ექიმ ჯონ ლენგდონ ჰეიდონ დაუნის მიერ აღწერილი სინდრომით შეპყრობილებო, თუ ხვდებით საერთოდ, რას შეახეთ ხელი?!
გასული კვირის დასაწყისში ხელისუფლება უჩვეულოდ მშვიდად იქცეოდა, რაც, დაგროვილი გამოცდილების თანახმად, მორიგი დიდი სისულელის ჩადენას მოასწავებდა. ასეც მოხდა, ახლა უკვე გვიანია იმის დადგენა, სად დაბოდიალობდა მკურნალი ექიმი და რატომ ეძინა სანიტრებს, პაციენტმა მოასწრო იმის ჩადენა, რისთვისაც რამდენიმე დღე თავს იკატუნებდა. შაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ამ წუთებში ქუთაისში “დიდების მემორიალის” ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს”. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ საქმე სწორედ აქეთ მიდიოდა. როდესაც გასულ წლებში მემორიალზე რამდენიმე ვანდალური თავდასხმა მოხდა, ხელისუფლებას არც დაზიანებული ფრაგმენტები აღუდგენია და არც ობიექტის დაცვისთვის გამოუდია თავი. ეს ავისმომასწავებელი პოზიცია ადგილობრივი საზოგადოებისთვის ერთგვარი ტესტი იყო. ვინაიდან სერიოზულ პროტესტს, თითო-ოროლა პუბლიკაციისა და გამოსვლის გარდა, ადგილი არ ჰქონია, ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მის ჩანაფიქრს წინ ვერაფერი აღუდგება და მემორიალს ბულდოზერებით მიადგა.
საერთოდ, საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობა დეფექტურ სახელმწიფოებში, შეგვიძლია, მსგავსი ტესტებისგან შემდგარი, ერთგვარი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის სახით წარმოვიდგინოთ. ყოველივე ეს კაცობრიობას უკვე გავლილი აქვს. თუ დღეს ათეულობით უდანაშაულო ადამიანის დაჭერას არ აპროტესტებ, ხვალ ათეულ ათასებს საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნიან. თუ ილია ჭავჭავაძის ძეგლის გადატანას უპასუხოდ ტოვებ, წინ, დიდი ალბათობით, კოცონში გადაყრილი წიგნები დაგვხვდება. როგორ იყო? “Wenn ich das Wort Kultur hore, entsi¬chere ich meinen Revolver?” - “როდესაც სიტყვა “კულტურა” მესმის, რევოლვერისკენ (ჩვენს შემთხვევაში, ბულდოზერისკენ) მიცდება ხელი”. ყველას გვახსოვს, რით დასრულდა ის ისტორია.
ძეგლები მაშინაც მოვლენათა ჯაჭვში პირველ რგოლს წარმოადგენდა. ასე, 1933-ში ჰამბურგში ნაცისტებმა ჯერ გაანადგურეს ჰაინრიხ ჰაინეს ძეგლი და შემდეგ მის კვარცხლბეკთან წიგნების დაწვაც დაიწყეს. მოგვიანებით კი ყველაფერი ჰაინეს წინასწარმეტყველების თანახმად მოხდა: “იქ, სადაც წვავენ წიგნებს, ადრე თუ გვიან ადამიანების დაწვას დაიწყებენ”. საოცარი სიმძაფრით იგრძნო ყველაფერი წინასწარ, მაშინ, როცა გერმანიაში მსგავსი მისწრაფებები არავის აწუხებდა.
ბოლოს, ევროპის შუაგულში, ამ ბედკრული პლანეტის სხადასხვა კუთხიდან მოსულ სხვა ჯარისკაცებთან ერთად, მივიდნენ ჩვენი წინაპრებიც და იმ კოშმარს წერტილი დაუსვეს. მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მემორიალი სწორედ მათ ხსოვნას უკვდავყოფდა.
ეს ამბავი, ალბათ, საქართველოში თითოეულ ოჯახს ეხება. ასე ბაბუაჩემმა გაირა გზა კურსკიდან პრაღამდე, მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში სანდომირის პლაცდარმზე, რომელიც ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოდგა. სხვა ოჯახებისთვისაც ასეა ქერჩი, სტალინგრადი, კენიგსბერგი, ბუდაპეშტი დაბოლოს ბერლინი, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წერტილი ევრაზიის უსასრულო და უმოწყალო სივრცის რუკაზე, თუმცა ამჯერად, რატომღაც, სულ სხვა მოხუცი გამახსენდა.
ასაკის გამო ომში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, რომ იტყვიან, ომმა მასში პირდაპირი და უშუალო მონაწილეობა მიიღო. მაშინ ერთი ჩვეულებრივი ებრაელი მოზარდი გახლდათ, თუმცა არა, ალბათ, მაინც არაჩვეულებრივი, რადგან სიკვდილს ორგზის, ჯერ ვილნიუსის გეტოში, შემდეგ კი საკონცენტრაციო ბანაკში დაუსხლტდა. როდესაც გავიცანი, ერთი საოცარი პენსიონერი იყო, ხალისიანი, განუმეორებელი სევდანარევი იუმორით, რომელსაც არასოდეს ეზარებოდა ბავშვებთან საუბარი მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, მიუხედავად იმისა, საკუთარი შვილიშვილები იყვნენ, თუ დამსვენებლების (მოვლენები კოპწია ბალტიისპირა კურორტზე ვითარდებოდა).
ერთხელაც უცნაური რამ მოხდა: მოხუცი სწრაფად შემოვიდა ქუჩიდან, რაღაცნაირად გვერდულად გადაკვეთა ეზო ისე, რომ ყველა იქ მყოფს გვერდი აუქცია, სახლში შევიდა (თითქმის შევარდა) და კარი მიიხურა. აბსოლუტურად წაშლილი სახე ჰქონდა, ხოლო თვალები, რომლებიც ჩვეულებრივ შოლომ-ალეიჰემის მსუბუქი კალმით დაწერილ ცხოვრების ენციკლოპედიას მოგაგონებდათ, ყოვლისმომცველი, უსასრულო შიშის გარდა არაფერს გამოხატავდა. “არ შეუძლია, - აგვიხსნა გაკვირვებულებს მისმა ლიტველმა მეზობელმა, - ძაღლების ყეფას ვერ იტანს” და მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ, რომ ქუჩიდან ძაღლის ავი, გაბმული ყეფა ისმოდა.
იმ ეპიზოდმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ გაცილებით მეტი მომითხრო, ვიდრე სერ ბეზილ ლიდელ გარტისა და კურტ ფონ ტიპელსკირხის თხზულებებმა. ნათქვამია, “მან, ვინც გადაარჩინა ერთი ადამიანი, მთელი სამყარო გადაარჩინა”, ხოლო ჩვენმა წინაპრებმა, რომელთა ხსოვნას ეს მემორიალი ეძღვნებოდა, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარდაუვალი დაღუპვისაგან მილიონობით ადამიანი იხსნეს. ამგვარად, ძეგლის დამანგრევლების მიმართ ერთი სავსებით ლეგიტიმური კითხვა ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს: “ექიმ ჯონ ლენგდონ ჰეიდონ დაუნის მიერ აღწერილი სინდრომით შეპყრობილებო, თუ ხვდებით საერთოდ, რას შეახეთ ხელი?”
თუ თვალს გადავავლებთ ხელისუფლების მოქმედებას ძეგლებთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ განსაკუთრებით სწორედ გამარჯვებულთა ძეგლებს ერჩის - დავით აღმაშენებლის, რომელმაც მოიგო ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის; ილია ჭავჭავაძის, რომელმაც გაიმარჯვა ბრძოლაში ეროვნული იდენტურობისათვის და ახლა უკვე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს მიადგა, რომლებმაც განსახიერებულ სიბნელესთან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ომი მოიგეს. საკმაოდ საგულისხმო ტენდენციაა.
რის შემოთავაზება შეუძლიათ სანაცვლოდ? ალბათ, მიწაზე მხოხავი მამაკაცის ქანადაქებისა, რომელიც გაფაციცებით ღეჭავს ჰალსტუხს; სავარაუდოდ, ქალაქ გორში მოიძებნება ადგილი, სადაც ამ “სირცხვილის მემორიალის” დადგმა შეგვეძლება. ძველად რომ იტყოდნენ: “რათა გვახსოვდეს!”.
და ამინდის შესახებ, უკაცრავად, და გასული კვირის სხვა საგულისხმო მოვლენების თაობაზე: საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებების პირველი ნიშნები გამოჩნდა. დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოსთვის (ფაქტობრივად) დაწესებული სანქციების სავარაუდო გაუქმების შესახებ სააკაშვილის პრესსამსახურის საკმაოდ მოზომილი პასუხი მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება”. ალბათ, ეს პირველი შემთხვევაა ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ოფიციალური თბილისი კრემლის ინიციატივას საჯაროდ იწონებს. შესაძლოა, ეს იმ ტენდენციის ანარეკლია, რომელიც დღესდღეობით გლობალურ პოლიტიკაში, კერძოდ, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულებაში გამოიკვეთა.
“ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები და გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი მომავალი. ვფიქრობ, რომ ომს რადიკალურად არაფერი შეუცვლია. მეზობლებმა, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა მოილაპარაკონ და მშვიდობიანად იცხოვრონ”, - თუ მსგავს სიტყვებს რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა, სახელმწიფო პროპაგანდა, ძალიან დიდი ალბათობით რუსეთუმეს, ჯაშუშისა და დივერსანტის იარლიყს ააკრავდა, თუმცა ეს აზრი უკრაინულ ტელეარხ “ინტერთან” საუბარში საქართველოში შტატების ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა გამოთქვა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახან თბილისიდან კიევში გადაისროლა.
დათბობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გრძელდება და, ალბათ, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რატომ გადადის ორი ზესახელმწიფო მწვავე კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე. მცირე ისტორიული ექსკურსი ნამდვილად არ გვაწყენს.
მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ეს ორი ქვეყანა თითქმის მოკავშირე იყო, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთის მიმართ აშკარა კეთილგანწყობას ავლენდა, რადგან ერთი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ბრიტანეთის იმპერია ჰყავდა. კრიტიკულ მომენტებში (ყირიმის ომი, სამოქალაქო ომი შტატებში) ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. პირველ მსოფლიო ომში ერთ მწყობრში იდგნენ. შემდეგ, მოუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 20-იან წლებში დიპლომატიურ იზოლაციაში მოექცა, ორ ქვეყანას შორის საკმაოდ ინტენსიური საქმიანი თანამშრომლობა გაჩაღდა. მეორე მსოფლიო ომში ორი ქვეყანა კვლავ მოკავშირე გახდა. მათ ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხეს გერმანია და იაპონია, ამასთანავე, ირიბად ხელი შეუწყვეს დაუძინებელი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, ბრიტანეთის იმპერიის დაშლას.
სიტყვამ მოიტანა და, 50-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ბრიტანეთი ემშვიდობებოდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ფაქტობრივად აშშ-ს სატელიტი ხდებოდა, პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ მაკმილანმა საოცარი ფრაზა თქვა, რომელშიც მკაფიოდ განსაზღვრა ბრიტანული საგარეო პოლიტიკისა და შტატებთან მომავალი ურთიერთობის არსი: “ჩვენ მათი რომის ათენი გავხდებით”.
რომელი სახელმწიფო განიხილება ანგლო-ამერიკულ გეოპოლიტიკურ მოდელში მთავარ მოწინააღმდეგედ? - ის, რომელსაც შეუძლია შექმნას საკმარისად ძლიერი ფლოტი იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას მათ კონტროლს საზღვაო სივრცეზე, სრუტეებსა და სავაჭრო მარშრუტებზე. ასეთი იყო გერმანია, იაპონია, საბჭოთა კავშირი, დღეს წინა პლანზე ჩინეთი გამოვიდა, რომელიც აშენებს ავიამზიდებს და უცხოეთში საზღვაო ბაზების შთამბეჭდავ ქსელს ქმნის. ამასთანავე, პეკინი ფლობს ეკონომიკურ ბერკეტებს, რომელთა მეშვეობით აშშ-ს ეკონომიკაზე კრიტიკული გავლენის მოხდენა შეუძლია.
რით იყო განპირობებული აშშ-რუსეთის კონფრონტაცია “ცივი ომის” დასრულების შემდეგ, რომელიც განსაკუთრებით ბუშის პრეზიდენტობის დროს გამწვავდა? სავარაუდოდ, ვაშინგტონს რაღაც მომენტში შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი “აბსოლუტური სტრატეგიული უსაფრთხოების” მიღწევას შეძლებდა. დასუსტებული რუსეთის ხელთ რჩებოდა საბჭოთა კავშირის ბირთვული არსენალი, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი პლანეტის განადგურება (თანაც რამდენჯერმე). იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის უკონტროლო დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყებოდა ან ქვეყნის სათავეში მოექცეოდა რეჟიმი, რომელიც ვაშინგტონზე 100%-ით იქნებოდა დამოკიდებული - ამ არსენალის გადასვლა საერთაშორისო (სინამდვილეში აშშ-ს) კონტროლის ქვეშ სავსებით ლოგიკური გახდებოდა. რუსეთის გაზის, ნავთობისა და, რომ იტყვიან, მენდელეევის მთელი ცხრილის დაპატრონება, რომელიც მის ტერიტორიაზე მოიპოვება, ამ გადასახედიდან მხოლოდ სასიამოვნო დამატებითი ბონუსია. თავისი მნიშვნელობით იგი ახლოსაც ვერ მივა დაცულობასთან გარანტირებულ ტოტალურ განადგურებისაგან.
შესაძლოა, თეთრ სახლს წარმატებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა, თუმცა რუსეთმა, სირთულეების მიუხედავად, გაუძლო ზეწოლას და ნელ-ნელა ცხადი გახდა, რომ ამ ეტაპზე დასახული ამოცანის მიღწევა ვერ მოხერხდება. ხოლო ვინაიდან “კონფრონტაციას კონფრონტაციისთვის” შენაძენზე გაცილებით მეტი დანაკარგი მოჰქონდა, ბუნებრივად გაჩნდა გულუბრყვილო ინტონაციით წარმოთქმული კითხვა What for? (რისთვის?).
დავუბრუნდეთ, ანგლო-ამერიკული სტრატეგიის საფუძვლებს. იმისთვის, რომ დაამარცხო მოწინააღმდეგე ევრაზიაში, მის უშუალო სიახლოვეს შესაბამისი მასშტაბის გამოსადეგი მოკავშირე უნდა გყავდეს. არსებობს ამოცანები, რომელთა ეფექტური გადაწყვეტა მხოლოდ კონტინენტური ქვეყნების მძლავრ სახმელეთო ჯარებს შეუძლიათ. ამასთანავე, საზღვაო ძლიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოებისთვის გაცილებით მოსახერხებელია, რაოდენ ცინიკურად უნდა ჟღერდეს, რომ ფრანგების ხელით ებრძოლონ გერმანელებს (და პირიქით), ჩინელების ხელით ებრძოლონ რუსებს (და პირიქით), ვიდრე ომს საკუთარი მოქალაქეები და რესურსები შესწირონ. ამ პრინციპის გავრცელება ეკონომიკურ და სავაჭრო ომებზე, სხვა ტიპის დაპირისპირებებზეც შეიძლება. მსოფლიო კრიზისისგან საკმაოდ დასუსტებულ შტატებს სულაც არ აწყობს, არც დღეს, არც (განსაკუთრებით) 10-20 წლის შემდეგ ჩინეთთან პირისპირ, ერთი-ერთზე, მათი ესპანურენოვანი მოქალაქეების თქმის არ იყოს, mano-a-mano დაჯახება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არარაციონალურია.
თუ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს ჯონ ტეფტის ბოლო განცხადებას, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი შემთხვევითი არ ყოფილა. სავარაუდოდ, იგი შეიცავს სავსებით კონკრეტულ მესიჯს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან შემდგომ კონფრონტაციას დაეფუძნება, შეერთებული შტატების ინტერესებში (ამ ეტაპზე) აღარ შედის. მეტიც, ვაშინგტონის ასეთი მიდგომა შეიძლება თვეებსა და წლებზე კი არა, ათწლეულებზე გათვლილი გეგმის ნაწილი აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ ვითარება იცვლება და ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალზე ფრთხილ და გააზრებულ მოქმედებას, მეტ სერიოზულობას მოითხოვს. ცნობილი მულტიპლიკაციური მგელი რომ იტყოდა, «Баста, карапузики, кончилися танцы» - ზღაპარი დასრულდა, რეალური ცხოვრება დაიწყო.
P.S. (რედაქციისგან)
თუ ხვდებით, რომ ვანდალიზმისთვის, ადრე თუ გვიან, გაგასამართლებენ?!
ვანდალიზმი - კულტურულ და მატერიალურ ღირებულებათა შეგნებული, უაზრო განადგურებაა.
შეგნებული უაზრობა - ასეც შეიძლება ვთქვათ.
სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა, სხვადასხვა ქვეყანაში - სხვადასხვარად, მაგრამ აუცილებლად სჯიან როგორც უშუალოდ ჩამდენს, ასევე - წამქეზებელს, დავალების მიმცემს, დამკვეთს...
სჯიან, რადგან ბოროტებაა, დანაშაული, რომელიც მიმართულია ადამიანების მიერ შექმნილი ფასეულობების წინააღმდეგ, იმ ფასეულობათა წინააღმდეგ, რომელთაც სულიერი და ფიზიკური ენერგია შეალიეს თაობებმა, შემოქმედებით ქურაში გამოაწრთეს და ერის მაღალი კულტურისა და ფართო განათლების ნიმუშად დაგვიტოვეს.
ამიტომაა ანტისაკაცობრიო ქმედება ვანდალიზმი და დასჯადიც ამიტომაა. ანტიჰუმანურია და ველურობის მაჩვენებელი, როგორც არაერთი ისტორიული მაგალითი, ვანდალების აღმოსავლეთ-გერმანული ტომიდან მოყოლებული, რომელმაც 455 წელს გაძარცვა რომი, და გერმანელი ფაშისტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულობათა ჩათვლით.
დროსა და ჟამს უნდა წაეღო თითქოს ეს სიბილწე სულისა და ბოროტებასთან შეზავებული სიჩლუნგე გონების. მაგრამ პირიქით ხდება: ჩვენი მშობლიური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სიყვარულს გაბანერებული თვალსაჩინოებით გვეფიცება, თავისი ადგილობრივი სტრუქტურის - ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და ხელდასმით ისეთი უნიკალური ძეგლის იავარსაქმნელად ემზადება, როგორიც “საქართველოს მეორე დედაქალაქში” აღმართული დიდების მემორიალია.
სარწმუნო ინფორმაციით, 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, უქვეშევრდომილესი ერთგულებით აღტკინებული ნაცმოძრაობის აქტივისტები არნახული ფოიერვერკით დააგვირგვინებენ - ააფეთქებენ მერაბ ბერძენიშვილის ქმნილებას.
“დიდების მემორიალი” ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იყო აღმართული. მისი დანგრევა სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმის რესტავრაციის მცდელობა.
ვინ დაგიკვეთათ, ქუთაისლებო, ასეთი სიბინძურე? ვის დაუჯერეთ? აფეთქდება და დაინგრევა ძეგლი, როგორც ბუდას კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული ქანდაკება, რომელიც თალიბებმა ავღანეთში მიწასთან გაასწორეს.
მაშ, წინ - ვანდალებიდან თალიბებამდე! ვანდალები ისტორიაში დაიკარგნენ, თალიბებს ყელში ხელს უჭერენ, ვანდალიზმს სამართალი სჯის.
მოგეკითხებათ!
მოეკითხება ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა ამ ვანდალურ გადაწყვეტილებას. სასამართლო სამხილად დაუდებს მათ საკრებულოს დადგენილებას. თავის მართლება გვიან იქნება მაშინ.
მოეკითხება იმ მუშასაც კი, რომელიც ისეთივე მონდომებით, როგორითაც მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე დაუნგრეველ “ანდროპოვის ყურებს” შეუტია, პნევმატური ჩაქუჩით მიადგება დიდების მემორიალის რკინა-ბეტონის საძირკველს. სასამართლოზე სამხილად დაუდებენ სამუშაოთა მწარმოებლის შედგენილ სამუშაოთა განაწილების დოკუმენტს.
დაბოლოს.
“დიდების მემორიალის” გახსნისას მომხდარი სასწაულებრივი მინიშნებაც გავიხსენოთ, როცა საიდანღაც მოფრენილი თეთრი მტრედი მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას დააფრინდა, შემდეგ რამდენჯერმე შემოხაზა ჰაერში წრე და ავტორს დააჯდა მხარზე.
სულიწმიდა ქართულ ფრესკებზე მტრედის სახითაა გამოსახული...
ვითომ არაფერს გვეუბნება ეს სასწაულებრივი მინიშნება?
ღმერთო, შეგვინდე და დაგვიფარე!
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
Русская версия
English version






კომენტარები (20 კომენტარი):
შენი ჭკუით,საქართველოს გასაბედნიერებლად იბრძოდა ჰიტლერი?!
”მაინ კამპფ” წაიკითხე,იქნება რაიმეს აზრზე მოხვიდე!
titqos amati ketildgeoba imazea damokidebuli,
ra siscrafit mospoben qartul zeglebs,erovnul
tvitshegnebas,sulier da zneobriv principebs,
rcmenas da imeds...
ubedureba ki is aris, rom amas vitant, veguebit da
xmas ar vigebt. velodebit, rodis chamogvivlis asjer
gabiturebuli "opozicia" kardakar da "moqmedebis"
gegmas mogvcems... axia chvenze, axi!
დატოვეთ კომენტარი