ვანოს ხელობა - ქაოსის სამეფო, ანუ რით ერთობიან მერაბიშვილის ბიჭები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის დათვალიერებისას, მისამართზე http://www.police.ge/index.php?m=448 წავაწყდი შემდეგი შინაარსის განცხადებას:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი აქვს 3D კომპიუტერული თამაშის შექმნა. აღნიშნული პროექტის შესაქმნელად გვესაჭიროება:
1. გეიმ დიზაინერები;
2. 3D გრაფიკასთან მომუშავე პროგრამისტები (სასურველია, თამაშის ძრავებთან მუშაობის გამოცდილებით);
3. 3D/2D გრაფიკის სპეციალისტები. …
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 899 482333, ელ-ფოსტა: gio@security.gov.ge
გასაუბრებაზე სასურველია ნამუშევრების პორტფოლიოს წარმოდგენა.
ამ განცხადებამ მეც ისევე გამაოცა, როგორც - თქვენ.
მეც თქვენსავით გამიჩნდა კითხვა - სად 3D თამაში და სად შინაგან საქმეთა სამინისტრო?!
როგორც ჩანს, მერაბიშვილი და მისი ხელქვეითები თვლიან, რომ ქვეყანაში საქმე ისე კარგად არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპიუტერული თამაშების შექმნის გარდა, სხვა საზრუნავი აღარაფერი დარჩენია...
არადა, ყველამ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყნის მთავარი პროპაგანდისტია და მედიასაშუალებების, ანუ აგიტატორთა დიდი ნაწილი სწორედ ვანოს კანტორიდან იმართება. გამომდინარე აქედან ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს თამაშიც პროპაგანდას ემსახურება და რევანშის სურვილით არის ნაკარნახევი.
ცნობილია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი თამაში შეიქმნა, რომლითაც გაშარჟებულია სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვა და გორში მიწაზე მისი ფორთხვა.
როგორც ჩანს, ეს თამაშები მერაბიშვილის კანტორაში საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნიეს და კონტრზომების მიღება გადაწყვიტეს.
თუ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს (3D გრაფიკასთან მომუშავე პროგრამისტები, თამაშის ძრავებთან მუშაობის გამოცდილებით) გავითვალისწინებთ, ცხადია რომ შსს-ს სურს, შექმნას სამგანზომილებიანი თამაში-სტრატეგია.
ფორუმებზე უკვე საუბრობენ, რომ ეს თამაში მიეძღვნება აგვისტოს ომს, რაც ლოგიკურიც არის, რადგან სააკაშვილის იმიჯისათვის ჰალსტუხის ღეჭვითა და მიწაზე ფორთხვით მიყენებულ ზიანს მხოლოდ ენდი გარსიას მონაწილეობით გადაღებული ფილმი ვერ აღადგენს.
თანაც სადმე, თუნდაც კომპიუტერულ თამაშში, თუნდაც ვირტუალურად მაინც ხომ უნდა იყოს მთავარსარდალი გამარჯვებული, რომელმაც რეალურ ომში თავი მხოლოდ ჰალსტუხის ღეჭვითა და მიწაზე ფორთხვით ისახელა!
ქვეყანაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპიუტერული თამაშების შექმნაზეა გადასული, ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ალბათ, დამეთანხმებით.
მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ირონიის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ სიუჟეტს ახალი თამაშისთვის.
ყველა გეიმერმა იცის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში Warcraft – Reign of Chaos (ომის ხელობა – ქაოსის სამეფო. ინგ.) დახვეწილი სიუჟეტით, გამოსვლის პერიოდისათვის არცთუ ურიგო ძრავით და, რაც მთავარია, დაუვიწყარი, ქარიზმატული პერსონაჟები – პრინცი არტასი, ღამის ელფების თავკაცი ილიდანი, ოქროსწვერა დვარფი, ჯადოქარი ნეკროსი, ფარიონ მძვინვარე, შავბნელი მაგი კელტუზანი, სულებთან მოსაუბრე კლერიკალი და სხვ.
და, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო შექმნის ახალ თამაშს Wanocraft- Reign of Chaos (ვანოს ხელობა – ქაოსის სამეფო), მას, სულ ცოტა, პერსონაჟებსა და დახვეწილ სიუჟეტზე არ მოუწევს ფიქრი, ერთადერთი ორიგინალი warcraft-ის პერსონაჟებისათვის wanocraft-ში რეალური პროტოტიპების შერჩევა მოუწევს (მაგალითად, სულებთან მოსაუბრე - ნათელმხილველი ლელა კაკულია, ფარიონ მძვინვარე – მიხეილ სააკაშვილი, ოქროსწვერა დვარფი – თემურ იაკობაშვილი და ა.შ).
თანაც ორიგინალ Warcraft – Reign of Chaos -ს აქვს გაგრძელება frozen throne (გაყინული ტახტი). თუ გავითვალისწინებთ, რომ ვანოსა და მიშას მიერ საქართველოში შექმნილი ქაოსის გამო, რახანია, გაიყინა არათუ ნატოში მიღების, არამედ სააკაშვილის მიერ ტახტის 2013 წლამდე შენარჩუნების პერსპექტივაც, ცხადია, რომ ასეთი გაგრძელება, ანუ “გაყინული ტახტი” ქართულ wanocraft-საც მოუხდება.
როგორც ხედავთ, ირონიის გარეშე შს სამინისტროსთვის იდეის შეთავაზება გამიჭირდა, ამიტომ მინდა, ვთხოვო გეიმერებს, warcraft-ის ქართველ ფანებს, რომ მისამართზე info@geworld.net მოგვაწოდონ იდეები ორიგინალი warcraft-ის პერსონაჟთა wanocraft-ისეულ პროტოტიპებზე, თამაშის სიუჟეტზე... ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხეირიანი პროპაგანდისტული თამაშის შექმნაში დაეხმარება, რათა ჩვენმა სახელოვანმა მთავარსარდალმა ვირტუალურ სამყაროში მაინც დაიმკვიდროს მძვინვარე მეომრის სახელი...
ირონიას ისევ ვერ გავექეცი, ამიტომ სერიოზულად გადავწყვიტე, შსს განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (899 482333) პატივცემულ გიორგი ლუაშვილთან დარეკვა და გარკვევა, ვანოს კანტორა მართლა აპირებდა ამ თამაშის შექმნას, თუ ეს რომელიმე ოპოზიციონერი “ჩაინიკის” ბოროტი ხუმრობა იყო. დავრეკე და... თუმცა რაღა გავაგრძელო, წაიკითხეთ ამ საუბრის ჩანაწერი და დასკვნებიც გამოიტანეთ:
- ალო, თამაშის შესახებ განცხადების თაობაზე გირეკავთ; მაინტერესებს, რა ჟანრის თამაშის შექმნას გეგმავთ.
- ეს იქნება დაახლოებით ედენჯერი ქვესტი.
- უკვე შემოტანილია განცხადებები თუ კიდევ გჭირდებათ?
- გასაუბრება იქნება 11-ში.
- ანაზღაურება როგორი იქნება, ღირს მუშაობა?
- ანაზღაურება იქნება. თქვენი სპეციალობა?
- მე 3D გრაფიკაზე ვმუშაობ: Maya, 3D max.
- მობრძანდით, გვანახეთ ნამუშევრები.
- რამდენხნიანი სამუშაო იქნება?
- სტაბილური იქნება სამუშაო.
- ესე იგი ამ ერთი შეკვეთის შემდეგ კიდევ იქნება?
- კი, იქნება.
- მითხარით, ეს ბოროტი ხუმრობაა თუ მართლა შსს აპირებს ამ თამაშის შექმნას?
- დიახ, შსს ქმნის...
- შეგიძლიათ, მითხრათ ამ თამაშის შინაარსი?
- ეს იქნება ერთი პოლიციელის თავგადასავლის სიმულატორი.
- უშუალოდ პოლიციელებს შეეხება?
- მთავარი პერსონაჟი პოლიციელი იქნება.
- თამაშის შექმნის მიზანი რა არის?
- აიპი-ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში.
- შსს რატომ აკეთებს, მის ფუნქციებში აიპი-ტექნოლოგიების განვითარებაც შედის?
- შსს-ს ინიციატივაა, რომ შეიქმნას ქართული თამაში...
- ალბათ, ამ თამაშის შინაარსიც მისაღები იქნება შსს-სთვის...
- როგორც გითხარით, ეს იქნება ერთი პოლიციელის ისტორია.
- ამ სცენარს ვინ დაწერს?
- ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. თქვენ კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
- გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციიდან ვრეკავ, ამ თამაშის შესახებ მასალას ვამზადებთ.
- კი, ბატონო.
- სცენარს შსს პრესსამსახური აკეთებს თუ ვინმეს უკვეთავთ?
- არა, შეკვეთები არ იქნება. ეს არ იქნება უაზრო სროლები. პერსონაჟი-პოლიციელი გაივლის სხვადასხვა საფეხურებს - დაიწყებს ყველაზე დაბალი საფეხურიდან, შემდეგ საფეხურებზე დაწინაურდება, წოდებები მოემატება, ასე ვთქვათ, თანამდებობრივად ამაღლდება. თამაში მოიცავს სამინისტროს ყველა დეპარტამენტს. ახლა მე მიახლოებით გეუბნებით, ცოტა რთულია თამაშის შექმნა, ზოგადად კი ასეთი შინაარსი ექნება.
- გიორგი, ამ თამაშში კონკრეტული, უკვე მომხდარი ისტორიები იქნება თუ გამოგონილი?
- ზოგი ფაქტი, ალბათ, გამოგონილი იქნება, მაგრამ ზოგი ნამდვილიც იქნება (რაც მოხდა) და მისი გამოძიება ჩატარდება. ეს ყველაფერი, ვინც ითამაშებს, იმან უნდა გააკეთოს, გამოიძიოს და ა.შ.
- წეღან მითხარით, რომ თამაში ყველა დეპარტამენტს მოიცავსო, ე.ი. ეს პოლიციელი პატრულშიც მუშაობს, სოდშიც, კუდშიც?
- დიახ, ზუსტად ასე იქნება.
- შეგიძლია მითხრა, ვის ეკუთვნის ეს ინიციატივა?
- (იცინის) შინაგან საქმეთა სამინისტროს.
- სამინისტროს როგორ? ალბათ, კონკრეტულ ადამიანს - მინისტრს?
- არა, ვერ გეტყვით.
- გასაგებია, მივხვდი, საიდან შეიძლება წამოსულიყო ეს იდეა... უკვე მუშაობთ ამ თამაშის შექმნაზე?
- ჯერ არა, ჯერჯერობით კასტინგია, ჯერ იმ ხალხის შერჩევა ხდება, ვინც თამაშის შექმნაზე იმუშავებს, რადგან ძალიან შრომატევადი საქმეა. ესენია დიზაინერები, თამაშის დამპროექტებლები, პროგრამისტები...
- ამ ამბებს ვინ მოგცემთ, ნამდვილ ამბებს ვგულისხმობ?
- ჩვენი სამსახურები, სავარაუდოდ, ანალიტიკური დეპარტამენტი მოგვაწვდის.
- აჰა, შოთა უტიაშვილის ინიციატივა ყოფილა.
- ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივაა, ნამდვილად არ ვიცი.
- შსს პრესსამსახური ჩართულია ამ საქმეში?
- კი, პრესსამსახურიც მონაწილეობს. ამ თამაშის შექმნა დაევალა კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების მთავარ სამმართველოს.
- ტექსტებს, ალბათ, უტიაშვილის დეპარტამენტი მოგაწვდით...
- ვერ გეტყვით. მარტო მოწოდებული ტექსტებიც არ იქნება საკმარისი. თამაშისთვის, ალბათ, გადაკეთება გახდება საჭირო. ამასაც ის ხალხი გააკეთებს, ვისაც თამაშის შექმნა დაევალება - დიზაინი, მულტიპლიკაცია, გახმოვანება. ალბათ, ეს ჯგუფი გააკეთებს. ანალიტიკური სამსახური უბრალოდ ვერ შეძლებს თამაშისთვის ტექსტების შექმნას.
- მხოლოდ ერთი თამაში შეიქმნება თუ კიდევ აპირებთ სხვა თამაშების გაკეთებასაც?
- თუ ეს თამაში გამოგვივიდა და ნამდვილად უნდა გამოგვივიდეს, ალბათ, შემდეგი თამაშებიც იქნება - უფრო მასშტაბური.
- გათვლები უფრო პროპაგანდაზე კეთდება თუ კომერციული მხარეც არის გათვალისწინებული?
- ეს არ არის კომერციული პროექტი. ეს თუნდაც იმიტომ კეთდება, რომ აიპი ტექნოლოგიებით საქართველო მეზობლებს ძალიან ჩამორჩება.
- პროექტს მთლიანად შსს აფინანსებს?
- ნამდვილად არ ვიცი. ინიციატივა კი იყო ჩვენი, მაგრამ ფინანსების ამბავი არ ვიცი. ჩემი საქმე ამ თამაშის შესაქმნელად ხალხის შერჩევაა. ამას მთლიანად ქართველები გააკეთებენ. არ დავიქირავებთ და არ ჩამოვიყვანთ უცხოელებს.
- პოლიტიკური დატვირთვა თუ ექნება ამ თამაშს?
- არავითარი პოლიტიკური დატვირთვა, მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი თამაში იქნება. შეიძლება ჩაიდოს რაღაც ელემენტები. ჯერჯერობით სცენარი მთავარი არ არის, მნიშვნელოვანია იმ ხალხის შერჩევა, ვინც ეს თამაში უნდა შექმნას.
- ტექნიკური ბაზა, ალბათ, უკვე გაქვთ.
- კი, რამდენიმე ვარიანტია და ერთ-ერთ საუკეთესოს შევარჩევთ.
- თქვენ რომელ სამსახურში მუშაობთ?
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვარ.
ლაშა გიორგიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი