მთავარი | პოლიტიკა | მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ლევან!

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ლევან!

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

“ვარდების რევოლუცია”, საქართველოს დაქცევის ერთ-ერთი მიზეზი, ისტორიული ფაქტია, რომლის გამეორების მცდელობაც ორჯერ ვნახეთ  - ერთხელ ტრაგედიის, მეორედ კი ფარსის სახით.
ტრაგიკული იყო 2008 წლის იანვარში ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ორგზის სახლებში გაშვება, რომლებიც ჭექა-ქუხილისთვისაც მზად იყვნენ, რითიც დღეს ურცხვად იმუქრებიან ძმები გრეჩიხები და უფრო მეტისთვისაც. ხოლო ფარსი აღმოჩნდა ის, რაც შარშან 9 აპრილს დაიწყო და 100 დღის შემდეგ ასევე სამარცხვინოდ დასრულდა.
შარშანაც მინიმუმ ორჯერ იყო შეკრებილი ხალხის ის კრიტიკული ნაწილი, რომელიც მზად იყო ნაცების მმართველობის კოშმარის ერთი დარტყმით დამთავრებისთვის, მაგრამ ჯო ბაიდენის ჩამოსვლამდე გაწელეს პროცესი და მერე უპატაკეს - ნახეთ, რა ცივილიზებული ხალხი ვართ, ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდანო.
რომ გვეგონა, ძმები გრეჩიხების თემა დამთავრებული იყო ქართულ პოლიტიკაში, კვლავ თავი წამოყვეს - ერთი ჭექა-ქუხილს გვპირდება და მეორე ცრემლებით გვაცოდებს თავს, რატომ დამაქაქე თავზე ნახევარო თბილისოო.
რასთან გვაქვს საქმე? ისტორიის განმეორების მესამე ვარიანტს, რასაც მაისისთვის გვპირდებიან ძმები, ჯერ სახელიც არ ჰქვია და შევეცდები, “ნათლიობა” გავუწიო.
აბსურდი - სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმას, თუ ქართველი ხალხი მესამედაც “თოხლავს” და ერთი გრეჩიხას ჭექა-ქუხილს ან მეორის ცრემლებისას დაიჯერებს.
ისე, კაცმა რომ თქვას, უმცროს გრეჩოსაც ეხერხება ცრემლების ღვარღვარი თუ არა, თვალების აწყლიანება მაინც, როგორც არა ერთხელ გვინახავს საკან-შოუს დასაწყისში და მერეც. რაც შეეხება მეხთატეხას, ეს ძმები მიშას მეხამრიდებად უფრო ივარგებენ, ვიდრე მის თავზე მეხის დამცემებად.
თუკი იყო რაიმე მსგავსი ჭექა-ქუხილისა, მხოლოდ ისეთი, შემოდგომის მიწურულს რომ იცის, ანუ უნაყოფო, რადგანაც ზამთრის პირის ჭექა-ქუხილს არასოდეს მოსდევს შხაპუნა წვიმა - ბუნების კანონია ასეთი. თუმცა ჩვენ ხომ პოლიტიკურ გრგვინვაზე ვსაუბრობთ, რომელსაც თავსხმა წვიმა წელიწადის დროების მიუხედავად შეუძლია გამოიწვიოს, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგებოდა, ხან ერთი გრეჩიხა გაქანდებოდა მიშასთან და ხან - მეორე, რის შემდეგაც ქართველ ხალხს მხოლოდ გაწბილების ცივი შხაპი ასველებდა ხოლმე, რის შემდეგაც “ჰუმანისტური” პოზიციებიდან გვამუნათებდნენ, თავს გვაყვედრიდნენ - თქვენი სისხლი არ დავღვარეთო!
სისხლი და ცრემლი ვის უნდა, მაგრამ, იქნებ, ვინმემ დამისახელოს მაგალითი იმისა, რომ დიქტატორული რეჟიმი სადმე არჩევნების გზით შეეცვალოთ? ან  არჩევნების გაყალბების შემდეგ რომ იმუქრებიან ჭექა-ქუხილით, ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში მიშას ნამუსი შეაწუხებს და გადადგება თუ ისევ გაწბილების ცივი შხაპით გვიპირებენ გაგრილებას?
გახსოვთ, ალბათ, შავნაბადაზე ლევან გაჩეჩილაძის ბოლო ვიზიტის შემდეგ, საკანში ძმასთან მიბრუნებულმა რომ განაცხადა - ვერაფერი გავიგე მიშასგან, რა უნდა, აზრი ვერ გამოვიტანეო. აზრისა არ ვიცი, მაგრამ მთლად ხელცარიელი რომ არ გამოსულა, ესეც ცხადია.
როგორც ჩანს, მიშამ ცრემლების ღვრის ოსტატობის საიდუმლო გაუმხილა და “გამოატანა”, მაგრამ მიშამ თუ წყალტუბოში გლიცერინის ცრემლები ღვარა, “ალალოდ” მონათლულმა (გოგა ხაინდრავას მტკიცებით) დედას ლევანამ, ჭადრაკის სასახლეში ყოველგვარი ხელოვნური ინგრედიენტების დაუხმარებლად გაიჩინა ხმაში ბზარი და თვალებში ცრემლები.
მოდი და ნუ იტყვი, რომ “ის ურჩევნია მამულსა”, ოღონდ ამ შემთხვევაში, შეგირდი სჯობდეს ოსტატსა, ტყუილი ანდაზაა; ანდა ერთი ქართული ლექსის პერიფრაზი რომ უხდება ამ ამბავს - თბილისში ტირის დედას ლევანა და წყალტუბოში - სააკაშვილი!
ერთი სიტყვით ალიანსის ცნობილ ფორმულას თუ წინამდებარე წერილის მიმართებით გამოვიყენებთ, გამოვა - ყველას მინუს ორი, რაც ნიშნავს ოპოზიციას მინუს ძმები გრეჩიხები. თუმცა არც აქედან, მგონია, რაიმე გამოვიდეს, მაგრამ მაინც.
არ შემიძლია არ დავეთანხმო გია იაკობაშვილს, რომელმაც “ბარიერში” განაცხადა, გაუგებარია, რატომ აძლევს ოპოზიციაში ხელმოცარული, კომპრომიტირებული ხალხი თავს ლიდერობის უფლებას? თუმცა ეს კითხვა იმდენად რიტორიკულია, იმდენად ცხადი პასუხი აქვს, რომ ვინანე მისი დასმა.
ხელისუფლებისა არ იყოს, ოპოზიციის ლიდერის სავარძელიც თბილია და მასთან შელევაც ძნელია. იმიტომ ტრიალებს კარუსელი ე. წ. ცნობადი სახეების ირგვლივ, რომ ყოველნაირად ბლოკავენ ახალი სახეების წარმოჩენას და ეს არა მხოლოდ ამ წერილის გმირებზე ითქმის; უფრო მეტიც, მათზე - ყველაზე ნაკლებად, რადგან მათი მატარებელი, დიდი ხანია, წავიდა და გაქანებულ მატარებელზე შეხტომის მცდელობა, რასაც “ალალოს” მხრიდან ჭადრაკის სასახლეში ჰქონდა ადგილი, შეიძლება კისრის მოტეხვით დასრულდეს.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ძმებს არავინ უკრძალავს პოლიტიკაში ყოფნას. უფრო მეტიც, საჭირონიც კი არიან (ოღონდ არა ლიდერების სტატუსით), რადგანაც რეჟიმთან ბრძოლაში, ნოღაიდელი იქნება თუ ძმები გრეჩიხები, ყველა რესურსი გამოდგება!
ეჰ, რას იზამთ, ჩემო გრეჩიხებო! თქვენი ჭექა-ქუხილისა და მით უმეტეს, ცრემლების მოსკოვს ხომ არ სჯერა, თბილისსაც აღარ სჯერა და, ნახევარი იქით იყოს, მთელი თბილისის დასაქაქებლად არ გაიხადოთ თავები!


დავით მხეიძე

კომენტარები (1 კომენტარი):

tamuna 07 03, 2010 11:07
avatar
rodemde sheizleba marto,usagno laparaki,statiebit ,kritikit mxolod pons ver gavalt!amasobashi gadagvarda axalgazrdoba,ar ician araperi:"saaakashvili-lomaias-nodias"mier repormirebulma ganatlebis sistemam gamourecxa tvinebi.moqmedebaa sachiro,erovnuli koncepcia....

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru