მისტრალწაღებულნი...
პარიზში მზიანი და მშვიდი ამინდია. რუსეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოთა მეთაურები ერთმანეთს თბილად ხვდებიან. ბუნებრივიცაა, - ეს არ არის მათი პირველი შეხვედრა. თანაც, როგორც დიდ და საკუთარი თავის პატივისმცემელ ქვეყნებს ეკადრებათ, ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე საგარეო უწყებებს ყველა საკითხი შეთანხმებული აქვთ. ახლა პრეზიდენტებმა უნდა შეაჯამონ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგები და შეთანხმებები საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანონ.
საბოლოო შეთანხმებამდე პრეზიდენტები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს და გადაწყვეტილებებსაც თავიანთი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ - ურთიერთსასარგებლოს და ხელსაყრელს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთს ნდობა გამოუცხადა, საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად.
“როგორ შეიძლება, რუსეთს ვუთხრათ, რომ მშვიდობის დასაცავად, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაციების მოსაგვარებლად მისი მხარდაჭერა გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს არ ვენდობით?!” - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთისთვის “მისტრალის” მიყიდვის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას და იქვე დასძინა, რომ “საფრანგეთი რუსეთისთვის “მისტრალს” სამხედრო აღჭურვილობის გარეშე შექმნის”.
თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევმაც ისაუბრა “რუსეთსა და საფრანგეთს შორის არსებულ ნდობაზე”.
“მისტრალის” საკითხი, რომელმაც ფართო რეზონანსი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ორ ქვეყანას შორის ნდობის სიმბოლოა, მეორე მხრივ კი - შესაძლებლობა რუსეთისთვის, მიიღოს ობიექტები, რომლებიც დღეს არ აქვს და რომელთა შექმნაც სხვა ქვეყნებთან კოოპერაციით სურს”, - დიმიტრი მედვედევის ამ სიტყვების შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი საფრანგეთისგან ერთ “მისტრალს” კი არა, “ობიექტებს” მიიღებდა.
ასეც არის - მოსკოვმა და პარიზმა ოთხი ვერტმფრენმზიდის - “მისტრალის” თაობაზე ექსკლუზიური მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს.
ნდობის სიმბოლო - “მისტრალი” მალე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოემსახურება და რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს განამტკიცებს.
რაც შეეხება სამხედრო აღჭურვილობას, რუსეთი თვითონ არის იარაღის ექსპორტიორი ქვეყანა და ფრანგული ვერტმფრენები არაფერში სჭირდება.
ბუნებრივია, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა ერთი (თუმცა ფრიად რეზონანსული და მნიშვნელოვანი) საკითხით არ ამოიწურებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ისიც გაცხადდა, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ საკუთარ წინადადებას გადახედავს.
“მთავარია, უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ადეკვატური შესაძლებლობა მივიღოთ, ხოლო ის, რომ ასეთი საკითხები ევროპაში არსებობს, ყველასთვის ნათელია. საკმარისია, შევხედოთ იმ პრობლემებს, რომლებიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ შეიქმნა, ან - კავკასიის 2008 წლის კრიზისს. ამავე დროს, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ საკუთარ წინადადებას დოგმად არ მივიჩნევთ და მისი მოდერნიზებისთვის მზად ვართ”, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა უკიდურეს შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხის განხილვისთვის: “ჩვენ ოპტიმისტები ვართ და იმედი გვაქვს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. თუ ეს არ გამოვა, რუსეთი მაინც მზად არის, სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილოს”; ოღონდ იმ პირობით, რომ ეს სანქციები ქვეყანას ჰუმანიტარულ პრობლემებს არ შეუქმნის.
ამ განცხადებების შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ელისეის სასახლეში არა მხოლოდ შეიარაღების, არამედ 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპის უსაფრთხოების გეგმის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შემთხვევით არ იყო, რომ დიმიტრი მედვედევმა აგვისტოს კრიზისის მოგვარებაში ნიკოლა სარკოზის დამსახურებას გაუსვა ხაზი, რადგან “ევროპის უსაფრთხოების პრობლემატურობა კავკასიის 2008 წლის კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა”.
ეს კრიზისი, რომლის პროვოცირებასაც საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტულმა რიტორიკამ და თავდაჯერებულობამ, ასევე, ჩვენი ქვეყნის “მეგობრების” წაქეზებამაც შეუწყო ხელი, ძალიან ძვირი დაუჯდა საქართველოს. ამას ადასტურებდა პრეზიდენტ სარკოზის არაერთი ვიზიტი ჟამიანობისას მომლხენ თბილისშიც. ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტის ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ფაქტია, რომ საქართველომ ისტორიული მიწები დაკარგა. პრეზიდენტი სარკოზი მაშინაც ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ახლაც, პრეზიდენტ მედვედევის საფრანგეთში ვიზიტისას, როცა კავკასიის კრიზისზე საუბრობდა, უპირველესად, ევროპის უსაფრთხოება აღელვებდა.
ამიტომაც, თუკი რუსეთი საფრანგეთისგან ოთხ “მისტრალს” მიიღებს, თავის მხრივ, არც საფრანგეთი დარჩება წაგებული - ფრანგულმა მხარემ რუსეთს ერთი მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების 14 ერთეული რაკეტმზიდი “სოიუზი” შეუკვეთა.
“მისტრალის” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე “სოიუზის” ამბავი ჯერ არ გამხდარა ფართო მსჯელობის საგანი, მაგრამ ამ შეთანხმებებით უკვე ცხადია, რომ სამხედრო ექსპერტების ყურადღების ცენტრში ეს ფაქტიც უთუოდ მოექცევა.
საფრანგეთი ერთობ პრაგმატულად უდგება სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. აი, საქართველო კი, სამწუხაროდ, კვლავაც თემურ იაკობაშვილის დონეზეა.
იაკობაშვილის თქმით, რუსეთსა და საფრანგეთს შორის “მისტრალის” გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცესებზე საქართველოს გავლენის მოხდენა არ შეუძლია. რეინტეგრაციის მინისტრმა ეს ისეთი სახით განაცხადა, თითქოს არსებობდეს მსოფლიოში რაიმე საკითხი ანდა პროცესი, რომელზეც საქართველო გავლენას მოახდენს. თურმე “საქართველო ვერ შეეჯიბრება რუსეთს ვერც “მისტრალის” ტიპისა და ვერც სხვა შეიარაღების შესყიდვაში”.
ამასთან, იაკობაშვილი იმის უფლებასაც “იტოვებს”, რომ “თავდაცვითი იარაღი შევიძინოთ”.
კი, რა თქმა უნდა, შევიძენთ, თუკი ეს უფლება მოგვცეს და მით უმეტეს - მოგვყიდეს.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ მოიძებნა ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც მსოფლიოში თუ არა, კავკასიაში მიმდინარე პროცესებს მაინც ადეკვატურად აღიქვამდა. ისეთი რა იარაღი უნდა შეიძინოს საქართველომ “თუნდაც საფრანგეთის მხრიდან”, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს?
როდესაც ვხედავთ, როგორ ხვდებიან ერთმანეთს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და ვისმენთ მათ განცხადებებს, როდესაც ნათელია, რომ ორივე ქვეყნისთვის უპირველესია საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რატომ გვგონია, რომ ოდესმე მაინც საქართველო ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუკი სახელმწიფოებრივად აზროვნებას ვერ ვისწავლით და თავის მოტყუებას გავაგრძელებთ?
თურმე “ოდესღაც “სარკო-ამერიკელად” წოდებული საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი “პრო-რუსული” ფიგურა ხდება”. ეს კომენტარი ექსპერტმა სოსო ცინცაძემ გააკეთა, რომლისთვისაც “მოსალოდნელი და არახალი” ყოფილა პრეზიდენტ სარკოზის მიერ პრეზიდენტ მედვედევისთვის ნდობის გამოცხადება. მას საფრანგეთის პრეზიდენტი “ილუზიის ტყვეობაში” ჰგონია, რომელშიც თურმე 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენებით მოექცა. ექსპერტ-პოლიტოლოგის აზრით, “საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ფრანგული მხარის დამოკიდებულებასაც გარკვეულწილად ნიკოლა სარკოზსა და რუსეთს შორის არსებული ლოიალური დამოკიდებულება განსაზღვრავს”.
“გარკვეულწილად”, უნდა დავეთანხმოთ ბატონ სოსო ცინცაძეს, მხოლოდ “გარკვეულწილად”. მაგრამ დიდწილად სხვა რამ განსაზღვრავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ არამარტო საფრანგეთის, არამედ სხვა ქვეყნების დამოკიდებულებასაც - ეს არის დამბლადაცემული ეკონომიკა, დამონებული სასამართლო, ხელისუფლების არაადეკვატურობა და, რაც მთავარია, იმის კარგად ცოდნა, რომ საქართველოში არჩევნების გზით არაფრის შეცვლა არ შეიძლება, ანუ ეს ქვეყანა არადემოკრატიული და, კიდევ უფრო უარესი, არაპროგნოზირებადია.
თუ ჩემი არ გჯერათ, პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხეთ, რომელიც 1995 წლის შემდეგ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობდა, სამჯერ დეპუტატად აირჩიეს და ორჯერ - პრეზიდენტად, და ახლა ჰქონია ერთადერთი ოცნება - ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები.
ეს ჩვენც კარგად ვიცით და ევროპელების შეხსენება არ გვჭირდება. ამიტომ დავუბრუნდეთ ელისეის სასახლეს, სადაც კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს და რომლის შესახებაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა აცნობა საზოგადოებას. იგი მზად არის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით კონფერენციას უმასპინძლოს.
მოკლედ, ევროპა მზად არის, საქართველოს პრობლემებისადმი ყურადღება არ მოადუნოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპულ სახელმწიფოებს, უპირველესად, თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და რუსეთთან ურთიერთობასაც ამ ინტერესების გათვალისწინებით აგვარებენ.
ამ შემთხვევაში “მისტრალი” და “სოიუზი” იყო მოლაპარაკებების საგანი, სხვა დროს სხვაგან და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ და მოილაპარაკებენ.
ჩვენ კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს “მისტრალი” - ჩრდილო-დასავლეთის ცივი ქარი კი არ ემუქრება, არამედ ის ქარი უქმნის საფრთხეს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების თავში ქრის.
ჰოდა, ურჩევნიათ, ცოტა დაუწიონ უაპელაციო კრიტიკისა და ლანძღვა-გინების პატრუქს, თორემ ამ ქარმა, გამორიცხული არ არის, ქარიშხალი გამოიწვიოს, მისტრალწაღებულთა ურვა-გოდებას კი ისევ საფრანგეთი თუ გამოუჩნდება შემწედ - ლევილის ქართული მამული მისახედია.
ბონდო
მძინარაშვილი
მძინარაშვილი
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი