არნო ხიდირბეგიშვილი: არაკორუმპირებულ პროფესიონალთა დიქტატურა...
გასულ კვირას ამერიკაში ტრადიციულად აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების 100 დღე.
დიახ, თეთრი სახლის ახალი მეპატრონე ბარაკ ობამა ნამდვილად წააგავს იმ ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების მიმდევარს, რომლისთვისაც ლინკოლნი, რუზველტი, კენედი იბრძოდნენ. უფრო მეტიც: სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ მასაც უწევს შიდა სახელისუფლებო ბრძოლა რადიკალებთან, «შევარდნებთან,» და სხვა პოლიტიკურ უწმინდურებთან. ასევე გამორიცხული არ არის, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობების «გადატვირთვაში» პრეზიდენტ ობამას ხელს უშლიან ძველი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, მათ შორის, მაკეინები & მეთიუბრაიზები, რომლებიც ჯერ კიდევ კურირებენ საქართველოს...
როგორია საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციასთან? ვფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ «საქართველოს ძველ მეგობრებთან» კონტაქტის გარდა, ახალ სამთავრობო კაბინეტთან ჩვენმა ხელისუფლებამ საერთო ენა ვერ გამონახა...
და, საერთოდ, ძვირფასო მკითხველებო, ხომ არ ამსგავსებთ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას პოპულარულ (და არა მხოლოდ ჩვენში) ყავის ნალექზე მარჩიელობას?! მათი «დიდი წყალობით» საქართველო დაოთხილი «დაჭენაობდა ევროპასა და ამერიკაში» იმ იმედით, რომ «ოკეანისგაღმა კავალერთა» შორის თავის «საბედოს» აღმოაჩენდა, ნაცვლად «ბედისწერით ნაწინასწარმეტყველები» რუსეთისა...
დაე, მაპატიოს ქართველმა ხალხმა ეს მეტაფორა, მაგრამ ეს მის მიერ არჩეულმა, თანაც - არაერთხელ, ხელისუფლებამ დაამსგავსა საქართველო გასათხოვარ ქალიშვილს, ყავის ნალექზე რომ მკითხაობს! საქართველო, რომლის 12 გენერალი და 40 ოფიცერი რუსების გვერდიგვერდ იბრძოდა 1812 წლის სამამულო ომში და ყველას აოცებდა თავისი, ისტორიაში შესული ჰეროიზმით...
სამწუხაროდ, «ახალი რჩეულის» სიყვარული წარმავალი აღმოჩნდა: 5-წლიანი «საქორწინო მოგზაურობის» შემდეგ «საქმროს მშობლიურ სახლში» (ნატოში) არ მიგვიღეს, რადგან «დედამთილმა» (ძველმა ევროპამ) ქარაფშუტად მიგვიჩნია!… თანაც, «ერთადერთი და განუმეორებელი» «ტრანსსექსუალი» აღმოჩნდა: 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ პამპერსებით, სარეცხი ფხვნილებითა და ტუალეტის ქაღალდით დაგვეხმარა, ესეც - პოსტფაქტუმ. და ეს იმ საქართველოს, რომლის 700 ათასი ძე და ასული დიდი სამამულო ომის ფრონტებზე იბრძოდნენ. მათგან 350 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო 167 მეომარს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა...
სწორედ ამის და კიდევ მრავალი სხვა რამის ცოდნა, დასავლეთელ ექსპერტთა და პოლიტოლოგთა აზრით, რუს და ქართველ ახალგაზრდობას არ ეგების, თანაც, და არა მხოლოდ დასავლეთელ: საკმარისია, გავიხსენოთ «ფელდიეგერი» ფელგენგაუერის და ლატინინას «ლატინშჩინა». და ეს - რუსეთში, სადაც თითქოსდა არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, სუფევს ტოტალური სახელმწიფო ცენზურა მედიაზე და ჟურნალისტების საყოველთაო პრესინგი! ხოლო საქართველოში უკვე წელიწადია, დაბლოკილია რუსული საინფორმაციო ტელეარხები - როგორც 1941-1945 წლების ომისას, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე «სოვინფორმბიუროს» ინფორმაციებს ახშობდნენ...
«ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციები მკვიდრი საძირკველია ჩვენს ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების აღსადგენად. ხალხებისა, რომლებიც არასდროს მტრები არ ყოფილან. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობანი დღეს სერიოზულ გამოცდას გადის, დღემდე არ წყდება პირდაპირი ადამიანური კონტაქტები და თანამშრომლობა საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციებისა, არ შესუსტებულა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების კავშირები. ეს ყველაფერი გვაიმედებს, რომ ორი სულიერად მონათესავე ხალხის ურთიერთლტოლვა დაგვეხმარება, ერთობლივად განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობები», - 2009 წლის 9 მაისს ასე მოულოცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და საქართველოს მოქალაქეებს დიადი გამარჯვების 64-ე წლისთავი.
განა ეს მტრის ხმაა, რომელიც უნდა ჩაახშო და დაბლოკო? და, ამასთან, განაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან კეთილი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღსადგენად?! განა საქართველომ პირველმა არ უნდა გადადგას რუსეთისკენ ნაბიჯი, იმიტომ, რომ იქ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და კიდევ იმიტომ, რომ სწორედ მან, საქართველომ, უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი?
მაგრამ რუსეთსაც, მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებებისა, არ აქვს უფლება, გულხელი დაიკრიფოს: საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა არ გამორიცხავს ობიექტური საინფორმაციო-განმარტებითი კამპანიის წარმოებას მედიით და რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენები, ზემომოყვანილი საზოგადოებრივი, კულტურული ორგანიზაციებისა და ეკლესიის მეშვეობით.
მაინც, რა საკითხები უნდა განემარტოს ქართველ საზოგადოებას, რომელსაც თავგზა აუბნიეს ყველა ჯურის ლიბერალებმა, ფარისევლებმა, თვალთმაქცებმა? ანუ შეკვეთით მომუშავე პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა?!
პირველი საკითხი ელემენტარული და ყველაზე არსებითია ჩვენი მოსახლეობის უმრავლესი ნაწილისთვის: თუ საქართველო შეიცვლის შიდაპოლიტიკურ კურსს და რუსეთთან აქტიურ დიალოგს დაიწყებს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ხომ არ «გაუნაწყენდებიან» აშშ და ევროპა და შეუწყვეტენ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას? ხომ არ შეწყდება ყველა პროგრამა და პროექტი, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განვითარების საერთაშორისო ფონდი, ევროპის ბანკები და აშშ მთავრობა აფინანსებენ? მოახდენს ამის კომპენსაციას რუსეთის ფედერაცია ალტერნატიული ხანგრძლივვადიანი დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო კრედიტებით, როგორც ეს ბელორუსიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებისთვის გააკეთა? ასევე, ინვესტიციებით ეკონომიკაში, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლებისა და რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ბიზნესის წახალისებით? უფრო მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, რით ვიცხოვრებთ დანგრეული ეკონომიკისა და უმუშევრობის პირობებში?
ამაზე რუსეთის პრეზიდენტი ზემომოყვანილ მიმართვაში ასე პასუხობს: «ორი სულიერად მონათესავე ხალხის ურთიერთლტოლვა დაგვეხმარება, ერთობლივად განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობები». თუმცა, ეს აშკარად საკმარისი არ არის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხომ ერთმანეთს უპირისპირდებიან არა პოლიტიკური ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არამედ საგარეო-პოლიტიკური განვითარების ორი ვექტორი, ორი იდეოლოგია, რომლებსაც ქართულ სახელმწიფოს სთავაზობენ - გლობალისტური და ნაციონალური. ჩვენ არა ერთხელ «დავიწვით ხელი» ამ არჩევანში, ამიტომაც არ გვაქვს უფლება, კვლავ ვიმარჩიელოთ ყავის ნალექზე და ისევ შევცდეთ: ქართველ ხალხს უნდა სწამდეს ხვალინდელი დღის, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამუშაო ადგილებიც ექნება და სოცუზრუნველყოფაც - მაშინ ის ნაჩუქარ რუბლს შრომით მოპოვებულ კაპიკს ამჯობინებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!
მეორე საკითხი, რომელზე პასუხის ცოდნაც სურს ყველა ჭეშმარიტ ქართველს - როდის დაუბრუნდება საქართველოს მშობლიურ წიაღს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სად დაბრუნდებიან ლტოლვილები და რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?
ამის პასუხი წინა კითხვიდან გამომდინარეობს და სავსებით თანამჟღერია მისი: სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლა, უარის თქმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე, აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობა - აი, ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც საჭიროა და შესაძლებელი ამ პრობლემის გადაჭრა. ოღონდ პრობლემა უნდა გადაჭრან ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ადამიანებმა - არაკორუმპირებულმა პროფესიონალებმა, რომლებსაც მთელი გულით უყვართ საქართველოცა და აფხაზებიც, ოსებიც, უყვართ და იცნობენ რუსეთს - მის ისტორიას, ხალხს, ენას, კულტურას! დარწმუნებული ვარ, რომ არაკორუმპირებულ პროფესიონალთა დიქტატურა საქართველოსთვის ამ საბედისწერო პერიოდში აუცილებელ სიკეთედ იქცევა და არა - ბოროტებად!
მესამე საკითხიც უშუალოდ უკავშირდება როგორც წინა ორს, ისე რუსეთის პრეზიდენტის ზემომოყვანილ მიმართვას, სადაც ასეთი აქცენტია: «ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციები მკვიდრი საძირკველია ჩვენს ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების აღსადგენად. ხალხებისა, რომლებიც არასდროს მტრები არ ყოფილან».
დიახაც, სწორედ მკვიდრ საძირკველზე უნდა აიგოს ნდობისა და ურთიერთგაგების შენობა და არა - ზედა სართულების მიშენებიდან, რის გაკეთებასაც ახლა ლამობენ «შერეული» საზოგადოებრივი მოღვაწენი «საბრძოლო» სახელებით, ანდა «თეთრი» ინტელიგენტები «დახურულ» კლუბებში. ვვარაუდობ, რომ «ბნელ ღამეებში» კიდევ შეიქმნება მსგავსი «ანსამბლები» - როგორც სახაზინო, ისე პირადი სახსრებით, რომლებიც ვერაფერს მოუტანენ ხალხებს და იარსებებენ მხოლოდ ქაღალდზე: თავყრილობებიდან - ბანკეტამდე... საინტერესოა, ახსოვთ თუ არა რუსეთის ხელისუფლებაში «ძველი ფოცხი» (ანუ შეცდომები) და ესმით თუ არა ამ «ანტურაჟის» მთელი უსარგებლობა და საფრთხეც, რომელსაც შეიცავს უსაძირკვლო მიშენებები, რომლებიც სუსტ რყევასაც კი შეუძლია ხუხულასავით დაშალოს?!
საბედნიეროდ, არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, თბილისში ახლახან შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა». მან მოკლე ხანში გამოსცა უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული პირველი ხუთი წიგნი კრებულების სერიიდან, რომლებიც შედგენილია ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და მოწმობს რუსეთ-საქართველოს უძველეს ისტორიულ, საგანმანათლებლო, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს.
ახლახან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ ორგანიზაციის წევრებს თბილისში ორგანიზაციის პრეზენტაცია მიულოცა, ხოლო 28 აპრილს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტმა საგანგებოდ მიუძღვნა ამ ინიციატივას მრგვალი მაგიდა თემაზე: «რუსეთისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ორი ხალხის საერთო ბედის შესახებ», რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთისა და საქართველოს სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. განსაკუთრებით მინდა, მოვიხსენიო გლობალიზაციის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ნაციონალური და სოციალური ურთიერთობების აკადემიის პრეზიდენტი, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია - ადამიანი, რომელმაც ფასდაუდებელი (ამ სიტყვის თქმის არ შემეშინდება!) წვლილი შეიტანა როგორც ამ ინიციატივაში, ისე რუსი და ქართველი ხალხების, რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის საქმეში.
აღსანიშნავია «რუსეთში ქართველთა კავშირის» მოღვაწეობა, რომელიც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, აწყობს ქართული ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლების გამოსვლების მთელ სერიებს, აქტიურ მუშაობას ეწევა რუსეთ-საქართველოს ისტორიის სამახსოვრო ძეგლთა მოძიების, რესტავრაციისათვისთვის და უკვდავსაყოფად როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის რეგიონებში.
P.S. საქართველომ პირნათლად შეასრულა ამერიკის წინაშე თავისი პარტნიორული ვალდებულებები ერაყში და კვლავაც მზადაა მასთან მეგობრობისათვის, ოღონდ - არა რუსეთთან ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობის საზიანოდ. მინდა, მჯეროდეს, რომ ღრმა ძილისგან თანდათანობით გამოფხიზლებული ქართველი ხალხი ამჯერად მაინც, სანამ გაჭრიდეს, ასჯერ გაზომავს და რომ პრეზიდენტი ობამა, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით (რომლის სახელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩას უწოდეს და დღემდე სახელი არ გადაურქმევიათ), წესიერი კაცია...
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი