ვინც გიგის აძლევს
გაუმართლა გიგი უგულავას - მის მომხრეებს კიდევ ერთი ტრიო შეემატა, ანუ სამკაცა. ეს “კაცა” პირობითად, თორემ, ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ვიტყვით, “სამბიჭა” შეემატაო.
“მათ სამთა” - კოტიკო თოლორაიამ, გიორგი ცუცქირიძემ და ზვიად ფოფხაძემ “შეკრეს პირობა” და დაიფიცეს (დედა, მამა, ყველა), რომ თბილისის მოსახლეობას დაარწმუნებენ, ხმა სწორედ გიგი უგულავას მისცეს.
არ გეგონოთ, ეს სამი ბიჭუნა გაუაზრებლად ირჯება. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. ამიტომ გვჯერა, რომ გიგი უგულავა სწორედ ის ადამიანია, ვინც ამ საქმეს მიხედავს. ჩვენ ყველა დავეხმარებით მას, რითიც შეგვიძლია - სიმღერით, ცეკვით, კლიპებით... ჩვენ მისი ფანები ვართ. ყველას, ვისაც სურს, რომ გიგი თბილისის მერი იყოს, ჩვენთან ვეპატიჟებით”, - აი, ასე გულწრფელად აღიარა კოტიკო თოლორაიამ, რომ გიგისი სჯერა და მისი ფანია.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მართლა გამიკვირდა “თანასწორობის ინსტიტუტის” პროტესტი, რატომ შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია “ჩვენი ხმა გიგი უგულავას”-ო?
შეიქმნა და შეიქმნა, რა მოხდა? იმღერებენ, იცეკვებენ, კლიპებს გადაიღებენ... რა, პირველად გესმით, რომ ქეიფში დამკვრელებს იწვევენ? არ გახსოვთ, სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიისას, ერთ-ერთი შეხვედრის დაწყებამდე “დამკვრელები” რომ მოიკითხა?
ახლა მიშას აღარ სჭირდება და რა ქნან ამ დამკვრელებმა, მთლად უსაქმოდ ხომ არ იქნებიან? ჰოდა, ადგნენ და გიგის მიადგნენ, შენ მოგცემთო (ხმას, რასაკვირველია!), შენთვის ვიმღერებთ და ვიცეკვებთო...
თან ეს ახალმოდის კოკოები (კო-ტიკო და კო-მპანია) მარტო არ არიან - გიგისთვის ოფლს მოიწურავენ (შუბლიდან, რასაკვირველია!) ნინო ძოწენიძე, ჯგუფი “სეიშენი”, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია... უგულავას მხარდამჭერ კლიპს კი “კიკალა სტუდიო” გადაიღებს ფინანსური ანაზღაურების გარეშე.
მეტი რა ქნან? კუდები არ აქვთ, რომ გააქიცინონ, ენას კი ამჯერად დანიშნულებისამებრ იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ, უნდა ვიმღეროთო და არ დავუჯეროთ? აბა, ის ვირწმუნოთ, რომ გიგი უგულავასთვის კორუფციის მტვრის ანდა სულაც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისელების სისხლში ამოსვრილი ხელების გალოკვა განუზრახავთ ამ ლეგენდარულ სცენის მეფე-დედოფლებს (და დედოფალებს), ანუ “ენატკბილ ბულბულებს”?
ვინ იმღერებს ახალგაზრდული ენთუზიაზმით - ნინო ძოწენიძე, ანრი ჯოხაძე თუ ლელა წურწუმია? ჰო, მარაოს წაღება არ დაგავიწყდეთ, გამოგადგებათ, თან ახლა გაზაფხულის სიცხეები დააჭერს და...რა იცით, იქნებ, თბილისის ზღვაზე მოგიწიოთ კლიპის გადაღება და შეიძლება დაგცხეთ კიდეც... სწრაფმავალ კატარღაში!
სამბიჭა, ანუ კოტიკო, გიორგი ცუცქირიძე და მათი დამფუძნებელ-თავმჯდომარე ზვიად ფოფხაძე აცხადებენ, რომ “ორგანიზაცია მთლიანად საკუთარი სახსრებით ფინანსდება და მერიის ბიუჯეტთან საერთო არაფერი აქვს”.
ისეთი მწყაზარი სახეებით ამბობენ, დაძალებით ანდა ანგარებით კი არ ვაძლევთ გიგის (ხმასო, რასაკვირველია!), არამედ ენთუზიასტები ვართო, უნდა დაიჯერო; მით უმეტეს, უგულავაც “უაღრესად დიდ მადლიერებას გამოხატავს იმ ახალგაზრდული მოძრაობის მიმართ, რომლის წევრებიც ახალგაზრდული ენთუზიაზმით, სრულიად უანგაროდ უჭერენ მხარს გიგი უგულავას”.
ვაი, ვაი, შენი სულისა... ახლა უგულავა ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ ტომარაზე ზის, ყველა ფულის კეთებაზე და მერის არჩევნებით ხეირზე ფიქრობს და თურმე ეს “სამი ანგელოზი” ენთუზიაზმით ემსახურება გიგის თავიდან გამერების საქმეს.
თქვენ გჯერათ ამ, რბილად რომ ვთქვა, აქოჩრილი ტყუილის? არც “თანასწორობის ინსტიტუტში” სჯერათ. “ეს ადამიანები სწორედ მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, ოღონდ არაპირდაპირი გზით. ეს არის შავი ფული, რომელიც თბილისის მოსახლეობისაა. არავის აქვს უფლება, ადმინისტრაციული რესურსები თავისი პიარკამპანიისთვის გამოიყენოს”, - აცხადებს გურამ პატარაია.
მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისეთი არგუმენტი მოიხმეს, პირდაპირ მზეს დაუბნელებს გიგის კონკურენტებს თურმე, “მერიამ კოტიკო თოლორაია იმიტომ აირჩია, რომ იგი თავისი “აქოჩრილი თმით” და იმიჯით თბილისელი ახალგაზრდების გულის მოგებას სხვებზე იოლად მოახერხებს”.
შეიძლება ახლა ასეთი დედალი არგუმენტი მოიხმო? თმების “აქოჩრვა” რომ საქმეს შველოდეს, თქვენც აიქოჩრეთ, რა, ლიმიტია დაწესებული? თუ აქოჩვრის უფლება მარტო კოტიკოს და იმ ერთ კაცს აქვს, “მხიარულ ტარაკანას” რომ ჰგავს?
ახლა მთლად რეზო ამაშუკელის გაბედულებამდე ვერ გავქაჩე და მის ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ მინიშნებით გეტყვით, რომ მისი თმის აქოჩრილობა თვით პრეზიდენტ სააკაშვილსაც კი სიმშვიდეს ჰგვრის. როცა მისი თმა ყალყზეა, მიშას ნერვები წყნარდება, ესე იგი ყველაფერი წესრიგშიაო.
რა გამოდის, გიგის მერობა კოტიკოს თმებზე ჰკიდია? ვერ დავიჯერებ, რადგან გულუბრყვილობა იქნება. კოტიკო კი არც ისეთი გულუბრყვილოა, როგორც თავს გვაჩვენებს. “კოტიკოს უნდა საკუთარი ბიზნესის წარმოება მერიის ბიუჯეტის ხარჯზე. იგი თავის მეგობრებთან ერთად გადაიღებს კლიპებს, სარეკლამო რგოლებს და, ბუნებრივია, თუ გიგი უგულავა გახდება მერი, კოტიკოს შეკვეთები გაორმაგდება, ვინაიდან ის სწორედ გიგის მხარდამჭერია”. ეს მოსაზრება გაგი მოსიაშვილმა გამოთქვა და არის მის სიტყვებში ლოგიკა.ახალგაზრდული მოძრაობა “ჩვენი ხმა გიგი უგულავას” კი მანამდე იწყებს თბილისის მერის მხარდამჭერ პიარკამპანიას, სანამ მისი კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება.
გიგი, უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო რეჟიმში იღვწის, ამ ჭყინტებმა კი პირველ ღონისძიებად, იცით, რა დაგეგმეს? გაგიკვირდებათ და, 2 მარტს ქალთა კოლონიაში აპირებენ კონცერტის ჩატარებას.
რა ნიჭიერები არიან, პირდაპირ კოლონიით იწყებენ. ჯერ პატიმარ ქალებს უნდა მოუწოდონ, რომ გიგის მისცენ (თავიანთი ხმა) და მერე იგივე მოწოდებით პატიმარ კაცებს მიმართავენ (და რა პასუხსაც მიიღებენ, ძნელი მისახვედრი არ არის). ამათ რომ “დაარწმუნებენ”, თავისუფალ ადამიანებზეც “გადავლენ”.
თუ ქუჩაში ვინმე “აქოჩრილი” შეგხვდათ და გითხრათ, მე გიგის ვაძლევ და შენც მიეციო, ნუ გაიოცებთ და ბრიოლინით დაყენებულ პრიჩოსკას ნუ გაუფუჭებთ, ნუ მოქოჩრავთ - ხმას აძლევენ, ხმას!
თუმცა რა ვიცი, ამ “დამკვრელებისას” რას გაიგებ კაცი, კაცი!
ნეტავ, რით დამთავრდება ეს “აქოჩრილი” პიარი?
ლაშა გიორგიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი