სააკაშვილი შეეცდება, ქართველი სპეცრაზმელების საშუალებით უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ სააკაშვილმა რუსთაველზე გამოსული ხალხის დასარბევად უკრაინელი სპეცრაზმელებიც დაიხმარა. ახლა კი, როცა მის უკრაინელ “დოსტებს” გაუჭირდათ, თვითონაც “ხელი გამოიღო” და ცდილობს “ამაგი დაუფასოს.” ახალგაზრდული მოძრაობა “წინ”-ის ხელმძღვანელის, შოთა აფხაიძის მტკიცებით, ქართველი “დამკვირვებლები”, რომელთა შორის რეალური დამკვირვებელი მხოლოდ 20 თუ იქნება, ცდილობენ დაპირისპირება გამოიწვიონ უკრაინაში. “თუკი ქართველი სპეცრაზმელები დაპირისპირებას მოახერხებენ, შესაძლოა, ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გადაწევის მიზეზი გახდეს, ამით კი ისინი დროს მოიგებენ,” - ამბობს აფხაიძე. “საქართველო და მსოფლიო” შოთა აფხაიძეს დაუკავშირდა.
- მაქვს რეალური ინფორმაცია, რომ კიევში გამგზავრებულთა შორის არიან კუდის თანამშრომლები ირაკლი ანდრონიკაშვილი, ირაკლი გოგია და ბაკურ კორნილოვი. ასევე, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის ფოტოგრაფია, კუდის კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი შალვა იმერლიშვილი და “ნაცმოძრაობის” დეპუტატი ბადრი ბასიშვილი. მათ ჩვენ პირადად ვიცნობთ. ეს ადამიანები ეჭვმიტანილი და მხილებული არიან სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, რამდენიმე თავდასხმასა და დარბევაში, ადამიანთა გატაცებაში.
- რეალურად რა მიზანს ემსახურება ამ ადამიანების ვიზიტი უკრაინაში?
- მიზანი ნათელია; ისინი დამკვირვებელთა ნიღაბს ეფარებიან, ვითომ უკრაინელ ხალხს არჩევნების პატიოსნად ჩატარებაში უნდა დახმარებოდნენ. მათი რეალური მიზანი კი არჩევნების ჩაშლა იყო, უნდოდათ, კარუსელი ზუსტად ისე დაეტრიალებინათ, როგორც საქართველოში ატრიალებენ სააკაშვილის ზონდერბრიგადები. მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ უკრაინა არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და უცხოელებს არავინ მისცემდა უკრაინელი ხალხის არჩევანის გაყალბების უფლებას.
ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ პროცესებს მართავენ პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება და მათი სატელეფონო საუბრებიც ამას ადასტურებს. ევროკავშირიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა, ჩვენგან კი - 2 000 კაცი. ეს კარგად გაწვრთნილი, ფიზიკურად მომზადებული ისეთი ძალაა, რომ დესტაბილიზაციას ნამდვილად გამოიწვევს. ისინი არა მარტო დონეცკში ჩავიდნენ, არამედ გადანაწილდნენ კიევსა და სხვა ქალაქებში. მათ კავშირი აქვთ ჩეჩნურ დაჯგუფებებთან. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე.
- ამ 2 000 ადამიანიდან ყველა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია, თუ მათ ნაწილს მართლაც აქვს არჩევნებზე დაკვირვების კომპეტენცია?
- ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, ალბათ, 15-20 კაცი თუ იქნებოდა ჩასული არჩევნებზე დასაკვირვებლად, დანარჩენები კი ამ ადამიანების ზურგს ამოეფარნენ.
- თქვენი აზრით, რატომ განიცდის საქართველოს ხელისუფლება ასე მტკივნეულად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის დაწინაურებას?
- იმიტომ, რომ იუშჩენკოს წასვლა სააკაშვილის წასვლას გამოიწვევს, ვინაიდან ასე რევოლუციის გზით მოსულებმა, ვგულისხმობ იუშჩენკოსა და სააკაშვილს, ვერ გაამართლეს.
შორენა გოგოლაძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი