მთავარი | პოლიტიკა | დარჩება თუ არა უკრაინა ერთიანი სახელმწიფო?

დარჩება თუ არა უკრაინა ერთიანი სახელმწიფო?

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

არ გეტყვით, კიევის ყოველ გზაჯვარედინზე, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში გამართულ პოლიტიკური აქცენტის მქონე ნებისმიერ შეხვედრაზე საქართველოდან იქ მივლინებულ 2011 ფსევდოდამკვირვებელზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, უარყოფით რაკურსში. იმ ბანაკშიც კი, რომლის დასახმარებლად გაიგზავნა “ქართული დესანტი”, ამ ფაქტის მიჩუმათებას ცდილობენ. მხოლოდ ერთხელ, ისიც საკმაოდ ყრუდ და გაურკვევლად, დაუჭირა მხარი ასეთ თავის მოქაჩლებას იულია ტიმოშენკომ პრესაში გამოქვეყნებული განცხადებით.
- სასამართლომ ხომ ნება დართო ჩვენს დამკვირვებლებს, ჩართულიყვნენ საარჩევნო პროცესში?
- სასამართლო უკრაინაში ხელისუფლების ისეთივე “დამოუკიდებელი” შტოა, როგორიც თქვენთან, საქართველოში, - ასეთია პასუხი.
საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა უგნური ფურის მიერ დაღვრილ რძესავითაა. კი, აქა-იქ იტყვიან, გაიხსენებენ, იმედს გამოთქვამენ, რომ ხალხთა ძმობა უძლეველია, მაგრამ ეს ისეა, როგორც წლევანდელი იანვრის მზე უკრაინაში - სხივებს არ იშურებს, ტემპერატურა კი -მინუს 15-დან -25 გრადუსამდეა.
უმაღლეს რადაში - უკრაინის პარლამენტში რეგიონების პარტიის დეპუტატები საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გარკვეული პერიოდით შემოღების კანონის ინიცირებაზე ალაპარაკდნენ.
ასეთი ნეგატივიზმი, როგორც ჩანს, უკრაინული საზოგადოებრიობის განწყობილებაზეც აისახა და, უწინარეს ყოვლისა, ეს იგრძნეს იქ დაფუძნებულმა ქართველებმა, შეიძლება, გამოკვეთილად არა, მაგრამ რაღაც რომ გაიბზარა მათთან ურთიერთობაში, აშკარაა. პერსპექტივა, ვარაუდობენ, უარესი იქნება.
ლაპარაკია ათასობით ქართველზე, რომლებიც ოჯახებით ცხოვრობენ უკრაინაში და იქაურ საზოგადოებაში არიან ინტეგრირებულნი. დაუმატეთ ამათ ისინი, ვინც, ასე ვთქვათ, დროებით სამუშაოზეა ჩასული და იქ ნაშოვნი ფულით ინახავს საქართველოში დატოვებულ ახლობლებს, რადგან სამშობლოში ამის გაკეთება შეუძლებელია.
დეპორტაციის აჩრდილი არცთუ ეფემერული პერსპექტივაა, რომელიც, რაც უფრო ვუახლოვდებით 7 თებერვალს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს, უფრო და უფრო მატერიალურ კონტურებს იძენს.
ამ საშიშროების ავტორი კი უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებაა, არა - უკრაინისა.
სიტუაცია მეგობრული რომ არ არის, საზღვარზევე ვიგრძენით.
ხომ გვაქვს უვიზო რეჟიმი უკრაინასთან? გვაქვს. ჩაგირტყამენ პასპორტში საზღვრის გადაკვეთის შტამპს და - Ласкаво просимо!
ასე უნდა იყოს. მაგრამ მაინც და მაინც ჩვენ წამოგვაკვრევინეს ფეხი იმ ქვაზე, რომელზეც მადლის ნაცვლად ავად ნაქმნარი საქმე იდო, თუ საქმე შეიძლება ვუწოდოთ “დამკვირვებელთა დესანტის” გადასხმას უკრაინის საარჩევნო სივრცეში - 2011 ტალიკ-ტალიკი ჯანავარის.
მოკლედ, შეგვიყვანეს საემიგრაციო სამსახურის ოთახში და დაკითხვა დაგვიწყეს: რატომ ჩამოხვედით, ვისთან ჩამოხვედით, რამდენ ხანს დარჩებით და ასეთი სისულელეები.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავს უფლება მივეცი, მორიდებით შემენიშნა, რომ რატომღაც არავის არაფერი უკითხავს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების გასაშუქებლად როცა ჩამოვდიოდი-მეთქი, შემეშვნენ.
- ეს უწინ იყოო, - შეეცადნენ უხერხულობის გაფანტვას...
რაც აქამდე ვთქვი, პირადი შთაბეჭდილებაა.
პრესაში კი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის - გივი თარგამაძისა და შს მინისტრის - ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის საჯაროდ გამოტანამ. 19 იანვარს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ვლადიმირ სივკოვიჩმა განაცხადა: “თარგამაძე არაბუნებრივი ხერხით დონეცკის “გაუპატიურებით” გვაშინებსო”. და შემდეგ: “მერაბიშვილისა და თარგამაძის საუბარში, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მებრძოლებით გატენილი თვითმფრინავები დგას... იგი ითხოვს, რომ დაუკავშირდნენ იულიას წარმომადგენლებს, რათა მათ გამოაგზავნონ თავიანთი თვითმფრინავები... არის მეორე საუბარი, სადაც თარგამაძე აცხადებს: “თუ არ დაგ­ვარეგისტრირებენ, მე ამ ქალაქს...” მრცხვენია წარმოვთქვა ეს სიტყვა, ამონაბეჭდს დაგირიგებთ, თავად  წაიკითხავთ. ქართველი ლაპარაკობს, რომ იგი “იხმარს” დონეცკს. შეგახსენებთ, თარგამაძე ხელმძღვანელობდა ბოევიკების რაზმებს “ვარდების რევოლუციის” დროს საქართველოში, და ასეთ ადამიანებს გვიგზავნიან უკრაინაში”, - დაამატა სივკოვიჩმა. “გივი თარგამაძე თბილისის პოლიტბომონდის ფონზეც კი უაღრესად გამორჩეული, შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავი პიროვნებაა”, - ირონიულად შენიშნავს მაქსიმ კუპრინოვი სტატიაში “დონეცკი და თარგამაძის სქესობრივი უკუღმართობა” და ასკვნის: “ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: ჩამოვლენ თუ არა “ქართველი დამკვირვებლები” დონეცკში არჩევნების მეორე ტურისთვის, შეეცდება თუ არა არასტანდარტული თარგამაძე განახორციელოს თავისი საზიზღარი დანაპირები?” (segodnia.ru).
ექსპერტები დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის “დამკვირვებლებს” მეორე ტურისთვისაც გამოაგზავნის. იმიტომო, ამბობენ ისინი, რომ სააკაშვილის სიმპათია აშკარად იულია ტიმოშენკოს მხარესაა, რომელიც მეორე ტურშიც წაა­გებს ვიქტორ იანუკოვიჩთან. ასეთ ვითარებაში კი მხოლოდ არჩევნების შედეგების გაპროტესტება შეიძლება აღმოჩნდეს ის ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ნარინჯისფერობა წაეპოტინება.
პროტესტს მიზეზი სჭირდება, მიზეზს - სკანდალი, და თავს ესხმიან ბეჭდვითი სიტყვის კომბინატ “უკრაინას”, სადაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება, ჩამოჰყავთ “დამკვირვებლები” საქართველოდან... “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტს, რომელიც ჯიქურ გაიწევს პრეზიდენტობის კანდიდატისკენ, იანუკოვიჩის დაცვა წინ აღუდგება. სკანდალი - ჩაახშეს თავისუფალი სიტყვა!
მაგრამ პატარ-პატარა სკანდალები სურათს ვერ ცვლის.
ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი პაველ კოვალი იტყვის: “ევროპული პარლამენტის მიერ მოვლენილმა დამკვირვებლებმა ვერავითარი არსებითი დარღვევა ვერ შეამჩნიეს”.
ხოლო “რუსთავი 2”-ის კონფლიქტის შესახებ გაზეთი “Столичные новости“ ცხელ კვალზე დაწერს: “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა “სენსაციური” ცნობა იმის შესახებ, რომ “იანუკოვიჩის დაცვის წევრმა ცემა ქართველი ჟურნალისტი ქალი”.
გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ? რეგიონალების ლიდერის პრესკონფერენციას გაზეთებისა და ტელევიზიების რამდენიმე ასეული კორესპონდენტი ესწრებოდა, მაგრამ არც ერთ მათგანს არავითარი ცემა არ უნახავს. როგორც “CH” კორესპონდენტმა გაარკვია, საქმე ეხებოდა “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტს. იგი თურმე ცდილობდა, მიახლოებოდა იანუკოვიჩს პრესკონფერენციის შემდეგ. დაცვამ ნება რომ არ დართო, ქართველმა იჩივლა... “ტიმოშენკოს ხალხთან”. და მალე იულია ტიმოშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, “თუ რა დაუნდობლად ცემეს ცნობილი ქართული ტელეარხის ჟურნალისტი ქალი”... ეს ინფორმაცია ბანალურ პროვოკაციად იქნა აღქმული” (CH #2).
ერთი სიტყვით, პროვოკაცია კვლავაც რჩება ხელისუფლების შენარჩუნების იარაღად და საშუალებად. პოლიტოლოგმა ანდრეი ერმოლაევმა დაგვიდასტურა, რომ მართლაც ასეა:
- მათ შორის პირველ ადგილზე დავაყენებდი მეორე ტურის ჩაშლისთვის მზადებას. უკვე იკვეთება საამისო სქემის რეალიზაციის ნიშნები: ხმის მიცემის პროცედურის დისკრედიტაცია, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის დისკრედიტაცია, საეჭვო დამკვირვებელთა მოზიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალების ინტერნაციონალიზაცია.
მიიჩნევენ, რომ ამგვარ ინტერნაციონალიზაციაში პირველობა საქართველოს ეკუთვნის.
ასეთია ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგ ამხედრებული ჩვენი ხელისუფლების ბედის ირონია და - გაამოთ!
“მხოლოდ სასწაული თუ შეუშლის ხელს ვიქტორ იანუკოვიჩს, გახდეს პრეზიდენტი”, - დარწმუნებით წერენ უკრაინის პრესაში.
კიევის პეჩორის ლავრის ჩაკეტილ ტაძრებში ამგვარი “სასწაულისთვის” მზადების ნიშანწყალი არ ჩანდა.
ანეკდოტი თემაში
არჩევნები რამდენიმე წელიწადში ერთადერთი დღეა, როცა ადამიანები ქაღალდს აგდებენ პირდაპირ ურნაში და არა - სადაც მოესურვებათ.

“შავი რადა” თუ ახალი შანსი?
სწორედ ასე მკვეთრად, ნიუანსური გადახვევებისა და შერბილების გარეშე დაინახეს 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივა “მრგვალი მაგიდის” მონაწილე პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო მოღვაწეებმა და ჟურნალისტებმა, რომელიც 26 იანვარს გაიმართა კიევში და რომელმაც განიხილა პრობლემა “საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების უზრუნველსაყოფად უცხოელი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების გამოყენების ტექნოლოგიები”.
“მრგვალი მაგიდის” ირგვლივ გამართულ სჯა-ბაასში, როგორც ობიექტური და არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიაში ჩაურეველი მხარე, მონაწილეობდნენ ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუა.
ამ მართლაც საინტერესო კონფერენციის ანალიტიკაში გარკვევამდე ჯერ იმას შეგახსენებთ, რას ნიშნავს “შავი რადა”.
ზოგადად - ქვეყნის თავს დამტყდარ უბედურებას, კონკრეტულად კი ისტორიული მოვლენა იგულისხმება. 1663 წელს კაზაკებისა და გლეხების მასა არ ენდო გეტმანის არჩევის შედეგებს და მეთაურად თავისი კაცი - ივან ბრიუხოვეცკი აირჩია. სწორედ მაშინ იყო, რომ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას კონფლიქტურობის მკვეთრი ესკალაცია მოჰყვა, რამაც კაზაკების სახელმწიფოს დაქცევა და ორი-სამი უკრაინის აღმოცენება გამოიწვია. დაიწყო გრანდიოზული სამოქალაქო ომი, რომელიც ისტორიაში “რუინას” (ნგრევა) სახელით შევიდა.
ამგვარი “შავი რადა” ზოგადი გაგებით რამდენჯერმე გამეორდა ქვეყნის ისტორიაში.
ექსპერტმა იური გავრილენკომ მიუკიბვ-მოუკიბვად თქვა, რომ უკრაინა უახლოვდება იმ მიჯნას, როცა ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს თავისი სახელმწიფოებრიობა.
კულუარებში კი უფრო მკვეთრ ფორმულირებასაც მოჰკრავდით ყურს: სამი უკრაინა, სამი პრეზიდენტი.
პოლიტოლოგ ანდრეი ერმოლაევის
განცხადებით, გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან იმით, რომ ჩაიშალოს არჩევნების მეორე ტური და ლეგიტიმურობის გვერდის ავლით მოხდეს ახალი ხელისუფლების ფორმირება, ანუ - დე ფაქტო (!) ჩამოყალიბება.
27 იანვარს საარჩევნო კამპანია ახალ სტადიაში შევიდა - დაიწყო მეორე ტურისთვის ფორსირებული მზადება.
ეს-ესაა ვთქვით, რომ “შავი რადას” თანამედროვე ვარიანტის გამეორების ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნა არჩევნების ლეგიტიმურობის შემცირების მეთოდის გამოყენებითაა შესაძლებელი, ან - მეორე ტურის ტოტალური ჩაშლით.
რომელ კონკრეტულ გზას აირჩევენ ამით დაინტერესებული ძალები? ვარიანტი საკმაოდ ბევრია, მაგრამ უპირატესობას, როგორც ჩანს, საზოგადოებაში მყარი აზრის ჩამოყალიბებას მიანიჭებენ, რომლის მიხედვით არჩევნები წინდაწინვე გაყალბებულად ჩაითვლება.
მეორე, არანაკლებ ეფექტიანი მეთოდი, სოციოლოგიის დისკრედიტაციაა, რასაც პრაქტიკულად უკვე მიაღწიეს: ისეთი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური ინფორმაცია, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა, უკრაინის ისტორიას არ ახსოვს. მკვლევარების აზრით, სააგიტაციო ომის წინა ხაზმა სწორედ სოციოლოგიურ გამოკვლევებზე გაიარა: 2009 წლის 19 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე, ანუ 71 დღის განმავლობაში 32 სოციოლოგიური კომპანიის 63 გამოკვლევა გამოქვეყნდა. ისეთი განსხვავებული და გაურკვეველი დასკვნებით, რომ ეშმაკიც კი ფეხს წაიტეხდა. თავადმა ამა ქვეყნისამ კი იცის, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი აბდაუბდა ზუსტად შეესაბამება დამკვეთის ინტერესებს.
იცის ელექტორატმაც ამ ნაირფეროვანი ხალიჩის მქსოველთა ჩანაფიქრი და არ ენდობა სოციოლოგიურ გამოკვლევებს, რომლებიც, დარწმუნებულნი არიან, ყალბია.
ასე შემოგვადნება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.
დავუმატოთ ამას ფორსმაჟორული სიტუაციები, რომლებიც გზადაგზა შეიქმნება და რომელთა მიზეზადაც არჩევნების გაუმჭვირვალობა დასახელდება, ასევე, გავლენის მოხდენა საარჩევნო კომისიის წევრებზე და უბნების მიხედვით არჩევნების შედეგების გაუქმება. შეიკვრება დელეგიტიმურობის მეთოდებისა და ხერხების ერთიანი პაკეტი, რომელიც ნებისმიერ დარღვევას ლარში გამოიყვანს, ანუ “გააპრავებს”, მათ შორის, - ელექტორატის მიერ გაკეთებული არჩევანის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების ძალადობრივი გზით მოპოვებასაც.
ისეთ ვითარებაში, როცა ხალხს ეჭვი არ ეპარება, რომ ძალაუფლება უკანონოდაა მოპოვებული, როცა ელიტები დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები ფიქციაა, როცა სასამართლო აღარ არის საზოგადოების შიგნით კონფლიქტების გადაწყვეტისა და მოგვარების ინსტიტუტი, ლოგიკურად იბადება კითხვა, რომელიც უფრო პოზიციას გამოხატავს, ვიდრე პასუხის მიღების სურვილს: მაშ, რისთვისაა საჭირო ასეთი სახელმწიფო?
ხედავთ, სად მივედით?
უკრაინაში ფიქრობენ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება თეორიული განსჯიდან რეალურ პროცესად შეიძლება იქცეს და ამის დადასტურებად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს გამოკვეთილ ნეგატიურ ფაქტებსა და მოვლენებს მიიჩნევენ.
კონკრეტულად რას?
უწინარეს ყოვლისა, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობა, საზოგადოების პოლარიზაცია, რაც გამოიხატა არჩევნების შედეგებში - ელექტორატის 60 პროცენტმა ხმა მისცა ანტაგონისტურ კანდიდატებს.
მეორე - იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს უმწვავესი ურთიერთდაპირისპირება, ორივეს პრორუსული თუ პროდასავლური აქცენტების მსგავსების მიუხედავად. ექსპერტების მტკიცებით, უკრაინაში ანტირუსული განწყობილება ელექტორატში არ აღემატება 5 პროცენტს, ანუ იუშჩენკოსთვის მიცემული ხმების ოდენობის ტოლია.
მესამე - ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე, რომელიც, მკვლევართა აზრით, არის ხალხის მთავარი მტერი (გაავლეთ პარალელი საქართველოსთან) და არა მაინც და მაინც პოლიტიკური სუბიექტები.
და ასე შემდეგ.
ნიშანდობლივია, რომ კრეშჩატიკზე, კიევის გულში აღმართული საახალწლო “მთავარი ნაძვის ხე” 27 იანვრისთვისაც კი ხელუხლებელი იდგა, რადგან... ქალაქის ხელისუფლებამ მისი დემონტაჟის სახსრები ვერ მოიძია.
სამაგიეროდ ქალაქის ქუჩებში უცხოური მარკების ახალთახალი ავტომობილების სიუხვე მოგხვდებათ თვალში.
სიღარიბის პარადოქსი: ბანკები მანქანების შესასყიდად დაუბრკოლებლად და ნებისმიერი რაოდენობით აძლევენ სესხს უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, მუშაობს იგი თუ უმუშევარია.
“უკრაინის - ამ უმდიდრესი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აბსოლუტური სიღატაკის ზღვარზე დგას”, - მიაჩნია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორს ვლადიმირ პანიოტოს.
პრეზიდენტობის კანდიდატების ბანაკებიდან “საარტილერიო მომზადების” მაკომპრომეტირებელი ბათქები ისმის; ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ იანუკოვიჩის მომხრეებმა უკვე დასცეს ლურჯი კარვების ბანაკი, რომელიც ჯერჯერობით ცარიელია.
სამაგიეროდ დაპირისპირებულთა ცეცხლის ხაზზე გამოსულია 2011 ქართველ “დამკვირვებელთან” დაკავშირებული სკანდალი. პირველ დესანტს გასულ პარასკევს ფოთიდან ოდესაში “გაურკვეველი მიზნით” ჩასული 50 კაცი დაემატა (!).

ვისთვის - დამკვირვებლები, ვისთვის - დაუპატიჟებელი სტუმრები
საქართველოდან ჩასული ქართველი “დამკვირვებლების” რაოდენობამ საზოგადოებრიობის ჯერ გაოცება გამოიწვია, შემდეგ - აღშფოთება, ბოლოს დაცინვისა და ქირქილის საგნად იქცა პატარა საქართველოს პლანეტარული მასშტაბი.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრებმა, რომელთა გაშიფრული ჩანაწერი პრესაში გამოქვეყნდა, განსაკუთრებით, სააკაშვილისა და ტიმოშენკოს საუბრის პუბლიკაციამ, დიალოგის მონაწილეთა “კეთილი სურვილების” საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია და უკრაინის ოპოზიციის საარჩევნო წისქვილის არხს მიუშვა წყალი.
საქართველოდან ჩასული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების განცხადებით, უკეთილშობილესი მისია ჰქონდათ დაკისრებული - ხელი შეეწყოთ უკრაინაში დემოკრატიის დამკვიდრება-განვითარებისთვის, აღემატებოდა სხვა ქვეყნებიდან მივლინებული მათი კოლეგების საერთო რაოდენობას.
ასეთმა კონტრასტმა დააეჭვა ექსპერტებიც და ფართო საზოგადოებრიობაც: საიდან და რატომ ასეთი ხელგაშლილობა?
“მრგვალი მაგიდის” გარშემო შეკრებილ პოლიტოლოგთა და პოლიტტექნოლოგთა მიერ ამასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს თუ შევაჯამებთ, ასეთი პრობლემა გამოიკვეთა:
გაუგებარია, როდიდან ჰყავს პატარა საქართველოს კვალიფიციურ დამკვირვებელთა ასეთი რაოდენობა და რატომ გაუჩნდა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ინტერესი მაინც და მაინც უკრაინული არჩევნების მიმართ?
ექსპერტმა იური გავრილენკომ მსოფლიო გამოცდილების, დამკვირვებელთა მომზადებისა და მოწვევის პრაქტიკა დაიმოწმა და განაცხადა, რომ მხოლოდ ცნობილ პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებს საერთაშორისო დამკვირვებლებად რომელიმე ქვეყანაში ჩასვლის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ.
“მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, - თქვა გავრილენკომ, - ვინც მიესალმა ქართველ დამკვირვებელთა ჩამოსვლას, მაგრამ მე ვიყავი იმათ შორისაც, ვინც დაინტერესდა ამ ვუნდერკინდების ნახვით, რომელთაც შესწევდათ უნარი, ერთ დღეში შეესწავლათ  შესაბამი­სი კანონები და სხვა დოკუმენტები. ამ ზონდერრაზმის ჩამოსვლით ნუ გვაყენებენ არასასიამოვნო სიტუაციაში მოძმე ხალხის წინაშე, თავს ნუ გვახვევენ ასეთ სკანდალებს”.
უკრაინელ სპეციალისტებს ვერ აუხსნიათ, რატომ აგზავნის საქართველო უკრაინაში დამკვირვებლებად უმუშევარ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული საცხოვრებელი ადგილიც კი არ გააჩნიათ. მათი აზრით, როცა ადამიანი თავის პროფესიას მალავს, იგი ან სპეცსამსახურის თანამშრომელია, ან სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობს. სანამ ეს საკითხები არ გაიშიფრება, მანამდე უკრაინას უფლება არ აქვს, მიიღოს დამკვირვებლებად ეს ადამიანები.
ეს ერთი, მთავარი მიზეზია.
მეორე. “საქართველო არ არის დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყანა, მისი პოლიტიკური სისტემა ავტორიტარული ხასიათის მატარებელია. Freedom House-ის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, თავისუფლების ხარისხით საქართველო ჩამორჩა არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს, არამედ - უკრაინასაც. საქართველო არ მოხვდა “ამორჩევითი დემოკრატიის” ჯგუფშიც კი (იგი შეიტანეს “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების სიაში). უკანასკნელ წლებში საქართველოში შეინიშნებოდა ნეგატიური პროცესები: ოპოზიციის დევნა, მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევა, ქართველ ოპოზიციონერ-პოლიტიკოსთა საიდუმლოებით მოსილი სიკვდილი, ოპოზიციური მასმედიის დარბევა და ა.შ.” (საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფონდის მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალებიდან).
პოლიტოლოგმა დიმიტრო ვიდრინმა
ჩვენი ყურადღება ასეთ საინტერესო ფაქტს მიაქცია:
უკრაინელებმა ევროკავშირს მიმართეს თხოვნით, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნათ. 50 კაცზე მეტი ვერ მოავლინეს, რადგან თითო დამკვირვებელი 5 ათას ევროზე მეტი უჯდებოდათ.
გავიხსენოთ სკოლაში ნასწავლი არითმეტიკა და ევროდამკვირვებელთა 5 ათასი ევრო ქართველთა 2 ათასზე გავამრავლოთ. მივიღებთ 10 მილიონ ევროს.
ხომ ასეა?
საქართველოდან მივლინებულებს, ალბათ, 5 ათასს არ გადაუხდიან. გავანახევროთ. 5 მილიონი დარჩება. ევრო გადაახურდავეთ ლარებზე და მიიღებთ თანხას, რაც დაუჯდა ეს ავანტიურა გადასახადების ქართველ გადამხდელებს.
შედარებისთვის: ყველაზე დიდი დელეგაციები უკრაინაში ჩავიდა რუსეთიდან - 39 დამკვირვებელი, აშშ-დან - 97.
დასკვნისკენ წავიდეთ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ისტორიაში პირველად იქმნება პრეცენდენტი, როცა უცხოელი დამკვირვებლები შიდაპოლიტიკური პროცესის იმდენად სერიოზულ ფაქტორად ჩამოყალიბდა, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
და პარადოქსი: შეიქმნა ისეთი ვითარება, როცა დიდ ევროპულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას ახდენს რესურსებითა და რეგიონში თავისი გავლენით მნიშვნელოვნად მასზე სუსტი სახელმწიფო.
ასეთი დამოკიდებულება დომინირებს უკრაინის ისტებლიშმენტში, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს ორი ქვეყნის მეტად მგრძნობიარე ურთიერთობაზე.
ალბათ, ამიტომ იყო, რომ “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში კადრის დიპლომატმა, უმაღლესი რადას საკანონმდებლო განზრახულობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კოჟარამ განაცხადა: “აშკარად არამეგობრულად იქცევა საქართველო და, სანამ არ მივიღებთ პასუხს, რატომ ხდება ასე, ჩვენი ურთიერთობები დაძაბული დარჩება”.
პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი სერგეი ტოლსტოვი პასუხს ეძებს კითხვაზე - რატომ ხმას არ იღებს ეუთო ფსევდოდამკვირვებლების სკანდალის გამო და თავადვე უპასუხებს:
“აშკარაა ტრანსნაციონალური კაპიტალის გავლენა.
ამის ერთ-ერთი დამახასიათებელი მაგალითია ინგლისში ჩასახლებული, ყოფილი რუსი ოლიგარქის ბერეზოვსკის განცხადება, რომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საუკეთესოა იულია ტიმოშენკო, რომელსაც იგი მხარს უჭერს.
ეს ის ბერეზოვსკია, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა, იუშჩენკოს ხელისუფლებაში მრჩევლის ადგილის დამკვიდრებას. სხვათაშორის, არც ჩვენი თანამემამულის - ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის დანატოვარი კაპიტალის გარშემო ატეხილ წიოკში არ გამოიყურება მაინც და მაინც დადებითად.
ვერ ისვენებს ყმაწვილი.
არ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას უკრაინაში გულხელდაკრეფილები შესცქერიან. იმის გამო, რომ უკრაინის შს სამინისტრომ საქართველოდან ჩამოსულებზე მზრუნველობა იკისრა (დონეცკში, მაგალითად, “დამკვირვებლები” საპატრულო მანქანებით გადაიყვანეს აეროპორტიდან სასტუმროებში, ჩაუტარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, დააკვალიანეს და ა.შ.), აგრეთვე, სხვა მიკერძოებათა გამო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო, რომელიც ამ პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა, უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან მოხსნა.
გარკვეული რევერანსებით, მაგრამ დაუფარავად აცხადებენ - “დღეს საქართველო უკრაინის მიმართ აშკარად არამეგობრულად მოქმედებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე” (დეპუტატი ლეონიდ კოჟარა).

სეპარატიზმის არცთუ სპირიტუალური აჩრდილი
- რეგიონების დაპირისპირება უკრაინაში, - ამბობს პოლიტოლოგი სემიონ ურალოვი, - მინავლებული ფორმით ყოველთვის არსებობდა, თუმცა არა პოლიტიკურ, არამედ ყოფით დონეზე. ამჟამად მისი გააქტიურება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს (აღმოსავლეთი უკრაინა, დასავლეთი უკრაინა, ყირიმი).
2004 წლისთვის ყველაფერი დამშვიდებული ჩანდა, რადგან პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ფარული ფედერალიზაციის პოლიტიკას განახორციელებდა. სიტუაცია პრინციპულად ნორმალური იყო და ყველას ხელს აძლევდა, დაახლოებით ისე იყო, როგორიც ამჟამად ყაზახეთშია.
მას შემდეგ, რაც “ნარინჯისფერებმა” გამოიყენეს სერბეთში აპრობირებული ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ტექნოლოგიები, როცა ხელისუფლება მიჩნეულია აბსოლუტურ ბოროტებად, ოპოზიცია კი - აბსოლუტურ სიკეთედ, აშკარა გახდა აშშ-ს მცდელობა, ჩვენი ქვეყანა გარედან ემართა.
იუშჩენკოს კანდიდატურა უალტერნატივო არ იყო, როგორც, ვთქვათ, საქართველოში ან სერბეთში. ამიტომ იმ ტექნოლოგიების გარდა, რომლებიც ამ ქვეყნებში იყო გამოყენებული ფერადი რევოლუციების დროს, უკრაინაში აამოქმედეს  ორი რეგიონის - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ტექნოლოგია.
ჩვენმა “ნარინჯისფერებმა” გააჩაღეს ფართო კამპანია აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეების დისკრედიტაციის მიზნით, რომ დონეცკში გაუნათლებელი ხეპრეები ცხოვრობენ და ა.შ.
თუ ჩვენი არჩევნების რუკას დახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ დაპირისპირების საზღვარი დნეპრის გასწვრივ გადის - ორი აბსოლუტურად განსხვავებული ელექტორალური რეგიონის საზღვარი. თუ “ნარინჯისფერები” ხმათა უმრავლესობას (80 პროცენტს) დასავლეთში იღებენ, დონბასში ამის საწინააღმდეგო სურათია.
ამიტომ სავსებით გასაგებია ტიმოშენკოს ლოგიკა - ჩაშალოს არჩევნები აღმოსავლეთში, დასავლეთის ხმებით კი გამარჯვება უზრუნველყოფილი ექნება: ჭეშმარიტი მოქალაქეები უპირისპირდებიან არასრულყოფილებს და იგებენ არჩევნებს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სეგრეგაცია, რომელიც აშშ-ში 50-იან წლებში იყო ან, ფაქტობრივად, დღეს არის ბალტიის სახელმწიფოებში.
ეს გზა უკრაინაში არ გაგვივლია, თუმცა საარჩევნო პროცესში წინასწარგანზრახული შეცდომების დაშვების ტექნოლოგიის გამოყენებით სწორედ ასეთი შედეგის მიღწევას ცდილობენ.
აღმოსავლეთი ინდუსტრიული რეგიონია - მძიმე მრეწველობა, შეიარაღება (ტანკები), ქვანახშირის მაღაროები. იქაური მოსახლეობის საუკეთესო პერიოდი, შრომითი დიდების ზენიტი, საბჭოთა იმპერიასთან არის დაკავშირებული. ახლა კი, იმის გარდა, რომ ამ რეგიონის დეგრადირება ხდება, ადამიანებს ყოველმხრივ შეურაცხყოფენ, ამცირებენ, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად წარმოაჩენენ.
ამიტომ წარმოექმნათ მათ კონფლიქტი უკრაინის სახელმწიფოსთან.
ეს პროცესი უკვე არაკონტროლირებადი გახდა. დაირღვა სახელისუფლო ვერტიკალი, როცა დირექტივა ცენტრიდან, ასე თუ ისე, აღწევდა პერიფერიამდე. ახლა სრული ანარქიაა. აი, ამ არეულობაზე თამაშობს ამჟამად პოლიტიკური ისტებლიშმენტი.
უკრაინაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, არ არის მშვიდობა გაძარცული წაბლის ხეების ქვეშ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე კი ოთხი დღე რჩება.
დამშვიდდება თუ არა 7 თებერვლის შემდეგ მოძმე უკრაინა, დადგება თუ არა ნარინჯისფერობის ფერისცვალების პერიოდი, ალაჰმა უწყის.

არმაზ სანებლიძე
კიევი-თბილისი

კომენტარები (1 კომენტარი):

mshvidoba 03 02, 2010 08:24
avatar
rusets raaa? ...
amerikas raaa? ... icit rac!
evropas raaa? ...
ra codoa sawkali xalxi

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru