წასვლა?.. არ წასვლა? – საკითხავი, აი, ეს არის!
ამ კვირაში მოსკოვიდან სიგნალი შემოვიდა – რუსეთის ხელისუფლება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკება სააკაშვილსა და მის ხალხს, მზად არის, შეხვდეს ქართული ოპოზიციის ლიდერებს. ამას, რასაკვირველია, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იყო პრემიერ-მინისტრ პუტინის ფართოდ ტირაჟირებული შეხვედრა საქართველოს ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან, რასაც ხელისუფლებისა და სახელისუფლო “ოპოზიციის” მხრიდან ნამდვილი ისტერია მოჰყვა. ეს გასაგებიც არის – აქამდე რუსეთს აწყობდა სააკაშვილის “დაჩმორებული” რეჟიმი, ხოლო ქართული ოპოზიციის მიმართ, მისი “პროდასავლურობის” გამო, ნეგატიურად იყო განწყობილი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის არსებობასაც და, როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერებმაც ამიტომ გადაწყვიტეს, გაეცნონ მათ, ვინც შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილის შემდეგ.
ხელისუფლება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ არც რუსეთსა და არც სეპარატისტებს არ დაელაპარაკება. აბა, ჟენევის ფორმატი რა არის? მაგრამ სწორედ ჟენევის ცხრავე რაუნდმა გვიჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ქვეყნის გამთლიანება ხელს არ აძლევს და ჟენევაში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თვალის ასახვევად დადის. ამიტომ, თუ ხელისუფლებაა ჩართული ანტიეროვნულ საქმიანობაში, მაშინ ოპოზიციის ჯერია, გვიჩვენოს, რისი მაქნისია!
რუსეთს ყველაზე მეტად აღიზიანებდა და აღიზიანებს არა იმდენად ანტი-რუსული რიტორიკა, რამდენადაც ქართველი პოლიტიკოსების სისტემატიური განცხადებები, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ნატოში გაწევრიანება. არადა, როგორი შინაგანი განწყობაც არ უნდა ჰქონოდა ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, იმის განცხადებას ვერაფრით ვერ ბედავენ, რომ ნატოსკენ სწრაფვა ერთი მეორის მიყოლებით ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს. უფრო მეტიც, იმის გახსენებაც არ უნდათ, რაც სამიოდე წლის წინათ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თბილისშიც და ბრიუსელშიც თქვა: “თუ ნატოში მიგიღებთ, მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე!”
არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილმა აგვისტოს ავანტიურაც სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ეს ორი ტერიტორია რუსეთისთვის ჩაებარებინა, სამაგიეროდ კი ნატოში შესულიყო. მაგრამ ის, ალბათ, არ მოელოდა, რომ რუსეთი გორს, ზუგდიდსა და ფოთს დაიკავებდა და “ნატოს სტანდარტებით” აშენებულ სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებს დაარბევდა. ამან კი ნატოს ხელმძღვანელობაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა და საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრებაზე ლაპარაკსაც კი წერტილი დაუსვა. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) განაცხადა: “ნატოში ახალი წევრი იმისათვის უნდა მივიღოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია გაძლიერდეს. საქართველოს მიღება კი ჩვენს ორგანიზაციას მხოლოდ დაასუსტებს და რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის გაწირავს მას!”
ნატოსკენ სწრაფვა რომ რუსეთისგან ვერ დაგვიცავს, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. მაშინ სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გავყვიროდეთ ნატოში ინტეგრაციაზე, როდესაც იქ ჩვენ მხოლოდ პატარა ლიტვა (რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება) გვეპატიჟება, ხოლო ატლანტიკური ალიანსის სამი მთავარი წევრი – საფრანგეთი, გერმანია და იტალია ჩვენი მიღების აშკარა წინააღმდეგია. ამასთან, ნატოს პოლიტიკური მოთხოვნები, არა მარტო მისაღები, მისასალმებელიც კია. ესენია: თავისუფალი მასმედია, დამოუკიდებელი სასამართლო და ნამდვილი თვითმართველობა! მაგრამ სწორედ ამას არ ასრულებს ხელისუფლება, ვინაიდან იცის, რომ ამ სამი მოთხოვნის შესრულება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას, ანუ მისი ნაცისტური რეჟიმის კრახს ნიშნავს!
როგორც არა ერთხელ მითქვამს, რუსეთი ჩვენი “პროდასავლურობის” წინააღმდეგი კი არ არის, არამედ კონკრეტულად თავის საზღვრებთან ნატოს ბაზების განლაგებისა. ეს არის ჩვენი დაპირისპირების ალფა და ომეგა, სხვა გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. და ეს ყველაზე კარგად სწორედ ამ ხელისუფლებამ იცის! ნატოში რომ აღარ გვიღებენ, სააკაშვილმა შარშან, ივლისში, წამყვან ამერიკულ გაზეთთან ინტერვიუში აღიარა და ახლა არ იცის, თუ რა გააკეთოს. ცნობილია, რომ მან საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთსა და მის ზურგს ამოფარებულ ქვეყნებს გადააბარა. ის უარს არ იტყოდა, სრულად დანებებოდა რუსეთს, მაგრამ პუტინი და მედვედევი მას არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკებიან, ხოლო ამერიკასა და ევროკავშირს უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული მასზე, აღარ ელაპარაკებიან. ასეთ სიტუაციაში მას შეუძლია, მხოლოდ დროის გაწელვაზე იფიქროს, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და, მართლაც, რუსეთმა 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია – გადაწყვიტა, გაეცნოს იმ ხალხს, ვინც პოსტსააკაშვილისეულ საქართველოში შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ. სწორედ ამიტომ ჩავარდნენ პანიკაში სააკაშვილის გუნდი და ის ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც სააკაშვილის ნასუფრალით იკვებებიან.
ხელისუფლებას რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელი აქვს ჩაქნეული, ყველა ხედავს. სააკაშვილს კი, როგორც ჩანს, დღეს აღმაშენებლის პროსპექტის აღდგენა უფრო აღელვებს და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ეს მიაჩნია. ასეთ დროს კი ოპოზიციის ლუსტრირება ხდება, ვინაიდან არსებობს ელემენტალური ლოგიკა: თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია (სამხედრო გზით მათი დაბრუნების მხოლოდ იდიოტებს სჯერათ), ამიტომ თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მათი დაბრუნება სურს, სწორედ რუსეთს უნდა ელაპარაკოს! ამიტომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ისინი, ვინც დიალოგზე წავლენ, რუსეთს მხოლოდ აჩვენებენ, რომ საქართველოში არის ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოკეანის გაღმელთა ლაქია არაა.
შარშან ჩვენ ხშირად გვესმოდა სიტყვა “დიალოგი”, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში. მაშინ ლაპარაკი იყო ოპოზიციის ხელისუფლებასთან დიალოგზე და, როდესაც ოპოზიცია ამაზე წავიდა, დარწმუნდა, რომ ეს სრული უაზრობა იყო. და ახლა რატომ არ უნდა დასხდნენ პუტინთან და მედვედევთან სასაუბროდ და რატომ არ უნდა გაიგონ, რისთვის ეძახიან მათ მოსკოვში?
დიპლომატია ხომ ვაჭრობას ნიშნავს და ვიდრე პოლიტიკურ ვაჭრობაზე წახვალ, უნდა იცოდე, შენგან რა შეიძლება უნდოდეთ, რისი დათმობა შეგიძლია და რისი არა. რა უნდა რუსეთს? მათთვის მთავარია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს ნატოს ან ამერიკის სამხედრო ბაზები!
აფხაზეთში მათ, დიდი ხანია, აღარ აინტერესებთ საზაფხულო დაჩები, როგორც ეს იყო 1992 წელს; მდიდარ რუსებს, დიდი ხანია, ვილები აქვთ მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, ხოლო სხვებს ათვისებული აქვთ თურქეთის, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების უმშვენიერესი კურორტები, აფხაზეთში კი დიდი რისკის ფასად დასასვენებლად მხოლოდ ყველაზე ღარიბები ჩადიან! მათ არც “მჟავე” (როგორც თვითონ უწოდებენ) აფხაზური მანდარინი აინტერესებთ, რუსეთის ბაზარი უმაგისოდაც გადატვირთულია მაღალხარისხიანი პროდუქტებით! აფხაზეთში მათი ერთადერთი ინტერესის საგანი შავი ზღვის გაკონტროლებაა, ანუ გუდაუთის საჰაერო ბაზა, ოჩამჩირის საზღვაო ბაზა და ეშერის ლაბორატორია. დიდი ხანია, ვამტკიცებ, ეს ბაზები ჩვენ იჯარით 25 წლით რომ მიგვექირავებია, რასაკვირველია, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კონფლიქტი ამოწურული იქნებოდა და არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იქნებოდა! ხოლო 25 წელიწადში “ან შაჰი მოკვდება, ან - მოლა”!
სამხრეთ ოსეთში კი მათ საერთოდ არაფერი ესაქმებოდათ. რომ არა სააკაშვილის ავანტიურიზმი, ეს ტერიტორია კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ 2003 წლისათვის ერგნეთის ბაზრის წყალობით ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, კვლავ საქართველოს ნაწილი იყო, ცხინვალში ლარი ტრიალებდა და გამშვებ პუნქტებზე აღარავის ამოწმებდნენ. ერთადერთი მოუგვარებელი საკითხი იყო ამ ავტონომიის სახელწოდება: ოსები მოითხოვდნენ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას”, ხოლო შევარდნაძეს უნდოდა დაფიქსირებულიყო ტერმინი “ავტონომია”. მაგრამ მოვიდა სააკაშვილი და პირველი სისულელე, რაც გააკეთა, იყო ერგნეთის ბაზრის დახურვა, რასაც მოჰყვა უფრო დიდი სისულელე – ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნა და ჩვენი ჯარის შერცხვენა!
ამის შემდეგ რუსები სეპარატისტულ რეჟიმს მხოლოდ სააკაშვილის ჯინაზე თუ უჭერდნენ მხარს და შანტაჟისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა სააკაშვილის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ – დღეს ახალგორის ბაზა აკონტროლებს საქართველოს ორივე მთავარ ტრასას, ცხინვალის ბაზას კი იმ შემთხვევაში (რაც, ალბათ, გარდაუვალია) გამოიყენებენ, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ დაიწყება სერიოზული სამხედრო შეტაკებები.
აი, ის, რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აინტერესებს, ხოლო სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის შენახვა მძიმე ტვირთად აწევს კისერზე, რაზეც სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას ამჟღავნებენ რუსეთის რეგიონები. თავის დე ფაქტო პროვინციას რუსეთი დე იურედ ვერ აქცევს, საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი უარყოფითი რეაქციის გამო. ასეთ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, რატომ არის სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელი”, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი – ავტონომია; და ეს მაშინ, როდესაც ორივეს გაერთიანება სურს? ამის თავიდან აცილებას კი შეძლებდნენ რაღაც გარკვეულ პირობებში ამ ტერიტორიის (ცხინვალის რეგიონის) საქართველოსათვის დაბრუნებით. და სწორედ ამ პირობებზე ლაპარაკია საჭირო მოსკოვში, ვინაიდან დადგა ის მომენტი, როდესაც არის შანსი, რაღაცაზე შეთანხმდნენ. თუმცა პირველი შეხვედრით დიდ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
აუცილებელია, ვიცოდეთ, რაზე არ შეიძლება ვაჭრობა: არავითარი “ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება” - ჩვენ და რუსეთს კარგად თუ ცუდად ინტენსიური ურთიერთობის სამი საუკუნე გვაქვს! ცხადია, ვერ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, და ეს სახელისუფლო პროპაგანდის თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილია, - თითქოს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა ამას მოასწავებს! ცხადია, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, გარდა ხელისუფლებაში მყოფთა, არ დათმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს! ამის გარდა ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. დიალოგი კი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, ქართული საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული რუსეთის პირობებზე. ხოლო ლაპარაკი “სახალხო მანდატზე” მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ან არ შეიძლება.
რამაზ კლიმიაშვილი
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (4 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი