საქართველო და მსოფლიო: ივან ვასილიჩი პროფესიას არ იცვლის ივან ვასილიჩი პროფესიას არ იცვლის ================================================================================ საქართველო და მსოფლიო on 27 01, 2010 08:51 ქართული დესანტის უკრაინაში გადასხმის მიზანი პრეზიდენტ სააკაშვილის პრემიერ ტიმოშენკოსთან სატელეფონო საუბრისას გამჟღავნდა. “ბრძოლისუნარიანი დამკვირვებლები” რას და როგორ დააკვირდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყველაზე უკეთ ქართველმა ამომრჩევლებმა იციან; განსაკუთრებით მათ, ვინც კარგად მომზადებული ზონდერების ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა 2007 წლის 7 ნოემბერსა და შარშანდელი გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, ჯერ შორიდან რომ აკვირდებოდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი, ცალკე მოიხელთებდნენ და ძვალსა და რბილს უერთიანებდნენ. ახლაც ასე უნდოდათ; თანაც გივიც იქ იყო, პრეზიდენტის ჯილა თარგამაძე და ამითაც დააიმედა თავისი კლეოპატრა არშემდგარმა ანტონიუსმა. იულიას კლეოპატრობა არ გამოსდის - ძარღვებში სამეფო სისხლი არ უჩქეფს, არც ჩვენი ანტონიუსია დიდი ხვითო... სამაგიეროდ, ივან სერგეევიჩი და გივი ვასილიჩი - ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე - არიან ფორმაში. მათი სინთეზი კი გვაძლევს ფრიად საინტერესო პერსონაჟს: ივან ვასილიჩს! ეს ივან ვასილიჩი, თქვენ რომ გაგახსენდათ, იმ ივან ვასილევიჩისგან განსხვავებით, პროფესიას არ იცვლის. საქართველოში “ვარდების რევოლუციის”, უკრაინაში კი “ნარინჯისფერი რევოლუციის” გამარჯვების (ანუ ქართველი და უკრაინელი ხალხების დამარცხების!) შემდეგ ვანო სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემლად ტრანსფორმირდა, გივიმ კი ახალი დავალება მიიღო - ყირგიზეთს მიაშურა, ვირზე შეჯდა და სოფელ-სოფელ შემოიარა, მოაგროვა “უნახავმა რა ნახა” ხალხი და ბიშკეკში “გადმორეკა”. იმათაც - “ეს რა ნახა ჩვენმა თვალებმაო” და, მცირედი წაქეზებაც საკმარისი იყო, ერთიანად დარეოდნენ მაღაზიებს. ვითომ “ტიტების რევოლუცია” იმით დამთავრდა, რომ აკადემიკოს აკაევს კაგებეს გენერალი ბერდიმუხამედოვი ჩაენაცვლა. რა და რამდენი მიიღო გივიმ, არ ვიცით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ვასილიჩი სულაც არ არის ჩეგევარას მსგავსად რევოლუციური იდეებით შეპყრობილი. უბრალოდ, მიხვდა, რომ ამით კარგი ბიზნესის აწყობა შეიძლებოდა და პროფესიად გაიხადა რევოლუციონერობა. ბელორუსშიც სცადა, კინაღამ ადამიანის ცოდვაც დაიდო, თავისი უსუსური თანამეინახისა, მაგრამ არ გამოუვიდა. კი აცხადებდა ირონიულად, ერთი იმ კაცის სახე მაჩვენა რევოლუციის შემდეგო (ლუკაშენკოს გულისხმობდა), მაგრამ გამოაძევეს ეგეც და მისი მფარველებიც და ახლა შეუძლია იმის სახე ყოველდღე ნახოს ბელორუსის პრეზიდენტის საიტზე და ტელევიზორში. თუკი ივან სერგეევიჩი ქვეყანას ინკვიზიტორად მოევლინა და “ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ვანო”, გივი ვასილიჩს, ანუ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ამ პოსტის დაკავების შემდეგ სამშობლოში იშვიათად ხედავდნენ და ერთი პირობა უკვირდათ კიდეც, სად დადის ეს უპირო კაცი, ემანდ სადმე ფარსაგს არ გადაეყაროს (ანდა სულაც არყით გამობრუჟულს სადმე არ ჩაეძინოს და არ გაცივდეს) და არ დავიღუპოთო. ჩვენ რომ გივის გაუჩინარებას ასე “განვიცდიდით”, თურმე ვასილიჩი უკრაინაში რონინობდა, თავის პარტნიორების ბიზნესებს დაჰფოფინებდა. აბა, რა ექნა?! საქართველო მოინარეკლეს, იქ კი მეტი სივრცეა, ფართო ასპარეზი. ახლა კი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისას, როცააგივი ვასილიჩისა და მისი ამფსონების ბიზნესებს საფრთხე დაემუქრა, დაფაცურდნენ - თუ იანუკოვიჩი გახდა პრეზიდენტი, აქედან აგვაძუძგინებსო. “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს ივან სერგეევიჩი თბილისიდან უგზავნიდა ხალხს და ინსტრუქციებს, გივი ვასილიჩი კი კიევს არ მოსცილებია. ამაგიც დაუფასეს სინთეზს - ივან ვასილიჩს, ახლა კი ყველაფერი დნეპრში ეყრებათ. ამიტომაც პრეზიდენტ სააკაშვილის დავალების შესრულების გარანტიაც საკუთარ თავზე აიღეს. თუ იანუკოვიჩის მომხრე აღმოსავლეთ უკრაინაში საარჩევნო უბნებზე დებოშს მოაწყობდნენ (მეტი არც ევალებოდათ, არჩევნების დასაკვირვებლად კი თბილისურ დესანტს არც ცოდნა აქვს და არც გამოცდილება!) და არჩევნებს ქართულ-ხალხურად ჩაშლიდნენ, მაშინ იულიას მეტი შანსი ექნებოდა, მეორე ტურში დაწინაურებულიყო. ამ მეორე ტურისთვისაც ემზადებოდნენ და, როგორც ცესკოს თავმჯდომარეობიდან მოსროლილმა და გაპანღურებულმა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!) ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, 2000-ზე მეტი “დამკვირვებელი” სწორედ ორივე ტურზე იყო გათვლილი. ამჯერადაც ისე იყო, როგორც 2004 წელს: ვანო - აქა, გივი - იქა! საქმეს კი ერთს აკეთებენ, ისეთ საქმეს, ქვეყანას რომ თავს სჭრის და მის ავტორიტეტს აცამტვერებს! ივან ვასილიჩის პროექტს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი კურირებდა და ბიჭებიც მიაშველა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ქართველების ცემაში გამობრძმედილი ჯეელები თურმე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გადაანაწილეს, მაგრამ სასტუმროებიდან ცხვირსაც ვერ ჰყოფდნენ, ისე ეშინოდათ დამხვდურებისა. მაგრამ მეროჭიკე რევოლუციონერ გივის ხელი არ ჩაუქნევია და ხან კანონიერ ქურდებს უხმობდა საშველად და ხან - შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, არიქა, ვიღუპებითო, თან შიგადაშიგ მუქარასაც ურევდა. იმ სატელეფონო საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, იტერნეტსივრცე რომ დაიპყრო და მთელი მსოფლიო დაარწმუნა, როგორი დემოკრატიული მეთოდებით ატარებენ არჩევნებს საქართველოში: მერაბიშვილი: - დაურეკე იულიას და სხვებს, როგორ ჩამოვიყვანო 1000 კაცი. თარგამაძე: - ამას ახლავე მივხედავ. მერაბიშვილი: - მიდი. ხვალ კიდევ ერთ რეისს დავამატებთ. შენ 300-მდე კაცს მიიღებ. თარგამაძე: - კარგი იქნება, ალბათ, გვეყოფა, მე კიდევ მყავს ხალხი, სადღაც 400-მდე ადამიანი. მერაბიშვილი: - ახალაიამ თქვა, მოჭიდავეებს მოგცემთო, მათაც გამოგიგზავნი. თარგამაძე: - ისინი უკვე იქ არიან, დონეცკში. მერაბიშვილი: - მინდოდა, კიდევ გამომეგზავნა, მაგრამ თვითმფრინავები ტექნიკურად ვერ ასწრებენ. თარგამაძე: - დიახ. მერაბიშვილი: - და კიდევ - მათ დაელაპარაკე და უთხარი, რომ მეორე ტურისთვის თვითმფრინავების დახმარება დაგვჭირდება. უთხარი, რომ მეორე ტურისთვის მოამზადონ თვითმფრინავები. უკრაინის რეისებს ხომ ვერ დახურავენ? კიდევ 200-300 ადამიანის გამოგზავნა მინდა და ამის გაკეთება ჩვენი თვითმფრინავებით ძნელია. თარგამაძე: - რა თქმა უნდა, არ დახურავენ. მართალი ხარ. მერაბიშვილი: - ისინი უკრაინელებს ხომ ვერ ეტყვიან, არ ჩამოხვიდეთო. თვითმფრინავები უნდა გაივსოს. თარგამაძე: - დიახ. მერაბიშვილი: - შენ იულიას უთხარი, რომ, თუ ჩვენი თვითმფრინავები ვერ გამოფრინდებიან, თავისი გამოგზავნოს. ხალხი აეროპორტში ზის და ვერ მიფრინავს. ამწუთასვე დაურეკე იულიას ხალხს და უთხარი, რომ ორი საათია, ხალხი აეროპორტში ზის. თარგამაძე: - ახლავე დავურეკავ. მერაბიშვილი: - ხვალ ისევ გამოვგზავნით. თარგამაძე: - კარგი. მერაბიშვილი: - ვსიო. ეს საუბარი 14 იანვარს გაიმართა. დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ, ჯერ მანამდე, 11 იანვარს ნალაპარაკევიც მოისმინეთ: კონსტანტინე: - ჰო, ვასილიჩ. თარგამაძე: - კონსტანტინე ხარ? კონსტანტინე: - დიახ. თარგამაძე: - მორიგი თხოვნა მაქვს. მინდა, ლაშას ან სხვა ვინმეს მეშვეობით მათ გადავცე, რომ თუ ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც ახლა აკეთებენ, რაც მთავარია, დონეცკში, ეს ქალაქი, მაგის დედაც... კონსტანტინე: - რა მოხდა, რამე ქნეს? თარგამაძე: - ნუ, ისინი არ არეგისტრირებენ. მართალია, ასე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გელაპარაკები, მაგრამ, უბრალოდ, მე ჩემს ემოციებს გამოვხატავ. გადაეცი, რომ, თუ ისინი არ დაარეგისტრირებენ, მაშინ, როცა ისინი მაინც მოვლენ, ჩვენი მტრები იქნებიან. კონსტანტინე: - ჰო, ვასილიჩ, დარწმუნებული ხარ, რომ გიაა ამაში გარეული? მან თქვა, რომ დამნაშავე არ არის. თარგამაძე: - არა. ის რა შუაშია? მე მასზე არ გეუბნები. მე მაგ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. იმ ლაშამ თქვა, რომ მას თავისი შეხვედრები აქვს. მასზე არ ვამბობ. კონსტანტინე: - მან გუშინ დარეკა. თქვა, რომ მასზე ძებნაა გამოცხადებული. თარგამაძე: - მეც გამოვაცხადე ძებნა. კარგია, რომ მან დარეკა, კარგი. მას შეეშინდა, ამიტომ ადგეს და წავიდეს რუსეთში. კონსტანტინე: - ოჰ, ვასილიჩ, ნუ განიცდი ასე. თარგამაძე: - არ განვიცდი. უბრალოდ, მან უნდა გამომიგზავნოს შეტყობინება, რომ ეს რაღაც ტექნიკურია. უთხარი ლაშას, რომ მიშამ თქვა, რომ ისინი ჩვენი მტრები გახდებიან. კონსტანტინე: - წარმოდგენა არ მაქვს, ლაშას ვისზე ველაპარაკო. თარგამაძე: - დაურეკე და უთხარი, რომ ჩვენ ასე უბრალოდ არ წავალთ, ჩვენ წინასწარ ვამბობთ, რომ 8 ათასი კაცი მოვა და ამის თქმა პრობლემა არ არის. თუ პრობლემა შეიქმნა, თუ ისინი ჩვენი მტრები არიან, მაშინ ჩვენც მტრები გავხდებით. ძაღლიშვილი ვიყო, მივალ და “დავახურავ” ამ ქალაქს. ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ ნებისმიერ ადგილას. თუ ასე უნდათ, პრობლემა არ არის. მაგრამ მათ მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდა შევთავაზოთ, ამიტომაც გეუბნები ამას შენ. როგორც ხედავთ, ივან ვასილიჩი ფორმაშია, მაგრამ ნერვიულობს, ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ მისი მცდელობა სასურველი შედეგით დამთავრდება. საფუძველიც აქვს, - მართალია, სახელისუფლო ზონდერები ყოველთვის მზად არიან დავალების შესასრულებლად და არ უმტყუნებენ, მაგრამ უკრაინაში მცხოვრები ქართველები - ლაშა და გია დიდად თავს არ იდებენ, რადგან იციან, რომ ესენი წავლენ, მათ კი ახალი თავშესაფრის ძებნა მოუწევთ, არა მარტო უკრაინის ახალი ხელისუფლებისგან დევნილთ. ასეთ შემთხვევაში არჩევანი მარტივია - ან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მტერი ხარ, ანდა ივან ვასილიჩის - ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის! თურმე მთელი დონეცკი ცახცახებს, - არიქა, ვასილიჩი მოვა და “დაგვახურავსო!” მაგრამ, სანამ გივი “ამ ქალაქს “დაახურავს”, მანამდე სააკაშვილი, იუშჩენკო და ტიმოშენკო ნერვიულობენ, რადგან ხვდებიან, რომ გასრულდა ჟამი უჟამობისა, “ნარინჯისფერი” უკვე გახუნდა, სულ მალე კი “ვარდების რევოლუციით” ანთებული და გიორგი გიორგიევიჩისგან (თქვენ ჯორჯ ჯორჯის ძე ბუში იგულისხმეთ) შუქურად მონათლული მბჟუტავი ნათურაც ჩაქრება. იულია ტიმოშენკო კი საწყალობელ სახეს მიიღებს და ნაზად გადახედავს რევოლუციით შობილ თავის თანამებრძოლებს: И тебя вылечат, и тебя тоже вылечат, и меня вылечат! ლაშა გიორგიძე