მთავარი | პოლიტიკა | გრიგოლ ქათამაძე: ქართველ დამკვირვებელთა საკითხი უნდა ამოიწუროს

გრიგოლ ქათამაძე: ქართველ დამკვირვებელთა საკითხი უნდა ამოიწუროს

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

2010 წლის 17 იანვარი უდაოდ შევა უკრაინის ისტორიაში როგორც დამოუკიდებელი უკრაინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დღე. ექსპერტთა თვალსაზრისით, წინამორბედისგან განსხვავებით, ეს საარჩევნო პროცესი საჩვენებელ-სამაგალითოა. შესაძლოა, ამაზე კვერი დაგვეკრა კიდეც, რომ არა მეგობარი ქართული სახელმწიფოს დამკვირვებლებთან დაკავშირებული ინციდენტი... იმაზე, თუ რა შედეგებს გამოიღებს ეს უსიამოვნო სიტუაცია მომავალი ორმხრივი სახელმწიფო ურთიერთობების განვითარებისათვის, გვესაუბრება საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.

- როგორ აფასებთ ერთიანობაში უკრაინის 2010 წლის არჩევნების დემოკრატიულობას? რას მიიჩნევთ ნეგატივად და პოზიტივად?
- ერთიანობაში, ვფიქრობ, მხარს იმათ დავუჭერ, ვინც 17 იანვრის არჩევნები დადებითად შეაფასა. მგონია, რომ ამაში გარკვეულწილად წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, რადგან მოვითხოვდით, რომ დემოკრატიის პრინციპებსა და კანონიერებას ეზეიმა, რაც, პრინციპში, მოხდა კიდეც.
- და სულ არ გწყინთ, რომ ქართველ დამკვირვებლებს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს?
- ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მკაფიოდ განეცხადებინა, ჩვენს დამკვირვებლებს რეგისტრაციას გაატარებდა თუ არა, რადგან იმ დროისათვის უკვე არსებობდა კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩვენი საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას ავალდებულებდა.
ცხადია, ჩინებულად გვესმის, რომ არავის, მათ შორის, სასამართლოსაც, არ შეუძლია, აიძულოს ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც არჩევნების ჩამტარებელი უმაღლესი ორგანო, რეგისტრაცია გაატარებინოს დამკვირვებლებს. თუმცა მაინც ერთობ თვალში საცემი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმოქმედობა, რომელსაც სასამართლომ უუფლებოც კი უწოდა. დიახ, საარჩევნო კომისიამ, ბოლოს და ბოლოს, ამოწურა ეს საკითხი, სამწუხაროდ, ეს 17 იანვრის 17.00 საათზე, საარჩევნო პროცესის მიწურულს მოიმოქმედა.
ჩემი აზრით, სწორედ ამგვარი რამ ქმნის გარკვეულ უხერხულობას ზედმიწევნით პოზიტიურ შეფასებებში. გარდა ამისა, შეუძლებელია, პოზიტიურად შეაფასო ინციდენტები, რომლებიც შეემთხვა ჩვენს ჟურნალისტებს, რომელთაგან ზოგიერთს სცემეს.
რაც შეეხება თითოეული ქვეყნიდან დამკვირვებელთა აუცილებელი რაოდენობის საკითხს, უწინ ის არც წარმოქმნილა. 2004 წელს, მაგალითად, უკრაინის არჩევნებში პოლონეთიდან ოფიციალურად დარეგისტრირდა 2011 კაცი, ხოლო წელს - 20 კაცით მეტი, ვიდრე აშშ-დან. ამასთან, ცდილობდნენ ჩვენთვის აეხსნათ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და იქიდან ამდენი დამკვირვებელი დაუშვებელია. ამის გაგება მიჭირს; მით უფრო, რომ წინდაწინ შევატყობინეთ ჩვენი დამკვირვებლების თაობაზე. ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს ჯერ კიდევ 12 იანვარს უარი რომ ეთქვა, არავინ ჩამოვიდოდა.
- როგორც თქვენ ბრძანებთ,  თუ ცენტრალური საარჩვენო კომიტეტისთვის ყველაფერი წინდაწინ იყო ცნობილი, პრობლემები რატომ წარმოიქმნა?
- ამის კომენტარი მიჭირს. დონეცკში, მაგალითად, ბევრ საარჩევნო უბანზე, მას შემდეგ, რაც ჩემი თანამემამულეები დაარეგისტრირეს როგორც საერთაშორისო ჟურნალისტები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, ისინი განმარტებების გარეშე წაიყვანეს მილიციის რაიონულ განყოფილებებში.
რასაკვირველია, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებოდი, ამიტომ საარჩევნო კომისიას დილის 10 საათზე მივაკითხე, მაგრამ ვიზიტამდე შინაგან საქმეთა მინისტრს - იური ლუცენკოს დავურეკე, რათა ამ პრობლემის შესახებ შემეტყობინებინა. ვთხოვე, დაუყოვნებლივ ჩარეულიყო, რის შემდეგაც იგივე საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთანაც დაისვა.
ვფიქრობ, საარჩევნო კომისიას მოქმედებისკენ, მართალია გვიან, მაგრამ სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა უბიძგა. სამწუხაროა, რომ ჩვენი თხოვნის, ორი სასამართლოს, მათ შორის, მათი უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილებისა და პრეზიდენტობის ბევრი კანდიდატის განცხადებების მიუხედავად, რომლებიც საარჩევნო კომისიისგან ქართველ დამკვირვებელთა დარეგისტრირებას მოითხოვდნენ, პასუხი მაინც უარყოფითი აღმოჩნდა.
ახლა პრესაში ამის შესახებ მრავალი ინსინუაცია და მითქმა-მოთქმაა, რაც სწორედ საარჩევნო კომისიის სინდის-ნამუსზეა. მას რომ ქართველი დამკვირვებლები დაერეგისტრირებინა, ჭორაობის სურვილი არავის გაუჩნდებოდა.
- თქვენი თანამემამულენი კვლავაც მოითხოვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ოფიციალურ აკრედიტაციას 7 თებერვალს?
- სხვათაშორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საელჩოს აქამდე ოფიციალურად არ მიუღია რაიმე წერილობითი შეტყობინება უარსა და მისი მიზეზების მოტივაციაზე. მათ ჩინებულად იციან, რომ ოფიციალურად მივმართე და ეს განვაცხადე კიდეც 17 იანვარს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც დაადასტურა, რომ აქამდე არ უპასუხია უბრალო კითხვაზე - რის საფუძველზე არ დაარეგისტრირეს ქართველი დამკვირვებლები.
ამასთან, კულუარებში შეგვატყობინეს, რომ უარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო გადწყვეტილებას ნიშნავს და პროცედურულად უკვე აღარ გვაქვს უფლება, მას რეგისტრაციის თხოვნით მივმართოთ. თუმცა ფორმალურად ამის დასტური ჯერჯერობით არ მიგვიღია.
- ქართული მხარე რა რეაგირებას მოახდენს?
- ყველაფერი მოტივაციაზე იქნება დამოკიდებული. ის განმარტებები და არგუმენტები, რომლებიც საარჩევნო კომისიის წევრებს განხილვისას მოჰყავდათ - საქართველო პატარა ქვეყანაა და ამდენი დამკვირვებლის წარგზავნის უფლება არ აქვსო - ჩემი აზრით, არანაირ ჩარჩოებში არ თავსდება.
ჩვენ შევეცადეთ, უკრაინულ კანონმდებლობაში ის ნორმები მოგვეძებნა, რომლებიც დამკვირვებელთა რაოდენობას შეზღუდავდა, მაგრამ მსგავსს ვერაფერს მივაგენით. სხვათაშორის, უკრაინის მოსაწვევებში, რომლებიც ყველა ქვეყანამ მიიღო, ასევე არაა მითითებული, რამდენი კაცის წარგზავნა შეუძლია ქვეყანას.
ჩვენ მხოლოდ სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა გვსურდა უკრაინაში, ისეთი არჩევნებისა, როგორიც საქართველოში, აგერ უკვე რამდენიმე წელია, იმართება.
- თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ირწმუნება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოსთვის ოფიციალურად რომ დაერთო არჩევნებზე დაკვირვების უფლება, შესაძლოა, თქვენს თანამემამულეებს იგი ჩაეშალა...
- ჭორების კომენტარის სურვილი არ მაქვს. სითამამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ძალზე სისტემური ადამიანი ვარ და მარტოდენ ფაქტებისა და დოკუმენტების მჯერა. ასე მასწავლიდნენ.
ადამინის ფანტაზიას კი საზღვარი არ აქვს, ყველაფერს მოიფიქრებს. ვინმეს შეუძლია, უპასუხოს კითხვას: როგორ მოახერხებდნენ ქართველი დამკვირვებლები არჩევნების ჩაშლას? მე, მაგალითად, არ შემიძლია.
ამიერიდან რომ არავინ არაფერი იფანტაზიოროს, ერთ ფაქტს აღვნიშნავ: ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩვენ შევატყობინეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონეცკში, გენერალური საკონსულოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დადებითი პასუხი მივიღეთ. დავძენ, რომ წელს დონეცკის გარდა, რაიმე ტიპოლოგიური დაწესებულება არსად გაიხსნება. ამას ერთადერთი მიზანი მალაპარაკებს - მომავალში თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი სახის სპეკულაცია და ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის შემდგომი ურთიერთობა და თანამშრომლობა უკრაინასთან.
- როგორ ფიქრობთ, თავის არჩევნებზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი ე. წ. სარკის პრინციპს ხომ არ გამოიყენებს უკრაინელი დამკვირვებლების მიმართ?
- არა! ქართველები ასე არასდროს იქცევიან. თვალი თვალის წილ ჩვენი პრინციპი და კრედო როდია.
შესაძლოა, მთლად რიგიანი მაგალითი ვერ მოვიყვანო, მაგრამ გაიხსენეთ: რუსეთი საქართველოში ომით მოვიდა, მაგრამ საქართველოში რუსული ბიზნესის შეზღუდვა არც გვიფიქრია.
ამიტომ, არა მგონია, უკრაინას ასე მოვექცეთ, თუკი, რასაკვირველია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება, ისე, როგორც ჩვენ მოვიმოქმედეთ - დადგენილ ვადაში წარვადგინეთ დოკუმენტები, მოთხოვნისამებრ დავაზუსტეთ, შევცვალეთ ისინი და ვადის ამოწურვამდე ოფიციალურად დავრეგისტრირდით.
სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე: რის საფუძველზე განუცხადეს უარი ქართველ დამკვირვებლებს აკრედიტაციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული დამკვირვებლების კანდიდატების რიცხვში ის სამასი კაცი იყო, ვინც უკრაინის ბოლო, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ესწრებოდა. და სხვათაშორის, მაშინ მათ მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია. გარდა ამისა, დამკვირვებლების კანდიდატთა შორის საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.
მიმაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო, უბრალოდ, ამოეღო ის კონკრეტული ანკეტები, რომლებიც ხელს არ აძლევდა. სარჩევნო კომისიას ამას პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატიც სთავაზობდა, მაგრამ ამ რაოდენობის ანკეტების უგულებელყოფასა და ისიც მიზეზის აუხსნელად, არალოგიკურად მივიჩნევ.
- როგორ გგონიათ, ეს უსიამოვნო სიტუაცია საქართველო-უკრაინის შემდგომ ურთიერთობაზე აისახება?
- სანამ ელჩი ვარ, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერაფერმა დაჩრდილოს, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ახლა ბევრი, მათ შორის, უკრაინის პარლამენტის წევრებიც, გაუგებარ “ქართულ” მოვლენებს ავითარებენ - წარმოადგენენ აუდიოჩანაწერებს, ავრცელებენ ჭორებს და ამავე დროს ირწმუნებიან, რომ საქართველო უყვართ.
ეს ყველაფერი ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადებას მაგონებს და მიმაჩნია, რომ დროა, წერტილი დავუსვათ მომხდარს. დაე, კომპეტენტურმა ორგანოებმა გაგვცენ ოფიციალური პასუხი და “ქართულ თემას” მეტად ნუღარ შევეხებით. ეს არავის სჭირდება.

ლერა ნეჟინა, “ForUm”

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru