სააკაშვილების და მერაბიშვილის საოჯახო ბიზნესი საწვავის ღირებულებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს
ეკონომიკური კრიზისი, უპირველესად, შავი ოქროს ბაზარზე აისახა. ნავთობის ღირებულების კატასტროფულმა ვარდნამ მსოფლიო მაგნატები შეაშფოთა და ცდილობდნენ, ეს პროცესი როგორმე შეეჩერებინათ, თუმცა ამ მცდელობამ მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და უკანასკნელი კვირის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ღირებულება კიდევ რამდენიმე დოლარით დაეცა. ქართულ ბაზარზე კი ეს პროცესი არაორდინარულად აისახა - საწვავი გაძვირდა. დღეისათვის მისი ღირებულება 1,50 ლარიდან 1,80 ლარამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ხარისხის და, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ფასებიც “ეკოს” ბენზინგასამართ სადგურებზეა, შემდეგ მოდის “რომპეტროლი”, “ლუკოილი”, “ვისოლი” და “სოკარი”. ქართული ბაზრის დიდი ნაწილი “ვისოლს” და “სოკარს” უჭირავს. საზოგადოების ერთი ნაწილი ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს; უფრო კონკრეტულად კი, როგორც ამბობენ, კომპანიებში - “ვისოლსა” და “სოკარში” ქვეყნის პრეზიდენტის ძმის - დავით სააკაშვილის ინტერესებია.
გიორგი გუგავა:
- მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი თითქმის ყოველდღიურად მცირდება, საქართველოში ფასების ცვალებადობა არ შეიმჩნევა. ეს დაკავშირებულია სააკაშვილის და მისი ოჯახის ბიზნესინტერესებთან. “სოკარი” და “ვისოლი” მათი საკუთრებაა. ესენი ძირითადი იმპორტიორები არიან და, აქედან გამომდინარე, მათ სრული კარტბლანში აქვთ მიცემული, გავლენა იქონიონ ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, ფასის გაზრდასთან ერთად იზრდება მათი ანგარიშებიც. ეს კი ხალხის ხარჯზე ხდება. როდესაც მსოფლიო ბაზარზე უმნიშვნელოდ ძვირდება ნავთობი, ჩვენთან საწვავის ფასი ორმაგდება. ამ პროცესს ხელს ვერავინ უშლის, იმიტომ, რომ ეს კომპანიები სააკაშვილის პატრონაჟის ქვეშაა.
- თუმცა ქართულ ბაზარზე, ასევე, მნიშვნელოვანი წილი “ლუკოილს”, “რომპეტროლს” და “ეკოს” ეკუთვნის...
- 60 პროცენტი უჭირავს “სოკარს”. ის, ამავე დროს, არის შემომტანი კომპანია; საკმაოდ სოლიდური პროცენტი (დაახლოებით 30 პროცენტი) “ვისოლზე” მოდის; “რომპეტროლი” კი მერაბიშვილის კომპანიაა და აქედან შემოსული თანხები მის ჯიბეში ილექება. გამომდინარე აქედან, პრაქტიკულად, ხელოვნური მონოპოლიაა შექმნილი. თუ სხვა კომპანიები ბიზნესთამაშში არ აჰყვებიან მონოპოლისტურ კომპანიებს, ისინი საერთოდ ჩაიძირებიან.
ეს არის სააკაშვილების და მერაბიშვილის საოჯახო ბიზნესი და ამიტომაც მოქმედებენ ასე თავისუფლად და საწვავის ფასებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებენ.
- შესაძლებელია პროცესის დარეგულირება?
-თუ ხელისუფლება ინებებს, შესაძლებელია ფასთა რეგულირება, მაგრამ ეს მის ინტერესში ეს არ შედის.
ლეიბორისტების პოლიტიკური ფანტაზიის ნაყოფია თუ არა სააკაშვილის და მერაბიშვილის ბიზნესინტერესები ნავთობში, საკამათოა, მაგრამ მონოპოლიის არსებობას არც ექსპერტები გამორიცხავენ.
დემურ გიორხელიძე:
- ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისი ინტერესებია ამ სეგმენტში, თუმცა არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ, საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამ საქმეში ქვეყნის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის ინტერესებია ჩადებული, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ.
ამის მიზეზი ქართული ნავთობის ბაზარზე არსებული არაკონკურენტუნარიანი გარემოა. ამჟამად მსოფლიოში ნავთობის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის განახევრებულია, ჩვენთან კი საწვავის ფასი საერთაშორისო მაჩვენებლებთან შეუსაბამოა და ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიური მმართველობის შედეგია.
არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ნება უნდა იყოს, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება სტრუქტურა, რომელიც უფლებამოსილი იქნება, იურიდიული მტკიცებულების საფუძველზე აღძრას საქმე იმ სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შემჩნეული იქნება ე.წ. კასტელურ გარიგებაში, ანუ შეთანხმებულ და ფორმალურად დაუსაბუთებელი ფასების რეგულირებაში.
საქართველოს ხელისუფლება მონოპოლიის საშუალებას აძლევს ბიზნესს. ეს სხვადასხვა გზით ხდება, მიუხედავად იმისა, რა გზით არის წარმოშობილი ეს ბიზნესი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მონოპოლია კომუნალურ ბაზარზე წარმოიშობა და მეორე, როცა სხვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნავთობის ბაზარზეა. ყველა სფეროს თავისი მიდგომა სჭირდება, რაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ხდება”.
“საქართველო და მსოფლიო” ნავთობკომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებითაც დაინტერესდა. კომპანია “ვისოლისგან” უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საწვავზე ფასების ზრდა-კლების მონაცემები მოვითხოვეთ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მომზადება დროს მოითხოვს და ამ ეტაპზე უარით გამოგვისტუმრეს.
კომპანია “ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ კი აღნიშნა:
- ეს ისეთი საკითხია, რომელზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს საკმაოდ ვრცელი თემაა. ერთი რამ კი შემიძლია, გითხრათ - ნავთობის ღირებულება კი არ იკლებს, ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად ეს საწვავზე ფასის ზრდას იწვევს. ამის დამადასტურებელი ციფრები და მონაცემები არსებობს. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ან ვინ რას ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ბარელი ნავთობის ფასი იზრდება. ნავთობკორპორაციაშიც არის ეს მონაცემები. რაც შეეხება ბიზნესში მონოპოლიას, ეს სხვა საკითხია და, ასევე, ვრცელი თემაა. თუ თქვენი სურვილი იქნება, მზად ვარ, უფრო დაწვრილებით გესაუბროთ”.
საწვავის ფასების ზრდასა და კლებასთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ბიზნესკურიერის” ავტორსა და წამყვანს - აკაკი გოგიჩაიშვილს ესაუბრა:
- ის გარემოება, რომ მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება მცირდება, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბენზინის თუ დიზელის ფასი უნდა შემცირდეს. გასულ წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს, სავარაუდოდ, მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
P.S. არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნესინტერესებსა და მონოპოლიაში ნაკლებად ერკვევიან, მაგრამ საწვავის ღირებულების ზრდა მათ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. კრიზისის გამო შემცირებული ხელფასების და შემოსავლების ფონზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი იძულებულია, საკუთარი ავტომობილები ავტოფარეხებში დააყენონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, თუმცა მოსახლეობას იმის შიშიც აქვს, რომ საწვავის ფასის ასეთი მატება მგზავრობის ღირებულებაზეც იმოქმედებს.
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი