მთავარი | პოლიტიკა | ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა პარლამენტში, სადაც იგი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, ერთობ ჰგავდა ჯგუფური თერაპიის სეანსს, რომლის შემდეგ დამსწრენი დარბაზს ბედნიერნი, დამშვიდებულნი ტოვებენ. ყოველ შემთხვევაში, სხდომის ბოლოსკენ თავყრილობის მონაწილეთა უმრავლესობის შინაგანი მდგომარეობა აშკარად ეიფორიას მიუახლოვდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ისეთი გაბადრული სახე ჰქონდა, თითქოს მან, ჩვენი მეგობარი ბუდისტების თქმის არ იყოს, ერთდროულად ბოდჰისატვაც იხილა და ნირვანასაც მიაღწია. მისი თანაგუნდელები ასეთი მაღალი გრადუსის შინაგანი ჰარმონიით, ალბათ, ვერ დაიკვეხნიდნენ, რადგან ცნობილი გამოთქმის თანახმად, “ყველა მეწაღე სამადჰის სიღრმეს ვერ ჩასწვდება”, თუმცა ჩაკრები, სავარაუდოდ, მათაც გაეხსნათ; ძალზე კმაყოფილები ჩანდნენ; განსაკუთრებით ისინი, ვინც გურუმ საერთო მასიდან გამოარჩია (გ.კ. გაბაშვილი და სხვ.)

სხვა სან-ლორენცო სად არის...
ვიდრე კონკრეტულ ციფრებამდე ჩააღწევდა, სააკაშვილი საკმაოდ დიდხანს მადლობას უხდიდა როგორც მთლიანად მოსახლეობას, ისე ცალკეული ჯგუფების წარმომადგენლებს, მაგალითად პოლიციელებს, მასწავლებლებს, უმუშევრებსა და ა.შ. სულ მის გამოსვლაში 12 “მადლობა” იყო და, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, - არც ერთი “ბოდიში” (თუნდაც ასეთი, ბრჭყალებში).
“გასული წლის 9 თვის, ანუ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა 5,5 პროცენტით შემცირდა. მაგრამ მეოთხე კვარტალში ეკონომიკამ დაიწყო რეცესიიდან გამოსვლა და დაფიქსირდა პოზიტიური ზრდა. ამ მხრივ ჩვენი მოლოდინი გამართლდა, მთავრობის პროგნოზი გახლდათ ეკონომიკის შემცირება არა უმეტეს 4 პროცენტისა,” - ეს სიტყვები სააკაშვილის 2010, ანუ მიმდინარე წლის მოხსენებიდანაა. ახლა კი მისივე სიტყვები წინა, 2009 წლის მოხსენებიდან: “წინასწარი გათვლები გვაძლევს საშუა­ლებას, ვივარაუდოთ, რომ ჩვენ მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ და არ გადავალთ მინუსებში ისე, როგორც ეს ბევრგან ხდება ახლა”. მარტივად რომ ვთქვათ, იგი გვპირდებოდა ზრდას და მივიღეთ კლება, ამავე დროს “მოლოდინი, რომელიც გამართლდა” სააკაშვილმა ისე მოაქცია ფრაზაში, რომ გაუგებარი გახდა, საუბარი მთავრობის მიერ წლის დასაწყისში თუ მეოთხე კვარტალში გაკეთებულ პროგნოზს ეხებოდა. ერთი ცხადია, ხელისუფლების “წინასწარი გათვლები” მცდარი აღმოჩნდა. ეკონომიკა უპრეცედენტო უცხოური დახმარების მიუხედავად მინუსში წავიდა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ 2009-ში, სააკაშვილი ამბობდა, რომ “ეს პროგნოზები და გეგმები ძალიან მყიფეა, თუ ჩვენ ვერ შევძელით სიმშვიდის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება”; თუმცა ვინაიდან გასული წლის კრიზისის წარმოქმნა და მისი დინამიკა ხელისუფლების ნაბიჯებიდან ისევე ბუნებრივად გამომდინარეობდა, როგორც შოთა მალაშხიას დაკვირვებიდან დარვინის თეორიის ძირითადი პოსტულატების სისწორე, ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის არიდება ამ შემთხვევაშიც არ გამოვა.
ზუსტი მონაცემები მოხსენებაში არცთუ ბევრი იყო. სააკაშვილს აშკარად სხვა სტილში საუბარი ერჩია: “ქვეყანა დაადგა გაჯანსაღების გზას”, “იყო დიდი წარმატებები –ამას არავინ უარყოფს, მაგრამ იყო ჩავარდნებიც ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ”; “მინუსების ნიშნები პრაქტიკულად ყველა სფეროში პლიუსებმა ჩაანაცვლა”. ბოლო ფრაზა “შტეპსელთან” მიმართებაში კარგად ჟღერს, თუმცა ეკონომიკაზე საუბარს, ალბათ, მეტი სიზუსტე სჭირდება.
კონკრეტიკა გამოსვლაში მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც საუბარი ამა თუ იმ სეგმენტში მიღწეულ წინსვლას ეხებოდა; “მაგალითად, ცხვრის ხორცი, რომლის ექსპორტიც წელიწადში 25 ათასი ერთეულიდან შარშან 266 ათას ერთეულზე ავიდა”. ირანელებმა და არაბებმა, მართლაც, აქტიურად დაიწყეს ცხვრის შესყიდვა, თუმცა ეს განპირობებულია არა საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული მოწადინებით, არამედ მათ ქვეყნებში შექმნილი ობიექტური, ალაგ-ალაგ კრიზისული გარემოებებით. იქ, სადაც მთავრობას რეალურად უნდა ემუშავა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამის დავალებაც ჰქონდა, ღვინის ექსპორტში ვარდნა დაფიქსირდა (მინუს 10%), თუმცა სააკაშვილს ეს ფაქტი უხსენებია, ისევე როგორც სხვა პრობლემური მიმართულებები, იგი მხოლოდ წარმატებებზე და (მეტწილად საჩოთირო) სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
საუბარი ცხვრებზე სააკაშვილმა შემდეგი ფრაზით დაასრულა: “ის დროა, ხალხს შევუძახოთ, ქართველო, ხელი მატყლს იკარ, რადგან ეს ძალზე დიდი შემოსავალია მათთვის” და, შესაძლოა, ვერც იგრძნო, რომ ბევრმა მაყურებელმა ეს ხუმრობა შეიძლება დამამცირებელ დაცინვად ჩათვალოს. ალბათ, ოდესღაც ბრძოლის ველიდან ძლევამოსილი გამარჯვებით დაბრუნებულ მთავარსარდალს შეეძლო ასე გახუმრებოდა თავის ერთგულ თანამებრძოლებს, მაგრამ ამ ვითარებაში ამ ადამიანისგან ამის მოსმენა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ეს სუბიექტური შთაბეჭდილებაა, ობიექტური კი, ალბათ, შემდეგი რამაა: საუბარი ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ან პატიოსანი, პლიუსებისა და მინუსების დეტალური აღწერით, ან საერთოდ - არანაირი. ამგვარად, აჯობებს სხვა თემებზე გადავიდეთ, შიგ მატრიცაში სააკაშვილსა და მის თანაპარტიელებს ნამდვილად ვერ შევყვებით. ხოლო ვისაც საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული ამერიკელის, ერიკ ბაინდერის ისტორია აინტერესებს, რომელიც სააკაშვილმა ტრიბუნიდან ასე გულისამაჩუყებლად მოყ­ვა, შეუძლია გადაიკითხოს კურტ ვონეგუტის “აკვანი კატისთვის”, კერძოდ, ის მონაკვეთი, სადაც აღწერილია, პატარა ტროპიკული დიქტატურის, სან-ლორენცოს ხელისუფლების მიერ გამოცემული სარეკლამო მოთხრობა “რა მისცა სან-ლორენცომ ერთ ამერიკელს”; დადებითი ემოციები გარანტირებულია.
“რესპუბლიკა სან-ლორენცო ყვავის. ჯანმრთელი, ბედნიერი, პროგრესული, თავისუფლებისმოყვარე, ლამაზი ხალხი იზიდავს როგორც ამერიკელ ბიზნესმენებს, ისე ტურისტებს...” მოკლედ, Viva la Republica! Viva el Presidente!
ოპოზიციის დიდი ხურულდანი
გასულ კვირას, საზოგადოება ირაკლი ალასანიას მიმოქცევის ტრაექტორიისთვის თვალყურის დევნებით, ცოტა არ იყოს, დაიღალა. მომენტებში ალასანია გამოიყურებოდა როგორც კოზაკი აქლემების ჩხუბის ეპიცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებით ცდილობდა, შეენარჩუნებინა დაახლოებით ისეთივე სერიოზული გამომეტყველება, როგორიც გრაფ ჰელმუტ იოგან ლუდვიგ ფონ მოლტკეს (უმცროსს) მარნის ბრძოლის წინ ეჭირა, როდესაც რუკაზე ფერად ისრებს ხაზავდა (გრაფმა ბრძოლა ჩააფლავა, თუმცა ეს დეტალებია).
ემოციურ დებატებს თავი რომ დავანებოთ, რომელთა დროს დავით უსუფაშვილმა, ოტელოსთვის შესაშური ტემპერამენტი და (მელო)დრამატიზმი გამოავლინა, ორშაბათს საღამოსთვის შეიქმნა ვითარება, რომელზე უკეთესს ხელისუფლება პრინციპში ვერც ინატ­რებდა: ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული, ჩასაფრებული ოპოზიციის ჯგუფები, დაბნეული ელექტორატი და არჩევნების მიმართ ნიჰილისტური განწყობის გაღვივება.
საზოგადოებაში საერთო სურათის გამარტივების, ორ გამოკვეთილ პოლუსამდე დაყვანის სურვილის გაჩენა ლოგიკურია, თუმცა თავისთავად კარგს არაფერს მოასწავებს. თავისუფალი არჩევანი პოლიტიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, მინიმუმ სამი ვარიანტის არსებობას მოითხოვს. არჩევანი ორი მოცემულობიდან, პრინციპში, ცრუ არჩევანია - ამ ფუნდამენტს ყველა მანიპულატიური პოლიტიკური ტექნოლოგია ეფუძნება.
გასაგებია, რომ ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების არმიღწევამ შეიძლება ბევრი ამომრჩევლის იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუმცა ამ ვითარებიდან დადებითი გამოცდილების მიღებაც შეიძლება. ეს პერიოდი კარგი იქნება (ფრაზის დასაწყისი, ცოტა არ იყოს, მიხეილ ცაგარელის სტილში გამოვიდა), უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებისთვის, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მოტივების დადგენისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი პოლიტიკური არჩევანის კრიტიკული გააზრებისთვის. ეს სულაც არ ნიშნავს პასიურ ჩაჯდომას ლოტოსის პოზაში - მომავალი გაზაფხული აქტიური პოლიტიკური ბრძოლისთვის, სავარაუდოდ, უამრავ შესაძლებლობას შექმნის.
როდესაც წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოახლოებული არჩევნების წინ წარმატებული თემატური თანამშრომლობის ნიშნები ჯერაც არ ჩანს (მაგალითად, გაერთიანება საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარშემო, რომლის გარეშე არჩევნებმა შეიძლება ყოველგვარი აზრი დაკარგოს), საუბარი ძალთა ყოვლისმომცველ გაერთიანებაზე, ალბათ, საფუძველს მოკლებული იქნება. თანაც გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რაც უფრო მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება იქმნებოდა ბოლო წლების განმავლობაში, მით უფრო უუნარო ხდებოდა იგი გადაწყვეტილებების მიღებასა და კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში. ეფექტური მენეჯმენტის ნაცვლად, პროცესების მართვის ორგანო ყალიბდებოდა როგორც (მონღოლების თქმის არ იყოს) ერთი “დიდი ხურალი” და არანაკლებ “დიდი ხურულდანი”, ხმაურიანი და უმწეო სათათბირო, რამაც მოვლენათა განვითარებაზე განმსაზღვრელი გავლენა იქონია.
კარგი წინასაარჩევნო მენეჯმენტის, ეფექტური სტრატეგიის არჩევის პრობლემა ამ გაზაფხულზე, სავარაუდოდ, უფრო მცირე პოლიტიკურ გაერთიანებებსაც ექნებათ; მაგალითად, “ალიანსს”; მასში შემავალი “მემარჯვენეეები”, განსაკუთრებით კი “რესპუბლიკელები”, არაერთგზის იწყებდნენ კამპანიას შესანიშნავი სასტარტო პოზიციიდან, ხმაურიანად წარმართავდნენ მას და ბოლოს ისეთი ეპიკური კრახით აგვირგვინებდნენ, რომელიც ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსაც კი არ დაესიზმრებოდა.
გადაჯგუფება და აურზაური ოპოზიციურ სპექტრში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაშიც გაგრძელდება და მასზე ხანგრძლივი და მტკივნეული საუბარი კიდევ არაერთგზის მოგვიწევს, თუმცა ერთი, თითქოს განზე მდგომი, ფიგურა ამ საერთო ფონზე განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს. დღეს ნინო ბურჯანაძე, თითქოსდა დისტანცირებულია პროცესებისგან, თუმცა საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს, თითქოს ხელთ ხუთი ტუზი ჰქონდეს.
მათთვის, ვისაც ქუჩაში ჯგუფურ ჩხუბში მონაწილეობა მიუღია, ერთი სუფთა ფსიქოლოგიური მომენტი ნაცნობი უნდა იყოს. ვიდრე ხმაურიანი პროლოგი და პირველადი გაწევ-გამოწევა დასრულდება, გონება ავტომატურად აფიქსირებს მოწინააღმდეგეთა რიგებში “ყველაზე ძლიერს”, “ყველაზე სუსტს”, “სხვებზე მეტად შეშინებულს” და ა.შ. ხოლო ინტუიცია მოულოდნელად მიუთითებს, თითქოსდა არაფრით გამორჩეულ, გარეგნულად მშვიდ, დაკვირვებულ ადამიანზე და დაჟინებით გკარნახობს, რომ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე, რომელიც რაღაც მოულოდნელს  ამზადებს, სწორედ ის არის.
ნამდვილად არ ვიცი, რას კარნახობს ინტუიცია მიხეილ სააკაშვილს და უჩხუბია თუ არა ვინმესთან ყმაწვილკაცობაში, თუმცა, თავს უფლებას მივცემ, ვივარაუდო, რომ ნინო ბურჯანაძემ მალე შეიძლება რამდენიმე საინტერესო, ხელისუფლებისთვის მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას
თავისუფლება ანჟელა დევისს!
სააკაშვილი იდგა ტრიბუნასთან და საუბრობდა მიუკერძოებელ მოსამართლეებზე, დემოკრატიულ აღმშენებლობაზე, უამრავ შესრულებულ დაპირებაზე, დარბაზი კი ტაშს უკრავდა; ჯამში აპლოდისმენტებმა სიტყვა 17-ჯერ შეაწყვეტინა. სხდომას ესწრებოდა ვალე­რია ნოვოდვორსკაია, რომელიც პირველად ოციოდე წლის წინათ მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ვნახე.
უცნაური დრო იყო, ერთის მხრივ, კომუნისტების ერთპარტიული მმართველობა გრძელდებოდა, მეორეს მხრივ, ვალერია ნოვოდვორსკაია საბჭოთა კავშირის შუაგულში მიტინგებს მართავდა და ხელისუფლებას მიწასთან ასწორებდა. სწორედ მისი ორგანიზაციის - “დემოკრატიული კავშირის” აქციის მცირე მონაკვეთს და მის შემდგომ დარბევას შევესწარი.
როდესაც მილიციელებმა საკმაოდ უხეშად დაიწყეს ილინიჩნასა და “დემკავშირლების” შეპყრობა, პერიმეტრის გარეთ მდგომი ხალხი ახმაურდა, გაისმა სტვენა, უკმაყოფილო შეძახილები; მომიტინგეების მიმართ აშკარა სოლიდარობას გამოხატავდნენ. მოედნის პულსი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიქტორ ცოის სიმღერის “Перемен мы ждём, перемен” რიტმს მოგაგონებდა. პუშკინის ქანდაკება ყოველივეს ზემოდან ოდნავ გაკვირვებული გადაჰყურებდა.
სახელმწიფო მანქანის მიერ დაჩაგრული სუსტი ადამიანის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, ლიბერალი იქნება, კომუნისტი თუ ნაციონალისტი, სავსებით ბუნებრივი რამაა. თუმცა 7 ნოემბრის, თბილისში მომხდარი სხვა ბრუტალური დარბევების, შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ლიბერალი მეგობარი მზად არის, უსამართლობაზე თვალი დახუჭოს. ალბათ, მათ ცხოვრებაში რაღაც სხვა, მათთვის უფრო მაღალი ღირებულებები არსებობენ. თუმცა აქედან სულაც არ გამომდინარეობს (არადა, ეს განწყობა საზოგადოებაში ბოლო დროს ნამდვილად შეინიშნება), რომ მათ მიმართ ასეთივე გულგრილობა უნდა გამოვავლინოთ. მოკლედ, რა არ მოგაგონდება ადამიანს სააკაშვილის ბენეფისზე დამსწრე ვალერია ნოვოდვორსკაიას შემხედვარეს. მაგალი­თად, ზემოთ ნახსენები ალექსანდრე პუშკინის “Тьмы низких истин нам дороже, нас возвышающий обман” და მარინა ცვეტაევას საოცარი მინაწერიც: “Нет низких истин и высоких обманов. Есть только низкие обманы и высокие истины”.

დიმიტრი მონიავა

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru