არწივი დრაკონის წინააღმდეგ
ჰიდრომეტცენტრი რომ იტყოდა, ცივი ამინდის მიუხედავად, გაზაფხულის მოახლოება სახეზეა. პოლიტიკური ცხოვრების პულსი ნელ-ნელა წინასაინფარქტო რიტმს იძენს, ემოციურობა მატულობს, შემოსავლების რა მოგახსენოთ. კვირის მთავარ თემად ირაკლი ალასანიას (კინდერ) სიურპირიზი იქცა. რა ამოძრავებდა უშიშროების ყოფილ... (სტოპ, უკაცრავად!) ოპოზიციიის ახალ სახეს, როდესაც ესოდენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გეგმავდა?
გავიდა და უკან არ დაბრუნებულა
ორშაბათს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მერის პოსტზე წარსადგენი ერთიანი კანდიდატურის გამოვლენის მიზნით კონსულტაციებს იწყებს ოპოზიციურ ძალებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ალიანსში მყოფი პარტიების ხელმძღვანელები ამას მიზანშეწონილად არ თვლიან. ამ განცხადებამ, ისედაც არეულ წინაასარჩევნო სიტუაციას, დამატებითი ქაოტურობა შესძინა. პირველად, ძალზე ხანგძლივი პაუზის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, ცოტა მეტი ეფიქრათ და უფრო თამამად ემოქმედათ. საღამოსკენ მემარჯვენეები და რესპუბლიკელები მიხვდნენ, რომ ალასანია მიდის და, მარტივად რომ ვთქვათ, ალიმენტის გადახდას არ აპირებს. А счастье было так близко, так возможно…
ის, რომ “ალიანსის” სტრატეგია (ეს მაღალფარდოვანი სიტყვა ვიხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევ ტოლსტოის დარად მოგვიწევს იმ ბედლამის აღწერა, რომელიც ობლონსკის ოჯახში სუფევდა) ჩიხში შევიდა, ცხადი აღწერილ მოვლენებამდე გაცილებით ადრე გახდა. მუდმივმა დისტანცირებამ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალებისგან და იდეებისგან, საბოლოოდ ერთგვარი იზოლაციონიზმის სახე მიიღო, რომელიც საპროტესტო ელექტორატის ფართო ფენებზე გასვლის შესაძლებლობას სპობდა. ამ მოდელის ფარგლებში ალასანია ერთმნიშვნელოვნად აგებდა. შესაბამისად, მას “შესაძლებლობათა ფანჯრის” გახსნა, მანევრისთვის მეტი სივრცის მიღება დასჭირდა.
დამოუკიდებლად გადაწყიტა ალასანიამ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუ კურატორებმა ურჩიეს, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო შინაგანი ხმა, გამოკვეთილი ამერიკული აქცენტით. საბოლოო ჯამში არც იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა როლს ასრულებდა ამ ინციდენტში ლევან გაჩეჩილაძე (არადა, საინტერესოა), ზურაბ ნოღაიდელი და პალატის სხვა ბინადრები. მთავარია არა კონკრეტული როლი, არამედ - სცენარი მთლიანობაში, რომელიც მთელ წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდს ერთიან ჩარჩოში აქცევს.
დღეს ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად განვიხილოთ (დაახლოებით წელიწადნახევრიანი) უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი და მოვლენათა განვითრების ძირითად ვექტორებს დავაკვირდეთ. შექსპირისეულ ვნებებსაც ვიხილავთ, დრამებსაც, მელოდრამებსაც, თუმცა ყოველივე ამის მიღმა დავინახავთ, რომ ერთმა ზესახელმწიფომ ძალზე მშვიდად და პროფესიულად (Мთყიეპყივრ ნე აპრატეშტ!) მეორისაგან ამ ქვეყანაზე კონტროლი გადაიბარა, თანაც ის, მეორე, წინააღმდეგობას არ უწევდა, უფრო ეხმარებოდა.
უკრაინულ მოვლენებში, ერთი საინტერესო ნიუანსის დაჭერა შეიძლება, რაღაც მომენტში იდეოლოგიურმა სხვაობამ პოლიტიკურ ძალებს შორის, უთანხმოებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხებზე უკანა პლანზე გადაინაცვლა, რამაც იმ დრომდე წარმოუდგენელი ალიანსების (ან ანტაგონისტური წყვილების) ფორმირება შესაძლებელი გახადა. პოლიტიკოსებმა კი უაღრესად პრაგმატული (ხშირად ცინიკური) ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
საგულისხმოა, რომ ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ, ბზარი სწორედ იმ პოლიტიკურ ალიანსს გაუჩნდა, რომელშიც, დანარჩენებისგან განსხვავებით, პროამერიკულ ორიენტაციას ერთ-ერთი მთავარი, თუ არა განმსაზღვრელი, მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა შეგვიძლია ეს უბრალო დამთხვევად ჩავთვალოთ.
როგორ დავაშინოთ ინვესტორი
ჰაერში კი ისევ დენთის სუნი ტრიალებს. ისე მივეჩვიეთ, რომ ვეღარც ვამჩნევთ. განცხადებები ომის განახლების შესაძლებლობის შესახებ ერთმანეთის მიყოლებით კეთდება. ლონდონში, Chatham House-ში მიხეილ სააკაშვილმა ომის განახლების მოსალოდნელ საფრთხეს ვრცელი და ფრიად ემოციური პასაჟი მიუძღვნა. ხელისუფლება ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთული ვოიაჟების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინვესტიციების მოზიდვაა. ვითარება ამ კუთხით მართლაც განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს: მთავრობა წელს 1,2 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციებს მოელის, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის - ედუარდ გარდნერის აზრით, 800 მილიონზე მეტს ვერ მოვიზიდავთ. სხვაობა შეფასებებში საკმაოდ დიდია, თუმცა ხელისუფლება ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ინვესტორების (მაგალითად, ყაზახების) ენთუზიაზმის შემცირება მსხვილი პროექტების მიმართ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
ედუარდ გარდნერს კიდევ ერთი საგულისხმო განცხადება ეკუთვნის: “ფონდი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი, რათა შეამციროს რისკები მომავალში, როდესაც საერთაშორისო დონორებისგან დაპირებული დახმარების მიღებას დაასრულებს”. ისე, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებას საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე დაელაპარაკებოდა, ჯობდა, ცოფიანი ფოქსტერიერისთვის სოსისის წართმევაში წაევარჯიშა. ეს ისე, სხვათა შორის...
ამ ფონზე, როდესაც ინვესტორების მოზიდვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წამყვანი წარმომადგენლები გამუდმებით ომის განახლებას, საუკეთესო შემთხვევაში, შიდაპოლიტიკური პროცესებით გამოწვეული სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას წინასწარმეტყველებენ. თანაც ისე დამაჯერებლად, ცხონებულ ვანგასაც შეშურდებოდა.
საინტერესოა, რას გრძნობს ერთი ჩვეულებრივი ინვესტორი, როდესაც მის ნავთობტერმინალს, ასე 75-გრადუსიანი კუთხით, ტაქტიკური რაკეტა “ტოჩკა-უ” უახლოვდება? რაზე ფიქრობს იგი, როდესაც მისი ბენზინგასამართი სადგურის თავზე მელანქოლიურად ტრიალებს SU-25 Frogfoot-ი, ხოლო მისივე სასტუმროთა კომპლექსის ტერიტორიაზე სნაიპერები (ისე, ჩვეულებრივ ცხოვრებაში საოცრად მშვიდნი და თავაზიანები არიან, ხანდახან - ხაზგასმით თავაზიანები) უცნაურ, მხოლოდ მათთვის გასაგებ თამაშს იწყებენ? (დამალობანას ჰგავს, ოღონდ ოლიმპიური სისტემით ტარდება, გავარდნაზეა).
ცხადია, პოტენციური ინვესტორისთვის ამის წარმოდგენაც კი საკმარისი იქნება, რომ გაუჩნდეს დაუოკებელი სურვილი აღნიშნული გეოგრაფიული წერტილიდან მაქსიმალურად შორს აღმოჩნდეს. სადღაც იქ, სადაც თითოეულ ჩადებულ ცენტს დოლარი მოაქვს, სადაც ნაზად შრიალებენ ოკეანის ტალღები და ტროპიკების სურნელით გაჟღენთილ ჰაერში უცნაური საკრავების ჰანგები და ლამაზმანების მხიარული შეძახილები დანავარდობს.
ვერც გავამტყუნებთ.
არწივი დრაკონის წინააღმდეგ
გლობუსზე მშვიდი და მყუდრო ადგილების რაოდენობა კატასტროფული სისწრაფით მცირდება. ვითარება ირანის გარშემო სულ უფრო დაძაბული ხდება. ურთიერთობამ აშშ-სა და ჩინეთს შორის “ცივი ომის” ყველა დამახასიათებელი ნიშანი შეიძინა. ირანი ჩინეთისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია, ომის დაწყების შემთხვევაში დრაკონივით გაუმაძღარ ჩინურ ეკონომიკას ნავთობის 15 პროცენტი მოაკლდება, ხოლო თუ საბრძოლო მოქმედებების (და თანმდევი ტერორისტული აქტების) არეალი მთელ რეგიონზე გაფართოვდება (შეფერხდება ნაოსნობა, განადგურდება ინფრასტრუქტურის ობიექტები) დანაკარგიც შესაბამისად გაიზრდება. გასულ კვირაში ამერიკული ხომალდები გამომწვევად ტრიალებდნენ ჰონკონგის სიახლოვეს; ბარაკ ობამა, პეკინის პროტესტის მიუხედავად, დალაილამას ხვდებოდა, ხოლო კლინტონების ცნობილი რძალი ჩინეთს იზოლაციით ემუქრებოდა, თუ იგი ირანის წინააღმდეგ სანქციებს არ შეურთება.
პეკინმა კი ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არც საგარეო და არც საფინანსო პოლიტიკაში ვაშინგტონის მითითებებით არ იხელმძღვანელებს და ამას კონკრეტული, ამხანაგ მაოს დანაბარებივით ხისტი ნაბიჯებიც მოაყოლა. ირანი კი მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის მოემზადა.
პარალელებს არ გავავლებთ, თუმცა 1941 წლის 25 ივლისს შტატებმა იაპონიის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო შემოიღეს, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია (მაშინ ინდონეზიის საბადოებს სწორედ ის ფლობდა) შეუერთდნენ. იგი მოიხსნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტოკიო ამერიკელთა პირობებს შეასრულებდა, ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებდა. იაპონიას, ერთბაშად ნავთობის იმპროტის 75% მოაკლდა, პასუხმაც არ დააყოვნა, 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის თავზე იაპონური თვითმფრინავები გამოჩნდნენ.
იერიშის შემდეგ ადმირალმა იამამოტომ თქვა: “ვშიშობ, რომ ჩვენ მხოლოდ გავაღვიძეთ მძინარე გოლიათი”, პერლ-ჰარბორმა ამერიკელები ერთ მუშტად შეკრა, ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცა, თამამად ემოქმედა; მოკლედ, კრიზისისგან გამოფიტული ამერიკა, ომის დასრულებისთვის ზესახელმწიფოდ, მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად გადაიქცა.
საერთოდ, აშშ-ს ყველა ომი თითქოსდა ერთნაირად იწყება: პირველ, მძიმე დარტყმას მოწინააღმდეგე აყენებს: აშშ-ესპანეთის ომი დაიწყო დივერსიით ამერიკული ხომალდის “მენ”-ის წინააღმდეგ, რომელსაც 200-ზე მეტი მეზღვაური ემსხვერპლა, I მსოფლიო ომში ჩაბმას წინ უძღოდა გერმანელების მიერ ლაინერ “ლუზიტანიის” ჩაძირვა, II მსოფლიოს - პერლ-ჰარბორი, ვიეტნამს - თავდასხმა ამერიკულ ხომალდებზე ტონკინის ყურეში, ხოლო ის, რითაც დაიწყო შტატების ბოლო აღმოსავლური კამპანია, ალბათ, ჩემზე კარგად გახსოვთ.
ამ ნიადაგზე ბევრი კონსპიროლოგიური თეორია აღმოცენდა, თუმცა პროცესების მოქცევას გარკვეულ კალაპოტში, როგორც ზემოთ, ნავთობის ემბარგოსა და მისგან გამომდინარე პერლ-ჰარბორის მაგალითზე ვიხილეთ, ნებისმიერ შეთქმულებაზე გაცილებით მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია.
არსებობს თუ არა “ახალი პერლ-ჰარბორის” ისეთი მასშტაბის შეტევის საფრთხე, რომელიც ამერიკელთა ცხოვრებასა და განწყობას თავდაყირა დააყენებს? ერთის შეხედვით, - არა, აშშ-ის სამხედრო ძლიერება ბევრად აღემატება ჩინეთისას, ირანზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა...
ერაყში ბოლო ომის დაწყების წინ, პენტაგონმა მასშტაბური სწავლება “Millenium Challenge 2002” ჩაატარა. გენერალ-ლეიტენანტი პოლ ვან რაიპერი პირობითი მოწინააღმდეგის (იგულისხმებოდა, უპირველეს ყოვლისა, ერაყი და ნაწილობრივ, - ირანიც) ძალებს ოსტატურად ხელმძღვანელობდა. საჰაერო თავდაცვის სისტემის შენარჩუნებაც მოახერხა, სარაკეტო დანადგარების გადარჩენაც, შემდეგ კი მოულოდნელი კომბინირებული (რაკეტები და კამიკაძეთა კატარღები) დარტყმით სპარსეთის ყურეში თავმოყრილი ამერიკული ხომალდების ნახევარი “ჩაძირა”. მსგავსი რამ რეალურად რომ მომხდარიყო, “მოხდებოდა ყველაზე საშინელი კატასტროფა პერლ-ჰარბორის შემდეგ”.
ბოლო ფრაზა ერთ-ერთ წამყვან ამერიკელ ანალიტიკოსს, ენდრიუ კრეპინევიჩს ეკუთვნის, რომელმაც სწორედ მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ კრიზისული ვითარების შექმნა ირანის გარშემო გარდაუვალი ხდება, “საგარეო ურთიერთობათა საბჭოს” ჟურნალში “Foreign Affairs (#4, 2009) გამოაქვეყნა წერილი “პენტაგონის აქტივები მცირდება”, სადაც უამრავ გლობალურ საფრთხესთან ერთად კონკრეტიკაზეც ისაუბრა; მაგალითად, ზემოთ განხილულზე ან კიდევ იმაზე, რომ ამერიკული ბაზა “კადენა” ოკინავაზე და ბაზა “ანდერსონი” კუნძულ გუამზე შეიძლება ჩინელთა წარმატებული სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდეს. მან, აგრეთვე, ახსენა მაგიური სიტყვა “პერლ-ჰარბორი” და ერთის შეხედვით, უნებლიე უზუსტობა დაუშვა, როდესაც დაწერა რომ 2002 წლის სწავლებებზე, პირობით მოწინააღმდეგეში “ირანი იგულისხმებოდა”.
ეს მხოლოდ ჟურნალი იყო, კინო ახლა იწყება. კრეპინევიჩის პუბლიკაციას სხვა ექსპერტების მოსაზრებები ერთვის. “ირანელთა კამიკაძე-კატარღები რეალურ სამყაროში ვერ გაიმარჯვებდნენ, როგორც ეს სწავლებების დროს მოხდა”, - წერს ადმირალი ფილიპ დიური. იგი მართალია და კრეპინევიჩი ამას აღიარებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ სულ სხვა რამ დაწერა, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ არა საკუთრივ კატარღები, არამედ მათი გამოყენება ნაღმებთან, წყალქვეშა ნავებთან კომბინაციაში და, რაც მთავარია, რაკეტებთან.
საინტერესო სიტუაციაა, კრეისერ “იორკტაუნის” და სარატოგას საბრძოლო დაჯგუფების მეთაური, ადმირალი დიური, თითქოსდა ვერ კითხულობს, ვერ აღიქვამს ოპონენტის მარტივ ფრაზას, ვერ ხედავს რაკეტებს, რომლებიც ხომალდებს უახლოვდება. არადა, პოლემიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცემის ფურცლებზე მიმდინარეობს და მსგავსმა შეუსაბამობებმა შეიძლება პუბლიკაციას დამატებითი დატვირთვა შესძინოს. ისტორიული პერლ-ჰარბორის ტრაგედია სწორედ ასეთი ნიუანსებიდან იწყებოდა.
იმედია, ყოველივე ეს მშვიდობიანად დასრულდება, როგორც ოპტიმისტები იტყვიან: მთავარია ომი არ იყოს, ყველაფერ დანარჩენს კი როგორმე მოევლება.
დიმიტრი მონიავა
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი