დეზერტირი #5, ანუ ბექგრაუნდიანი ყბედები
ამ წერილში ორიოდ სიტყვას ვიტყვი იმ ბექგრაუნდიან ძმებზე, რომელთაგან ერთი მიშას ემუქრებოდა «მოვდივარო», მერე ამ საკუთარი ღვინოსავით თუ მურაბასავით მუქარის რეალიზებას შეუდგა და «მოვედით, მოვედითო!» შესძახა დაშხოშიანი გინების აკომპანემენტით. მოკლედ, «ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭები ხართ და დაგვხვდითო!» მიშამაც, «მობრძანდით, გელით გაშლილი ხელითო». ხელებს, იცოცხლე, ისე შლის, მარჯვენით ნიკოფსიას მისწვდება, მარცხენით - დარუბანდს. და მივიდა; ერთხელ, მეორედ, მესამედ...
მანამდე კი იყო მიშას გადადგომა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები, სააკაშვილ-გაჩეჩილაძის დუელი და თბილისის «ლუბიმჩიკის», პირდაპირ ვიტყვი, ძალიან არათბილისური საქციელი.
ფაქტს მოგახსენებთ და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. 2008 წლის იანვარია. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჯერ არ გამართულა და მეორე ტურის დანიშვნასაც არ გამორიცხავენ. სამების ტაძარში გვერდიგვერდ დგანან თბილისელების «ბატონი პრეზიდენტი» გაჩეჩილაძე მეუღლითურთ და ზვიად ძიძიგური (ალბათ, «პირველი ვეზირის» უფლებით!). შემოდის ნაციონალების «ბატონი პრეზიდენტი» სააკაშვილი. ძიძიგური ჩვეულებრივად ართმევს ხელს.
გაჩეჩილაძე წელში მოხრილი მდაბლად თავს ხრის და ისე ესალმება «ძალაუფლების უზურპატორს».
ეს ყველაფერი ასიათასობით თანამოქალაქესავით ჩემი თვალით ვნახე ტელეეკრანზე.
თქვენი არ ვიცი და, ჩემთვის მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაშინ გაქრა.
შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძემ არ იცის, პოლიტიკური პროტოკოლით როგორ ესალმებიან ერთმანეთს თანასწორნი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მოუხდა ქვეშევრდომის ამპლუა.
კუდის რიკამდე გატყავებულმა ქიბარ ხალვაშმა ერთ ინტერვიუში თქვა, საკრებულოში სააკაშვილთან რომ მუშაობდა, თითქმის ჩემი ტოლი დათა ახალაია «ქიბარი ბიძიას» მეძახდა და სიხარულით მეგზავნებოდა «ბორჯომზე»; მასში განსაკუთრებით მოჭარბებულად იგრძნობოდა უფროსებისადმი მოწიწება, ისეთი, რაიონებიდან ჩამოსულებს რომ ახასიათებთო.
ამიტომაც ვამბობ, რომ იმ დღეს ლევან გაჩეჩილაძეში ქრისტიანული თავმდაბლობა კი არ ჩანდა, სწორედ ამ მოწიწებას ასხივებდა მისი თვალები.
ალბათ, ამიტომ შეელახა ბექგრაუნდი. მისგან ყველა უკომპრომისო ბრძოლას ელოდა და, როცა «ვერ აასრულა, რასაც დაგვპირდა» და, მიუხედავად ამისა, «მაინც მოვიდა ჩვენთან», ხალხს შეკითხვები გაუჩნდა. ზოგიერთი არც იმის თქმას მოერიდა, ამ ძმებს პოლიტიკური ბიზნესი ხომ არ აქვთო, - გამოიყვანენ ხალხს ორი თვით, აყვირებენ, აკივლებენ, აშიმშილებენ და მერე შეუძახებენ «ოზურგეთიო».
ეს ჭორები (თუ სწორები, ეშმაკმა უწყის!) განსაკუთრებით აღიზიანებს «უცნობ» გაჩეჩილაძეს. ბექგრაუნდი ამისი უნდა იკითხოთ! თავის დროზე, 2003 წლის ნოემბერში, როცა ქართული ესტრადის მეფეები, დედოფლები, კუდიანი ვარსკვლავები თუ უკუდო ამპარტავნები ეჭვით უყურებდნენ დემოკრატიის მესანთლეებს (მერე შუქურად რომ აბდღვიალდნენ, «რუბილნიკი» ბუშმა ჩაურთო!), «უცნობი» ყველას (გაგიკვირდებათ და) ემოციურად უმტკიცებდა, მიშას თუ არ იცნობთ, მე ხომ მიცნობთ, მე დამიჯერეთ და გვერდში დავუდგეთო. პირადად არ მომისმენია ეს ფიცი-მტკიცი, შოუბიზნესის დედად (კაცმა არ იცის, ვისგან) აღიარებულმა მარინე ბერიძემ «ჩაუშვა», - ახლაც იმავეს ამბობს და, თუ მაშინ შეცდა, ახლა რატომ დავუჯეროთო?!
არ დაუჯერებთ და #5 საკნის ტელებინადარი და იქიდან დეზერტირებული თუ დეპორტირებული თქვენც ისევე შეგამკობთ, როგორც სააკაშვილს. ჟურნალისტ ნინო სამხარაძის
შეკითხვაზე - «უცბად, სპონტანურად მიპასუხეთ, რას ეტყოდით სააკაშვილს?» - უპასუხებს: «შიგ ხომ არა გაქვს, მიშაა?»
ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მიშამ ამათ დაუმტკიცა, ვის რა სად აქვს! «უცნობს» ეს შეკითხვა #5 ტელეკამერიდან რომ დაესვა მესაკნე მომიტინგეებისთვის, ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა. თუ «უცნობი» არა, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია მაინც ჰკითხავს (და მოჰკითხავს!) ღვთის ანაბარა მიტოვებულებს და საკუთარ სახლებში დაბრუნებულებს.
უცნობს კი «რა» «სად» ჰქონია, ყველამ შევიტყვეთ - «ნაწლავზე მქონდა პოლიპები და ამომაჭრეს». ჩეხეთში გაუკეთეს ოპერაცია; აქაურ ექიმებს ხელისუფლება არ ენდობა (ერთი დავით ბაქრაძე ენდო და იმასაც კინაღამ კაი ტური მოუწყვეს საიქიოში!) და განა «XXI საუკუნის ილია» არ იმსახურებდა განსაკუთრებულ მზრუნველობას?
ილიას კი არ ვადარებ, თვითონ ამბობს, რომ ახლაც «ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც ჭავჭავაძეს აქილიკებდნენ და უნამუსოდ სვრიდნენ ლაფში».
ეჰ, კაცს თავი გადადებული აქვს და «თუ ჩემი სიკვდილი ჯობდა, არ ვიცი...»
სამაგიეროდ, მიშამ იცის, რა ჯობდა!
ამიტომაც ინაუგურაციის წინ ნაცნობის კვალობაზე «უცნობსაც» შეხვდა. ვნახოთ, როგორ ხსნის ამ შეხვედრის აუცილებლობას თვითონ გია გაჩეჩილაძე:
«სააკაშვილთან მივედი და ვუთხარი: სანამ საქართველოში არ იქნება ტელევიზია, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს და იტყვის ნამდვილ სიტყვას... ღირსეული პრეზიდენტი მინდა, ჰყავდეს ქვეყანას, სხვა არაფერი-მეთქი; და იმდენად შეშინებული იყო, ინაუგურაცია რომ ჩატარებულიყო, დამთანხმდა, აუცილებლად იქნებაო და ისე გადამაგდო, როგორც ყველა...»
ახლა მიხვდით, იპოდრომზე შეკრებილნო, როცა თბილისში ყინვა «მეფურად დაბრძანდებოდა» და სააკაშვილი «სამეფო გვირგვინს» უკვე მეორედ იდგამდა, რუსთაველის პროსპექტისკენ დაძვრის ნაცვლად, რატომ გაგისტუმრეს სახლებში?
