მთავარი | პოლიტიკა | ის, რაც 13 წლის წინათ ითქვა

ის, რაც 13 წლის წინათ ითქვა

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

წერილი პირველი
მე ერთი მკვლევარის წიგნიდან ორ ამონარიდს შემოგთავაზებთ და თქვენ, ჩვენო განათლებულო მკითხველო, შეეცადეთ, გაარკვიოთ, როდისაა გაკეთებული ეს მნიშვნელოვანი დასკვნები.

“ჩვენ თავს მოგვახვიეს სხვის კმაყოფაზე ყოფნის, მუქთახორის ფსიქოლოგია და ნელ-ნელა გადაგვაჩვიეს მუშაობას, საკუთარი ეკონომიკის შექმნისა და განვითარებისაკენ მისწრაფებას”.

ეს ერთი. ახლა მეორე:
“...ბოლო წლების მოვლენების ანალიზი, სხვადასხვა სახელმწიფოს გეოსტრატეგიული კონცეფციების, მსოფლიო პოლიტიკური ელიტის პერსპექტიული გეგმების გაცნობა გვიჩვენებს, რომ არსებობს ძლიერთა ამა ქვეყნისათვის მისაღები თვალსაზრისი, რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც საქართველომ და ქართველმა ხალხმა შეასრულოს რეგიონში ფუნქციური როლი”.
როდის? რა თქმა უნდა, დღესო, იქნება თქვენი პასუხი და შეცდებით. თუმცა სრული საფუძველი გაქვთ თქვენეული დასკვნის გასაკეთებლად, რადგან ის სოციალურ-პოლიტიკური გარემო, ეკონომიკის ის კოლაფსი, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, დღევანდელი საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.
ასე წერდა ჯერ კიდევ 1997 წლის ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, წერდა და აქვეყნებდა თავის ნააზრევს, აფრთხილებდა ქართულ საზოგადოებრიობას, რომ ის კურსი, რომელიც აღებული ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, სამადლოდ სარჩენად აქცევდა ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც.
ცნობილია, რომ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ძლიერ ეკონომიკას უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ სწორედ ეკონომიკის ნგრევით დავიწყეთ სუვერენიტეტის “განმტკიცება” საქართველოში. ალბათ, გახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისის მთავარი ლოზუნგი - ძირს ყველაფერი საბჭოური! მოსწრებაზე იყო - ვინ უფრო მეტს დაიტაცებდა კოლმეურნეობის თუ საბჭოთა მეურნეობის ქონებას, ვინ უკეთ დაარბევდა ქარხანასა თუ ფაბრიკას...
და აღმოვჩნდით ჩვენივე ხელით კუდის რიკამდე გატყავებულები.
ასეთ ვითარებაში ცის მანანად მოგვევლინა, ასე ჩანდა, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის მიერ მოწოდებული კრედიტები და გრანტები.
თითქოს ამოვისუნთქეთ.
მაგრამ თურმე ვაგებთ პერსპექტივას. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქართულად თარგმნილი ჯონ პერკინსის წიგნი “ეკონომიკური მკვლელი” და ფართო მასას გაცნობიერებული არ ჰქონდა, ასეთი “უანგარობის” საშიშროება.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეჭვის ჭია მაინც დაღოღავდა ჩვენს ცნობიერებაში - ყურმოკრულ ამბად ვიცოდით, როგორ კარგავდა სახელმწიფოებრიობას აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა, რომელთაც მეფის მდიდრული ქურქი მხრებზე მოარგო სავალუტო ფონდმა.
სწორედ ამ დროს თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ: “ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ახალი, ძალზე სასტიკი გადანაწილების პერიოდში, როცა წყდება არა მხოლოდ ძლიერი ქვეყნების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ამა თუ იმ ხალხისა თუ ქვეყნის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხიც კი”.
ეს თქვა 13 წლის წინათ და დღეს ყველაზე მწვავე პრობლემად დგას საქართველოს წინაშე. გრძნობს ამას ჩვენი ისტებლიშმენტი? რა თქმა უნდა, გრძნობს და ხედავს. მაგრამ არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას გამომუშავებული რომ არ აქვს შხამსაწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება, სამწუხარო რეალობაა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მტკიცდება და მყარდება, მეორენი პატრიოტული მოწოდებებით იმაგრებენ გულს.
საქართველო კი შაგრენის ტყავივით დაილია და პერსპექტივა არ ჩანს უკეთესი.
საოცარია, მაგრამ ალექსანდრე ჭაჭიამ სწორედ მაშინ შეამჩნია საქართველოს ტერიტორიული დაკნინება ტენდენციური ხასიათისა რომ იყო, როცა ყველანი დარწმუნებულები ვიყავით - აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სეპარატისტული მიდრეკილება, განდგომა დროებითი მოვლენა და დამოუკიდებლობის მოპოვების საყმაწვილო სენი იყო, რომელიც მალე გაივლიდა.
თითქოს აქეთკენ მივდიოდით - არძინბას მაქსიმალისტობისა და ანტიქართული განწყობილების მიუხედავად, კონტაქტები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თბილისისა და სოხუმის ინტელიგენციის, ჟურნალისტების შეხვედრები სისტემატურ ხასიათს ატარებდა, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლუდვიგ ჩიბიროვი კი დარწმუნებით ამბობდა, რომ მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ ერთიანობის პრობლემა გადაწყდებოდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იღვწოდნენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები საქართველოს საკითხში, რუსეთისა და აშშ-ის პოზიციაც ერთიანი იყო, აი, ამ დროს ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა: “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს უკვე აღარ ეკუთვნის, თანაც აფხაზეთი ზუსტად ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას განაპირობებს” (გაზეთი “საქართველო”, 1997 წლის თებერვალი).

შავი წინასწარმეტყველება თუ ურწმუნო თომას სინდრომი?
არც ერთი, არც მეორე.
ღრმა ანალიტიკურ მეთოდთან ერთად, რომელსაც ავტორი ერთგულებს, აქ, როგორც ჩანს, განსაკუთრებული როლი ითამაშა ერუდიციის ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებულმა ინტუიციამ.
ალექსანდრე ჭაჭიამ შეამჩნია რაღაც განსაკუთრებული, თუნდაც მიკროსკოპულად მცირე, მაგრამ ჯაჭვური რეაქციის თვისების მქონე ნიუანსები, რომლებიც პერსპექტივაში ნეგატიური აფეთქების შედეგით შეიძლება დამთავრებულიყო.
დამთავრდა კიდეც. მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეუძლია იკამათოს და ამტკიცოს საწინააღმდეგო.
პოლიტოლოგიის დოქტორის დაკვირვებულ თვალს მხედველობიდან არ გამოჰპარვია, რომ ასეთივე ტენდენციის ნიშნები სამცხე-ჯავახეთშიც შეიმნჩევა.
ეს კუთხე ჩვენს ხელისუფლებას - ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის პერიოდში მხოლოდ დრო და დრო ახსენდებოდა: კომუნისტების წლებში - როცა ხალხთა მეგობრობის დემონსტრაცია იყო საჭირო; დამოუკიდებლობის გამოცხადების მოკლე პერიოდში - იმისთვის, რომ შეეხსენებინათ იქ დამკვიდრებული სომეხი მოსახლეობისთვის - არ აჰყოლოდა სუვერენიტეტის აღლუმს და აქაური ცხელი თავების “ავტონომიურ სისულელეებს” (ამ სტრიქონების ავტორი თავად იყო მოწმე სახელდახელო, მაგრამ მწვავე დებატებისა, რომლებიც მურმან ომანიძემ, იმ დროს პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, აჟიტირებული აუდიტორიის წინაშე რომ გამართა “ჯავაკხის” აქტივისტებთან წალკის ცენტრში - “საველე პირობებში”); ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას - მხოლოდ მაშინ, როცა მის სომეხ კოლეგასთან ერთად ეწვეოდა ადგილობრივების მიერ “საქართველოს ციმბირად” წოდებულ ამ რეგიონს.
და ყველა ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემები, რომლებიც უმთავრესად სოციალური ხასიათის იყო, არა მხოლოდ უცვლელად მეორდებოდა, არამედ სულ უფრო მწვავე, დაბოლოს, გადაუჭრელ ხასიათს იძენდა.
ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პროფესორ ჭაჭიას პირუთვნელი შენიშვნა: “...საქართველოს ხელისუფლება არ ღებულობს არავითარ ზომებს, რომლებიც მიმართული იქნებოდა სომეხი მოსახლეობის ქართულ ეროვნულ სხეულში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრირებაზე”.
დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს სომხეთის მთავარი ორდენით დააჯილდოვეს, განწყობილია რაიმეს სასიკეთოდ შესაცვლელად ამ რაიონში.

მაკეინის საქართველო თუ სუვერენული სახელმწიფო?
უკანასკნელ ხანს ბევრი რამ, რაც აქამდე დაფარული იყო, გაცხადდა და, თუ დოკუმენტურად ვერ დასტურდება, საზოგადოებრივი აზრისთვის სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის თამაშს თამაშობს, თანაც არა პრეზიდენტ ობამას  ადმინისტრაციის პოლიტიკით ნაკარნახევს, არამედ სენატორ მაკეინის კერძო მოსაზრებებზე დაყრდნობით.
მარიონეტობა ერთი უბედურებაა, კერძო მარიონეტობა - იმაზე უარესი.
ალექსანდრე ჭაჭია იდგა და დგას საქართველოს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების პოზიციაზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთ სახელმწიფო წარმონაქმნად საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელსაც, როგორც ბრმას, გამძღოლი ძაღლის გარეშე გადაადგილების უნარი ექნება წართმეული.
იგი ვრცლად მიმოიხილავს ევროპაში ჩამოყალიბებულ მდგომარეობას და ასკვნის, რომ შეცვლილ საერთაშორისო ვითარებაში უკვე შეუძლებელია აშშ-მა “ევროპის ჟანდარმის” როლის შესრულება განაგრძოს.
“იქმნება ისეთი სიტუაცია, - წერს იგი, - როცა ამერიკას აღარ შეუძლია ევროპის ეკონომიკურად “დაკავება”: გერმანია უკვე გახდა ევროპის ცენტრი, განახორციელებს ძლიერ დამოუკიდებელ პოლიტიკას და ცდილობს, განდევნოს ამერიკა რეგიონიდან; საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის გაძლიერების ეშინია, აღარ სურს, ამერიკა თავისი პატრონის როლში იხილოს... იტალიის, ესპანეთის ეკონომიკური ინტერესები ასევე არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს”.
ჩვენ რატომ ვიდებთ ქედზე უმცროსი და უუფლებო “პარტნიორის” უღელს, რომელსაც ევროპა ვერ შეეგუა?!
ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ალექსანდრე ჭაჭია წერდა, რომ “შესაძლო კონფლიქტებში სამხედრო ჩარევა ამერიკელებისთვის არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად არ არის მომგებიანი”.
გაითვალისწინა ვინმემ ეს დასკვნა? არა.
თავქუდმოგლეჯით გადავეშვით აგვისტოს ომში და დავმარცხდით. მაკეინმა, ამ ამერიკელმა ქორმა, ასე ისურვა და სააკაშვილმა კონდოლიზა რაისს ყური არ ათხოვა (აშშ სახელმწიფო მდივანმა აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბუშის ადმინისტრაცია სამხედრო ძალით კონფლიქტის გადაჭრას არ ურჩევდა). მაგრამ სააკაშვილმა “მომავალ პრეზიდენტთან” თანამშრომლობა და მეგობრობა არჩია.
შედეგი ცნობილია.
მაკეინის წინადადებით გააგზავნაო საქართველომ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად 2000 ფსევდოდამკვირვებელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
შედეგი აქაც ცნობილია: სახელის გატეხვა მეგობარი სახელმწიფოს თვალში.
ვინმემ აგო პასუხი ამის გამო? არა. სადაა გამოსავალი?
ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 1995 წელს წერდა: “ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული საზოგადოების ყველაზე საშინელი უბედურება, რომელმაც განაპირობა ყველა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ჩავარდნა, არის უპასუხისმგებლობა...” ამიტომ მიაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ “კანონის მიღებას სახელმწიფო მოღვაწეთა თავიანთ საქმიანობაზე პირადი პასუხისმგებლობის შესახებ”.
იგი გვარწმუნებდა, რომ “ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებისკენ ლტოლვა განპირობებული იქნება... ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით”.
ასეთი კანონი დღემდე არ არსებობს საქართველოში, ეჭვი არც უნდა შეგვეპაროს, რომ როგორც აქამდე, დღეის ამას იქითაც იპარპაშებს საქართველოში უმწიფარიძეების უვიცობასთან შერწყმული თავნებობა.
სამაგიეროდ მიიღებენ კანონს ლუსტრაციის შესახებ და ამის გამო ისეთ ტაშფანდურს ატეხენ, რომ ობივატელს დაარწმუნებენ, საქართველოში კვლავ ანათებს დემოკრატიის შუქურა.

არმაზ სანებლიძე

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
5.00
    Rating@Mail.ru