მთავარი | პოლიტიკა | გაიღვიძე, ძია სემ, დეპოში ვართ...

გაიღვიძე, ძია სემ, დეპოში ვართ...

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

თუ 2010 წლის მაისამდე მშვიდობით მივაღწევთ, რის გარანტიაც ნამდვილად არ გვაქვს, ადგილობრივ არჩევნებსაც მოვესწრებით. ხელისუფლება მათ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სტილში თუ ჩაატარებს, ქვეყანაში კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყება. პესიმისტურად კი ჟღერს, თუმცა, ბოლო მოვლენების შემხედვარე, ოპტიმიზმს ზოოპარკში გამოკეტილი პავიანები თუ შეინარჩუნებდნენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტელევიზიის გარდა ინფორმაციის სხვა წყარო არ ექნებოდათ.

ორპირობა და სიცრუე
ვის შეუძლია განმუხტოს მოსალოდნელი კრიზისი ან ხელი შეუწყოს მის გაღვივებას? ვინაიდან შეერთებული შტატების ხელისუფლება ქართულ პოლიტიკაში ისე ჩაეფლო, როგორც ვიეტნამის ჭაობებში დაუვიწყარ 1968-ში, ალბათ, აჯობებს, მისი პოზიციის ანალიზით დავიწყოთ. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ვაშინგტონი აკონტროლებს, როგორც წესი, მაშინვე ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, რას, როგორ და რისთვის აკეთებს თეთრი სახლი; და ძალიან იშვიათად ვკითხულობთ, თუ რამდენადაა გათვლილი მისი ნაბიჯები? რატომღაც იგულისხმება, რომ ვაშინგტონის ინფორმირებულობა აბსოლუტურია, ხოლო ცდომილება - ნულოვანი. ამ ხედვას რეალობასთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც პალიკო კუბლაშვილს ლუდვიგ ფოიერბახთან.
“Washington Times”-ის ჟურნალისტთან საუბარში (16.09.09) ამერიკელმა დიპლომატებმა აღიარეს, რომ აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობები თავს არიდებენ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მოკავშირეებზე უარყოფითი ინფორმაციის მიწოდებას და ამით აკლებენ ჩინოვნიკებს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებათ. ერთ-ერთი ყოფილი დიპლომატის თქმით: “მისიის ხელმძღვანელი საერთოდ გვიკრძალავდა ნებისმიერი ცუდი ამბების გადაცემას” და საჯაროდ ამბობდა, “რომ ჩვენ უნდა მოგვემზადებინა მხოლოდ დადებითი მოხსენებები ქვეყანაზე, რომელშიც ვმუშაობდით”. ნეგატიურ ინფორმაციას იმ ქვეყნები­დან, რომელთანაც აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მსგავსი წინაღობები არ შექმნია.
დიპლომატების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს შემოღებულ ამ პრაქტიკას, შემცირებული მასშტაბით ადგილი დღესაც აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ კროუ­ლიმ კი განაცხადა, რომ გამოგზავნილი შეტყობინება “უნდა ასახავდეს მისიის ხელმძღვანელის აზრს”, ამიტომ მას უფლება აქვს ხელქვეითების მიერ შედგენილ ტექსტში შესწორება შეიტანოს. მან, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მოვლენებს ობიექტურად, “კეთილსინდისიერად” აფასებენ. მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს “ინფორმაციის სხვა წყაროებიც აქვს”.
ობიექტური თანამშრომლების ცალკე გამოყოფა და მათთვის მადლობის გადახდა საგულისხმოა, რადგან თავის თავში, სხვა, ნაკლებად კეთილსინდისიერი, თანამშრომლების არსებობას გულისხმობს, თანაც, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით. რაც შეეხება “სხვა წყაროებს”, ამერიკული დიპლომატიის ვეტერანის, ტომას პიკერინგისა და დიპლომატიური ასოციაციის პრეზიდენტის, სიუზენ ჯონსონის მიერ “ჭასჰინგტონ თიმეს”-ისთვის მიცემული ინტერვიუების თანახმად, უშუალო ხელმძღვანელების გვერდის ავლით მიწოდებული ინფორმაცია ისეთივე მწირია, როგორც გავლენა, რომელსაც იგი გადაწყვეტილებების მიღებაზე ახდენს.
ხოლო თუ ფილიპ კროულიმ “სხვა წყაროების” ხსენებისას იგულისხმა უწყებათაშორისი თანამშრომლობა, კერძოდ ის, რომ მზვერავებისგან ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია ობიექტური ინფორმაციის მიღება; ამ შემთხვევაშიც ვითარება იდეალურისგან ერთობ შორს დგას. თავი დავანებოთ ბრალდებებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიმართ, რომელსაც, უილიამ კეისის დირექტორობის პერიოდიდან (1981-87), ამერიკელი მიმომხილველები მუდმივად ადანაშაულებენ ინფორმაციით მანიპულირებაში პო­ლიტიკური კონიუქტურის მოთხოვნებიდან გამომდინარე. უბრალოდ, დავაკვირდეთ კიდევ ერთ, ამჯერად “Washington Post”-ის პუბლიკაციას (15.09.09), სადაც ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ობამას წინამორბედის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლებისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების მეთოდებმა შესაბამისი უწყებებისთვის უარყოფითი შედეგი გამოიღო და გამოიწვია “გადასვლა ღრმა კვლევებიდან ზედაპირულ ანალიზზე”. ბრუკინგსის ინსტიტუტის მოხსენების სათაური “აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება და საგარეო პოლიტიკა: როგორ მივაღწიოთ სწორ ანალიზს” თავისთავად საგულისხმოა.

ჰასტა სიემპრე, კომანდანტე
დამახინჯებული ინფორმაცია და ზედაპირული ანალიზი პოლიტიკაში დაახლოებით ისეთ ეფექტს იწვევს, როგორც თაფლის კასრში ჩაწვეთებული კალიუმის ციანიდის წვეთი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ობამას ადმინისტრაცია რომც ესწრაფოდეს წინამორბედის შეცდომების აღმოფხვრას, უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანის გადაწყობა ინფორმაციასთან მოპყრობის სხვა წესზე დიდ ძალისხმევასა და ხანგრძლივ დროს მოითხოვს.
საინტერესოა, 2007-2009 წლების ქართული კრიზისის ნებისმიერი ეპიზოდი ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილოთ. ჩვენში ორი მიდგომა გამოიყენება “ამერიკელებმა ყველაფერი იცოდნენ და უბიძგებდნენ სააკაშვილს სწორედ ასე ემოქმედა” და “ამერიკელებმა არაფერი იცოდნენ და სააკაშვილის მოქმედება მათთვის სიურპრიზი იყო”. ორივე ამ მიდგომას ღრმა კონსპიროლოგიამდე და ზედაპირულ შიზოფრენიამდე მივყავართ. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტორს, რომ თეთრი სახლი მოქმედებდა დამახინჯებული ინფორმაციისა და უხარისხო ანალიზის საფუძველზე, რაც დიდი ალბათობით გამომდინარეობს ზემოთ განხილული ორი პუბლიკაციიდან, 2007 წლის ნოემბრის, 2008 წლის აგვისტოსა და სხვა მოვლენების არსი შეიძლება ჩვენთვის უფრო გასაგები გახდეს.
ერთია აშშ-ის პოლიტიკის ცდომილება მშვიდ რეგიონში მდებარე, ძველ მოკავშირე ავსტრალიასთან მიმართებაში, იგი შეიძლება შევადაროთ იქაურ გაშლილ სივრცეზე მიმავალი მანქანის მძღოლის მიერ საჭის უხერხულ დატრიალებას. ეს მაქსიმუმ, ოდნავ შეცვლის კურსს, სწორ მიმართულებას ააცდენს, რომელსაც, ადრე თუ გვიან, კვლავ დაუბრუნდება. საქართველო სულ სხვა, მთაგორიანი ქვეყანაა, საჭეს ოდნავ უყურადღებოდ დაატრიალებ და სერპანტინიდან უფსკრულში გადაეშვები.
იმ მოტივების დადგენა, რომელიც ამერიკელ დიპლომატებსა და მზვერავებს სამსახურებრივ ინფორმაციასთან ესოდენ უცნაური მოპყრობის დროს ამოძრავებდათ, ძალზე საინტერესოა, თუმცა ჩვენ საშინაო საქმეებს სცილდება. ალბათ, ძალიან მარტივია, იპოვო მის მიღმა პირადი დაინტერესება და ძალიან რთული - გავლენიანი ნეოკონების ჯგუფის შეთქმულება, რომლებმაც გადაწყვიტეს აშშ-ის სახელმწიფო მანქანის გამოყენება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, რეალობის გათვალისწინების გარეშე. ეს თავად ამერიკელებმა უნდა გაარკვიონ, თუმცა ეს მათთვის, სავარაუდოდ, ისეთივე რთული იქნება, როგორც დენვერის აეროპორტის მოხატულობის სიმბოლური დატვირთვის გააზრება (თვალი შეავლეთ, საკმაოდ საინტერესოა) და ისეთივე მარტივი, როგორც ჯონ­დი ბაღათურიას ვარცხნილობა. ფაქტია: თბილისელების 2/3-ს (მინიმუმ!) არ სურს, რომ თავზე კვლავ ხელისუფლების მიერ შერჩეული მერი დაასვან, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიური ჯაჭვის გამოყენებით შეეცდება ხელისუფლება ამის გაკეთებას. ეს მომავალი კრიზისის ამოსავალი წერტილია. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოსთვის ძალიან დიდი ალბათობით აქტუალობას ჯონ კენედის სიტყვები შეიძენს: “ის, ვინც მშვიდობიანი რევოლუციის შესაძლებლობას სპობს, ძალადობრივს გარდაუვალს ხდის”. ამასთანავე, თუ ოპოზიცია ფეხს ვერ აუბამს მოვლენების ლოგიკას და ჩათვლის, რომ ეს მორიგი კარნავალია, რომლის დროსაც შეიძლება ხელისუფლებასთან თანამშრომლობით სარგებელიც იშოვო და მკერდზე ერთი-ორი მაისურიც შემოიხიო, იგი, სავარაუდოდ, თავის უკანასკნელ შეცდომას დაუშვებს.
ამ შემთხვევაში წინა პლანზე შეიძლება გამოვიდნენ აუგუსტო სანდინოს და ფიდელ კასტროს მსგავსი ადამიანები. დღეს ეს ძნელად წარმოსადგენია, შესაძლოა - ღიმილის მომგვრელიც კი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ლიდერები ძალიან სწრაფად, თითქოს არსაიდან, ჩნდებიან და ფრიად ეფექტურ მოქმედებას იწყებენ. ვინ - ვინ და ამერიკელებმა ეს კარგად იციან, ისიც ემახსოვრებათ, რომ მეამბოხეების მიერ მათი მარიონეტების ჩამოგდებას ყოველთვის წინ მათივე შეცდომა უძღოდა. მოქმედების გაგრძელება ძველი შაბლონით, მაშინ, როდესაც მდგომარეობა სწრაფ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. აქამდე საქმის მიყვანა არ ღირს და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ნამდვილად ჯობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ დღევანდელ საქართველოში?

 მარიონეტებად არ იბადებიან
კომპიუტერულ თამაშს, და არა ჩვენს სამშობლოს, რომ ეხებოდეს, ვიტყოდით, რომ ამერიკელების წინაშე საინტერესო ამოცანა დგას. ქართული შიდაპოლიტიკური კონფლიქტის შემდგომი გაყინვა აიძულებთ, მალევე დაუბრუნდნენ იმავე პრობლემების გადაწყვეტას, თუნდაც ძლიერ გართულებულ პირობებში. თუმცა სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლების თანდათანობითი ჩამორთმევის პროცესის დაწყების ხელშეწყობაც გარკვეულ რისკს უკავშირდება.
ქვეყანაც და რეგიონიც (მსოფლიოს თავი რომ დავანებოთ) არასტაბილურია, ყველა ფაქტორის გათვალისწინება - შეუძლებელი, ნებისმიერმა მკვეთრმა მოძრაობამ შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. დღეს ამერიკელი წარმომადგენლები გამნაღმველებივით მუშაობენ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში იმ განსხვავებით, რომ მეორე დუბლის გადაღების შესაძლებლობა არ აქვთ. აფეთქების შემთხვევაში პროამერიკული საქართველოსგან ქვა ქვაზე არ დარჩება. ისევ კენედის თუ დავესესხებით: “დიპლომატს პროფესიონალი ჯიბის ქურდის რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს”. ცხადია, ერთი მავთული უნდა გადაიჭრას, გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა - წითელი თუ ლურჯი? ლურჯი თუ წითელი?
რა მდგომარეობა გვაქვს დღეისთვის: ირაკლი ალასანიას ფიგურა აქტივირებულია. ყველა პარტია, რომელთათვისაც ვაშინგტონის აზრი განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, შეყრილია ერთ ალიანსში, მათი პოპულარიზაციის კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა ნაკლებად ხილული ძალების მთელი ქსელი ჩაება (საკვანძო სიტყვა ამ შემთხვევაში ქსელია). ამ მომენტიდან შესაძლებელია მხოლოდ თანმიმდევრული წინსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში “ალიანსი ალასანიასთ­ვის”, უბრალოდ, გაიჭყლიტება - ერთი მხრივ, ხელისუფლების წინააღმდეგობით; მეორე მხრივ, საპროტესტო ელექტორატის ზეწოლით, რომელიც ყოველი გამარჯვების შემდეგ ახალს, უფრო შთამბეჭდავს მოითხოვს და, სავარაუდოდ, არ დამშვიდდება, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელშია (არც შემდეგ დამშვიდდება, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა). ამასთანავე, არსებობენ სხვა ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც მასშტაბიდან გამომდინარე, ან ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას, ან მომცრო სვავებივით მსუყე ლუკმის წაგლეჯას შეეცდებიან.
უახლოესი პოლიტიკური ისტორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დამოუკიდებლად წარმატების მისაღწევად ალასანიას ირგვლივ გაერთიანებულ კონგლომერატს ისევე გაუჭირდებოდა, როგორც კახა ბენდუქიძეს კილიმანჯაროს დაპყრობა. თუმცა ამერიკელების დახმარებას შეუძლია მისი გადაქცევა სერიოზულ ძალად, რომელიც თანდათან (ან სწრაფად, თუ საჭიროება მოითხოვს) ხელისუფლებას გადაიბარებს. არსებობს ყველა წინასწარი ნიშანი იმისა, რომ საქმე სწორედ ხელისუფლების კონტროლირებად ტრანზიტთან გვაქვს, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რაც თავიდანვე აღვნიშნეთ, (სავარაუდო) ოპერაციის მსვლელობაზე სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორები მოქმედებს და უცაბედად, თითქოს და ლოგიკის საწინააღმდეგოდ, იგი შეიძლება შეჩერებულ იქნას ან სულაც გაუქმდეს.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სრულიად საქართველო მხოლოდ მაყურებელია მარიონეტების თეატრში და მორჩილად უნდა დაელოდოს მომენტს, როდესაც სცენაზე არლეკინს პიერო ჩაენაცვლება.

დიმიტრი მონიავა

კომენტარები (2 კომენტარი):

Giorgi 03 12, 2009 03:42
avatar
Cava Miha mova griha,amit ra heicvleba? USA tavis sagareo politikas mainc ar hecvlis-mitumetes chvens mimart.Nebismieri "opozic.part" mxolod hirmaa
gio 04 02, 2010 10:28
avatar
misha kiarunda cavides magis adgili cixea da magi mteli xrova unda gasamartldes kacobriobisgan.... es shovinizmit gajgentili adamianebi !!!

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first მარტი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
3.67
    Rating@Mail.ru