მთავარი | პოლიტიკა | განმუხურის “პატრიოტთა” ბანაკზე ლაპარაკი აკრძალულია?

განმუხურის “პატრიოტთა” ბანაკზე ლაპარაკი აკრძალულია?

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

შარშან, აგვისტოში, გადამწვარი განმუხურის ბანაკი, რომლის მშენებლობაშიც თავის დროზე სახელმწიფომ ორნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, წლეულს შემცირებული მასშტაბით ისევ განახლდა. ცოტამ თუ იცის, რის გადატანა მოუხდათ ბანაკში მყოფ “პატრიოტებს” აგვისტოს მოვლენების დროს.
რამდენად მიზანშეწონილია ერთი წლის შემდეგ განმუხურში ბანაკის განახლება და აქვს კი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტია?!


2006 წელს 600 კაცზე გათვლილი ბანაკის მშენებლობაში სახელმწიფომ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, წელს გადამწვარი ბანაკის აღდგენა სახელმწიფოს მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდა. ბანაკი ამჯერად მხოლოდ 200-მდე დამსვენებელს მიიღებს. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა სახელმწიფო, რომ ტორეადორის პოზიციაშია და, რეგიონში აქტიური სამხედრო პროცესების ფონზე, ამ ბავშვების სიცოცხლით რისკავს? უსაფრთხოების გარდა მნიშვნელოვანი მეორე საკითხიცაა - ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემა და დევნილია. ბანაკის აღსადგენად ამდენი ფულის დახარჯვას, იქნებ, კონფლიქტის ზონიდან საკუთარი სახლებიდან გამოძვებული მოსახლეობისთვის თავშესაფრის მიცემა ჯობდა?!
განმუხურის ბანაკის ლიდერები იხსენებენ, რომ შარშან, აგვისტოში, ევაკუაციის გეგმა არ ჰქონდათ და კრიტიკულ მომენტში მოფიქრებული გეგმით ცდილობდნენ ბავშვების დაწყნარებასა და ტერიტორიიდან მათ გაყვანას. თათია ბოგვერაძე იხსენებს, რომ მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, ბანაკში დაგეგმილი ღონისძიებები არ შეჩერებულა.
“ბოლო მომენტამდე არ გვჯეროდა, რომ საფრთხე გვემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვესმოდა, ფოთი როგორ იბომბებოდა, მაინც გვჯეროდა, რომ ჩვენამდე ვერ მოვიდოდნენ. მხოლოდ 8 აგვისტოს ატყდა პანიკა. ამბებს ძირითადად ტელეფონით ვიგებდით. რამდენიმეს მშობელმაც ჩამოაკითხა. 8 აგვისტოს ღამე მიწაზე გავათენეთ. დილით შეიკრიბნენ ბანაკის უფროსები და ლიდერი ბიჭები და ევაკუაციის ალტერნატიულ გზებზე მოითათბირეს. სხვა გზა არ იყო, ენგური უნდა გადაგვეცურა და სოფლებისთვის შეგვე­ფარებინა თავი. ასეთი იყო ექსპრომტად მოფიქრებული გეგმა. როგორია შუაღამისას 600 ბავშვის მდინარეზე გადაყვანა? ეს გეგმა თავიდანვე განწირული იყო. ბანაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ჩამოვიდა, გვითხრა, რომ დილით ავტობუსებით წაგვიყ­ვანდნენ იქიდან. მეორე დილით ბანაკი დაიცალა. ლიდერები ბოლოს გავედით ტერიტორიიდან. იმ დროს რუსული ვერტმფრენები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ, თითქოს გვაფრთხილებდნენ, რომ დროზე გავცლოდით იქაურობას. რიკოთი გადაკეტილი იყო, ზოგი ავტობუსი მოაბრუნეს. თავიდან ვარციხის ბანაკში უნდა დავბანაკებულიყავით, მაგრამ გზა გაიხსნა და აქეთ წამოვედით. გორი დაბომბილი დაგვხვდა, ერთ კვირაში განმუხურიც გადაწვეს”.
პატრიოტული ბანაკები წელს, 1 ივლისს, გაიხსნა, განმუხურის ბანაკი კი - მოგვიანებით, 5 აგვისტოს. ამჟამად ბანაკში მეორე ნაკადია. რამდენად არიან დაცული ტერიტორიაზე მყოფი დამსვენებლები და პერსონალი, ამის გასაგებად “საქართველო და მსოფ­ლიო” საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეს სულხან სიბაშვილს დაუკავშირდა. სიბაშვილი განმუხურის ბანაკის უფროსი იყო 2006 წელს და ამჟამად სამინისტროში პატრიოტულ ბანაკებს კურირებს. მისი განცხადებით, განმუხურის ბანაკი გაზეთში დასაწერი თემა არაა.

- ბატონო სულხან, შარშან ბანაკიდან 600 ბავშვი რუსული ბომბების ფონზე გაიყვანეთ, არც ევაკუაციის გეგმა არსებობდა. წელს ბანაკი ისევ გაიხსნა. აქვთ თუ არა იქ მყოფ დამსვენებლებს უსაფრთხოების გარანტია და “უფრიალებს” თუ არა წითელ ნაჭერს საქართველო რუსეთს?

- ვინ გითხრათ, რომ ევაკუაციის გეგმა არ იყო? მაშინ მშვიდობიანად მოხერხდა ბავშვების გამოყვანა, დაცულები იყვნენ შარშანაც და წელსაც. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტია აქვს. ბანაკის ტერიტორიაზე დგას დაცვა. ვერ გავიგე, რა სტატიას ამზადებთ. ეს ის თემა არაა, რომელზეც უნდა ილაპარაკოთ. ჩვენ არავის “ვუფრიალებთ” წითელ ნაჭერს. თუ მეტი გაინტერესებთ, სამართალდამცავებს მიმართეთ.

აი, ასე მოკლე და ძუნწი ინფორმაცია მოგვაწოდა ბანაკის ყოფილმა უფროსმა. ერთი სიტყვით, ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

საინტერესოა, როგორ დაიცავდა და დაიცავს რამდენიმე სამართალდამცავი “რუსული ჩექმისგან” ბანაკში მყოფ პატრიოტებს, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და არც ხელახალი აგრესიის საფრთხე არსებობს.
რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, საერთოდ, პატრიოტულ ბანაკებს? - ხშირად პატრიოტულ ბანაკებს პიონერთა ბანაკებს ადარებენ და ოპოზიციაც აცხადებს, რომ ბანაკებში “მიშას აქტივისტები” ისვენებენ. მე ამ პროექტის მონაწილე სამი წლის განმავლობაში გახლდით და ვეცდები, შიდა სამზარეულო მეტ-ნაკლებად გაგაცნოთ.

პატრიოტული ბანაკები, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2005 წელს გაიხსნა. რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ვარციხის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, სქურის, ყვავილნარის, ბაზალეთის, ხელვაჩაურის, საგარეჯოს, ბაკურიანის ბანაკები ფუნქციონირებდა, რამდენიმე მათგანი დაიხურა კიდეც. ამ პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს ხარჯავს.
ბანაკში უფროსებთან ერთად მუშაობენ ლიდერები. საამისოდ ახალგაზრდები ბანაკში წასვლამდე სპეციალურ მომზადებას ლიდერთა სკოლაში გადიან. ეს გია მაისაშვილის “ლიდერთა სკოლა” არ გეგონოთ, იგი საქართველოს ბავშვთა ფედერაციაშია. ის, რომ ბანაკი მხოლოდ “ნაცმოძრაობის” აქტივისტებითაა დაკომპლექტებული, სრულ სიმართლეს არ შეეფერება - უმეტესობა მაინც სოციალურად დაუცველი ფენიდანაა. უფროსობა, რასაკვირველია, მმართველი პარტიის ინტერესების დამცველია, მაგრამ ყველა ლიდერი - არა. ლიდერთა სკოლაში მომზადების შემდეგ გამოცდა ჩავაბარეთ. 9 ადამიანმა ყველაზე მაღალი ქულები ავიღეთ, რის შემდეგაც ნაციონალების სათავო ოფისში დაგვიბარეს, სადაც იგეგმებოდა, როგორ უნდა განახლებულიყო ბანაკი და რა უნდა შეცვლილიყო მომდევნო წელს, თუმცა იქ რაც ითქვა, არაფერი განხორციელებულა, იდეები იდეებად დარჩა. 9 მონაწილიდან გასაუბრება ყველამ სათითაოდ გავიარეთ. როდესაც პარტიულობაზე მიდგა საქმე, მე ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და არასდროს ვიქნებოდი პარ­ტიული, თუმცა კარგ პროექტებში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. 9 კაციდან 7 დატოვეს, მათ შორის მეც.

 ჩემი ერთი კოლეგა ლაგოდეხის პატრიოტულ ბანაკში ისვენებდა. რომ ჩამოვიდა, ყვებოდა, რომ დილაობით ბავშვებს ხაზზე მოაწყობდნენ და “მიშა სააკაშვილს გაუმარჯოს!” აყვირებდნენ, ამიტომ სურვილი აღარ მაქვს, მეორედ წავიდე ბანაკშიო. ლაგოდეხის ბანაკის უფროსი ირაკლი ნადირაძე სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მე ორი წლის განმავლობაში სქურის ბანაკის ლიდერი ვიყავი და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მსგავსი რამ ჩვენს ბანაკში არ ყო­ფილა.
ორი წლის წინათ განმუხურში პატრიოტული ბანაკების ლიდერთა შეკრება მოეწყო და “გამოცდა” იქაც ჩაგვიტარეს. გარდა პირველისა, ტესტები პოლიტიკური შინაარსისა იყო - თუ რომელ პოლიტიკოსთან ან სახელმწიფო მოხელესთან ვისურვებდით მუშაობას, ვინ მიგვაჩნდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად, ყველაზე ინტელექტუალურად და ა.შ. ლიდერების ნაწილი ამ ტესტს არასერიოზულად მიუდგა და ხუმრობით (მაპატიონ ლეიბორისტებმა) უმეტესობამ შალვა ნათელაშვილი ჩაწერა. ამის გამო ბევრი ლიდერი “დაბრაკეს”.

რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, 7 ნოემბრის დარბევის საღამოს, “ნაცები” რომ შეიკრიბნენ მერიასთან, მეც მომივიდა მესიჯი, “პატრიოტები” მერიასთან ვიკრიბებით და მოდიო. იმ დღეს რუსთაველზე ვმუშაობდი, მოვლენებს ვაშუქებდი და დარბევამ ჩემ­ზე ძალიან იმოქმედა. 10 წუთის დატოვებული მქონდა ტერიტორია, უკან რომ მივბრუნდი. ერთადერთი აღმოვჩნდი მამაკაცებში; რეზინის ტყვიებით ხელში მათ უკან მივყვებოდი და ვეკითხებოდი, თუ რას უკრავდნენ ტაშს. იმ დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტიც იყო “ლოკომოტივზე”. ხალხი აქციაზე დადიოდა და ეს კონცერტი არ აინტერესებდა. მაშინაც მომივიდა მესიჯი, რომ კონცერტზე პატრიოტის ფორმაში გამოწყობილი მივსულიყავი. იმ დღეს ბევრი რამ შეიცვალა ჩემს წარმოდგე­ნაში.
ორი წელია, რაც ეს პროექტი დავტოვე და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მე არ ვარ “ვინმე მიშას” ან ზურას პატრიოტი, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ამ ბავშვებსაც ნუ გადააქცევთ კონკრეტული პერსონების ლაქიებად.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ომის წლისთავზე პატრიოტული ბანაკების გახსნას ხომ არ ჯობდა, ის თანხა, რაც უნდა დაიხარჯოს ბანაკებში, რუსული ინტერვენციის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარებოდა? რაც შეეხება განმუხუ­რის აღსადგენად გამოყოფილ თანხას, ამ ფაქტს უკვე ოპოზიცია გამოეხმაურა და კულტურის სამინისტრო თანხების არამიზნობრივ ფლანგვაში დაადანაშაულა.

მაგდა კლდიაშვილი

რედაქციისაგან

ალბათ, გახსოვთ, დეპუტატმა პაატა დავითაიამ შარშან, “ვარდების რევოლუციის” მორიგი წლისთავის დამდეგს, რომ განაცხადა, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციის ახალ გეგმას ამზადებსო და იქვე დასძინა: “საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს თავს დიპლომატიური ქარიშხალი უნდა დაატეხოს”. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ “რუსული ინტერვენციის მთავარ მიზანს ამ ეტაპზე საქართველოს ენერგოსექტორზე თავდასხმა წარმოადგენს”, და ამ თავდასხმის მიზანიც “ზუსტად” გამოიცნო”: “რუსულ მხარეს ენგურჰესის ხელში ჩაგდება სურს”.
შარშანდელი ომის დაწყებისას სამეგრელოში მყოფი მამაცი მთავარსარდლის საჭურველმტვირთველის ფუნქციაშეთავსებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე შეშფოთებას არ მალავდა: “აფხაზეთსა და სამეგრელოში მოვლენები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აგვისტოს დასაწყისში ხდებოდა”.
პაატა დავითაიას ფანტაზიამ ფრთები შეისხა. უფრო სწორად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ რუსეთს (საბედნიეროდ!) უომრად დაუთმო ენგურჰესი და არც “ენერგოსექტორზე თავდასხმა” განხორციელებულა. რაღა თავდასხმა იყო (და არის!) სა­ჭირო, როცა ამ ხელისუფლებამ მთელი ენერგოსისტემა რუსულ კომპანიებს გადაულოცა, თავის თავს ხომ არ მოუწყობენ “ინტერვენციას”?
შესაბამისად, გამარჯვებულმა ქართულმა ხელისუფლებამაც “დიპლომატიური ქარიშხლის” ატეხვის და რუსეთზე დატეხვის მოთხოვნით აღარ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას.
სამაგიეროდ, პაატა დავითაიას შარშანდელი მოწოდება ბუნებამ შეისმინა და, რაკი ბუნება მბრძანებელია, მთლად დიპლომატიური ვერა, მაგრამ ძლიერი ქარიშხალი და წვიმა კი დაატეხა ზუგდიდის რაიონის სამ სოფელს - ორულს, ერჯეტასა და განმუხურს.
ორ სოფელში არადიპლომატიურმა ქარიშხალმა მოსახლეობას სახლები დაუზიანა, შენობებს სახურავები ახადა და ასწლოვანი ხეც კი მოგლიჯა. სოფელ განმუხურში კი “პატრიოტთა” განახლებულ ბანაკებს და საზაფხულო ბუნგალოებს ხელი მოუთავა. თუკი შარშან ცეცხლმა შთანთქა მილიონობით ლარი, წლეულს ქარმა და წყალმა წაიღო. სიცოცხლის ოთხი სტიქიიდან ცეცხლი, წყალი და ჰაერი მწარედ გამოვცადეთ, მესამე სტიქიამ - მიწამ კი “მეხუთე ელემენტი” ჩაყლაპა.
ალბათ, შარშანდელი ომის დროს ბუნკერს შეჩვეულმა წლეულსაც ქარიშხლით შეშინებულმა თავი იქ შეაფარა, თუმცა არჩამოშლილი და გულმოცემული ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ “ეს ის თემა არაა, რომელზეც უნდა ილაპარაკოთ”. არადა, როგორ გინდა, გაჩუმდე, როცა ნაციონალურ ხუშტურს აყოლილი ხელისუფლება მილიონებს ცეცხლში წვავს და წყალს ატანს!

კომენტარები (2 კომენტარი):

nino 30 08, 2009 09:44
avatar
sharshan raz gamixarda patriotta banakebis dazva iyo.gmertma mapatios,mara meagati arseboba ar aris sajiro.
gio 25 04, 2010 07:16
avatar
getanxmebit es banakebis sheiqmnashi chadebulia didi ram anu mteli qartveli axalgazrdobis gadajisheba da qartuli sulis chakvla amat ar sherchebat es yvelaferi amaze pasuxs ageben dzalian mcaret... amat tu goniat ro es patriotebis banakebia dzalian shemcdaran es aris sruliad axalgazrdobis gaxrcnis da momavlis chakvlis banakebi prezidentma ganacxada aqvea buchkebio... ragaze unda ilaparako adamianma ... amat ar serchebat es yvelaferi...

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
4.50
    Rating@Mail.ru