ხალხს 26 მაისს სტადიონზე შეკრების დროსაც «მოუგრიხეს მწარედ კისერი». მაშინ სიტყვით გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქმე იმ დღესვე უნდა დაემთავრებინათ: «დრო აღარ ითმენს. მე ვიცი ერთი ახალგაზრდა, რომელსაც აქვს გზა და ამ გზას ჩვენ უკან უნდა გავყვეთ!»; შემდეგ «რეზონანსის» კორესპონდენტს უთხრა, რომ ამ ახალგაზრდაში «უცნობს» გულისხმობდა.
«ამ ახალგაზრდამ» კი, რაკი აღარ იცოდა, რა ეთქვა 100 ათასი ადამიანისთვის, ხალხს სამების ტაძრისკენ წასასვლელად მოუწოდა. შოუმენის ეს ნაბიჯი შემდეგ პროვოკაციად და შანტაჟად შეფასდა. აღშფოთებას ვერც სალომე ზურაბიშვილი მალავდა,
ცალკეულმა პიროვნებებმა ყველაფერი გააფუჭეს, ოპოზიციას სხვა გეგმა ჰქონდა, რაც «დინამოდან» სამებისკენ დაძვრას არ ითვალისწინებდაო.
ასე იცის თავდაჯერებულობამ. როცა იმდენიც არ გესმის, რომ შოუ პოლიტიკის მხოლოდ მცირე ელემენტია და მიშას ამ საქმეშიც ვერ აჯობებ, შეგიძლია, ანბანი გარეპო და შეუსრულებელი დაპირებებით ხალხს ტვინი არ გაულაყო. მით უფრო, ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს სააკაშვილს. თუ ჩემი არ გჯერა, მაშინ ის გაიხსენე, რა გითხრა ლევანმა 12 მაისს, როცა მიშასთან ნასტუმრალი პირდაპირ «საკანში» მივიდა:
«მას აქვს ასეთი თვისება და შენც იცი და მეც ვიცი, მარტო რომ ზის და ორი კაცი უზის, მაინც შოუშია, ათი კაციც რომ ზის, შოუშია, ათას კაცშიც შოუშია და ტელევიზორშიც შოუშია, მიტინგზეც შოუშია, ადამიანი ცხოვრობს პროპაგანდისტულ-პიარულ რეალობაში. ერთადერთი, როდესაც ის უფრო ნაკლებ შოუშია, ვიდრე დიდ შოუში, ალბათ, ერთი-ერთზე შეხვედრის დროს. ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი...»
ბიჯო, ბოდიში, ძმაო, ვინმემ კი არა, შენმა ძმამ (ერთხელ ვერის ბაღში სახალხოდ რომ დაგიფიცა) ერთ წინადადებაში შვიდჯერ გითხრა, მიშა «შოუშიაო» და რით ვერ გაიგე, რომ შენზე უკეთესი შოუმენია და ვერ აჯობებ!
ამიტომაც მოხდა «მაესტროს» ძალიან ცნობილი პროექტის «საკანი #5» -ის მარგინალიზაცია. ამ «მოხდას» არ ეთანხმება «მაესტრო» მამუკა ღლონტი, თუმცა იმას კი ამბობს, რომ «დაიწყო მარგინალიზაცია», «ამიტომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი და ახალი ფორმატით გავიდეს ეთერში». მაგრამ რა ეშველება გულგატეხილ ხალხს, რომლის თვალშიც მთელი ოპოზიციის მარგინალიზაცია კი არ «დაიწყო», არამედ უკვე «მოხდა»?
ღლონტისთვის «საკანი #5» ერთ-ერთი რიგითი პროექტია და მისთვის ტელევიზია (ბუნებრივია!) ბიზნესია.
აღარ მინდა ბექგრაუნდიანი ძმები გაჩეჩილაძეების პოლიტიკურ ბიზნესზე აქცენტის გაკეთება. არ მჯერა, რომ მიშა ამათ რამეს მისცემდა. მეტი საქმე არ აქვს, ისედაც 5:0 დაამარცხა. სამწუხაროა, რომ ამ «გაზაფხულმა თბილისში» რამდენიმე ათეული ადამიანი «გისოსებს მიღმა საქართველოში» გაისტუმრა, ნაცნობი და «უცნობი» კი ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ეს რა ჩვენი საქმეა. ხომ გაგიგიათ, ძმამ ძმას ანგარიში უყო, ისევ ძმებად დარჩნენო.
თქვენ კი, ვინც ამათ აჰყევით თუ გაჰყევით, წადით და «პერედაჩების» რიგში ჩადექით «შაშკინეთში»!
ბონდო მძინარაშვილი
P.S. «საქართველო და მსოფლიოში» (#12; 13-19 მაისი, 2009 წ.) გამოქვეყნდა ჩემი წერილი «ჩეგიავარა». მაშინ პოლიციის სამმართველოსთან «უცნობის» თავდადების (გადაუჭარბებლად!) შეფასება ვცადე და ახლაც შემიძლია თქმა, რომ მისი საქციელი, მართლაც, თავგანწირვის ტოლფასი იყო, მაგრამ საიტზე განთავსებულ ამ მასალას გამოეხმაურა ერთ-ერთი მკითხველი, რომელმაც მწარე კომენტარი გამოგზავნა: «ნეტა, ახლა რას ფიქრობს ავტორი თავის «ჩეგიავარაზე»? ხო ნახა, რომ «თავისი და ჩვენი ევერესტი» კი არა, ევროპის კურორტები დაიპყრო ამ ვითომ ერის მამამ. თან უსირცხვილოდ გვაყვედრის თავის «საკანს» ეს მატრაბაზი... სიამოვნებით წავიკითხავდი ამავე ავტორის მოსაზრებას «უცნობის» «საკნიდან» დეზერტირობაზე...»
«ჩეგიავარაზე» რასაც ვფიქრობ, უკვე ვთქვი და, როგორც ხედავთ, უცნობ მკითხველსაც მივანიჭე სიამოვნება.
თქვენც დატკბით.
ბ.მ.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (9 კომენტარი):
კაროჩე, ძმებმა გრეჩიხებმა სერიოზული ბიზნესი ააწყვეს, 2007 წლიდან მოყოლებული აგოიმებენ ხალხს. შეკრიბავენ მიტინგზე, დაიწყებენ მარიაჟობას "მიშა მოვდივართო", მერე ერთი–ორჯერ თვითონაც გაილახავენ თავს "ატვოდისათვის", მომიტინგე გომებსაც მაგრად აცემინებენ და... შეიპარება მერე ლევანა შავნაბადას რეზიდენციაში, შეძვრება ვირთხასავით მიშასთან და "შუმოკის" ჩასაქრობად კაი ბლომად მაყუთს იჯიბავს,პატარა გრეჩიხა ალიბს უკეთებს, აქაოდა ქაქი ლევანამ ჭამა თორემ მე ამ დროს ხან "საკანი #5" ში ვიჯექი, ხან კარლოვი ვარის მზისქვეშ "ვლივლივებდიო"... მაგათ საქციელს კაი ბიჭობაში რაც ქვია ყველამ იცის (შესაწერს უნდა შეაწერო, დასაგოიმებელი უნდა დაგოიმდეს), მაგრამ მე ამ ხალხის გამკვირვებია, ეს "კიდალა" გრეჩიხები დღემდე რომ ერის მამებად მიაჩნიათ... ჰოდა მიაჩნდეთ, მეტის ღირსები არიან ხვალ კიდევ ახალ "პოადლიანკას" გაუჩალიჩებენ, გოიმებს ამიტინგებენ, თვითონ კი კიდევ დიდ მაყუთს იშოვიან მიშასგან, რომ კარლოვი ვარსა თუ ბადენ ბადენში "ლივლივი" არ მოაკლდეთ,ხალხი კი დარჩება როგორც მესამე, ყველაზე გრძელი და არაფრისმქონე... საღოლ ძმებს, აფერისტები ვართო ამათ უნდა იტრაბახონ!!!
დატოვეთ კომენტარი