყურადღების და უფრო მეტი პრინციპულობის გამოჩენა მართებთ თვითონ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობისადმი საქართველოში; ჩვენი წიგნის პრეზენტაციაც სწორედ ამ მიზანს ისახავდა. ეს არ ყოფილა კრებულის მომზადება მარტოოდენ წიგნის გამოცემისათვის.
მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოამზადა და გამოსცა წიგნი-კრებული საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახელწოდებით “უუფლებობის ზონა”, რომლის პრეზენტაციაც გავმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს – 10 დეკემბერს და რომელსაც მოჰყვა 19 დეკემბრის დარბევა.
გუშინ მე მიმიწვიეს ევროპის საბჭოს ოფისში საქართველოში, სადაც ვესაუბრე ქალბატონ საბრინა ბიუჰლერს, მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში. მათ ზუსტად 19 დეკემბრის ინციდენტის გარემოებები აინტერესებდათ, გამომკითხეს, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, გახსნილი იყო თუ არა საქმე; დაინტერესდნენ ზოგადად ჩვენი საქმიანობითაც, ვისაუბრეთ აგრეთვე სხვადასხვა თანმდევ საკითხებზეც, რომლებიც საუბრის პროცესში წამოიჭრა. ქ-ნმა ბიუჰლერმა აღმითქვა ყოველგვარი თანადგომა მისი კომპეტენციის ფარგლებში.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო მას გამოჩენილი ყურადღებისთვის.
- ბატონო ტარიელ, თქვენი საზოგადოების საქმიანობა არ არის პოლიტიკური ხასიათის, მაგრამ საქართველოში არსებული ვითარება ისეთია, პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლი. მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ შექმნილ მდგომარეობას და რას იტყოდით ოპოზიციის ქმედებებზე, აქვთ მათ შანსი, ადგილობრივი არჩევნები მოუგონ ხელისუფლებას?
- სიმართლე გითხრათ, არსებულ ოპოზიციაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ. მათ საქციელს რომ ვაკვირდები, მყარი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ, მასთან ფარულ ალიანსში არიან. თვითონ განსაჯეთ: ჯერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავებაში ჩაერთვნენ და ამით გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გაუკეთეს ლეგიტიმაცია - ხელისუფლებას მისცეს საშუალება, “ოპოზიციის” მონაწილეობით დაეკანონებინა თბილისის მერის არჩევა ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-ის ხმებით.
ეს ხმების ის რაოდენობაა, რისი მიღების შანსიც აქვს მოქმედ მერს ჩინოვნიკთა ელექტორატისა და ე.წ. “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენებით. გამოდის, რომ არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობა - 70% ამ კანდიდატს ხმას არ აძლევს და მერად არჩეულად მაინც ის ჩაითვლება. ამ სურათის მეტად თუ ნაკლებად გასანეიტრალებლადაა ახლა მიმართული ოპოზიციის საქმიანობა და სწორედ ამიტომ ყველა სუბიექტი ცალ-ცალკე ასახელებს თავის კანდიდატურას, რომ ეს ხსენებული 70% გადანაწილდეს მერობის არასახელისუფლებო პრეტენდენტებზე და ამჯერად უკვე თვითონ არჩევნების პროცესის ლეგიტიმაცია მოხდეს.
ამ ადგილობრივი არჩევნების თავისებურება ისაა, რომ სააკაშვილი ცდილობს, თვითონ არჩევნების პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად ჩაატაროს, იცის, რომ მთელი უცხოეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები კრიტიკულები იქნებიან რაიმე თვალშისაცემი დარღვევებისადმი. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებით სააკაშვილი საკუთარი გატეხილი სახელის აღდგენას ცდილობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რაღაც მაინც ჰქონდეს სათქმელი - რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარა.
- რატომ ცდილობს სააკაშვილი მაინცდამაინც უცხოეთის თვალში სახელის აღდგენას? ქვეყნის შიგნით აღიდგინოს სახელი, არ ურჩევნია?
- 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზით სააკაშვილმა დაკარგა ის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მას უწევდა ბუშის ადმინისტრაცია აშშ-ში. პრეზიდენტად ობამას არჩევის შემდეგ ამერიკამ მნიშვნელოვნად შეცვალა საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები, ხელი აიღო მარიონეტული რეჟიმების მხარდაჭერაზე და დაადგა რუსეთთან თანამშრომლობის გზას. სააკაშვილის საერთაშორისო მხარდაჭერა მთლიანად განპირობებული იყო აშშ-ს ძალისხმევით და მათი ხათრით, - რამდენიმე ქვეყნის და პირველ რიგში, რუსეთის გარდა, - არავინ არ ლაპარაკობდა სააკაშვილის ავტოკრატულ რეჟიმზე, მის ანტისახელმწიფოებრივ-ანტიქართულ პოლიტიკაზე, იმაზე, რომ ამერიკელების ხელში საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა საერთაშორისო პროვოკატორად, როგორადაც მან თავი გამოავლინა აგვისტოს ომის გაჩაღებით და იგივეს გამეორებას შეეცადა სულ ახლახანს უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს სააკაშვილს ამერიკა მხარს აღარ უჭერს, ამიტომ არც სხვა წამყვანი ქვეყნები აღარ ხუჭავენ თვალს საქართველოს ხელისუფლების საქციელზე და სწორედ ამიტომაა საქართველოს პრეზიდენტი მონდომებული, რომ ისევ საზღვარგარეთის თვალში აღიდგინოს სახელი. მისი ხელისუფლების არსებობა და პირადად მისი კეთილდღეობა სწორედ საზღვარგარეთის წამყვანი ქვეყნების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, თორემ ქვეყნის შიგნით მას რა სახელი აქვს, ეს იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ამ სახელმა ქვეყნის გარეთ შეიძლება გააღწიოს. ქვეყნის შიგნით მას ავტოკრატია აქვს დამყარებული და ამიტომ მისი ხელისუფლების არსებობა არ არის დამოკიდებული იმაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტზე საქართველოს მოსახლეობა.
- თქვენი პასუხიდან ბუნებრივად იბადება შემდეგი კითხვა: რა გამოდის, თუკი ამერიკელებმა ჩვენზე ხელი აიღეს და რუსეთთან დაახლოებაზე წავიდნენ, ეხლა ჩვენში ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლა უკვე რუსეთზე გახდა დამოკიდებული?
- საკითხის ასე დასმა მთლად მართებული არ არის. ამერიკის წინანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად იყენებდა პროვოკაციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ეხლა კი ჩვენ, უფრო სწორად, საქართველოს ხელისუფლება პირისპირ დარჩა გაბრაზებულ რუსეთთან. რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ამერიკელების მიერ ჩვენთან დანერგილი სახელისუფლებო სისტემა ისეთია, რომ, როგორც ზემოთ ვთქვი, მისი არსებობა მთლიანადაა დამოკიდებული გარედან მხარდაჭერაზე. იციან რა ეს, ცალკე ხელისუფლება ფარულად და ოპოზიციის ნაწილი კიდევ აშკარად, ეხლა რუსეთში ცდილობს მფარველის პოვნას. ამიტომაა, რომ ჯერ ნოღაიდელმა გამონახა მოსკოვში ჩასასვლელი გზები და შემდეგ ქ-ნმა ბურჯანაძემ.
- ესე იგი, ამერიკელებს ეხლა რუსები ჩაენაცვლებიან?
- ამ საკითხის ასე ერთმნიშვნელოვნად ნუ მივუდგებით. ამერიკელების მიდგომა იყო ასეთი: აარჩევდნენ პიროვნებას, მოიყვანდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ მისი ხელებით ატარებდნენ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკას. ე.ი. მხოლოდ კონკრეტულ პირებთან თანამშრომლობდნენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის და არა ქვეყანასთან და ხალხთან. რუსეთი რადიკალურად დიამეტრალური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს - მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი ითანამშრომლებენ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. სწორედ ამიტომ ღებულობენ ისინი საქართველოს საზოგადოებრიობის ყველა წარმომადგენელს და ამ საზოგადოების დიდი თუ მცირე ნაწილის გამომხატველ ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურას. მაგრამ რუსებს ამ ფიგურების წარსული საქმიანობაც ახსოვთ, ესმით მოსკოვში მათი ვიზიტების ჭეშმარიტი მიზნები და ამიტომ არ მსჯელობენ მათთან პოლიტიკურ თემებზე. ღებულობენ მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ესაუბრებიან მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის ზოგად თემებზე. თუ დააკვირდით, ბატონი ნოღაიდელის ვიზიტის დროს მასთან საერთოდ არანაირ თემაზე არ უსაუბრიათ - მან მხოლოდ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ პუტინს ქუთაისში განადგურებული მემორიალის ასლის მოსკოვში აღმართვის გადაწყვეტილებისათვის (მართლაც სამადლობელი საქმეა), ხოლო ნინო ბურჯანაძესთან ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ორი ქვეყნის ნორმალური ურთიერთობების აუცილებლობაზე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.
აქ ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი: არც რუსეთის პრემიერი და არც სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე კონსტიტუციით არ არიან საგარეო-პოლიტიკური კურსის შემმუშავებელი და გამტარებელი ფიგურები. რუსეთის კონსტიტუციით ასეთი პრეროგატივა პრეზიდენტის კომპეტენციაა. რუსეთის პრეზიდენტს კი არც ბ-ნი ნოღაიდელი და არც ქ-ნი ბურჯანაძე არ მიუღია, ალბათ, არც მიიღებს.
- ესე იგი, მთავარი ინტრიგა წინ გველოდება?
- ალბათ, კი.
2009 წლის 14 სექტემბერს ქ. იაროსლავლში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკა უკვე აღარ არის მარტო ამ ქვეყნის შიდა საქმე. ქვეყნის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა და საკუთარი შიდა ამოცანების გადაწყვეტის უუნარობა მხოლოდ მათ ქვეყანას კი არა, მრავალ სხვა ქვეყანასაც უქმნის თავსატეხს და სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტურობა საერთაშორისო კონფლიქტებს წარმოშობს... სწორედ ამიტომ აღნიშნა დ. მედვედევმა: - სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან კრიტიკულად შეაფასონ სხვა ქვეყნების არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაც...
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეფასება, კრიტიკული იქნება ეს თუ პოზიტიური, იმ კონკრეტული პოლიტიკოსების შეფასებაა, რომლებიც ამ პოლიტიკას უძღვებიან და წარმართავენ.
სულ მცირე, 1995 წლიდან და განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ეს პერსონები არიან ისინი, ვინც ხან ხელისუფლებაში იყვნენ და არიან და ხანაც ოპოზიციაში გადაინაცვლეს და ეხლა მოსკოვში მიიჩქარიან. ქართული პოლიტიკის წარმატებებიც (თუ ასეთი გვქონდა) და ჩავარდნებიც მთლიანად მათი “მოღვაწეობის” დამსახურებაა და მათი შეფასებაც, ამაში მათ არავინ არ შეეცილებათ.
სერიოზულ, შინაარსიან პოლიტიკას სერიოზული, პასუხისმგებლობის მქონე ხალხი ჭირდება.
პოლიტიკოსის ავტორიტეტი იმით განისაზღვრება, თუ რა პრინციპებით საქმიანობს ის და ვინ არიან მისი პარტნიორები.
სერიოზული პოლიტიკოსი, რომელსაც საქმიანი, სერიოზული მისწრაფებები ამოძრავებს, პარტნიორადაც ასეთ პერსონას ირჩევს.
ვნახოთ, ვისთან ჩათვლის შესაძლებლად რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ თემებზე მსჯელობას.
ესაუბრა
ბონდო მძინარაშვილი
ბონდო მძინარაშვილი
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი