რამაზ კლიმიაშვილი: მაკეინი საქართველოში სასიკეთოდ არ ჩამოსულა
რამდენიმე დღეა, სახელისუფლო ტელეარხები (ანუ თითქმის ყველა) რიხითა და ბედნიერი სახეებით გვამცნობენ, რომ საქართველოს მთელი ორი დღით (წარმოგიდგენიათ?) ესტუმრა სენატორი ჯონ მაკეინი. არადა, მოსახლეობაში ცოტამ თუ იცის, რომ ეს 74 წლის კაცი ერთი რიგითი ოპოზიციონერია (ამერიკაში ამას უმცირესობის წევრი ეწოდება) და სენატში გამოირჩევა მხოლოდ იმით, რომ ყველაზე გამწარებით ლანძღავს პრეზიდენტ ბარაკ ობომას! თუ რატომ, იმედია, ზოგს მაინც ახსოვს, რომ მაკეინი ერთი წლის წინათ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და იგი ყველასათვის მოულოდნელად სწორედ იმ ახალგაზრდა შავკანიანმა დაამარცხა, რომელიც განთქმულია თავისი ლიბერალური და ოდნავ მემარცხენე შეხედულებებით.
მაშინ, როდესაც მაკეინი სენატორ ლუგართან, ბუშის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინთან და რამდენიმე სხვასთან ერთად ამერიკის პოლიტიკაში წარმოადგენენ ყველაზე აგრესიულ მემარჯვენე ფრთას, რომელსაც ნეოკონებს (ნეოკონსერვატორებს) უწოდებენ.
ყველაზე საინტერესოა, თუ როგორ უნდოდა მაკეინს სწორედ ჩვენი უბედურების ხარჯზე გამხდარიყო პრეზიდენტი. პირველი – დასავლეთის პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მარტო ვერ გაბედავდა ასეთი დონის ავანტიურის წამოწყებას მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად გამოდიოდა ამის წინააღმდეგ. ეს თქვა კონდოლიზა რაისმა პოსტის დატოვების წინ, ხოლო მეთიუ ბრაიზა ომის დღეებში მოსკოვში გაფრინდა და რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში ბოდიში მოუხადა რუს ხალხს: “მთელი ოთხი წელი ვაჩერებდი მაგ... (გიჟსო)” (თუ რამდენად სანდო იყო მისი ეს განცხადება – ეს უკვე სხვა ოპერიდანაა.). სააკაშვილი რომ თავისი პატრონების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, ცხადია. მაშ, ვინ შეაგულიანა ის? ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი მენტორი მაკეინი (რომელმაც აღმოაჩინა იგი და კარიერა გაუკეთა) ან ჯონის მეგობარი და თანამზრახველი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი შეიძლება ყოფილიყვნენ.
ომის დაწყების წინ ნეოკონებთან სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ვერ შედგებოდა, ამას რუსები “პერეხვატს” გაუკეთებდნენ. აქ კიდევ ერთი დეტალი იკვეთება – ომის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე სააკაშვილი იტალიაში გაფრინდა, სადაც არავითარი ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს.
და ეს მაშინ, როდესაც, მისივე სიტყვებით, ქართული სოფლები იბომბებოდა. იტალიიდან დაბრუნების მეორე დღესვე კი სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყო. მაინც ვის შეხვდა იტალიაში და ვინ წააქეზა იგი?
როდესაც რუსული ტანკები თბილისისაკენ დაიძრა და ხელისუფლება თბილისიდან გაიქცა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მაკეინმა ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: “მე ქართველი ვარ”! ეს ძალიან ეფექტურად ჟღერდა, თუმცა სერიოზულმა ანალიზმა შეიძლება სულ სხვა დასკვნამდე მიგვიყვანოს. ბათუმში მაკეინის დაჯილდოებისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ მაკეინმა და მისმა მეუღლემ მიატოვეს საარჩევნო კამპანია და საქართველოში ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, ადგილი აქვს მთელი საქართველოს კოლექტიურ სკლეროზს, ვინაიდან ის აქ თვალითაც არავის უნახავს და, რომც ჩამოსულიყო, ეს მისი საარჩევნო კამპანიის ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა. შემდეგ ქართულმა ტელეარხებმა ასეთი ინტერპრეტაცია გააკეთა – მაკეინმა საარჩევნო კამპანია მიატოვა და ყველა ამერიკულ ტელეარხზე საქართველოს უჭერდა მხარსო. ეს, მართლაც, უწიგნურთათვის გამიზნული პიარია, თორემ “ყველა ტელეარხზე” გამოჩენა რა არის, თუ არა ეფექტური საარჩევნო კამპანია?
ამის შემდეგ სააკაშვილმა მაკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი (მედალი?) გადასცა იმისათვის, რომ თურმე მან რუსული ტანკები შეაჩერა. აი, დაბოლებაც ამას ქვია!
ამასთან დაკავშირებით მივიდეთ ერთი შეხედვით ყველაზე გამაოგნებელ განცხადებამდე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაშინ ამავე დროს ევროკავშირის თავმჯდომარემ ნიკოლა სარკოზიმ მოგვიანებით გააკეთა: “როდესაც 12 აგვისტოს მოსკოვში პრეზიდენტ მედვედევთან გასაფრენად ვემზადებოდი, პრეზიდენტმა ბუშმა დამირეკა და მთხოვა – ნუ ჩაერევი, დაე რუსებმა თბილისი აიღონ!!!”.
მაინც რატომ გაგვწირა ასე ჩვენმა “მოამაგე” ჯორჯ ბუშ უმცროსმა? გავაანალიზოთ და საოცრად ცინიკურ სურათს მივიღებთ – ცნობილია, რომ სენატორ მაკეინის პოლიტიკა ყოველთვის, განსაკუთრებით კი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იყო რუსეთთან მაქსიმალური კონფრონტაცია და ცივი ომის აღდგენა, ხოლო ლიბერალური სენატორი ობამა მხარს უჭერდა და უჭერს რუსეთთან პარტნიორობასა და ურთიერთობების “გადატვირთვას”. ასე რომ, რუსეთის ტანკების თბილისში შემოსვლა ტუზკოზირი იქნებოდა სწორედ რესპუბლიკელებისათვის – ჯონ მაკეინი ულაპარაკოდ გაიმარჯვებდა არჩევნებში და ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, ხოლო მეორე ნეოკონი – დიკ ჩეინი სახელმწიფო მდივნის პოსტს მიიღებდა, ამის მაგივრად კი პენსიაზე აღმოჩნდა!
აი, სწორედ მაკეინის გაპრეზიდენტების შეეშინდათ ევროკავშირის ლიდერებს, თორემ საქართველოს ბედი, ცხადია, რომ არავის აინტერესებდა: სარკოზი მოსკოვში გავარდა, ბერლუსკონი და ანგელა მერკელი ტელეფონებს ჩამოეკიდნენ და უხსნიდნენ პუტინს, ნეოკონების გამარჯვება რა საფრთხეს მოუტანდა არა მარტო მთელ ევროპას, არამედ რუსეთსაც ახალი ცივი ომის სახით, როდესაც მილიარდები კვლავ მხოლოდ შეიარაღებაზე უნდა წასულიყო. სწორედ ანალოგიურმა პროცესმა გაუტეხა ხერხემალი საბჭოთა კავშირს, ამიტომაც რუსული ტანკები იგოეთთან გაჩერდა, შემდეგ კი უკან გაბრუნდა.
აქ ერთი მთავარი ფაქტია – ვერც სარკოზი და ვერც ევროკავშირის სხვა ლიდერები ვერაფერს გახდებოდნენ და ვერ დააჯერებდნენ პუტინსა და მედვედევს, თბილისის აღებაზე ხელი აეღოთ, რომ სააკაშვილს უკვე 10 აგვისტოს დილას სრულ კაპიტულაციაზე არ ჰქონოდა ხელი მოწერილი! ასე რომ, მაკეინის გაპრეზიდენტებას სწორედ მისმა ფავორიტმა შეგირდმა მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა ხელი!
საინტერესო იყო ბათუმში მაკეინის გამოსვლა. მან ილაპარაკა “ორი ლიდერის”, თავისთავისა და მიშას ახლო ურთიერთობებზე. საინტერესოა, მართალია უხუცესმა, მაგრამ მაინც გავლენიანმა ოპოზიციონერმა რატომ მოიხსენია თავი ლიდერად. უფრო საინტერესოა, თუ როგორ ესაუბრებოდნენ რუსეთის მოძულე სენატორს “რუსეთის საშიშროებებზე” მასთან მისული ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს იგივეა, რომის პაპთან რომ მიხვიდე და ახსნა დაუწყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ, ქრისტეშობას. მასმედიამ მისი ჩამოსვლა ლამის ბუშის ჩამოსვლის ტოლფასად შეაფასა, თუმცა, თუნდაც ბუშის ჩამოსვლა, ბევრს საქართველოს სირცხვილად მიაჩნია, ვინაიდან ყველა სხვა ქვეყანაში მას ლაყე კვერცხებსა და პომიდორებს ესროდნენ, “ბატინკებზე” რომ აღარაფერი ვთქვათ.
განსაკუთრებით ცინიკური იყო ბათუმის აეროპორტში მაკეინის ჩამოფრენისთანავე გაკეთებული განცხადება, რომ ის თურმე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სრულ დეოკუპაციას. ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში შეიძლება მასაც ჰქონდეს შეუგნებელი (თუ შეგნებული) წვლილი შეტანილი, ამას ახლა ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, ჩვენს მხარეს მხოლოდ ლოგიკაა. მაგრამ, თუ როგორ აპირებს იგი ამ მთლიანობის აღდგენას და ე. წ. დეოკუპაციას (ჩვენი ხელისუფლების საყვარელი პროპაგანდისტული ტერმინი), ხმა არ ამოუღია, ვინაიდან ეს უფრო მითიურ სფეროს განეკუთვნება.
კეთილი და პატიოსანი, თუ ეს მხოლოდ პროვინციელ პოლიტიკოსთა ზეიმი იყო, მაგრამ, იქნებ, საქმე უფრო რთულადაა? ავიღოთ უფრო მსუბუქი ვარიანტი, რომ ეს ობამაზე დაბოღმილმა სააკაშვილმა გააკეთა, იმ კაცის ჯინაზე, ვისაც ამ კაცის გვარის გაგონებაც არ უნდა, მაგრამ მაკეინი ამ თამაშში რატომ ჩაერეოდა იმ კაცთან ერთად, ვინც მას პრეზიდენტობა დააკარგვინა?
ისმის კითხვა – არის კი შანსი, რომ მაკეინმა ობამას რამე რევანში გაუკეთოს? არის და ისიც - მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ სააკაშვილის ხელებით! გავიხსენოთ მიშას საახალწლო გამოსვლა გვარდიელებთან, როცა მას წამოსცდა, რომ თბილისის მოსახლეობას ავტომატები უნდა დაურიგდეს, ყოველ კორპუსთან კი - სანგრები გაითხაროს! ხოლო მაკეინის ჩამოსვლის დღეს ტელევიზიით გამოიყვანეს ვიღაც რუსი სამხედრო და ათქმევინეს, რომ თითქოს რაღაც ახალი პროვოკაციები მზადდება საქართველოს წინააღმდეგ. სინამდვილეში კი ვინცაა პროვოკაციების დიდოსტატი, ყველამ ვიცით! ამდენად, ცხადზე უცხადესია, რომ მაკეინი საქართველოში სასიკეთოდ არ ჩამოსულა.
ჩვენთან რომ ახალი ომი დაიწყოს და თბილისში რუსები შემოვიდნენ, ჩვენ კი თურმე სააკაშვილის მოცემული ავტომატებით (10 აგვისტოს, გაქცევამდე, ბაქრაძე მხოლოდ დანა-ჩანგალს გვთავაზობდა) ჩვენი კორპუსების წინ გათხრილ სანგრებში რომ დავიცავთ თავს, მაშინ ნახეთ მაკეინი სენატში რა ამბავს ატეხს – ეს ხომ ობამას პოლიტიკის გამო მოხდაო, ნახეთ რა სუსტია, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდაო და დროა, იმპიჩმენტი გამოვუცხადოთო!
ის (მაკეინი) სხვაზე ხომ არაფერზე ფიქრობს! და ის, თუ რა გველის ჩვენ, “ქართველ” მაკეინს სულაც არ აინტერესებს! მისთვის მთავარია, თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს, ჩვენ კი მისთვის მხოლოდ პაიკები ვართ დიდ ამერიკულ საჭადრაკო დაფაზე.
ამიტომ არის აუცილებელი, კრიტიკულად შევხედოთ ამ ვიზიტს და, თუ ანალიზი შეშფოთების საფუძველს იძლევა, მისგან გამომდინარე კვლავ უნდა გავიმეოროთ - სააკაშვილის საქართველოზე ბატონობის ყოველი დღე ქვეყნის მომავალისათვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (7 კომენტარი):
maladec, klimiashvili! cin, didi rusetisaken, ra fexebad gvchirdeba evropa da amerika? egeni xom masonebi arian da gadagvagvareben.
vai tkvens patrons, `ekspertebo~, vai!
დატოვეთ კომენტარი