საქართველო და მსოფლიო: ქართველი საზოგადოების რეაქცია “საქართველო და მსოფლიოს” დარბევაზე ქართველი საზოგადოების რეაქცია “საქართველო და მსოფლიოს” დარბევაზე ================================================================================ საქართველო და მსოფლიო on 26 12, 2009 07:39 არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობისა” და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ოფისის უმოწყალო დარბევის ამბავი, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა თუ სახელისუფლო მაღალი იერარქიების წარმომადგენლებმა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) ჩვენგან შეიტყვეს, კომენტარებიც გააკეთეს და დამრბევთა მისამართიც ღიად დააფიქსირეს. გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ლიდერი: - საერთოდ მაინტერესებს, თქვენ თვითონ ვისზე გაქვთ ეჭვი? ამ ქვეყანაში ხომ მსგავსი კრიმინალური ქმედებების ექსკლუზივი მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს აღებული; კერძოდ კი, ივანე მერაბიშვილსა და მის “ხელის ბიჭებს”?! რომ არ დაგიმალოთ, მე თქვენი გაზეთისადმი ამგვარ ანგარიშსწორებას ველოდებოდი კიდეც! საერთოდ, ამ ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა ვინმე სიღრმისეულად, ანალიზის დონეზე უსაბუთებს, რომ კრიმინალები არიან! თქვენი გაზეთი კი ამ მიმართულებით გამოირჩევა, ანუ “ცუდი გაზეთია” და ამიტომაც არ მოსწონხართ! ვიმეორებ, მე ამგვარ ანგარიშსწორებას თქვენ მიმართ ველოდი, ისევე, როგორც ველოდებოდი სხვა მედიასაშუალებების წინააღმდეგ უკვე განხორციელებულ ღია ტერორს! დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: - დაგარბიეს? როდის, კაცო, ეს რა უბედურებაა? რა შეფასება უნდა გავაკეთო ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე? როგორ შეიძლება, რომ ამ ყველაფერზე ვინმე დარჩეს გულგრილი? მინდა, შევახსენო მავანთ, რომ მედიის თავისუფლება - ეს არის ქართულ-ამერიკული ქარტიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რომ მედიის განვითარება და თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული! მე, როგორც დეპუტატი, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ეს კრიმინალური ფაქტი, ჩადენილი მედიის წინააღმდეგ, სასწრაფოდ გამოიძიონ, გამოიყენონ კრიმინალისტიკური სამსახურის ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქმე დროულად გაიხსნას! თქვენი გაზეთი, გარდა ინფორმაციულობისა, ანალიტიკურიცაა, რასაც დღეს ქართულ მედიაბაზარზე არსებული მაღალრეიტინგული გაზეთების მისამართით ვერ ვიტყვი! ამ მხრივ “საქართველო და მსოფლიო”, მართლაც, გამორჩეულია და ვფიქრობ, ამ მოსაზრებაში ბევრი დამეთანხმება! ჯონდი ბაღათურია, პარლამენტარი: - “საქართველო და მსოფლიო” გაზეთია? უკაცრავად, მაგრამ არასდროს არ მქონია შესაძლებლობა, წამეკითხა... ნუ, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო მედიის დარბევაზე, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი ფაქტია და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, გამოიძიოს ეს ფაქტი და აცნობოს საზოგადოებას, თუ ვინ ჩაიდინა იგი! სხვათაშორის, თქვენი ოფისის დარბევა კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ ექცევიან და იტანს ხელისუფლება თავისუფალ მედიას! გია მეფარიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი: - ნიკოლოზობა ასე მოგილოცეს? გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გაზეთია და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეცნობი ხოლმე მასში გამოქვეყნებულ სტატიებს! თქვენს გაზეთში მომუშავე ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩემი რამდენიმე სტატიაც გამოქვეყნდა თქვენთან. ასე რომ, ყოველმხრივ პოზიტიურად ვარ განწყობილი თქვენ მიმართ! ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ წმინდა დღეს, ასეთი “საჩუქარი” გაგიკეთეს, ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომხდარიყო! აღშფოთებულიც ვარ და შეშფოთებულიც, რადგან, არა მგონია, მომხდარი შემთხვევითობასთან იყოს დაკავშირებული! აი, ახლა კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და სასწრაფოდ გამოიძიოს ეს ამბავი, თორემ ეს ამბავი გახდება ჭორების საფუძველი, ძალიან ცუდი ჭორების საფუძველი და ეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს!!! მე, როგორც პროფესიონალი, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, დადგინდნენ ის ვაჟბატონები, ვინც ეს ვანდალური ქმედება ჩაიდინა, თორემ მეტასტაზები თუ გავიდა, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის! ეს რა უბედურებაა, კაცო, ამ ნიკოლოზობა დღეს! ია ანთაძე, მედია-ექსპერტი: - “საქართველო და მსოფლიო”, რა თქმა უნდა, გამიგია, ვიცი, რომ არსებობს ასეთი გაზეთი, მაგრამ, უკაცრავად, არასოდეს წამიკითხავს, პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ და, უკაცრავად, დრო აღარ მრჩება... თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო? ეს თქვენს ჟურნალისტურ საქმიაობას უკავშირდება? სამწუხაროდ, მე დარბევის ფაქტი პირველად თქვენგან შევიტყვე და ჯერ არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ამის შესახებ არ გავცნობივარ! - ქალბატონო ია, ჩვენს ოფისში კიდევ ერთი ორგანიზაციაა “არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობა”, რომელთაც რამდენიმე დღის წინათ წიგნის “უუფლებობის ზონა” პრეზენტაცია ჰქონდათ. წიგნში აღრიცხულია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში მოხდა. წიგნის მთელი ტირაჟი დარბევის დროს გატანილია, დალეწილია ოფისის ინვენტარი, წაღებულია 8 კომპიუტერი, ცირული ფოტოაპარატები, დიქტოფონები, დოკუმენტაცია და ა.შ. - თუ წიგნები წაიღეს ე.ი. წიგნებს ერჩიან და ეს ძალიან ცუდია! თუ ამ წიგნში ეწერა ის, რაც ჩვენთვის, ანუ საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო და ეს რაღაცნაირად “დაბლოკეს”, ძალიანაც შემცდარან, რადგან XXI საუკუნეში დაფარული ინფორმაცია თითქმის არ არსებობს და მას საზოგადოება გარკვეული დროის შემდეგ მაინც მოიპოვებს! ოფისის დარბევა, ზეწოლა იმათ მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღიქმება, როგორც ძალიან უხეშ ჩარევად სიტყვისა და გამოხატვის საშუალების წინააღმდეგ, სხვა რა უნდა ვთქვა? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო! ნუკრი ქანთარია, რეჟისორი, “ქართული აკადემიის” წევრი: - ეს არის ფაშიზმი, ფა-შიზ-მი. ამათ ბოროტულ ფანტაზიებს, როგორც ეტყობა, საზღვარი არა აქვს, დაწყებული ძეგლების ნგრევითა და აფეთქებით, დახვრეტილი ახალგაზრდებით, დატერორებული ხალხითა და დარბეული მედიით დამთავრებული! დღეს, ვინც ნაციონალების გვერდით დგას, ვინც თავის თავს უწოდებს მომღერალს, მსახიობს, რეჟისორს და ასე შემდეგ - ისინიც თანამონაწილეები არიან ამ ყველაფრისა. ვინც სააკაშვილის, უგულავას, მერაბიშვილის გვერდით დგას და მათ რეჟიმს გუნდრუკს უკმევს, ყველა მონაწილეა იმ უბედურების, რაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში მოხდა, მათ შორის კი - ნიკოლოზობა დღეს დარბეული თქვენი ოფისის აღმაშფოთებელ ფაქტებში. მანანა ნაჭყებია, “ახალი მემარჯვენეები”, “ალიანსის” წევრი: - თქვენი გაზეთი როგორ არ ვიცი, რას ლაპარაკობთ? ვიცი და, როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვკითხულობ კიდეც, მეტსაც გეტყვით - თქვენს ჟურნალისტებთან მეგობრობაც კი მაკავშირებს. იცით, როცა რაიმე უბედურებას გავიგებ ხოლმე, პირველი, რაც თავში მომდის, ის არის, რომ ამ ხელისუფლებისგან არაფერი აღარ მიკვირს, მითუმეტეს, როცა პრესაზე და სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას უკვე მოფიქრებული აქვს საბაბი, რითაც, პირიქით, თქვენ დაგადანაშაულებენ აუცილებლად და ამას იმასაც დაამატებენ, რომ თქვენ რუსეთთან გაქვთ კონტაქტი და კავშირები! ჩემი აზრით, საზოგადოებამ, ვინც თავს ამ რეჟიმისგან დაჩაგრულად გრძნობს, ხმა უნდა აღიმაღლოს ასეთი ფაქტების წინააღმდეგ. გიორგი უძილაური, ჟურნალისტი, “ახალი თაობა”: - დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ასეთი აღმაშფოთებელი ფაქტების კვალდაკვალ, მოსახლეობა მივა იმ აზრამდე, რომ ეს ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით ჩამოაშორებს ხელისუფლებას! თქვენი გაზეთის დარბევის ფაქტი მიანიშნებს იმასაც, რომ დღეს თქვენ ხართ ამ დღეში, ხვალ ჩვენი გაზეთი იქნება, ზეგ - სხვა და ასე უსასრულოდ, სახლებში შემოვარდნამდე, ვიდრე ამათ აღვირახსნილობას საბოლოოდ არ დაესმება წერტილი! აკვირდებით, 7 ნოემბრისა და შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მათ შეარჩინა ქართულმა საზოგადოებამ, სულ უფრო და უფრო როგორ თამამდებიან? თავისუფალი სიტყვა, მაგათთვის ყელში გაჩხერილი ძვალია და ამიტომაც ასე გამალებით გვებრძვიან, გვარბევენ, გვაპატიმრებენ, გვხოცავენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გვერევიან. აი, სწორედ ამის ეშინიათ. აკაკი ასათიანი, “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი: - გულით და სულით თქვენთან ვარ! ჩვენ ვცხოვრობთ ვანდალების სახელმწიფოში და ის, რაც თქვენს ოფისში ჩაიდინეს, არის ვანდალიზმი და ამაში გასაკვირი არაფერია. მართალი და თავისუფალი სიტყვის სააკაშვილს ყველაზე ძალიან ეშინია და მერაბიშვილ-უგულავების ხელით სწორედ ამას ებრძვის! მთელი ეს სიბნელე, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება დღეს გაბატონებულია ქვეყანაში და ამას წერტილი, რაც შეიძლება მალე, უნდა დაესვას! ჩემი აზრით, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, თორემ, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებას სერიოზული ეჭვის საფუძველი ნამდვილად ექნება. დაამტკიცონ, რომ არაფერ შუაში არ არიან, რაც უნდათ, ხომ სწრაფად იძიებენ? დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური პარტია”, “ალიანსის” წევრი: - რა ვთქვა, არც კი ვიცი, თქვენც დაგარბიეს? საერთოდ დარბევა, დამტვრევა და ასეთი რაღაცები მიუღებელია და ისიც პრესასთან მიმართებაში! იცით, რა მაინტერესებს? თქვენ თვითონ თუ გაქვთ ეჭვი, ვის შეიძლება გაეკეთებინა ეს? იმედია, დროზე გაირკვევა ყველაფერი. ხდება ხოლმე ისეც, რომ გამოძიება “ვერ ადგენს”, ვინ ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული, მაგრამ ასეთი რამეები, როგორც წესი, არ იმალება და ჩვენ, ანუ საზოგადოება, თავად დავადგენთ ხოლმე ყველაფერს! დამერწმუნეთ, არც თქვენი ოფისის დამრბევთა ვინაობა დაიმალება დიდხანს, მაგრამ ვაცადოთ გამოძიებას, სისხლის სამართლის საქმე ხომ აღიძრა უკვე? “საქართველო და მსოფლიოს” დარბეული ოფისიდან, არასამთავრობო სექტორთან, პარლამენტარებთან, ყოფილ ჩინოვნიკებთან და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან კომენტარების ჩაწერას როგორც კი მოვრჩი, მაშინვე სააკაშვილის ახალ პრესმდივან მანანა მანჯგალაძესთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ამაოდ... ასევე უშედეგოდ ვცდილობდი, დავკავშირებოდი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილსა და სხვებს, რომლებიც “დემოკრატიის შუქურის ბატარეიკების” მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. ბოლოს, როგორც იქნა, თემურ იაკობაშვილს დავუკავშირდი, რომელმაც ჩემდა გასაკვირად, უცნობ, “არაბლატნოი” ნომერს უპასუხა და ერთობ უცნაური კომენტარიც გააკეთა. თემურ იაკობაშვილი: - თქვენი გაზეთი ვიცი, როგორ არა, ერთი ორი ნომერი წაკითხულიც მაქვს... საერთოდ ქართული პრესა არ მიზიდავს, არ არის საინტერესო და იმიტომ! - მე ჩემს მოგონებებში, რომელსაც გაზეთ “ქრონიკის” საშუალებით ვაქვეყნებდი, თქვენი ახალგაზრდობისდროინდელი ისტორია მოვყევი, როცა სოხუმიდან ებრაული მოსახლეობის გაყვანას ხელმძღვანელობდით, არც ეს გაქვთ წაკითხული? - კი, ეგ მოგონება წავიკითხე (იცინის). - ე.ი. ქართულ პრესას კითხულობთ ხოლმე, არა? თუ მარტო თქვენზე რაც წერია, ის გაინტერესებთ? კარგი, ჩვენი ოფისის დარბევის შესახებ ვისაუბროთ... - მე თქვენგან გავიგე ეგ ამბავი და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა! დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ, ისევე, როგორც სხვა უამრავი კრიმინალური საქმეები აქვს გამოძიებული ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს... - კარგი რა, ბატონო თემურ, როდის იყო, რაც არ აწყობდათ, იმას იძიებდნენ მერაბიშვილის უწყებაში? პატარა ხომ აღარა ხართ, ზღაპრების გჯეროდეთ? - ძალიანაც კარგად იძიებენ, გადახედეთ სტატისტიკას და დარწმუნდებით, თქვენს ამბავსაც გამოიძიებენ და დარწმუნებული ვარ, დამნაშავესაც დასჯიან. - დღეს მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს. მართალია, ებრაელი ბრძანდებით, მაგრამ გილოცავთ, იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! თუ ჩვენი დარბევის გამოძიება დროში გაიწელა და გაჯანჯლდა, თქვენი ნებართვით, დაგირეკავთ და გაგახსენებთ დღევანდელ დღეს, თუ გამოიძიეს და დაადგინეს დამნაშავე, მაინც დაგირეკავთ და მადლობას გეტყვით, შევთანხმდით? - კი, ბატონო, დარეკეთ. ისევ გარწმუნებთ, რომ გამოიძიებენ. ტატო ლასხიშვილი, გაზეთ “სვობოდნაია გრუზიას” მთავარი რედაქტორი: - ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თანაც ნიკოლოზობის დღესასწაულზე. ჩემი აზრით, ასეთი ფაქტები ზიანს აყენებს სახელმწიფოს, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პრესტიჟს. ამასთან ერთად, შეიძლება ამაზე უხერხული იყოს ახლა ლაპარაკი, ჩვენი კოლეგების რეაქცია მაფიქრებინებს, რომ ჩვენს ამქარში ყველაფერი მთლად რიგზე ვერ უნდა იყოს. მომავალში ასეთი შემთხვევები რომ არ განმეორდეს, მედიას მეტი კონსოლიდირება მართებს. ამას გეუბნებით, როგორც იმ გაზეთის წარმომადგენელი, რომლის რედაქციაც რამდენჯერმე დაარბიეს 1996 წლიდან 2001 წლამდე. ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი: - ეს არ ყოფილა უბრალო ხულიგნური თავდასხმა ან ტიპური ძარცვა, ეს იყო მიზანმიმართული აქცია გაზეთის წინააღმდეგ, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ნიშანდობლივია, რომ 9 თვის მანძილზე მეორედ ხდება თავდასხმა “საქართველო და მსოფლიოზე”. ამისი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ დღევანდელ ქართულ ბეჭდვურ იმედიაში ამ გაზეთს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. ორი აზრი არ არსებობს, რომ გაზეთის პუბლიკაციებით გაღიზიანებულმა ხელისუფლების ძალოვანმა შტომ შური იძია გაზეთის რედაქციაზე და ბარბაროსულად დაარბია და გაძარცვა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დარბევა დაკავშირებული იყოს ბონდო მძინარაშვილის მოსკოვის მედიაფორუმში მონაწილეობასთან. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვა მასთან ერთად მყოფ კოლეგებს და მათ წარმგზავნ მედიასაშუალებებსაც გაუსწორდნენ ამგვარი ფორმით. 26 დეკემბრიდან მაუწყებლობას აჩერებს “მაესტრო”. ვშიშობ, რომ ამ პერიოდში ხელისუფლება კიდევ არაერთ მედიასაშუალებას გაუსწორდება. კოლეგებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - გარდა ვანდალურობისა, სხვა რა შეფასება შეიძლება მივცე ამ ფაქტს? მაგრამ ეს ვანდალიზმი ემთხვევა გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს, მაგალითად ხელისუფლების ინტერესებს. პირდაპირ ’ნელია რამის თქმა, მაგრამ თუ ამ საქმის გამოძიება გაჭიანურდა, ხელისუფლება ირიბად მაინც ეჭვმიტანილი იქნება. საჭიროა საზოგადოებამ და მედიამ თავიდაიცვას ასეთი შეტევებისგან. ამისთვის კი საჭიროა ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა! ანი მიროტაძე, საინფორმაციო სააგენტო “პირველის” გენერალური დირექტორი: - არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ რჩება. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან და ყველაფერს აკეთებენ ასეთი ფაქტების დროულად გამოძიებისთვის. თვით ეს ფაქტიც იმის კიდევ ერთი მაგალითია, რამდენად დაცულია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები და რამდენად არის შექმნილი პირობები ჟურნალისტებისთვის, რომ ემსახურონ სამართლიანობას და ობიექტურობას. ვუერთდები იმ ადამიანების მოთხოვნებს, და დარწმუნებული ვარ ასეთი ადამიანი ბევრია, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიონ ამ დარბევა-გაძარცვის ფაქტი. ეს საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ რედაქციას ზარალი აუნაზღაურდეს და არც მხოლოდ იმისთვის, რომ მედიის საშუალებებს დაეხმარებიან. უპირველესად დაეხმარებიან საკუთარ თავს, რომ ხელი შეუწყონ ქვეყანაში ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. XXI-ე საუკუნეში სირცხვილია ასეთი ბარბაროსობის ჩადენა. პეტრე მამრაძე, პარლამენტის წევრი: - უდანაშაულობის პრეზუმფცია ჩემთვის ის წმინდათაწმინდა ფასეულობაა, რომელსაც ყოველთვის ვიცავ და არც ამჯერად დავარღვევ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღევანდელი რეჟიმი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერაც აღქმულია როგორც ავტორიტატული, პოლიტიკური რეჟიმი. საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ გამორჩეული ადგილი უკავია. სანამ ხელისუფლება დამნაშავეებს არ იპოვის, ეჭვი მასზე იქნება, რადგან ხელისულების მიმართ ნდობაა დაკარგული. დემოკრატიულ ქვეყნებშიც შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ იქ არავინ იეჭვებს ხელისუფლებაზე, ჩვენთან კი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის პირობებში პირველი ეჭვმიტანილი სწორედ ხელისუფლებაა. თეიმურაზ ქორიძე, ჟურნალისტი: - საერთოდ საქართველოში პრესის საქმე ძალიან ცუდად არის. მთელ მსოფლიოში ხელისუფლება ეხმარება ოპოზიციურ პრესას, ხაზგასმით ვამბობ, ოპოზიციურ პრესას. ეს დარბევა არის უნიჭობის ნიმუში. საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების 98 პროცენტი აისახება პრესაში, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციებიც. ამიტომაც ყველგან ცდილობენ პრესის წახალისებას. დარბევა რა მიზეზითაც უნდა იყოს, ეს არის საკუთარ თავში აგურის ჩარტყმა. მათ მხოლოდ რედაქციის კი არა, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას მიაყენეს დარტყმა. ვალერი კვარაცხელია, პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარე: - მე მგონია, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურების ხელი ურევია. ამას ვფიქრობ თქვენი გაზეთის მიმართულებიდან გამომდინარე. მხედველობაში მაქვს ის, რომ თქვენთან მართლაც არის სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს ტაბუდადებული თემები. საბჭოთა პერიოდში მართლაც იყო ტაბუდადებული თემები, რომლებიც ახლა გაშიშვლებულია და ტაბუ მოხსნა, მაგრამ არსებობს პოლიტიკური თემები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დღესაც ტაბუდადებულია. რუსეთთან ურთიერთობის პერიპეტიები ჩვენს მედიაში ცალმხრივად შუქდება და აუცილებლად ნეგატიურად. ტაბუდადებულია ის საკითხი, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანასთან პოზიტიური ურთიერთობა. თქვენ გაცილებით მეტად ხართ ოპოზიციურები, ვიდრე მთელი ე.წ. პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი. თუ სხვაგან ყველგან შუქდება ნატოსთან ურთიერთობა, როგორც პოზიტიური პერსპექტივა. თქვენს გაზეთში ამის საწინააღმდეგო წერილები ქვეყნდება. ამ ხელისუფლებას კონკრეტული პირების კრიტიკა არ აღელვებს, მათთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როცა მათ პოლიტიკურ თვალსაზრისს არ ეთანხმები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წაღებულია წიგნები, სადაც თავმოყრილია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ “საქართველო და მსოფლიოს” და “ისტორიული მემკვიდრეობის” ოფისები სპეცსამსახურებმა დაარბიეს და გაძარცვეს. გიორგი ბარამიძე, ვიცე-პრემიერი: - ამ ფაქტის შესახებ პირველად მესმის, საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ნებისმიერი ძარცვა ცუდია და დანაშაულია. ამას რა კომენტარი სჭირდება? კრიმინალია, გამოსაძიებელია და დასასჯელია, ვინც ეს ჩაიდინა. ლუბა ელიაშვილი, ჟურნალისტი: - ნებისმიერ შემთხვევაში მაოცებს ჩემი კოლეგების შედარებით დუნე რეაქცია ამ დარბევასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ გაზეთს, მიმაჩნია, რომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, რა მოხდა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასეთ დროს კოლეგების თანადგომა აუცილებელია. სხვაგვარად, ძალიან გაგვიჭირდება თავისუფალი მედიის დაცვა. თენგიზ პაჭკორია, ჟურნალისტი: - იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები გამოი ძიებენ ამ ფაქტს, გამოავლენენ, ვინც გაძარცვა ეს ოფისები და დააბრუნებენ წაღებულ წიგნებს და ტექნიკას. თუ ამას მოახერხებს ხელისუფლება, ეს იქნება ძალიან კარგი ყველა კუთხით და პარამეტრით. გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: - საერთოდ დემოკრატიული სისტემის მშენებლობა და საინფორმაციო საშუალებების დარბევა ვერ ეგუება ერთმანეთს. ურთიერთგამომრიცხავია. დამზაფრა თქვენი გაზეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა ვანდალურმა დარბევამ. წარმოუდგენელი ამბები ხდება: რომც იყოს აზრთა დიამეტრალური სხვაობა, დარბევა ინფორმაციის იმ საშუალების, სადაც შენთვის მიუღებელი, შენი საწინააღმდეგო პოზიცია დაფიქსირდა, ცივილიზებული საზოგადოებისთვის არა მარტო მიუღებელია, არამედ იმის დამამტკიცებელია, რომ დიქტატორული მართვის ფორმები ჩვენთვის დამახასიათებელი ხდება. ამ ფორმების დანერგვას კი დიდი სიცრუითა და მოტყუებით ცდილობენ. მესმის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მსხვერპლგაღება შეუძლებელია. მაშ, რას გვიმტკიცებენ? იმას ხომ არა, რომ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა? ნანა კაკაბაძე “არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”: - ჩემი აზრით, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს დარბევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა და არა სხვა მიზეზით. მითუმეტეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თქვენი გაზეთი ადრეც დაარბიეს... სიმართლე გითხრათ, გამოძიების იმედი არ მაქვს, ვინაიდან, ამ ხელისუფლების წყალობით, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურები არ არსებობს და, როგორც წესი, დანაშაულებები ყოველთვის გამოუძიებელი რჩება... დღეს ჩვენს საზოგადოებას დაბეჯითებით არწმუნებენ, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურაა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ბევრს მართლა სჯერა, რომ ეს ასეა. სინამდვილეში კი დემოკრატიის შუქურა კი არა, დემოკრატიის ქვესკნელი ვართ, რასაც ის ვანდალური ქმედებაც მოწმობს, რაც თქვენი გაზეთის მიმართ განხორციელდა. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას, დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების სიმყარე და ასე ვთქვათ, უძლეველობა დიდწილად მათი დამსახურებაა, რადგან ზოგიერთი დიპლომატი, სააკაშვილის მსგავსად, გამოდის და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო მართლა დემოკრატიის შუქურაა. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთ განცხადებებს ყველა დიპლომატი არ აკეთებს, ამას ამბობენ პოლიტიკურად ანგაჟირებული დიპლომატები და ისინი, ვისაც აქ აქვთ უკანონო ბიზნესი. სინამდვილეში კი მათ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იციან, აქ რა ხდება და რა დემოკრატიაც არის ჩვენს ქვეყანაში... ჯაბა ჯიშკარიანი, “მოძრაობა 7 ნოემბერი”: - სასაცილოა, როცა ასეთ ფაქტებს ჩვეულებრივ კრიმინალურ ძარცვად რაცხავენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გაზეთის დარბევა წმინდა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ამ ფაქტს მე ვუკავშირებ იმას, რომ “საქართველო და მსოფლიო” არის ობიექტური, მიუკერძოებელი გაზეთი და ყოველთვის ადეკვატურად აშუქებს, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამასთან, ახლახან გამოიცა წიგნი “უუფლებობის ზონა”, რომელშიც თქვენი გაზეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე მომზადებული მასალები საკმაოდ მრავლადაა შესული და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იძლევა იმის საფუძველს, დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით, მიზანმიმართულად განხორციელებული დარბევა, რომლის მიზანიც ცხადზე ცხადია... გამოძიების იმედი, რაც უნდა სამწუხარო იყოს, არ უნდა გვქონდეს, რადგან ბოლო წლების მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში დამნაშავე და კრიმინალი არ ისჯება. ისჯება მხოლოდ ის, ვის დასჯასაც ერთი ადამიანი - პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილი მოისურვებს და, როგორც ჩანს, ამჯერად მან არჩევანი სწორედ თქვენზე შეაჩერა. რაც შეეხება მომხდარზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას, ვფიქრობ, ამას სერიოზული რეაგირება უნდა მოჰყოლოდა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. ერთი რამ ფაქტია, რომ დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის მნიშვნელობა, ხელისუფლებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ძალიან დიდია და, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება, თუ ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ ადამიანის უფლებების დაცვას... დაჩი ცაგურია, “მოძრაობა 7 ნოემბერი”: - ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის გახსნა და დამნაშავეების დასჯა არ ხდება, არახალია. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ თქვენი გაზეთის დარბევას ვინმე გამოიძიებს და რამე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. ის, რომ ეს უბრალო ყაჩაღური დარბევა არ ყოფილა, მე მგონი, ეჭვს არ იწვევს, ამიტომ, როგორც გითხარით, საზოგადოებამ, არა მარტო ქართულმა, მსოფლიო საზოგადოებამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უფლებადამცველებმა და ყველამ, ვისაც კი ამ სფეროსთან შეხება აქვს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გამოძიებულ იქნას არა მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა, არამედ ყველა მსგავსი ფაქტი, რადგან სწორედ ამგვარი ფაქტების გამოუძიებლობა და განუკითხაობა უქმნის ხელისუფლებას იმ დაუსჯელობის შეგრძნებას, რამაც აქამდე მოიყვანა სააკაშვილი და მისი რეჟიმი. ...ჩვენ რომ “დემოკრატიის შუქურა” ვართ, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ რა ვქნათ, არიან ისეთებიც, ვინც ამ შუქურას ჯერჯერობით ვერ ხედავს და, რადგან ამ კატეგორიის ადამიანების მოსაზრებას ყურადღებას არავინ აქცევს, ისღა დაგვრჩენია, როგორმე ჩვენვე მივიქციოთ ყურადღება. ლაშა ჩხარტიშვილი, “კონსერტავიული პარტია”: - სიმართლე გითხრათ, სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ გაზეთი დაარბიეს... ჩვენს ქვეყანაში, დიდი ხანია, პოლიტიკური რეპრესიები დაწყებულია და ეს პროცესი ისევ და ისევ გრძელდება. ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, ორგანიზაცია თუ კონკრეტული პიროვნება, რომელიც მის დანაშაულებებს აფიქსირებს. თქვენი გაზეთი სწორედ ასეთი ერთ-ერთი გამორჩეული გამოცემაა და, ბუნებრივია, ვიღაცას არ აწყობს მისი არსებობა... რა თქმა უნდა, ეს არ იყო კრიმინალური ძარცვა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური ნიშნით მომხდარი დარბევა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი გაზეთი დაარსების დღიდან მუხლჩაუხრელად იბრძვის ამ ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი თუ რამე სხვა, ყოველთვის მწვავედ და ობიექტურად აშუქებს. ვფიქრობ, გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს, რამეთუ დღემდე საქართველოში არც ერთი მსგავსი ფაქტი არ გამოძიებულა. ერთადერთი, რითაც ამ ძალადობის წინააღმდეგ შეიძლება ვიბრძოლოთ, ისევ და ისევ ჩვენი აქტიურობაა, ამიტომ ახლა ფარ-ხმლის დაყრის დრო ნამდვილად არ არის, პირიქით, უნდა ვიბრძოლოთ და ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება თვითონაც მივა იმ მდგომარეობამდე, რომლის იქითაც მათ უკვე აღარ დარჩებათ არავითარი ბერკეტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად... ირაკლი კორძაია, ჟურნალისტი: მე, როგორც ჟურნალისტი, მივიჩნევ, რომ ნებისმიერი გაზეთის დარბევა, იქნება ეს ხელისუფლების მოსაწონი, თუ ოპოზიციური, დასაგმობი ფაქტია და საზოგადოების მხრიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ამას უნდა მოჰყვეს უკიდურესად მწვავე რეაგირება. ასეთი სისაძაგლე ოცდამეერთე საუკუნეში ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებშიც არ ხდება. ასე რომ, ეს ფაქტი არ უნდა მიჩუმათდეს, თორემ ამ ხელისუფლებისთვის ეს იქნება წაქეზება...