მთავარი | პოლიტიკა | მამა კონსტანტინე კოღუაშვილი: ზვიად გამსახურდიას ცხედარი იჩქერიის მიწაში განისვენებს

მამა კონსტანტინე კოღუაშვილი: ზვიად გამსახურდიას ცხედარი იჩქერიის მიწაში განისვენებს

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ქართული საზოგადოება ერთობ ამაზრზენი ფაქტის მომსწრე გახდა. “დადუმებული მთაწმინდა” ყოფილი პირველი ლედისა და მისი მომხრეების ხმაურმა შეაკრთო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზვიად გამსახურდიას ნეშტის მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან კოლხური კოშკის ეზოში გადასვენებას აპირებდა. ამის მიზეზად მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებდა და სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვასა და ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მოითხოვდა.
მძიმე მარხვის პირველ კვირაში ექსპრეზიდენტის ქვრივის თანამოაზრეებმა (ე. წ მანანისტებმა) საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი ნახევრად გათხარეს. მათ შეჩერებას ამაოდ ცდილობდა მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტის ქვრივს სასულიერო პირისთვის პატივი ეცა, მან მამაოსთან კამათი დაიწყო, რამაც ერთ საათზე მეტხანს გასტანა, ბოლოს კი ისიც მოითხოვა, მამა იოანემ ბოდიში მომიხადოსო. როგორც მიხვდით, მამაოს დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, ქალბატონი მანანა თავისას არ იშლიდა.
ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ მთაწმინდაზე მეუფე გაგზავნა. ამჯერად მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა საფლავის თხრა შეაჩერეს, თუმცა წასვლისას ექს-ლედიმ აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ცხედარს მაინც ამოთხრიდა და კოლხურ კოშკში გადაასვენებდა. ამ სიტყვებმა, ალბათ, ყველას გაგახსენათ ცნობილი ფრაზა “მაინც ამოვთხრი” ქართულ ფილმ “მონანიებიდან,” თუმცა, ქეთევანისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით ეს დაპირება ქალბატონ მანანას არ შეუსრულებია.
არავინ იცის, რა ამოძრავებს ყოფილ პირველ ლედის, მაგრამ ცნობილია, რომ მას თავიდანვე არ უნდოდა ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა. როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გროზნოდან გადმოასვენეს, მანანა არჩვაძისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა იყო პირველი პრეზიდენტის ნეშტის სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე დაკრძალვა, თუმცა საბოლოოდ მაინც მთაწმინდის პანთეონი გადაწყდა.
თუ ქალბატონმა მანანამ შეძლო და ზვიად გამსახურდიას ცხედარი კოლხურ კოშკში გადაასვენა, სად არის გარანტია, რომ იქიდანაც არ მოისურვებს მისი ნეშტის გადასვენებას, მითუმეტეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი გასულ წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას თავშესაფარს სთხოვდა და ოფიციალური განცხადებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც კი მიმართა.
 დავუშვათ მერკელმა ყოფილ ლედის თავშესაფარი ბადენ-ბადენში მისცა (თან ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მეზობელი გახდება), მაგრამ ვაი და უარი შემოუთვალოს, მაშინ რა, ტანზანიაში გადავასვენოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი?
თუმცა, სანამ ისევ დააპირებს ზვიად გამსახურდიას საფლავიდან ამოღებას, ექს-ლედიმ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდია დაკრძალულია როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და არა როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მეუღლე. თანაც მიცვალებულის ამოთხრა არამართლმადიდებლური საქციელია.
ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მამა დავითის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ გამოხატა:
- ყველანაირად მიუღებელია, რა ფორმითაც უნდა მოხდეს ზვიადის გადასვენება მთაწმინდიდან. ზვიადი ჭეშმარიტად, ჩვენი ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილია და ის უნდა განისვენებდეს მთაწმინდაზე. დღის წესრიგში მაინც თუ დადგა ზვიადის გადასვენება, ამაში აუცილებელია ერის, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ჩართვა.
ერთ რამ ცხადია - ხელისუფლება, თავს არ მოიკლავს იმის გამო, თუ ზვიად გამსახურდიას ცხედარს საფლავიდან ამოთხრიან, მაგრამ ის კი ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ზვიად გამსახურდია მთაწმინდაზე უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით დაიკრძალა და ისევ პატრიარქის კურთხევით თუ შეიძლება მის საფლავთან შეხება.
“საქართველო და მსოფლიო” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას მოძღვარს მამა კონსტანტინე კოღუაშვილს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ ზვიად გამსახურდიას ცხედრის კოლხურ კოშკში გადასვენების მცდელობას?
- ცხედრის გადასვენება არასწორ ქმედებად მიმაჩნია. სხეულს, რაც უნდათ, ის უყონ, ზვიადი უფალთაანა და ცხონებულია. ეს საფლავი რამდენჯერაც არ უნდა თხარონ, ამით მის სულს არაფერი დააკლდება. თუმცა, დამიჯერეთ, მთაწმინდაზე ზვიადის ცხედარი არ მარხია.
- მაშ, სად არის პირველი პრეზიდენტის ცხედარი?
- ზვიად გამსახურდიას ცხედარი დღემდე იჩქერიის მიწაშია. მე არ მჯერა, რომ მისი საფლავი მთაწმინდაზეა. ზვიადის საფლავი თუ ნახეს, მაშინ ჯოხარ დუდაევის საფლავსაც ნახავდნენ. ვინც ზვიადის საფლავი ნახა, მან, ალბათ, ისიც იცის, სად არის ჯოხარის საფლავი. თუ გამოჩნდება ჯოხარ დუდაევის საფლავი, მაშინ დავიჯერებ, რომ მთაწმინდაზე ზვიადია დაკრძალული.
- თუ ასეა, როდის მოხდება ზვიადის ცხედრის გადმოსვენება?
- როდესაც ჩვენი ერი ამას დაიმსახურებს.
- თავად მანანა არჩვაძე-გამსახურდიას როგორ შეაფასებთ?
- ამ ქალბატონის შემფასებელი მე არ ვარ და, მართალი გითხრათ, არც მსურს მასზე ლაპარაკი.
“საქართველო და მსოფლიო” მომხდართან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი აზრით  დაინტერესდა და ქუჩაში გამოკითხვა მოაწყო. აი, რას ფიქრობენ ზვიად გამსახურდიას ცხედრის კოლხურ კოშკში გადასვენებასთან დაკავშირებით.
მაყვალა ნებიერიძე, პენსიონერი: საქართველოს პირველი პრეზიდენტი მთაწმინდაზე უნდა ესვენოს. გამსახურდიას საფლავი მარტო ამ ქალბატონის (იგულისხმება მანანა არჩვაძე-გამსახურდია) საკუთრება არაა და არც მის სურვილზეა ნეშტის აქეთ-იქით ტარება!
გურამ ახვლედიანი, ინჟინერი: მანანა არის, მსუბუქათ რომ ვთქვათ, უცნაური ადამიანი. დღეს კოლხურ კოშკში მოისურვა გადასვენება, საინტერესოა, ხვალ რა “მოუფრენს” თავში?! დიდი ხანია, ზვიადის სახელით სპეკულირებს და ახლა ნეშტით სპეკულირების უფლება არ უნდა მივცეთ.
ნანა შუბითიძე, პედაგოგი: თანამეცხედრე ახდენს პირველი პრეზიდენტის “ვარლამიზაციას”. ეს ყოვლად დაუშვებელია. ვინ მისცა კერძო პირს უფლება, მთაწმინდის პანთეონში ამოთხაროს ისტორიული პიროვნების საფლავი. ეს კრიმინალურ ქმედებად უნდა შეფასდეს.
კატეგორიულად მოვითხოვ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასგან, შეწყვიტოს ზვიადის “ვარლამიზაცია”.
მარგარიტა ხმალაძე, დიასახლისი: ქალბატონ მანანას სრული უფლება აქვს, საკუთარი მეუღლე იქ დაასაფლაოს, სადაც თვითონ ჩათვლის სწორად. მანანასნაირი სპეტაკი ადამიანი დღეს იშვიათია.
გიორგი ნატროშვილი, პენსიონერი: ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ისეთი ადამიანი, როგორიც ზვიადი იყო, ასეთი მეუღლის ღირსი ნამდვილად არ გახლდათ. ის, რაც მტერმა ვერ დააკლო, ცოლი უნაზღაურებს.
ნიკოლოზ ყოლბაია, სტუდენტი: რაც მოხდა, იყო სრული ვანდალიზმი. წარმოიდგინეთ, რეიგანის შვილი რომ დააპატიმრონ, თუნდაც უკანონოდ, და ნენსიმ საფლავის თხრა დაიწყოს, მიაკარებს ვინმე? პოლიციაზე არ მაქვს საუბარი, ხალხს ვგულისხმობ. ხალხი წინ უნდა აღუდგეს ამ უმსგავსობას.

ალექსანდრე აკობია

P.S. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გადაიდო, თავად ცოტნე კი ისევ შიმშილობს. ერთი მხრივ, გასაგებია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, როგორც დედის ტკივილი, თუმცა ქალბატონი მანანა უნდა ხვდებოდეს, რომ ზვიად გამსახურდიას საფლავიდან ამოთხრის მცდელობა პროტესტი კი არა, მისი ნეშტის შეურაცხყოფაა.

კომენტარები (1 კომენტარი):

tamuna 25 02, 2010 01:23
avatar
kal.mananas saqcieli miugebelia,tumca gasagebia!qartvelma sazogadoebam shevuwyet xeli am aqtis chadenas,chveni gulgrilobit,ar dapasebit,warsulis upativcemulobit da SIBRIYVIT!im ponze tu rogor kommportshi cxovrobs shevardnazis ojaxi-batoni prezidentis zviad gamsaxurdias ojaxisadmi upavticemulebaa sazogadoebis,xelisuplebis gulgriloba!amitom batonebo nu ganvikitxavt qal.mananas,rametu chven yvelam ertad movaxdinet es aramartlmadidebruli qmedeba,chveni konpromizmit,tu kolaboracionalizmit!amitom gvrcxvenodes qartvel sazogadoebas!!!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
1.00
    Rating@Mail.ru