მთავარი | პოლიტიკა | ელიზბარ ჯაველიძე: ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა თუ ერის ღალატია, მაშინ მოღალატე ვარ!

ელიზბარ ჯაველიძე: ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა თუ ერის ღალატია, მაშინ მოღალატე ვარ!

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე გვესაუბრება ცნობილი მეცნიერი და პუბლიცისტი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე.

- ბატონო ელიზბარ, თქვენთვის, ალბათ, მოულოდნელი არ იყო ის ისტერიკა, რაც გასულ კვირას რეზო ამაშუკელის, ნოდარ წულეისკირისა და თქვენს დაჯილდოებას მოჰყვა დავით აღმაშენებლის პრემიით; მწვავე განცხადებები მოვისმინეთ თქვენი კოლეგების - მწერლების, პოეტების, პუბლიცისტებისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებისგან. მათ ერთხმად აღნიშნეს: ასეთი პრემიის მიღებაზე არასოდეს დავთანხმდებითო... თქვენ რატომ დასთანხმდით და რას უპასუხებთ იმ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ერის ღალატის ტოლფასია?
- როცა ქვეყანაში უზნეობა ბატონობს, როცა ხელისუფლების სათავეში უცხვირპირო ადამიანები არიან, შეფასების კრიტერიუმები იცვლება და ზნეობრივს უზნეოს უწოდებენ, უზნეოს კი - პირიქით; მეგობარს მტრად რაცხავენ, მტერს - მეგობრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი და პრიმიტიული სქემაა - ყველა, ვინც სააკაშვილსა და მის რეჟიმს უპირისპირდება, საქართველოს მტრად ცხადდება; ხოლო ისინი, ვინც, ბოდიში და, მას ერთ ადგილს ულოკავენ, პატრიოტები არიან...
ამათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან და რა კატეგორიის ადამიანებთან დაიჭერენ საქმეს, მთავარია, სარგებელი ნახონ... როდესაც ჩამოჰყავთ მაკეინი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ის გარეწარი კაცია, ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, ბოროტება (ბავშვებსა და ქალებს ხოცავდა, გახვეული იყო კორუფციაში); როცა დაწინაურდა, ავადმყოფ ცოლს გაშორდა და მილიონერის ქალიშვილი შეირთო, რომლის წყალობითაც მოხვდა სენატში... ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მას “წმიდა გიორგის” ორდენით აჯილდოებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ვინ არის ამათთვის მტერი და ვინ - მეგობარი...
მე არა ერთხელ განვაცხადე, რომ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, ვის რა მოსწონს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აყეფებენ. გამოვიდა ვიღაც გოგიბედაშვილი (დეფი თუ რაღაც მაგდაგვარი ჰქვია), არც ვიცი, ვინ არის და “ფეესბეს” აგენტებად გამოგვაცხადა. თვითონ რას წარმოადგენს? თავი რომ მწერლად მოაქვს, რა დაუწერია, რა გაუკეთებია? კაცს რომ მიაწერენ, ეს მწერალიაო, დამთავრებულია მისი ამბავი, ესე იგი არავინ იცნობს და არავის გაუგონია მისი სახელი... ეს არის კაცი, რომელსაც, მიკვირს, როგორ არ გაუცვდა ენა ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯდომების ლორკვით. ან რით არ მობეზრდათ მას და მისნაირებს მუდმივად ერთი და იმავე თემაზე - კრემლის აგენტებზე ლაპარაკი?!.. თუ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ერის ღალატია, მაშინ კი, ბატონო, მოღალატე ვარ, ვინაიდან მე მთელი ჩემი პრინციპულობით, შეგნებულობით ვებრძვი ამ ხელისუფლებას; ამ ხელისუფლებამ დააქცია და გაანადგურა ეს ქვეყანა - მოსპო სოფელი, გააჩანაგა მრეწველობა, მცირე თუ საშუალო ბიზნესი საერთოდ აღარ არსებობს, გაიყიდა ყველა სტრატეგიული ობიექტი და თანაც ყველაფერი - რუსებზე. მოკლედ, სააკაშვილმა კენტავრს დაამსგავსა ქვეყანა - თავით (პოლიტიკით) უნდა ვიყოთ ამერიკასთან და ტან-ფეხით (ეკონომიკურად) - რუსეთთან... ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში, თუ თავი გათიშული გაქვს, ფეხები არ მოძრაობს; ან ფეხი მოძრაობს და თავი არ მართავს - ასე ფონს ვერ გახვალ, ნაბიჯსაც ვერ გადადგამ, გზას ასცდები და საბოლოოდ უფსკრულში გადაიჩეხები. ეს ამათ არ ესმით ან არ უნდათ, რომ ესმოდეთ და ქვეყანაც იღუპება, ინგრევა, სულ მალე საქართველოსგან აღარაფერი დარჩება. ამიტომ, სანამ დროა, ხალხმა ხმა უნდა აღიმაღლოს. სხვა გამოსავალი არ ვიცი, თუ ჩუმად ვიქნებით, ამათაც ეს უნდათ - რასაც აქამდე ერთის ამბითა და ხმაურით აკეთებდნენ, უჩუმრად, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად იზამენ და, ერთ მშვენიერ დღეს რომ გაგვეღვიძება, დავინახავთ, რომ სამშობლო აღარ გვაქვს...
- ბოლო დროს ხელისუფლებამ მეტისმეტად მწვავე ისტერიკა ატეხა რუსეთუმეების თემის გარშემო; თქვენ როგორ ფიქრობთ, საფუძვლიანია ნაცების შიში, თუ, იმ შეგონებისა არ იყოს: “მელას რაც აგონდებოდა, ის ელანდებოდაო”, მართლა ისეთი შეშინებულები არიან ჩვენი ბედოვლათი ხელისუფალნი, რომ ყველგან ბუნტი და უცხო ქვეყნის აგენტები ელანდებათ?
- ეს არის ამათი პოლიტიკის გეგმის ნაწილი - საზოგადოებაში უნდა დათესონ ტერორი, რათა თითოეულ მოქალაქეს მუდმივად ჰქონდეს იმის შიში, რომ ვინმემ ცილი არ დასწამოს და ერის მოღალატედ არ შერაცხოს. მე პირდაპირ ვამბობ: ყველაზე დიდი მოღალატეები ესენი არიან და ვინც ამათ გვერდით დგას, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ებრძვის და სპობს ყოველივე ქართულს. კუდიანებიც თვითონ არიან და აგენტებიც. ისინი თავიანთი გაფუჭებული ბუნების მიხედვით აზოგადებენ ყველაფერს და ამიტომაც ჰგონიათ, რომ, თუ კაცი თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ მეზობელ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან, საერთო ენის გამონახვის მომხრეა, მოღალატედ და მტრად უნდა გამოცხადდეს. ასე არ არის!.. სხვათაშორის, სოსო ჯაჭვლიანმა თქვა ძალიან კარგად: “მე ყველგან ვარ საქართველოს აგენტი, მაგრამ ესენი ვისი აგენტები არიან, ნეტა, გამარკვევინაო”. ის ისტერიკა, რომელმაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოიცვა მთელი სახელისუფლო სპექტრი, განპირობებულია იმით, რომ ესენი ხედავენ, როგორ ეცლებათ ხელიდან ძალაუფლება. გრძნობენ, რომ მათი ასპარეზობა დამთავრებულია, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ როგორმე ეს ხელისუფლება გავუშვათ, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელსაც თავის ერზე და ქვეყანაზე ნაფიქრი აქვს. შეიძლება ვერაფერი გააკეთოს, მაგრამ ღამე არ ეძინოს; ასეთი მე უამრავი ადამიანი ვიცი...
- სწორედ ეს არის ის საკვანძო საკითხი, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს. დღეს ყველა სვამს კითხვას, რა ან ვინ იქნება სააკაშვილის შემდეგ? ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერ გასცა ამას ამომწურავი პასუხი...
- ჩემი პოზიცია ასეთია: ჯერჯერობით არა, მაგრამ, როცა სააკაშვილის რეჟიმი აღარ იქნება, ჩვენ უნდა შევცვალოთ საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტოთი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ნორმალური, ადამიანური, სამართლიანი (დემოკრატიას შეგნებულად არ ვამბობ, არ მიყვარს ეს სიტყვა იმიტომ, რომ გააბახეს) არჩევნებითო, რაც დღესდღეობით ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია...
- ისე, კულუარებში იმასაც ამბობენ, პრეზიდენტად გიგი უგულავას ამზადებენო...
- ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ხალხზეა დამოკიდებული, რა იქნება და ვინ იქნება. დღეს ჩვენი საზოგადოება ძილქუშშია, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს. ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა და, თუ 2013 წლამდე ასე გაგრძელდა, საქართველო აღარ იქნება არა მხოლოდ  პოლიტიკურ რუკაზე, არამედ - ფიზიკურ რუკაზეც.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალი, როგორც გითხარით, მხოლოდ ერთია - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალები მოვიდნენ. ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია და, თუ უკრაინაში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა და, ალბათ, გაიმარჯვებს, ჩათვალეთ, რომ ფერადი რევოლუციების ტალღა საბოლოოდ დამთავრდა. იმ ქვეყანაში, სადაც ეს რევოლუციები გაცილებით ადრე მოხდა, დღეს ხალხი წარსულს მისტირის. აი, ჩაუშესკუზე რომ აცხადებდნენ, დესპოტი, ტირანი, მკვლელიაო და ბატონი შევარდნაძე რომ ჩავიდა იქ და ხალხს მიულოცა, დიქტატორი მოკალითო, დღეს ის ადამიანები, ვინც მას აგინებდნენ და მოსაკლავად დასდევდნენ, მაქვს ინფორმაცია, რომ მაღაზიებში თავისუფლად ვერ შედის. ეს იმიტომ, რომ იქ საზოგადოებამ დაინახა ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს. დღეს ჩვენთანაც დაახლოებით იგივე პროცესები მიდის და აი, სწორედ ეს არის იმ ისტერიკისა და შოკის, სკანდალის მიზეზი, რომელსაც ხელისუფლება აწყობს. სწორედ ამის გამო არიან ესენი ასეთი აღრენილები და ყველაფერში გადატრიალების საფრთხეს ხედავენ...
- ისე, რაც მართალია, - მართალია. ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, უცნაურად ალაპარაკდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი უმეტესობა უცებ პრორუსული გახდა...
- უძღები შვილი თუ დაბრუნდება, მას ზურგი არ უნდა აქციო - მათ კარგად იცოდნენ, რომ ნატო კარგს არაფერს მოგვიტანდა, პირიქით, სწორედ ამ ნატოსა და კატოს ძახილმა დაგვღუპა. არ დაღუპულა აზერბაიჯანი და არ დაღუპულა სომხეთი. რატომ? იმიტომ, რომ მათ იპოვეს თავიანთი გზა და ჭკუით არიან.
დღესდღეობით ნატო ფორმალური ორგანიზაციაა.
მან, დიდი ხანია, დაკარგა თავისი ფუნქცია და, ფაქტობრივად, ამერიკის პოლიციას წარმოადგენს.
ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მას რომელიმე ქვეყანა გაემთლიანებინოს ან რომელიმე კონფლიქტი მოეგვარებინოს. დაშლით - კი, ბატონო, ბევრი ქვეყანა დაშალა...
მივესალმები, თუ ჩვენს პოლიტიკოსებს აზროვნება შეეცვალათ და თვალი ამ მკვდრადშობილი ორგანიზაციისკენ არ გაურბით. თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ამ პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დღეს ამბობენ: “გაუმარჯოს ამერიკას!”, ხვალ კი იტყვიან: “გაუმარჯოს რუსეთს!”, ანუ მათი პოზიციები არამდგრადია და მუდმივად იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პროცესები საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არ არიან სანდონი და მათი იმედით ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ვიქნებით. თავის მხრივ, არც რუსეთის ხელმძღვანელობისთვისაა ხელსაყრელი ისეთ ხალხთან საუბარი, ვინც პოზიციებს წარამარა იცვლის - ხან ერთს აცხადებს, ხან - მეორეს.
- დასასრულ, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზთა საგამოძიებო კომისიაზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა ეს კომისია სიმართლის დადგენას და, საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ დღევანდელ ვითარებაში ამ გამოძიების ჩატარება?
- მე მესმის კოკო გამსახურდიას გულისტკივილი. ის ზვიადის შვილია და ცდილობს, ისე მოიქცეს, როგორც საჭიროა. მაგრამ მან ძალიან კარგად იცის სააკაშვილის ხასიათი. როცა ჩამოვიდა, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, სააკაშვილმა გადამაგდოო... დღეს ხელისუფლებას სჭირდება ეს გამოძიება. ამით სააკაშვილი ეროვნული ძალების მოზიდვას ცდილობს და საზოგადოების თვალშიც ვითომ ეროვნულ საქმეს აკეთებს. სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, სულ არ აინტერესებს, რას დაადგენს ეს კომისია; რომც დაადგინოს, რა მოჰყვება შედეგად? - არაფერი. ეს არის სააკაშვილის დადგმული სპექტაკლი. და ამის ერთადერთი შედეგი მორიგი ტყუილი იქნება, ამიტომ, მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, ნებისმიერი ადამიანი (პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე), ვინც სააკაშვილის სამსახურში ჩადგება, საქართველოს მტერია და ამ ქვეყნის მომავალს ანგრევს...

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

კომენტარები (1 კომენტარი):

tamuna 04 02, 2010 06:06
avatar
batono elizbar!gilowavt davit agmasheneblis premias,gisurvebt janmrtelobas da dgegrwelobas!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first მარტი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru