მთავარი | პოლიტიკა | გრძელი, რომელიც ითქმის მოკლედ

გრძელი, რომელიც ითქმის მოკლედ

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image სურათზე: სამიდან მარცხენა – ჯონ მაკეინი, სამიდან მარჯვენა – დავით უსუფაშვილი, სამში მოკლე – გიორგი თარგამაძე, ანუ გრძელი რომელიც ითქმის მოკლედ

რომ გითხრათ, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ამ სამის შესახებ რაიმე დამეწერა, არ ვიქნები მართალი. სამთა შორის - არც ერთზე.
დააკვირდით ამათ ხბოს თვალებს და მიხვდებით, რატომაც: სამში ერთი სიტუაციის მონაა, ორს მონური მორჩილების დაღი ადევს.
“მათ, სამთა გმირთა მნათობთა, სჭირთ ერთმანერთის მონება”, - “ვეფხისტყაოსნის” თანამედროვე ვარიანტია ბათუმის სარკისიქითობაში არეკლილი.
სამთა შორის პირველის გმირობა ამ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილმა გვახარა, როცა მაკეინს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება უბოძა.

იეს, სერ!
გაეჭიმა პრეზიდენტი აშშ კონგრესმენს, გულში ჩაიკრა.
რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ მისი ბუნებაც ისეთია, ზემოთ რომ ვთქვი, ხოლო როგორი გმირია, იხილე აგვისტოს ომი. აი, იმ აგვისტოს ომის დროს წარმოთქმული ფრთიანი ფრაზის გარდა, ეგებ, ვინმემ გაიხსენოს ბატონ ჯონის საქმენი საგმირონი?
რას გაიხსენებს, რაც არ იყო?!
იყო, როგორც ახლა გამჟღავნდა, რჩევა და დარწმუნება ცხინვალში აუცილებელი შეჭრისა და ამ ტალღაზე საკუთარი საპრეზიდენტო პიარკამპანიაში უბელო მუსტანგით შეჭრა და გაჯირითება. ჰანიბალის საბრძოლო სპილოები აშშ-ს პოლიტშეიარაღებიდან მოხსნილია.
აბა, რის ქორია მაკეინი, სვავი თუ ძერა, ასე რომ არ მოქცეულიყო?!
სისხლის მოყვარული მტაცებელი ფრთოსნების ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ.
სისხლი დაიღვარა აგვისტოში ქართველების, ოსების, რუსების... არა ამერიკელების.
რა თქმა უნდა, გმირობის ღირსია - საქართველოს ეროვნული გმირობის, მაინც და მაინც, თორემ ამერიკელები მხოლოდ ვიეტნამში ექვსწლიანი ტყვეობისათვის გმირის მედალს არ ჩამოჰკიდებენ.
სხვათაშორის, არც იმისთვის, რომ პრეზიდენტობის მაძიებელ მიხეილ სააკაშვილს კარი  გაუღო და მკლავები გადაუშალა პოლიტიკურ ზღვაზე სანანაოდ და სატივტივოდ.
ხომ ავაშენეთ რევოლუციური რეფორმებით საქართველო - გადავაბრუნეთ და შევცვალეთ. ახლა გმირობის ინსტიტუტის რეფორმირებასაც მივხედოთ: როდემდე უნდა აღვზარდოთ ახალი თაობა ყავლგასული გმირების სახელითა და მაგალითით - დავითით, თამარით, ილიათი, ცოტნეთი, გიორგი სააკაძისა და ჟიული შარტავას თავგანწირული ცხოვრების მაგალითებით?
იწყება დრო ახალი და ახალი დროების უპირველესმა გმირმა ბათუმის ცის კაბადონზე ამ კვირის ორშაბათს დახატული ბანერების ფონზე ამოანათა. გამოგვეცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თანდასწრებით.
იქ იყვნენ ის ჩვენი ოპოზიციონერი გმირებიც, რომლებიც ამასობაში კინაღამ დაგვავიწყდა.
გმირია გიორგი თარგამაძე, რადგან პარლამენტში ჯიქურ შესვლას მაშინ, როცა მისმა თანამებრძოლმა ოპოზიციონერებმა უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე, გმირობის საკმაოდ დიდი დოზა სჭირდებოდა. მით უფრო, ისეთ სიტუაციაში, როცა ერთი დამპალი ვაშლის სროლის ღირსადაც არ ჩაგთვლიან ჯაბა ჯიშკარიანის ბიჭები. გამგელებული სპეცრაზმი “იმედს” რომ დაარბევს და შენ, ცოტა ფერდაკარგული, მაგრამ ერთი ნაკაწრის გარეშე სტუდიიდან რომ გამოხვალ, მერე, ორიოდე თვეში, დეპუტატი რომ გახდები, გმირობაა, მა რა?!
ეს, რაც ქრისტიან-დემოკრატებს შეეხება.
ხოლო რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი რატომ ვთქვი გმირად, არ ვიცი და, თუ წამომცდა, ხელს გამოვაყოლე.
ესენი ანტიგმირები უფრო არიან, სააკაშვილის გადაბრუნებული სარჩული, რომლებიც ხელმოცარულ მაკეინს მიხეილზე მაგრად ჩაეხუტებიან, რადგან თვითონ არიან ხელმოცარულნი და მედროვენი. თქვე კაი დედ-მამის შვილებო, თუ ასე მოგწონთ პრეზიდენტობის მოსურნე დამარცხებული კანდიდატები, აუ, რამდენი გვყავს საქართველოში - ბითუმად და ცალობით!
მაინც და მაინც ამერიკელი სჭირდებათ!
ჰოდა, პოზიორობენ ახლა ფოტო და ტელეკამერების წინ, რიგი დგას ხელმოცარულთა: ზოგი მაღალი და ზოგი - სამში უმოკლესი, ზოგიც - გინდა ყოფილა, გინდა - არა.
ასე გასრულდა სიტყვა იგი გრძელი, რომელიც ითქმის მოკლედ.
ახლა კი წავალ და ხელს დავიბან!

ლაშა გიორგიძე

კომენტარები (5 კომენტარი):

lika 13 01, 2010 10:00
avatar
ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს უნდა მიენიჭოს
leila 14 01, 2010 12:45
avatar
თქვენი აზრიდან გამოვიტანე დასკვნა კლიმიაშვილო ,მარტო რუსეთი გვჭირდება ხომ?
ada 15 01, 2010 05:48
avatar
aseTi fotos dadeba aris sircxvili! ufro didi sircxvili es saTauria. statiis wakiTxvas azric ar aqvs. publicistikaze nu gveqneba pretenzia.
tamuna 15 01, 2010 10:17
avatar
chven gvchirdeba kartuli politika ,romelic erovnuli interesebidan amova.arc amerika daarc rusets ar adardebs as,magram radgan ruseti didia da tanac mezobel unda davalagot urtiotebebi,rasac misha da misi banda veeeeeeeeeeeeer gaaaaaaaketebs!!!
sakartvelo upirveles kovlisa 03 02, 2010 07:53
avatar
gvinda tu ar gvinda samwuxarot tu sabednierot urusetod am problemebis mogvareba ar gamova,
evropasak vkidivart rusetsac da amerikasac!
chveni tavi chven unda gadavarchinot.
gavkirivart amerika+evropa tu isev ruseti?
erovnuli interesebi!!!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first მარტი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru