ფსევდოოპოზიციონერის ლუკმა ანუ რა ღირს ვარდისფერი სათვალე?
წლის ისტორიული პროცესი შედგა. პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგა და ისეთი შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელზეც, რუსთაველი რომ იტყოდა, “სმენად მხეცნიც მოვიდიან”. მხეცებთან მიმართებაში არ დავკონკრეტდებით, აი, სტუმართა ლოჟას რაც შეეხება - კონკრეტულად წარმომადგენლობითი და საპატიო იყო.
რუსი დისიდენტის ნოვოდვორსკაიასა და საჩვენებელი ოჯახების გარდა, სტუმართა ლოჟა დიპლომატიური კორპუსით იყო შევსებული, რომლისთვისაც მთელი ეს დებატები და მჭევრმეტყველება იყო განკუთვნილი. წლევანდელი საპრეზიდენტო გამოსვლა, ისევე, როგორც გასული საუკუნის მთელი საქართველო, შავ-თეთრი და მკვეთრად პოლარიზებული იყო, დადგა ჯადოსნური პრეზიდენტი ჯადოსნურ ტრიბუნასთან და გადმოიფრქვა ცისარტყელა. დემოკრატიის შადრევნიდან ასფალტი, ინფრასტრუქტურა და საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი – ცხვარი და მანდარინი გადმოსჩქებდა. თვალს თუ დახუჭავდი, ამ დემოკრატიული სამოთხიდან ჩიტების ჭიკჭიკსაც გაიგონებდი... “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?” საამო საპრეზიდენტო ზღაპრიდან “უპახმელიოდ” გამომყვანი ოპოზიცია ბუჩქებში იყო ჩასაფრებული და აყვავებული ქვეყნიდან პირდაპირ მოასფალტებულ “ვარდების მოედანზე” დაგვანარცხა. განსაკუთრებული სიმკაცრითა და სიუხეშით “ქრისტიან-დემოკრატები” და მათთან გათანაბრებული პირები გამოირჩეოდნენ.
გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტს ხომ არშემდგარი უწოდა და სახელმწიფოც ზედ მიაყოლა, “შენს სამოთხის ბაღში ჩიტები რომ ჭიკჭიკებენ, სინამდვილეში მორჩილი, ბრმა და ყრუ ხელქვეითები არიანო”, – ეს ახალი ამბავი ამაყად მოგვახალა. უფრო დამთმობნი და რბილნი არც ქრისტიან-დემოკრატების სხვა წარმომადგენლები ყოფილან. მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლების ჯიბრზე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირადი პასუხისმგებლობით გაზარდა, რის გამოც გოკა გაბაშვილმა პროცენტის გამოყვანის წესებზე ლექცია ჩაუტარა. გიორგი თარგამაძემ კი მორჩილი უმრავლესობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი პარალელები მოიშველია და პრეზიდენტი “სუპერმენად”, საპრეზიდენტო უმრავლესობა კი “ავატარებად” გამოაცხადა.
მოკლედ ვიზუალური ეფექტებით გაჯერებული საპარლამენტო ბლოკბასტერი შედგა, პრეზიდენტი გაკიცხეს, გალანძღეს და ოქროს კოშკი დაუნგრიეს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი და მისი “ავატარები”, ოპოზიციის მიერ თავს დასხმული ლაფისგან ფენიქსივით აღდგნენ და იმდენი შეძლეს, რომ ეს სპექტაკლი ოფიციალურ მაიმუნობად და ცირკად გადააქციეს. პრეზიდენტმა არც ის დაივიწყა, “ვითომ-ვითომ” თავგასული ქვეშევრდომებისთვის – ოპოზიციის მწარე ხვედრი შეეხსენებინა, - ასეთი გამოსვლები და კრიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენთვის ლუკმაპურის შოვნასთანო, თუ საათივით აწყობილი დებატების მიხედვით ვიმსჯელებთ, გიორგი თარგამაძეს უახლოესი ერთი-ორი წლის სამყოფი ლუკმები მაინც აქვს ნაყიდი და გარანტირებული.
პოლიტიკური აიწონა-დაიწონას გარდამტეხ მომენტად ზუსტად გიორგი თარგამაძის პარალელებით აღსავსე გამოსვლა - “ავატარი” და “სუპერმენი” იქცა. თუ ვითარებას “მხატვრულად” შევხედავთ, თარგამაძე აუდიტორიის წინაშე “სპაიდერმენის” როლში წარდგა, თუმცა მის მიერ გაბმული ქსელების ჩასაჭრელად, “ავატარებს” მაკრატელი ჯიბეში კარგა ხნით ადრე ედოთ.
საფინალო აკორდი, რა თქმა უნდა, სუპერმენად წოდებულმა მიხეილმა დასვა და ალეგორიული აზროვნების კიდევ ერთი ნიმუში შემოგვთავაზა – ოპოზიციას სათვალეების გაწმენდისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ვარდისფერი არა, მაგრამ მთლად ასეთი შავბნელი სათვალეებიც ნუ გიკეთიათო. ისინი კი, ვისაც სათვალეების “გადაგდება” არ შეუძლია, მამაშვილურად დაარიგა, პერიოდულად გაწმინდეთ და სუფთა სათვალეებიდან მაინც შემოხედეთ ჩემ მიერ დემოკრატიის წალკოტად ქცეულ ქვეყანასო.
დაზუსტებით ვერავინ იტყვის, გაწმენდილი სათვალით როგორ მოჩანს სააკაშვილის დეკორაციული ქვეყანა ან რა განსხვავებაა სათვალით და უსათვალოდ დანახულს შორის, ერთი რამ კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას - სათვალეების ბიზნესს საქართველოში შსს კურირებს და სასამართლოსთვის რიგითი მოქალაქეებისა თუ დიპლომატიური კორპუსისთვის ვარდისფერი ან ხუთჯვრიანი სათვალეები სულ საბითუმო ფასში ჩამოაქვს. თუმცა, როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, სათვალე რა შუაშია, მთავარია, გაგება იყოსო.
საქართველო არ ვიცი, მაგრამ ხელისუფალსა და მის “ავატარებს” ფხიზლად და შეუიარაღებელი თვალით ჩვენმა მტერმა უყურა. დიპკორპუსმა, მაგალითად, რამდენიმე საათითაც ვერ გაუძლო პრეზიდენტის საპარლამენტო სპექტაკლს და სტუმართა ლოჟიდან სულ სათითაოდ გაიკრიფა. არადა, საყოველთაო აღიარებით, პრეზიდენტის გამოსვლაც და დებატებიც ცალსახად მათთვის იყო განკუთვნილი.
ფანტასმაგორიულ “ავატარებს” ნამდვილი რა აქვთ, რომ დებატები ჰქონოდათ? მაგალითად, ლეიბორისტ გიორგი გუგავას შეფასებით, მთელი ეს დებატები, ოპოზიციისა და პრეზიდენტის გამოსვლა, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - უნდა შექმნილიყო დემოკრატიის ილუზია, რომ შეურიგებელი ოპოზიცია ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ებრძვის, მთლად არგუმენტირებულად ვერა, მაგრამ სამაგიეროდ მკვეთრი და რადიკალური ფრაზებით პრეზიდენტი ამას დიდსულოვნად იტანს და ითმენს იმიტომ, რომ დემოკრატიის ფუძემდებელია; ამიტომ თავის საპასუხო გამოსვლაში ზომიერად, დელიკატურად და იუმორით ცდილობს საპირისპიროს დამტკიცებას, რომ ოპოზიცია ესოდენ რადიკალური და დაუნდობელი ქუჩაში – მიტინგებზე კი არა, პარლამენტში დებატებზეა. მაშასადამე, რომ ამბობენ, პარლამენტი ერთპარტიულია და ე. წ. ოპოზიცია სინამდვილეში სახელისუფლო პარტიის განშტოებააო, სიცრუეა.
მერე რა, თუ საქართველოში ამ ვარდისფერ ტყუილებს აღარავინ “ჭამს”?! – ეს პროდუქტი შიდამოხმარებისთვის არც ყოფილა განკუთვნილი. მთავარია, დიპლომატიურმა კორპუსმა დაიჯეროს ქართული დემოკრატიის “აუტანელი სიმსუბუქე”, პარლამენტში მყოფ დიპლომატებს რაღაც არ ეტყობოდათ, რომ სააკაშვილის დემოკრატიულობა ირწმუნეს, სამაგიეროდ, ძნელია, არ ირწმუნო და არ დააფასო “ავატარების” მონდომება - ასიამოვნონ მთავარ სუპერმენს. კულუარული ინფორმაციით, ამჯერად ისე მოინდომეს კარგი სპექტაკლის დადგმა, რომ მონდომებაც აღარ ჰქვია, - პირდაპირ თავი გაიგიჟეს.
კულუარული ინფორმაციით, დებატებამდე კარგა ხნით ადრე “ქრისტიან დემოკრატებმა” მმართველებისგან საშინაო დავალება მიიღეს, უნდა დაემუშავებინათ თავისუფალი თემა - “როგორ უნდა მოიქცე, თუ ადგილობრივ არჩევნებში მოგება გინდა?” თემის დაწერა ნიჭიერ ოპოზიციონერებს არ გასჭირვებიათ. არსებული ინფორმაციით, ის გულანთებული კრიტიკა, “არშემდგარი პრეზიდენტისა და სახელმწიფოს” ჩათვლით, პარლამენტის ვიცე სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში დაიხვეწა; საშინაო დავალებად მიცემული თემები დებატებში გამოცდილ ნოდარ გრიგალაშვილს ჩასასწორებლად ჩაუბარებია, თუმცა საქართველოში არსებული ყოველმხრივი კრიზისი უფრო მაღალი დონის პროფესიონალებს მოითხოვს; მაგალითად, ისეთებს, სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონად ნაქირავები პიარშიკები რომ არიან. “ქრისტიან-დემოკრატების” სასახელოდ ამბობენ, რომ “ოპოზიციური რეჩის” ფაბულა და მონახაზი ნამდვილად მათი დაწერილი იყო.
პეტრე ცისკარიშვილს რაც შეეხება, სანდო წყაროს ცნობით, მისი სიტყვა თავიდან ბოლომდე “პიარშიკებმა” შექმნეს; ცისკარიშვილს კი თურმე ერთადერთი რამ ევალებოდა - უშეცდომოდ და გამოთქმით წაეკითხა ტექსტი, გარითმული “ავატარი – ავად არი” შესაბამისი ინტონაციით წაეკითხა და, რაც მთავარია, ინტერპრეტაციისთვის არ მიემართა. ინტერპრეტაციას პეტრე ცისკარიშვილი ვერც გაბედავდა, მას ხომ (რომლის ინტელექტის კოეფიციენტზეც პარლამენტში ცუდი ხმები დადის) დებატებში გამობრძმედილი ლიდერი გიორგი თარგამაძე უნდა დაემარცხებინა. ამ ვერსიას თუ დავუჯერებთ, ნათელი გახდება საათივით აწყობილი დებატების საიდუმლო, სადაც მთავარი როლი “ავატარმა” და არარსებულმა სათვალეებმა შეასრულა.
რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, ჩვენი ინფორმატორის ცნობით, მისთვის ტექსტი არ დაუწერიათ; მას, უბრალოდ, ოპოზიციის პარტია მოასმენინეს და უთხრეს, - აბა, შენ იცი, როგორ გამოიჩენ თავსო. მართალია, მისმა გამოსვლამაც გარკვეული კორექტივები და ტესტირება გაიარა, მაგრამ, აბა, როგორ! პარლამენტის მთავარი ორატორის სტატუსს ხომ უნდა გამართლება.
“ქრისტიან- დემოკრატიული” პარტიის ერთ-ერთი სახე, ნიკა ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, უარყოფს ამ ხმებს და აცხადებს, – რა სისულელეა, ტექსტიც ჩვენ დავწერეთ და არც არავისთან შეგვითანხმებიაო.
- ბატონო ნიკა, მართლა მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში განიხილეთ დებატების დროს რაც უნდა გეთქვათ?
- მიხეილ მაჭავარიანის არა, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში.
- ეს იმ პრინციპით, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა კაბინეტი თავისი ჰგონია?
- კარგით რა, რა სისულელეა...
- ისე, მხოლოდ ამ ვერსიას შეუძლია თქვენი ლიდერის ავტორიტეტის გადარჩენა.
- ჩვენს ლიდერს რა სჭირს გადასარჩენი?
- გიორგი თარგამაძეს პეტრე ცისკარიშვილმა რომ მოუგო დებატებში, გადასარჩენი ყოფილა, აბა, რა.
- მოუგო მერე? ვერაფერიც ვერ მოუგო.
- მოუგო, თან ისეთი აწყობილი დებატები გქონდათ, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა მაშინვე დაასკვნა – ოპოზიციის გამოსვლა უმრავლესობასთან იყო შეთანხმებულიო.
- არაფერი არ ყოფილა შეთანხმებული.
ანალოგიური პოზიცია აქვთ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, მიხეილ მაჭავარიანისთვის და გოკა გაბაშვილისთვისაც დებატების დადგმის ვერსია “რა სისულელეაო”, თუმცა გასაკვირი იქნებოდა, პირიქით რომ ეთქვათ.
პარლამენტის კულუარებში კი არ ისვენებენ და იმასაც ამბობენ, რეჟისურა, შესრულება, დეკორაცია და ყველაფერი იმდენად მაღალ დონეზე იყო, რომ ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა მარიკა ვერულაშვილის დამაჯერებელი აღშფოთება და აღმასრულებელი ხელისუფლების ცინიკურ-დაბოღმილი სახეებიო.
მოკლედ, თუ მართლაც სათვალეები არ გიკეთია და თავის მოტყუებისკენ ავადმყოფური მიდრეკილება არ გაქვს, სიმართლის დანახვა მარტივია. მანამდე კი ჰოლივუდი ახალ ბლოკპასტერს “X ადამიანები – 6”-ს იღებს, რომლის მუტანტი გმირების პროტოტიპებიც ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსები იქნებიან.
ნინო ბერიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (2 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი