ფერადი რევოლუციების კრახი ანუ მიშა, წავედით!
უკრაინაში 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მოასწავებს ჯორჯ ბუშ უმცროსის ერის საბოლოო დასასრულს. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ამერიკაში მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ რჩებოდა ევროპის უდიდესი სახელმწიფო – უკრაინა, სადაც 5 წლის წინათ განხორციელდა ყველაზე ცნობილი ფერადი რევოლუცია და ბუშისა და ნეოკონსერვატორების მიერ დასმული რეჟიმი დემოკრატიის ვიტრინად კვლავ ითვლებოდა. ცხადია, მეორე ფერად რეჟიმს, სააკაშვილის მართულ საქართველოს, დემოკრატიულად უკვე აღარავინ მიიჩნევს, ამიტომ ყველას თვალი სწორედ უკრაინისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
“სახელოვანი რევოლუციონერის” გივია თარგამაძის კიდევ ერთი პროექტი –სოროსის ფულით თუ როგორ გაემგზავრა ყირგიზეთში კიდევ ერთი “ფერადი” რევოლუციის მოსახდენად. 90-იანი წლების ბოლოს ყირგიზეთს უწოდებდნენ “აზიის შვეიცარიას”, ვინაიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ის ყველაზე დემოკრატიული იყო. როდესაც ჩვენი ადგილობრივი “ჩე გევარა” იქ ჩავიდა, ყირგიზეთში კორუფციაში ჩაფლული პროამერიკული რეჟიმი მეფობდა. გივიამ იმდენი მოახერხა, რომ რევოლუცია მართლაც მოხდა, მთებიდან და სოფლებიდან ჩამოვიდა მშიერი მოსახლეობა და დედაქალაქში ერთი მაღაზია და დაწესებულებაც კი არ დატოვა გაუძარცვავი. და ასე, კორუმპირებული პროამერიკული რეჟიმი შეიცვალა ასევე კორუმპირებული, მაგრამ პრორუსულით. არ ვიცი, ამისათვის გივიამ სოროსისაგან მიიღო თუ არა პრემია, მაგრამ შემდეგ ის “ფერადი” რევოლუციის მოწყობას ბელორუსიში შეეცადა, მაგრამ ფეხი არ ჩაუვიდა. დღეს კი გივია თარგამაძე, როგორც სააკაშვილმა ტელეფონით უთხრა ტიმოშენკოს, გაურკვეველი სტატუსით ზის კიევში თავის “ბოევიკებთან” ერთად (კარგი საქმისათვის რომ არ იქნება, ცხადია).
ერთი კვირით უკან დავბრუნდეთ. ყველას გვაინტერესებდა, რისთვის ჩამოვიდა მაკეინი. თანდათან ყველაფერი ნათელი ხდება. როგორც ჩანს, მან სააკაშვილს გასაგებ ენაზე აუხსნა, რომ, თუ იანუკოვიჩი გაიმარჯვებდა, მიშიკოს რეჟიმს ანდერძი ექნებოდა აგებული. და აი, სააკაშვილმაც დაიწყო თავისი ახალი და, შესაძლოა, უკანასკნელი ავანტიურაც.
უკრაინაში იგზავნება “დამკვირვებელთა” 2000-კაციანი “კუნთმაგარი” და “ბრძოლისუნარიანი” (ეს სააკაშვილის სიტყვებია) ბრიგადა. საინტერესოა, რომ ეუთოს დამკვირვებელი სულ 600 კაცი იყო, ამერიკისა – 78, ევროკავშირისა – 26.
რისთვის არის ამდენი ახალგაზრდა მამაკაცის გაგზავნა საჭირო? ანკეტებში მათ უმეტესობას უწერია: სამსახური – დროებით უმუშევარი, პროფესია – არ აქვთ, მისამართი – არ აქვთ (ბომჟებია?), საარჩევნო დამკვირვებლის გამოცდილება – არ აქვთ! ე. ი. ვინ არიან ისინი? – კითხულობდნენ უკრაინაში და თვითონვე პასუხობდნენ – სპეცდანიშნულების ბრიგადა!
მაინც რატომ გააგზავნა სააკაშვილმა 2000-კაციანი სპეცდანიშნულების ბრიგადა მოძმე უკრაინაში? უკეთეს შემთხვევაში, როგორც იქაური პრესა წერს, მხოლოდ არჩევნების ჩასაშლელად, ამომრჩევლების დასატერორებლად, უარეს შემთხვევაში კი – ქუჩის ბრძოლებისთვის.
მახსენდება, როგორ დაიწყო საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში: იქ გადაჯდა კაგებეს 500-კაციანი (სიც!) რაზმი, რომელმაც აიღო პრეზიდენტის სასახლე, დახოცა პრეზიდენტი ამინი და მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და ასე ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება მთელი 10 წლით!
არ ვიცი, ეს სააკაშვილის სცენარია თუ მაკეინის, მაგრამ მათთვის მთავარია, იანუკოვიჩი ვერ გახდეს პრეზიდენტი და ამისთვის ყველაფერი გააკეთონ, თუმცა მეეჭვება, რომ ეს ობამას ან ჰილარი კლინტონს მოეწონოთ!
იანუკოვიჩის მომხრეთა ტერიტორიის დედაქალაქში – დონეცკში თბილისიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა 152 “კუნთმაგარი” მამაკაცით დატვირთული ჩარტერული რეისი, ყველანი კაცებია 25-დან 45 წლამდე. თვითმფრინავს ჯერ არ მისცეს დაჯდომის უფლება, მაგრამ მალე კიევიდან, სულ ზევიდან, დარეკეს და თვითმფრინავიც დაჯდა. თვითმფრინავში მსხდომთ, ცხადია, არავითარი სტატუსი არ გააჩნდათ; მათაც განაცხადეს, რომ დონეცკში ძველი ახალი წლის შესახვედრად ჩამოვიდნენ!
აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ყველა დამკვირვებელმა რეგისტრაცია “უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტში” წინასწარ გაიარა, გარდა უზარმაზარი ქართული დელეგაციისა. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ დამკვირვებლის სტატუსი უკრაინის ცესკომ თვით “სახელოვან” თარხნიშვილსაც კი არ მისცა. მაგრამ რატომ შეეშალა ასე სააკაშვილს? ცხადია, ეს გადატრიალების მცდელობა სულ ბოლო წუთს იყო დაგეგმილი, მაკეინის ინსტრუქტაჟის შემდეგ, ყველა დეტალი ვეღარ გაითვალისწინეს და ექსპრომტებზე წავიდნენ. ეს კი საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. უკრაინაში ჯერ არ სცალიათ, მაგრამ მალე მოიცლიან და ვინ იცის, გვაპატიებენ კი ასეთ დაუჯერებელ თავხედობას?
უკრაინის სახელმწიფო არსებულ საზღვრებში (ყირიმის გარდა, რომელიც 1954 წელს ხრუშჩოვმა აჩუქა უკრაინას) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის სტალინის მიერ შეკოწიწებული. მან ისიც კი მოახერხა, რომ უკრაინა (ბელორუსთან ერთად) გაეროში შეიყვანა როგორც “დამოუკიდებელი” სახელმწიფო, რითაც საბჭოთა კავშირს სამი ხმა მიეცა.
დავიწყოთ ყირიმით. თათრებით დასახლებული ყირიმის სახანო გაცილებით მეტ ტერიტორიას მოიცავდა ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და ოსმალეთის იმპერიის ვასალი იყო. რუსეთმა მისი ანექსია 1783 წელს მოახდინა. 1854-56 წლებში მისი გულისათვის თურქეთ-რუსეთის ომი მიმდინარეობდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ოსმალეთს უჭერდნენ მხარს, მაგრამ რუსეთმა გაიმარჯვა. 30-იან წლებში ბოლშევიკებმა თათრების მთავარი მეჩეთი ააფეთქეს. როდესაც 1941 წელს ნაცისტებმა ყირიმი დაიკავეს, პირველ ყოვლისა, დიდი მეჩეთი აღადგინეს და თათრების გულიც მოიგეს. ეს არ აპატია მათ საბჭოთა ხელისუფლებამ და 1944 წელს ყველა თათარი შუა აზიაში გადაასახლა. დღეს თათრების უმეტესობა დაბრუნდა და სეპარატისტულად არის განწყობილი, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც რუსებია და მათ რუსეთთან შეერთება უნდათ. ისინი, ცხადია, იანუკოვიჩს მისცემდნენ ხმას.
უკრაინის სახელმწიფო სახელწოდებით “კიევის რუსეთი” ვიკინგებმა IX საუკუნეში შექმნეს და მან მონღოლების შემოსევამდე იარსება. შემდეგ იგი პოლონელებმა დაიპყრეს და პოლონეთის დანაწილებამდე მათი იყო. მხოლოდ XIX საუკუნეში გახდა იგი რუსეთის ნაწილი “მცირე რუსეთის” (მალაროსია) სახელწოდებით.
დასავლეთი უკრაინა, რიბენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო ხელშეკრულებით, პოლონეთს ჩამოეჭრა, რომლის ნაწილიც იყო საუკუნეების განმავლობაში და უკრაინას მიუერთეს. მისი მოსახლეობაც მკვეთრად პროდასავლურად არის განწყობილი და, ალბათ, ტიმოშენკოს დაუჭირეს მხარი. უნგრეთს ჩამოაჭრეს კარპატების მხარე და მისი დედაქალაქის მერის განცხადებით, მოსახლეობის 90% სეპარატისტულად არის განწყობილი და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. რუმინეთს ჩამოაჭრეს ჩერნოვცის ოლქი, რომელიც, ალბათ, ასევე ტიმოშენკოს უჭერს მხარს. რაც შეეხება უკრაინის ინდუსტრიულ აღმოსავლეთსა და სამხრეთს, ის მთლიანად პრორუსულია და იანუკოვიჩს უჭერს მხარს. ძალიან საინტერესოა უკრაინის ცენტრალური ნაწილის პოზიცია – ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 40%-ს გადაწყვეტილი არ ქონდა, თუ ვის მისცემდა ხმას.
რაც შეეხება ტიმოშენკოს, ბოლო დღეს მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა და ამის მიზეზი სააკაშვილის სატელეფონო ზარი იყო, სადაც მან ტიმოშენკო “გაახარა”, - გივი (თარგამაძე) მანდ არისო, ხოლო ჩემი “დამკვირვებლები” ყველა - “ბრძოლისუნარიანიო”! ეს კი ამომრჩეველთა მიერ შეფასდა, როგორც უცხო ქვეყნის მიერ მათ საქმეებში უხეში ჩარევა და ტიმოშენკო ამის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს. კიდევ უფრო განსაცვიფრებელი იყო გივია თარგამაძის “გულუბრყვილო” განცხადება კურიერში, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ცესკომ დამკვირვებლების სტატუსი არ მისცა, ისინი მაინც ძალით ცდილობდნენ საარჩევნო უბნებში შეჭრას; ზოგიერთი მათგანი ცემეს და დააპატიმრეს კიდეც.
საარჩევნო კამპანია ძალიან ბინძურად მიმდინარეობდა.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოქმედი პრეზიდენტი და სააკაშვილის ნათელმირონი – იუშჩენკო, რომელმაც (უკრაინული პრესის ცნობით) თავისი ავლა-დიდება უკვე კანადაში გადააგზავნა. მისი სიძულვილის მთავარი ობიექტი კი იყო ხუთიწლისწინანდელ რევოლუციაში მისი ყოფილი პარტნიორი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც ის სისტემატურად უწოდებდა პრომოსკოვურ კანდიდატს. ტიმოშენკო ქართული სახელისუფლო ტელეარხების ფავორიტია; ისინი მოსახლეობას თავში უდებენ, რომ ტიმოშენკო იმარჯვებს, თუმცა, ყველა მიმომხილველის აზრით, გამარჯვებული იანუკოვიჩი იქნება. ამ შემთხვევაში კი ქართული ტელეარხები გაყალბებაზე აყვირდებიან.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს იანუკოვიჩს და სადღაც ამანაც წააგებინა მას არჩევნები. ამჟამად მოსკოვი ღიად აღარ ერევა, თუმცა მას (იანუკოვიჩს) მაინც შერჩა პრორუსულად განწყობილის მანტია. რაც შეეხება ტიმოშენკოს, მან ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა – არჩევნების წინ პრემიერობიდან არ გადადგა (ალბათ, სახელისუფლო რესურსის გამოყენების იმედი ჰქონდა). უკრაინის დანგრეული ეკონომიკისა და გაუცემელი ხელფასებისა და პენსიების ფონზე კი ამომრჩეველთა თვალში, ცხადია, დანაშაული პირდაპირ პრემიერ-მინისტრზე მოდის! აი, ოპოზიციის მანტიით კი ამ ყველაფერს სხვებს გადააბრალებდა. მეორე ტური კი უკრაინის ლამის გახლეჩვას ნიშნავს. მართალია, იანუკოვიჩი ტიმოშენკოს 11%-ით უსწრებს, მაგრამ ამაზე მეტის აღება გაუჭირდება, დანარჩენი კანდიდატების მომხრეთა ხმების ნაწილი კი შეიძლება ტიმოშენკოსთან წავიდეს. გადამწყვეტი, ალბათ, ის იქნება, თუ ვისთან წავა ცენტრალური უკრაინის ხმები, განსაკუთრებით კი მესამე ადგილზე გასული ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მომხრეთა ხმები. კიევში კი იანუკოვიჩის მომხრეები იმას აპირებენ, რაც ხუთი წლის წინათ “ფერადებმა” გააკეთეს. ისინი ქუჩის აქციებისთვის მზად არიან. აი, აქ კი, ალბათ, ჩაერევიან გივიას “ბოევიკები”: მათ უკვე გააკეთეს ერთი უზარმაზარი სისულელე, როდესაც დონეცკში ჩავიდნენ და ყველა გადაიმტერეს, თუმცა არც შემდეგი სისულელისგან არიან დაზღვეულნი.
ყველაზე მეტად სამოქალაქო დაპირისპირების – ღია სამოქალაქო ომისა და არეულობის - ბრიუსელში ეშინიათ, რაც თითქმის გარდაუვალია. და თუ ეს მოხდა, მთავარ დამნაშავედ სწორედ საქართველოსა და მის პრეზიდენტს დაასახელებენ. აგვისტოს “პატარა ჭუჭყიანი ომი” (ნიუ იორკ ტაიმსის სიტყვები) მას აპატიეს, მაგრამ ევროპის უდიდეს სახელმწიფოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის უკანასკნელ იმედში დესტაბილიზაციის შეტანას არავინ აპატიებს.
უკრაინაში “ნარინჯისფერების” ხელისუფლების წასვლა ბუნებრივად გულისხმობს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას. არ ვამბობ, რომ ეს იქნება დასასრულის დასაწყისი, რადგან სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ცივილიზებული მსოფლიოსთვის 2008 წლის აგვისტოში დამთავრდა. იგი ხელჩამოურთმევლების კატეგორიაში გადავიდა.
პრეზიდენტმა მედვედევმა და პრემიერმინისტრმა პუტინმა იუშჩენკოს წამზომი ჩაურთო და ეს წამზომი 17 იანვრის არჩევნებზე გაჩერდა - იუშჩენკო პრეზიდენტის სავარძელს დაემშვიდობა.
როდის გამოეთხოვება სააკაშვილი პრეზიდენტობას, ეს მხოლოდ დროის საქმეა, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს დრო არც ისე შორს არის - ყველასთვის და მით უმეტეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, დიდი ხანია, ცნობილია, რომ ფერადმა რევოლუციებმა, როგორც ექსპერიმენტმა, არ გაამართლა და, უფრო მეტიც, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა უამრავი პრობლემა, არამედ მსოფლიოსაც დიდი თავისტკივილი გაუჩინა.
ახლა ყველა იმის მოლოდინშია, როდის გაჩერდება სააკაშვილის წამზომი, რომლის წიკწიკსაც ნაციონალები ძრწოლვით უსმენენ და შიშით შესცქერიან მომავალს, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე წაართვეს.
რამაზ კლიმიაშვილი
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (5 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი