საქართველო და მსოფლიო: კარლსონი, რომელიც სახურავიდან გადმოვარდა კარლსონი, რომელიც სახურავიდან გადმოვარდა ================================================================================ საქართველო და მსოფლიო on 09 12, 2009 03:31 მიხეილ სააკაშვილი იდგა დაჟანგული, ჩამოწერილი პროჟექტორის ფონზე ისეთი ამაყი სახით, თითქოს სტალინგრადი აეღოს და უცნაური ღიმილით საუბრობდა გველეშაპის თვალსა და ბოროტების მოკვეთილ საცეცებზე. მართალია, ასეთ დროს მიღებულია ბავშვების ოთახიდან გაყვანა, ტელევიზორის გამორთვა და, ყოველი შემთხვევისთვის, მავთულების გადაჭრაც კი, თუმცა ამ კონკრეტულ გამოსვლაში ერთი საინტერესო დეტალი იყო, რომლისთვისაც ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირდა. ეს ხდებოდა შაბათს ბათუმში, ბათუმის “შერატონის” (ვინ დათვლის მერამდენე) საზეიმო გახსნაზე. ილფი და პეტროვი რომ იტყოდნენ: “Остапа несло”. ო, უკაცრავად, სულ სხვა კლასიკური ციტატის მოყვანა მინდოდა, რომელსაც ქვემოთ მოვიყვან კიდეც. მოკლედ, სააკაშვილი ყვებოდა სულისშემძვრელ ისტორიებს “ცივი ომის” ეპოქიდან: “ამ სანაპიროზე ბუდობდა გველეშაპი. გველეშაპის საცეცები გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი მოჭრილი საცეცი აგერ გვაქვს სიმბოლურად მოტანილი და მინდა გითხრათ, რა იყო ეს საცეცი. შეიძლებოდა ბიჭი და გოგო გასულიყვნენ ერთად პლიაჟზე საღამოს, რათა მარტო დარჩენილიყვნენ და უცებ, ნახევარ წუთში მათ დაანათებდა უმძლავრესი პროჟექტორი, კაცმა არ იცის, საიდან გამოჩენილი გველეშაპის თვალი, და თუ კიდევ დიდხანს გაჩერდებოდნენ იქ, რამდენიმე წუთში მიაკითხავდნენ და წაიყვანდნენ იქ, სადაც ჯერ არს”. ვიღაცას, შესაძლოა, მოეჩვენა, რომ სააკაშვილმა ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებლის” კითხვაში რამდენიმე უძილო ღამე გაატარა და ყოველი ელექტროხელსაწყოს მიღმა საურონის თვალი ელანდება. მითუმეტეს, რომ ასეთი შემთხვევები კარგად შესწავლილი და აღწერილია. მაგალითად, აქ: Jahrbuch fur psychoanalytische und psychopathologische Forschungen, მაგრამ ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ. ეს იყო მეტაფორა, მართალია, ისეთივე ხელოვნური და უხეში, როგორც გია ნოდიას შედარება მთვრალ ზღარბთან, მაგრამ მაინც... უბრალოდ, სააკაშვილს დაავიწყდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ ის, რომ (ზღაპრების ენაზე თუ გადავალთ) იგი თავად იყო მის მიერ ხსენებული გველეშაპის მსახური, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარების ფორმა ეცვა. შესაძლოა, პროჟექტორსაც, ე.წ. ბოროტების თვალს, უბრიალებდა აკრძალულ ზონაში შეპარულ შეყვარებულებს, ავტომატით თავზე ადგებოდა და მიჰყავდა კიდეც “იქ, სადაც ჯერ არს”. საინტერესო იქნებოდა, გაეზიარებინა ჩვენთვის “მონსტრის მსახურის მოგონებები”. გრძნობს თუ არა რაიმე მსგავსს, რასაც გრძნობდა მებაღე ევგენი შვარცის უკვდავი “დრაკონიდან”: “იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რამდენი დრო დავხარჯე ამ ცალთავა ურჩხუ­ლის თათის ლოკვაზე. რამდენი ყვავილი შემეძლო მომეყვანა!”. ასე რომ, ალბათ, მეტი დაკვირვებაა საჭირო ზღაპრების მოყოლისას, მეტი სიფრთხილე... შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს სურს კიდეც ყოველივე ამის დავიწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, გველეშაპს ყველაფერი ახსოვს. მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში მომდევნო დღესაც გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ ნაძვის ხე აანთო და საქართველოს ბავშვების სახელით ხელი სანტა-კლაუსთან, ლაპლანდიაში გაგზავნილ წერილს მოაწერა. გასაგებია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, იგი მზადაა, მოაწეროს ხელი ტარიელის წერილს ნესტან-დარეჯანთან, ვიკონტ დე ვალმონის წერილს სესილი ვოლანჟთან და, შესაძლოა, ფაუსტის ცნობილ ხელწერილსაც კი. მაგრამ იმას, რომ შუამავლად ჩადგე ბავშვებსა და სანტა-კლაუსს შორის, ნამდვილად განსაკუთრებული მონდომება სჭირდება. მოედანზე თოკებით ჩამოუშვეს სანტა-კლაუსები, ზოგიერთი მათგანი ისე საცოდავად ჩამოეკიდა თავით ქვემოთ, რომ კუ-კლუქს-კლანის მსხვერპლს დაემსგავსა. დაკვირვებულ მაყურებლებს კი არ გამოჰპარვიათ ის დეტალები, რომლებითაც ეს თავყრილობა, წინა წლებში გამართულისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, სამი წლის წინათ სააკაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ამაყად გვამცნობდა: “ზემო აფხაზეთიდან ჩამოსულმა თოვლის ბაბუამ პარლამენტის შენობის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. თოვლის ბაბუამ მთელ საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მთელ ერს ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვა”. ალბათ, დროა, ბავშვური გულუბრყვილობით ვკითხოთ: რა უყავი თოვლის ბაბუა? რა დაემართა ზემო აფხაზეთს? ჩვენ კი არა, იმ პატარებს უპასუხე, რომელთა სახელით წერილს ხელს აწერ. რაც შეეხება სანტა-კლაუსს, რომლითაც სამთავრობო მედია წლიდან წლამდე მოსაწყენი მონოტონურობით ცდილობს, ჩაანაცვლოს თოვლის ბაბუა, ალბათ, უმჯობესი იქნება, არჩევანი თავად ბავშვებს მივანდოთ. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ თოვლის ბაბუასთვის არ არის საჭირო საგანგებო წერილების მიწერა, რადგან ისედაც უწყის, რაზე ოცნებობს თითოეული პატარა. წერილი რომელმაც, ლაპლანდიამდე ტრანზიტით “დედ მოროზის” სამფლობელო უნდა გაიაროს (ეს ისე, ცნობისთვის), შეიძლება გზაში დაიკარგოს, ხოლო ოცნება არასოდეს დაიკარგება; თოვლის ბაბუა, თუნდაც ფეხით, თუნდაც კოდორის ხეობიდან მაინც მოვა და თითოეულ ბავშვს მოეალერსება. ასე რომ, ძმები გრიმები რომ იტყოდნენ, არაა საჭირო ეს გამუდმებული დაკვრა ფლეიტაზე ჰამელნის ქუჩებში, შეიძლება ერთხელაც ნერვებზე ძლიერ იმოქმედოს. ხოლო თუ ვითარებას რეალისტურად შევხედავთ, დავინახავთ რომ ყველაზე დიდი საახალწლო საჩუქარი საქართველოს შეიძლება არა ფეხებით ჩამოკიდებულმა სანტამ, არამედ თომას ჰამარბერგმა გაუკეთოს თუ ცხინვალის საპატიმროდან ორი ქართველი მოზარდის დახსნას მოახერხებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის დაკავებული ქართველებისა და ოსების გათავისუფლებას ინფორმაციის ნაკლებობაა. იმ სიებში, რომლებიც თბილისმა და ცხინვალმა ჰამარბერგს გადასცა, შეტანილია არა მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი (საპატიმროში) დანამდვილებით დადგენილია, არამედ უგზოუკვლოდ დაკარგულებიც. ასე, ოსური მხარის მიერ ევროპელი დიპლომატისთვის გადაცემულ სიაში ფიგურირებენ ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი, რომელთა ად­გილსამყოფელი დღეს უცნობია. ოსურმა მხარემ, აგრეთვე, გაავრცელა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, როგორ სცემენ და ამცირებენ ამ ახალგაზრდებს, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, რომ ამას ქართველი ძალოვნები აკეთებენ, ისევე როგორც იმის დადგენა, თუ რა გზით მოიპოვა ოსურმა მხარემ ეს ვიდეო მასალა, დღეს შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია, თუ გაირკვევა, რომ ეს ახალგაზრდები ცოცხლები აღარ არიან, ამის ალბათობა კი საკმაოდ მაღალია, ცხინვალი მათ მკვლელობაში ქართულ მხარეს დაადანაშაულებს და ამით რადიკალურ საპასუხო ნაბიჯებს გაამართლებს. ბუნდოვანია იმ ხუთი ოსის ისტორიაც, რომელიც ქართულმა მხარემ გამოუშვა იმ ორი (ოთხიდან) ტირძნისელი მოზარდის სანაცვლოდ, რომელიც ჰამარბერგმა ცხინვალიდან გამოიყვანა თითქოს და ქართულმა სასამართლომ ისინი აგვისტოში გაათავისუფლა, მაგრამ ამის შემდეგ პოლიცია მათ გორში აკავებდა (?), სავარაუდოდ, ქართველებზე გაცვლისთვის. ეს აშკარად არანორმალური სიტუაცია იყო და ჰამარბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როდესაც სასამართლო ვინმეს გაამართლებს, ის უნდა გათავისუფლდეს”, თუმცა პირდაპირ პასუხს კითხვაზე - ჯდება თუ არა ეს საქმე მძევლების აყვანის კატეგორიაში, დიპლომატიურად თავი აარიდა. ცხინვალის მოთხოვნებმა ხელი შეუშალა ევროპის საბჭოს კომისარს 10 ქართველი პატიმრის გათავისუფლებაში (მათ შორისაა დუშეთის რაიონის 6 მკვიდრი, რომელთაც ოსური მხარე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნებართვო შესვლაში ადანაშაუ­ლებს). სავარაუდოდ, ცხინვალში მისი მომდევნო ვიზიტის დროს აქტუალური კიდევ ერთი ქართველი მოზარდის, გიორგი არჩვაძის გათავისუფლების საკითხი გახდება, რომელიც ოსურ მხარეს ომბუდსმენის პრეს-სამსახურის ცნობით, 5 თვეზე მეტია, დაკავებული ჰყავს. ზოგადად, ეს თემა ძალზე ფაქიზია და უნივერსალური რეცეპტი, რომლის მიხედვით უნდა მოქმედებდეს საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, არ არსებობს. ზოგადი მიდგომა, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: მისაღებია ყველა (ლეგიტიმური) მეთოდი და გზა, რომელსაც ადამიანთა გათავისუფლებამდე მივყავართ. თითქოს ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ რამდენიმე გარემოებამ შეიძლება დაგვაეჭვოს, რომ ოფიციალური თბილისი მას კარგად აცნობიერებს. გავიხსენოთ აკაკი მინაშვილის ცნობილი ბრალდებები თომას ჰამარბერგის მიმართ. ადრესატმა საჭიროდ ჩათვალა, განემარტა, თუ რატომ არ აკეთებდა ხმამაღალ, რადიკალურ განცხადებებს: “თუ საჯაროდ გამოვიდოდი და დავგმობდი ამას, შემდეგ დიალოგის გამართვა ძალიან რთული გახდებოდა”. მიუხედავად იმისა, რომ მინაშვილმა სხვა ბრალდებებიც წაუყენა, შვედმა დიპლომატმა ხაზი სწორედ ამ ასპექტს გაუსვა. საინტერესოა, რატომ? რებუსების მოყვარულები უკვე შეამჩნევდნენ, რომ ჩვენი სტუმრის გვარი შეიძლება ორი სხვა ლეგენდარული შვედი დიპლომატის - დაგ ჰამარშელდისა და რაულ ვალენბერგის გვარებისგან შეადგინო. მათ სიცოცხლე შესწირეს მშვიდობისთვის ბრძოლას და ომის მორევში ჩათრეული უბრალო ადამიანების დახსნას გარდაუვალი დაღუპვისაგან. შვედური დიპლომატიის ბრწყინვალე სკოლას კი, რომელსაც თომას ჰამარბერგი წარმოადგენს, უნიკალური გამოცდილება გააჩნია არა მხოლოდ ძლიერ აღგზნებულ მხარეთა შორის შუამავლობისა, რომლებიც აღტაცებით იქნევენ სისხლიან ნაჯახებსა და ბირთვულ ქობინებს, არამედ იმ ტყვეთა და მძევალთა გადარჩენისა, რომელთა ბედი ცოტა ვინმეს აინტერებს, ამ საქმისა ძალიან კარგად გაეგებათ. ჰამარბერგმა ოსტატურად მიანიშნა (საკმაოდ საეჭვო) დილემის არსებობაზე: ბოლოს და ბოლოს, რა არის თქვენთვის მთავარი, ხმამაღალი განცხადებები საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მოწინააღმდეგის “მისაშავებლად” თუ “ჩუმი დიპლომატია”, რომელიც პატიმართა გათავისუფლებაში დაგვეხმარება? არჩევანის გაკეთება აუცილებელია, რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში მოდის. პასუხს მალევე გავიგებთ, როდესაც დავაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ქცევას ჰამერბერგის მისიის მომდევნო ეტაპზე, რომელიც, წესით, კიდევ რამდენიმე ქართველისა და ოსის გათავისუფლებით უნდა დაგვირგვინდეს. ალბათ, რაციონალური იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლების რიგმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, ბულგაკოვის თქმისა არ იყოს, “Космического масштаба и космической же глупости”. ორშაბათს განათლების მინისტრად დიმიტრი შაშკინი დაინიშნა. ერთი საგულისხმო ნიუანსი: ცნობები მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დილიდანვე გავრცელდა, ოღონდაც შაშკინს არა განათლების, არამედ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ასახელებდნენ. შესაძლოა, ეს უბრალოდ შეცდომა იყო, შესაძლოა სიგნალი, იმის თაობაზე, რომ დანიშვნა ამერიკელი პარტნიორების დაჟინებული რეკომენდაციის შედეგად მოხდა, რადგან ორივე თა­ნამდებობა მათი უშუალო ინტერესის სფეროს მიეკუთვნება. მიჩნეულია, რომ შაშკინი ამერიკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო ფიგურაა, მისი ბიოგრაფია და საკმაოდ საინტერესო კონტაქტები შტატებში ამ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას ამყარებს. ისე კი, თავდაცვის (ენერგეტიკის, ფინანსთა, თუნდაც შინაგან საქმეთა და ა.შ.) მინისტრის პოსტი დღევანდელ საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობით განათლების მინისტრის პოსტთან ახლოსაც ვერ მივა. სწორედ მას შეუძლია, მოახდინოს გავლენა მომავალზე, იმაზე, თუ როგორი გახდება საქართველო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, დაეპატრონებიან თუ არა მას ანგლო-ამერიკული სამყაროს ღირებულებებზე ორიენტირებული “ახალი ქართველები”? აქ მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ ადგილობრივი რეჟიმის სურვილები და ვნებები აშშ-ს გრძელვადიანი ინტერესებისაგან, იმპერიების დროს ცოტა სხვა რიტმი აქვს. არსებული რეჟიმი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება, კიდევ ორი-სამი ასეთი (იმედია, ოდნავ უკეთესი) შეცვლის ერთმანეთს, ვიდრე განათლების დაგეგმილი რეფორმა თავის ნამდვილ ნაყოფს გამოიღებს. აი, მაშინ კი შტატებს საქართველოში ნამდვილად მყარი დასაყრდენი გაუჩნდება. შაშკინის დანიშვნა გარკვეული თვალთახედვით, სისტემაზე და, შესაბამისად, რეფორმის განხორციელებაზე ამერიკელების უშუალო კონტროლის დაწესებას მოასწავებს. თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, (მნიშვნელოვანწილად ფარული) ბრძოლა განათლების რეფორმის გარშემო განსაკუთრებულ სიმწვავეს შეიძენს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება, ახალი მინისტრის ნაბიჯებს ყურადღებით დავაკვირდეთ. დიმიტრი მონიავა