მთავარი | პოლიტიკა | ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაშია

ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაშია

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image აშშ დემოკრატიულს უწოდებს ისეთ ქვეყნებს, სადაც მხოლოდ კაციჭამია მმართველიღა აკლიათ

7 აგვისტოს გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტის” მკითხველთა შეკითხვებზე, ონლაინ რეჟიმში პასუხობდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია. შარშანდელი აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილ კონფერენციას უძღვებოდა და მკითხველთა შეკითხვებს ახმოვანებდა გაზეთის ინტერნეტვერსიის შეფ-რედაქტორი ალექსეი სინელნიკოვი. სტუმრის მიმართ გაზეთის მკითხველთაგან უამრავი შეკითხვა შემოვიდა და, მიუხედავად სოლიდური ქრონომეტრაჟისა, ყველა მათგანზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. “საქართველო და მსოფლიო” უცვლელად გთავაზობთ “არგუმენტი ი ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ნომერში ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ალექსანდრე ჭაჭიას პასუხებს იმ კითხვებზე, რომელთა კომენტირებაც კონფერენციის ფარგლებში ვერ მოესწრო.

 - ბატონო ალექსანდრე, მომავალში შესაძლებელია საქართველოს გაერთიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან? ეს ხალხები ხომ მეგობრულად და შეთანხმებულად ცხოვრობდნენ საბჭოთა პერიოდში; არის კეთილი ურთიერთობების აღდგენის შანსი, მათ შორის, რუსეთთანაც? ჩვენს საერთო კულტურაზე, იოსელიანის ფილმებზე, შესანიშნავ მხატვრებსა და მსახიობებზე ხომ ამდენი კარგი მოგონება გვაქვს (ირინა)...

- იმისათვის, რომ გაერთიანებაზე ვისაუბროთ, უნდა ვიცოდეთ, რა იგულისხმება ამაში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ისე, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო, დარწმუნებული ვარ, უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის აგვიანებენ. მგონია, რომ ეს გამიზნულად კეთდებოდა, სხვაგვარად შეუძლებელია, აიხსნას, რატომ უშვებდნენ ხელიდან ქართველი პოლიტიკოსები სისტემატურად ურთიერთობების აღდგენის შანსს შევარდნაძის მიერ დაწყებული აფხაზეთის ომამდელი პერიოდიდან მოყოლებული - წვრილმანებით დაიწყო, სისხლისღვრაში გადაიზარდა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე მივიდა.
საქართველოში ხელისუფლება დღესაც უჩიჩინებს ხალხს, რომ ეს ყველაფერი დროებითია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ძალიან მალე დაიბრუნებენ და რუსეთს აიძულებენ, უარყოს აღიარება. ისევ მეორდება მითი, რომ აშშ ან რაღაც მითიური მსოფლიო საზოგადოება დაეხმარებათ. და ეს ყველაფერი ხდება დაბრუნების მექანიზმის აუხსნელად, ლოზუნგების დონეზე - დავიბრუნებთ და მორჩა.
საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას ისმენს. ასევე ისმენდა ის შევარდნაძის ცრუ განცხადებებს წლების განმავლობაში, რომ მალე დაიბრუნებდა აფხაზეთს, ერთი ან ორი წლის შემდეგ, მაგრამ როგორ, უცნობია. ხალხის ყურადღება რეალობიდან ცრუ დაპირებებზე გადააქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით ვცდილობდი, ხელისუფლებასა და საზოგადოებამდე მიმეტანა, რომ არჩეული პოლიტიკური კურსი დამღუპველია და მისი გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის დაშლა გარდაუვალია, მაგრამ მოღალატე პოლიტიკოსები და ნაყიდი ჟურნალისტები მე კრემლის აგენტს მეძახდნენ, შევარდნაძეს კი ისევე ადიდებდნენ, როგორც ახლა სააკაშვილს ადიდებენ. შედეგად ქვეყნის დაშლა მივიღეთ. ბევრს ახლაც არ სურს, თვალი გაუსწოროს სიმართლეს.
რეალობა კი ასეთია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გავიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან. ჩემთვის, საქართველოს ამჟამინდელი მმართველებისგან განსხვავებით, ძნელია ამასთან შეგუება, რადგან აფხაზეთი ჩემი სამშობლოა. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა ვიფიქროთ ახალ რეინტეგრაციულ პროექტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით. თუ განვაგრძობთ უაზრო საუბარს იმაზე, რომ მალე დავიბრუნებთ და სხვა არაფერზე ვიფიქრებთ, ეს იმ ადამიანის მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, რომელიც უფსკრულში გადაიჩეხა და იქ კიდევ ორმოს თხრის. ასე იქცევა ქართული ხელისუფლება. არ მჯერა, რომ ახალი პროექტი შესაძლებელია საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანების მარიონეტული ჯგუფი, რომელიც ამ რეგიონში აშშ ინტერესების რეალიზებას კი ახორციელებს, მაგრამ თავისი ქვეყნის ინტერესებისას - არა. და ეს გრძელდება უკანასკნელი 15 წელიწადი. სააკაშვილის პოლიტიკა შევარდნაძის პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა, მაგრამ ახალი რეინტეგრაციული პროექტის შემუშავების დაწყება დღესვეა აუცილებელი. დასაწყისისთვის ამ პროექტის ფარგლებში ჰუმანიტარული, ეკონომიკური ხასიათის ამოცანები უნდა გადაწყდეს, შემდეგ - პოლიტიკური. ამასთან, ამ ახალი პროექტის სუბიექტები უნდა იყვნენ რუსეთი, აფხაზეთი, საქართველო, სამხრეთ ოსეთი. შემდეგ ეს შეიძლება სხვა ქვეყნების ხარჯზე გაფართოვდეს. უფრო მეტიც, ეს პროექტი შესაძლოა, იმდენად ეფექტიური გახდეს, რომ სხვა მთელი რიგი კონფლიქტების, იგივე დნესტრისპირეთისა თუ ყარაბაღის, მოგვარების მაგალითად იქცევა. ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს მითიური გარე ძალების მოხმობა, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს და რეალობიდან უნდა გამოდიოდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნება და მათთვის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფაა. დღეს ლოზუნგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება კი არა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი დაბრუნება უნდა იყოს. ამის შემდეგ აუცილებელია ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტის პირობებში ინტეგრაციის პროცესებზე გადასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოვა. ეს სწრაფი პროცესი ვერ იქნება, ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის დაბრუნება ძნელი საქმეა. ბევრი სისხლი დაიღვარა, პასუხისმგებლობა არავის უკისრია. შევარდნაძე მშვენივრად ატარებს დარჩენილ სიცოცხლეს აგარაკზე კონიაკიანი ჩაის სმით. და ეს სულაც არ არის შემაკავებელი ფაქტორი იმ პოლიტიკოსებისათვის ვინც დღესაც აპირებს საკუთარი ხალხის სისხლიან ავანტიურებში ჩაბმას.
ურთიერთობათა აღდგენის პროცესი საქართველოში ნორმალური, ეროვნულად ორიენტირებული ძალის ჩამოყალიბებით უნდა დაიწყოს, ძალისა, რომელიც შეძლებს, რეალურად შეცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია. საჭიროა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა.
უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც სისხლში არ არიან გასვრილნი, რომლებიც რეალურად აზროვნებენ და უყურებენ ფაქტებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების რეალიზაციაზე იქნებიან ორიენტირებული.
აი, ეს არ გვაქვს უკანასკნელი 15 წლის მანძილზე. ეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამით უნდა დავიწყოთ. თუ საქართველოში გვეყოლება ეროვნულად ორიენტირებული, საქართველოს შიგნით ქართველების მიერ ჩამოყალიბებული და არა ისევ გარედან დანიშნული ხელისუფლება, ის რუსეთის ხელისუფლებასთანაც გამონახავს საერთო ენას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთანაც. რუსეთის ხელისუფლება დღეს ეროვნულადაა ორიენტირებული. რუსული და ქართული გეოპოლიტიკური ინტერესები კი სრულად ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ჩვენ 200 წელიწადზე მეტ ხანს მჭიდრო ურთიერთკავშირში ვიმყოფებოდით, ამიტომაც ეროვნულად ორიენტირებული ძალები ყოველთვის გამონახავენ საერთო ენას.

- ჩვენი მკითხველი გვწერს: “დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები სტატიისაგან “სიძულვილისა და ზიზღის 200 წელი”. საიდან გაუჩნდათ ქართველებს რუსებისადმი ამდენი ზიზღი და სიძულვილი? ჩვენ ხომ მუდამ გვერდიგვერდ ვცხოვრობდით და ერთმანეთს მხარში ვედექით; რამდენჯერ იხსნეს რუსებმა საქართველო საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენჯერ გაწირეს ქართველებმა საკუთარი სიცოცხლე გმირულად რუსეთისთვის და სადამდე მოვედით... ჩემი კითხვაა: რისთვის ეზიზღებათ ქართველებს რუსები და კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ამის მოთმენა?

- მრავალი წელი ვიცხოვრე საქართველოში, სწავლის პერიოდი რუსეთში გავატარე და ახლაც ხშირად ვარ აქ. საქართველოში ხალხში არასდროს შემხვედრია რუსოფობიული განწყობა და არც რუსეთში მინახავს გრუზინოფობები. ხშირად მიხდება ამის შესახებ წაკითხვა და გაოცებული ვარ, საერთოდ, სად ნახეს ეს ავტორებმა და როგორ გამოვლინდა ეს? წავიკითხე ეს სტატია. მან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ავტორს შევარდნაძის თანამშრომლის გამონათქვამები მოჰყავს... შევარდნაძის გარემოცვაში ყო­ველთვის ბევრი არამზადა იყო ისევე, როგორც ახლანდელ ხელისუფლებაშია. ეს ადამიანები რომ ნორმალურები ყოფილიყვნენ, საქართველო ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა, ამიტომ ამაზე საუბარიც კი არ მსურს. ქართველი ხალხის მხრიდან რუსოფობიის დასამტკიცებლად ამ სიტყვების მოყვანა, სულ მცირე, არაკორექტულია. რაც შეეხება საერთოდ მსგავს გამონათქვამებს... ვინაა მათი ავტორი? - როგორც წესი, ისინი იმ ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან, რომელიც უფრო მეტად რუსულ კულტურაზე გაიზარდა. იმ ინტელიგენციისა, რომლის დამსახურებებაც სწორედ სსრ კავშირის წყალობით გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ რუსებმა ჩვენ დაგვიმონეს, მაინტერესებს, რა მაგალითებზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამას. ნუთუ თავად იყვნენ დამონებულნი? მსგავსი ქცევა ნებისმიერი ინტელიგენციის დაავადებაა. რუსი ხალხის, რუსეთის ისტორიის, რუსეთის დიდი ისტორიული მოღვაწეების მიმართ არავისგან მსმენია იმდენი სიბინძურე და ცილისწამება, რამდენიც რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენელთაგან. გადაშალეთ ნებისმიერი გაზეთი, იქ იპოვით ინტელიგენტს, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მტკივნეულად ჩაწიხლოს რუსეთის წარსული. ვფიქრობ, ეს მათი თვისებაა, ვინც თავს ინტელიგენტად თვლის, ასეთ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ, თუ კარგი რეჟისორები ან მსახიობები არიან, ისტორიაზეც შეუძლიათ ისაუბრონ, პოლიტიკაზეც, ხალხსაც ჭკუა დაარიგონ. ეს დაავადება აქვს ინტელიგენციას, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთას, ამიტომაც გაჩნდა მსგავსი სტატიები.
ვფიქრობ, ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილონ, მაგრამ ამ დროს მოვლენის არსი მკაფიოდ უნდა გაანალიზდეს. როდესაც საბჭოთა ჯარისკაცების საფლავების გადატანასთან დაკავშირებით ბალტიისპირეთში ღელავდნენ, მოსკოვში ინტელიგენციის წარმომად­გენლებმა მთელი რიგი მრისხანე განცხადებები გააკეთეს. მე მაშინ გამოვაქვეყნე სტატია, რომელშიც რუსეთის ინტელიგენციას მივმართავდი: თქვენ რაღა გაშფოთებთ?! რაც დღეს ახალი აღმოსავლეთევროპული დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან, დასავლეთისა და შტატებისაგან გვესმის - ეს ყველაფერი პირველად რუსეთის ინტელიგენციამ თქვა: რომ სსრკ და ფაშისტური გერმანია ერთი და იგივეა; რომ სტალინი და ჰიტლერი ტყუპი ძმები არიან; რომ ენკავედე და გესტაპო ერთი და იგივეა... ახლა რაღა აშფოთებთ? ახლახან ევროსაბჭომ მიიღო საზიზღარი განცხადება ჰიტლერიზმისა და სტალინიზმის გათანაბრების შესახებ. ეს, უბრალოდ, უსინდისო განცხადებაა, ამიტომ ინტელიგენციის მხრიდან კვლავ გაისმა აღშფოთების შეძახილები. მე ამან უფრო აღმაშფოთა. ეს ინტელიგენტები ამ საზიზღრობას ხომ 20 წლის განმავლობაში გაჰყვიროდნენ. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მოვლენებით კი მხოლოდ იმიტომ აღშფოთდნენ, რომ იცოდნენ, ამან პუტინი აღაშფოთა... ელცინის პერიოდი რომ ყოფილიყო, რუსეთის ინტელიგენციის ეს ნაწილი ევროპის ამ განცხადებას სიხარულის შეძახილებით შეხვდებოდა.
და, აი, კიდევ რა მინდა, გითხრათ ამ რეზოლუციებთან დაკავშირებით. ორიოდე წლის წინათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილე რუსული დელეგაციის ნაწილმა მხარი დაუჭირა ერთი არამზადის მიერ იქ გამოთქმულ ანალოგიურ სამარცხვინო იდეას. როგორ შეიძლება, რომ რუსმა პატრიოტმა მხარი დაუჭიროს ასეთ მტრულ ინიციატივას? თუ აქ ყველაფერი სისხლზეა აშენებული, თუ სტალინის რეჟიმი სისხლიანი, ტოტალიტარული, ანტიადამიანური, ჰიტლერისეული იყო, მაშინ ყველაფერი, რაც ამ რეჟიმმა მოიპოვა, უნდა ჩამოერთვას, როგორც ეს ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა და ჰიტლერივით უნდა გასამართლდეს. მაშინ რუსეთი არ უნდა იყოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, მას არ უნდა ეკუთვნოდეს კალინინგრადის ოლქი, კურილები, სახალინი და ასე შემდეგ. დელეგატებს საკუთარ ქმედებაზე სულ ცოტა პრაგმატულად მაინც ეფიქრათ, მორალზე აღარაფერს ვამბობ.

- საქართველოს საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ მუდამ ხელისუფლების ოპოზიციაში იყავით - შევარდნაძის დროსაც და სააკაშვილის დროსაც, თუმცა შევარდნაძე მაღალ თანამდებობას გთავაზობდათ და პრესის მიხედვით სააკაშვილსაც სურდა თქვენთან თანამშრომლობა. იქნებ, ჯობდა, დათანხმებოდით და სამშობლოს სასარგებლოდ რეალურად გემოქმედათ? იქნებ, არც დაშლილიყო ქვეყანა? (თენგიზი)

- ქვეყნისთვის რაიმეს გაკეთება მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. მე ვესაუბრე შევარდნაძეს 1998 წელს. საუბრის შედეგად კი მივხვდი, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია და არ სურს, რაიმე შეცვალოს საგარეო პოლიტიკაში. არადა, მაშინ ხომ უკვე ნათელი იყო, რით შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წასვლა საქართველოზე თავსმოხვეული საგარეო პოლიტიკური კურსის ბუნებრივი შედეგია. იმავე კურსს განაგრძობს სააკაშვილი. როგორ შეიძლებოდა იმ ადამიანებთან თანამშრომლობაზე წასვლა, რომელთა მოღვაწეობის შედეგიც ქვეყნის დაშლა იქნება? ამაზე ზეგავლენა მე არ შემეძლო. გარე ძალებს ისინი პრეზიდენტებად იმისთვის არ დაუსვამთ, რომ ჭაჭია გამოჩენილიყო და საგარეო კურსი შეეცვალა. მათთან თანამშრომლობა მათთან ერთად ყველა იმ ნეგატიურ პროცესში მონაწილეობას ნიშნავდა, რომელთა ინიციატორებიც ისინი იყვნენ, ანუ მეც ვიქნებოდი ქვეყნის დაშლისა და ყველა სისხლიანი მოვლენის მონაწილე. ამაზე ვერ წავიდოდი.


დღეს მთავარი ლოზუნგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება კი არა,
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი დაბრუნება უნდა იყოს.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

არქივი
first first ივლისი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
შეაფასეთ სტატია
2.89
    Rating@Mail.ru