ის, რაც 13 წლის წინათ ითქვა (წერილი მეორე)
წერილი მეორე
ალექსანდრე ჭაჭიას წიგნს “რამ დაგვღუპა... რა გადაგვარჩენს” თუ ჩაუკვირდები, აუცილებლად შენიშნავ, რომ ამ ნაშრომს უმთავრეს პრობლემად გასდევს შეშფოთება ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გამო: “გაგვაჩნია კი ამისთვის აუცილებელი ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალი? - კითხულობს იგი, - შესაძლებელია თუ არა ქართველი ხალხის კონსოლიდაცია ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი დეგრადირების საფრთხის წინაშე?”
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ავტორი, ეძებს კონკრეტულ გზებს, გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რადგან გადაგვარებისა და პირისაგან მიწისა აღგვის საშიშროებამ, კარგა ხანია, თეორიული პერსპექტივიდან, “სააპარატო ინტრიგებისა და კომბინაციების” რიგიდან სადღეისო საფრთხეთა რიგში გადაინაცვლა.
ამიტომ ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ სიფხიზლებს. განსაკუთრებულიო, იმიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის უღრუბლო მომავალი და პროგრესული განვითარება ჭრელა-ჭრულებში შეფუთული, პიარტექნოლოგიებით გამაგრებული, ფართო მასების სატყუარად არის ქცეული ხელისუფალთა პრაქტიკულ მოღვაწეობაში.
ალექსანდრე ჭაჭიას პუბლიკაციები მიმართულია საზოგადოებრივი შეგნების გამოსაღვიძებლად და “იმ ყოვლისმომცველი სისტემური კრიზისიდან” ქვეყნის გამოსაყვანად, რომელიც, თუ არ შეიცვალა, კატასტროფა გარდუვალი გახდება.
თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ და საგნებს თავისი სახელი ვუწოდოთ, საქართველო, კარგა ხანია, ცხოვრობს კატასტროფის სიტუაციაში.
პროფესორი ჭაჭია შენიშნავს, რომ ასეთი ისტორიული ფატალურობა სულაც არ არის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი გარდუვალობა. მისი აზრით, ასეთი ვითარება ბევრადაა განპირობებული მუქთახორული ფსიქოლოგიით, სხვისი ხელისშემყურეობით, რაც ხელისბიჭებად გვაქცევს ბოლოს და ბოლოს, სხვათა მოსამსახურე ერად, რისკენაც გულდაგულ მიიწევს საქართველოს დღევანდელი ხელისუფალი, რომელსაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა ბოდვით იდეად აქვს აკვიატებული.
“საქართველო არ აღორძინდება, - ხაზგასმით ამბობს ბატონი ალექსანდრე, - თუ დავრჩებით იმის იმედად, რომ ან რუსეთი, ან ნატო ან ევროკავშირი, ან აფრიკის კავშირი შეგვინახავს”.
საინტერესო ისტორიულ დეტალს იხსენებს ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე ჭაჭია: “1920 წელს ლენინი წერდა: “რისთვის გვჭირდება საქართველო?.. მოგვიწევს მისი კვება”...
ჩვენ გარდა არავინ იზრუნებს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე: “რუსეთთან ისევე, როგორც დასავლეთთან, ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად ახალ პრინციპებს, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება”.
პოლიტიკა - მხოლოდ პროქართული
ჯერ კიდევ 1995 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მან საჯაროდ გამოთქვა თავისი პოზიცია საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიის შესახებ: “საქართველოს ხელმძღვანელობა იმით კი არ უნდა იყოს შეწუხებული, პრორუსული თუ პროდასავლური პოლიტიკა განახორციელოს, არამედ იმაზე უნდა იფიქროს, თუ როგორ გახადოს იგი პროქართული”.აბსოლუტურად გასაგები ფორმულაა, რომელიც ქართულ ელექტორატში აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს, ან, თუ დავაზუსტებთ, - უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით.
გასაგებია, რომ ასეთი სტრატეგიული მიმართულების განსახორციელებლად აუცილებელია, მინიმუმ, ერთი რამ - ისეთი ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში, რომლისთვისაც ეს პოზიცია არა მარტო მისაღები იქნება, არამედ - სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მიზანიც.
ბევრი წინაღობა იქნება გადასალახი ამ მიზნის მისაღწევ გზაზე, რომელთა შორის დომინირებს გარკვეულ პოლიტიკურ პერსონებსა თუ წრეებში ჩამოყალიბებული, “რწმენას მიახლოებული თვითდარწმუნება”, რომელთან კამათიც კი, როგორც წესი, “უნაყოფო მეცადინეობაა”.
ამ პრობლემაზე მსჯელობისას ალექსანდრე ჭაჭია თითქოს შემთხვევით, მაგრამ მკვლევარებისთვის თვალში საცემად, წარმოთქვამს ერთ წინადადებას, ერთ ლოგიკურ დასკვნას შემოგვთავაზებს, რომელიც, სამწუხაროდ, განხორციელებულ პროგნოზად მოგვევლინა.
ბატონ ნოდარ ნათაძესთან გეოპოლიტიკურ პრობლემებზე მეცნიერულ დისკუსიაში ჩაბმული ალექსანდრე ჭაჭია ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე რომ ეკამათება, აღნიშნავს:
“მე ვწერ, რომ თურქეთს ან სპარსეთს შეუძლია, ტერიტორია წაგვართვას, ნოდარ ნათაძე მიპასუხებს - რუსებმა არ წაგვართვესო?
წაგვართვეს, ბატონო ნოდარ, და, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა არ შეიცვლება, კიდევ წაგვართმევენ...”
მართალია, ეს ციტატა მთავრდება აქცენტის ერთგვარი შერბილებით - “ყოველ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლიან”, - მაგრამ ეს ან დიპლომატიის სტილისტიკით უნდა ავხსნათ, ან დამატებით სხვა საშიშროების არსებობაზე მინიშნებით - სხვებმა შეიძლება წაგვართვან. მთავარი მაინც პირველადი დასკვნაა - კიდევ წაგვართმევენ!
წაგვართვეს.
წაგვართვეს იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობის შეცვლაზე არავინ იფიქრა. საქართველოს ხელმძღვანელობის გამწვავებულ კონფრონტაციულ პოლიტიკას კი მხოლოდ ასეთი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა.
ანალიტიკოსი მეცნიერი გვაფრთხილებდა, რომ საშიშროება აშკარა იყო, რადგან ჩვენი სახელმწიფო სტრატეგოსების აზროვნების მიმართულება აშკარად ამოვარდნილი იყო მსოფლიოში მიმდინარე პროცესების რეალური ტენდენციებიდან.
ამბობდა ამას ალექსანდრე ჭაჭია 13 წლის წინათ, 1997 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ნაშრომში “რანი ვიქნებით?”
ამ ნაშრომის არა მარტო გახსენებაა დღეს საჭირო, რაც ნიშნის მოგებას დაემსგავსებოდა, არამედ - ჩაღრმავებაც მისეულ დაკვირვებასა და დასკვნებში, ვინძლო გავარღვიოთ რუსოფობიის ტყრუშული ღობე-ყორე, რომელსაც, არაერთი წელიწადია, აგებენ პროფესიონალი თუ მოყვარული აგიტატორები და ხელისუფლების ხელისბიჭა “პოლიტოლოგები”, ვისაც ჩვენი ავტორი “ანტირუსული რიტორიკით დაკავებული საზოგადოების” წევრებად მიიჩნევს.
იყო თუ არა გენოციდი?
მოდით, ამჯერად პერსონალებს ნუ შევეხებით, რადგან, როგორც წესი, მათთან კამათის დროს პირადული გამოდის წინა პლანზე და თვით პრობლემის სიმწვავე ამის გამო ნელდება.რუსეთის კაცთმოძულეობის წარმოსაჩენად პარალელს ავლებენ ფაშისტურ ეთნოგენოციდსა და ქართველი ხალხის მიმართ ეთნოგენოციდის რუსულ საბჭოთა მეთოდს შორის. უფრო მეტიც, - ამ უკანასკნელს ეთნოგენოციდის მწვერვალადაც მიიჩნევენ, რომელიც ჰიტლერის პრაქტიკასთან შედარებით უფრო დაუნდობელია.
ასეთი, აშკარად ფობიური დებულებებით რუსეთთან დისტანცირება და განვითარების დამოუკიდებელი ქართული გზის ძიება ნონსენსია.
უკრიტიკოდ არც ამის საწინააღმდეგო პოზიციის მიღება იქნებოდა სწორი და გამართლებული. ლაპარაკია პოზიციაზე, რომლის კვინტესენციაც შემდეგია: “დასავლეთის ქვეყნებს, ანუ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ და ზეგანვითარებულ ქვეყნებს ჩვენს ქვეყანასთან საერთო აქვთ რელიგია, სულიერი და გონებრივი წყობა (ანუ მენტალიტეტი) და ისტორიული ტრადიცია”.
ალექსანდრე ჭაჭია ქართული პოლიტიკური ელიტის ამ კრედოს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და დეტალურად აანალიზებს.
იგი შენიშნავს, რომ “რელიგია ხალხთა ერთობის ფაქტორი შეიძლება იყოს არა მაინც და მაინც იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ღმერთის, მესიის რწმენას ან ერთი და იმავე წმინდა წიგნების თაყვანისცემას გულისხმობს. ამისთვის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების თანხვედრაცაა აუცილებელი. კერძოდ: “ქრისტიანობის მიღებისას, - განმარტავს ავტორი, - მისი დოგმების სხვადასხვა ერების ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან შერწყმა ხდებოდა. მისი ღირებულებითი ნორმატივები ისტორიულად შემუშავებულ ტრადიციულ ღირებულებებთან ერთიანდებოდა. ე.ი. ქრისტიანული მოძღვრება ამა თუ იმ ხალხის ეროვნულ თავისებურებას, აზროვნების სტილს, მენტალიტეტის სპეციფიკას შეერწყმებოდა და ამის გამო სხვადასხვა ერებს (ან ერთა ჯგუფს) ჩამოყალიბებული აქვთ ქრისტიანული ნორმატივების აღქმისა და რეალიზაციის სხვადასხვა ტიპი”.
ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობა - მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და სხვ.
ერთი რელიგიის შიგნით არსებულ განსხვავებულ მიმდინარეობებზეა საუბარი, რომელთა შორის არსებული წინააღმდეგობა კატეგორიულ და საკმაოდ აგრესიულ ხასიათს ატარებს. ხოლო თანამედროვე “ცხოვრების დასავლური წესი” იმ ნორმათა და ღირებულებათა სისტემაა, რომლებიც პროტესტანტული იდეოლოგიითაა შემუშავებული ანგლოსაქსური ეროვნული შეგნების სპეციფიკის საფუძველზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია რაციონალიზმი, მკვეთრი ინდივიდუალიზმი და ანალიტიკურობა, მარტოობაში ცხოვრება და ბრძოლა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.
“ეს თავისებურებანი, რომლებიც ნიუანსურად არ მიიჩნევა და პრინციპული ხასიათისაა, კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლური შეგნებისათვის. - ასკვნის ალექსანდრე ჭაჭია, - რადგან იგი ეფუძნება ჰუმანიზმს, ხელგაშლილობას, მგრძნობიარობის სიჭარბეს რაციონალურზე, კოლექტივიზმს, კაცთმოყვარეობას, ცხოვრებასა და ბრძოლას მხოლოდ საზოგადოებაში სხვებთან ერთად”.
სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ზემოთ მოხმობილი ლოგიკა ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: ერთიანი რელიგიური საფუძველი ერთნაირად ცხოვრების საფანელი არა და არ შეიძლება იყოს.
“თვისებები, რომლებიც პროტესტანტულ ინდუსტრიულ საზოგადოებას ახასიათებს, ჩვენთვის უცხოა და კატეგორიულად მიუღებელი”.
რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს მაინც და მაინც იმ კურსის განხორციელებამ, რომელსაც გაუნათლებელი ობივატელის სიჯიუტით ადგას ჩვენი ხელისუფლება?
შედეგი კატასტროფული შეიძლება იყოს.
აი, რას გვეუბნებოდა 13 წლის წინათ ნაშრომის “რანი ვიქნებით?” ავტორი:
“ქართველი ერის არეალზე თანამედროვე დასავლეთის იმ ცხოვრებისეული წესის გავრცელება, რომელიც ამერიკელების მიერ კულტივირებული პროტესტანტული ღირებულებების საფუძველზე ყალიბდება, ჩვენს ერს, როგორც ერს გაანადგურებს...”
ლიბერალური დასავლური სამყაროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები ქართველებისთვის აბსოლუტურად უცხოა...
ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ პრინციპი “გავმდიდრდეთ ნებისმიერი ხერხით!” და “მდიდარი ყოველთვის მართალია”, ვინაიდან სიმდიდრე არასოდეს ყოფილა და არც იქნება ქართველი ხალხის ცნობიერებაში მთავარი ფასეულობა”.
ასე თანდათან ეცლება საფუძველი იმ დებულებას, რომლის განმახორციელებელ უსიტყვო და გონებაჩლუნგ მასად სურს, გვაქციოს ჩვენ მიერ ხელდასმულმა ხელისუფლებამ.
ამიტომ უნდა დავეთანხმოთ ალექსანდრე ჭაჭიას დასკვნას, რომელიც პრინციპული და ობიექტური განსჯის გზითაა მიღებული: “არც რელიგია, არც ეროვნული მენტალიტეტი, არც კულტურა... ქართველთა და “განვითარებული დასავლეთის” ერთობის ფაქტორს არ წარმოადგენს”.
ერთ-ერთი პოლიტიკოსის აღფრთოვანებული შეძახილი - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!” - პრინციპულად მცდარია.
არ ვარ ევროპელი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვიქცე.
ქართველი ვარ და ესაა სწორედ უმაღლესი ღირებულება.
არმაზ სანებლიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი