ისევ გრდემლსა და უროს შორის
საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით დავით აღმაშენებლიდან ვიდრე თამარ მეფემდე სულ რაღაც 120-წლიან მონაკვეთს, როდესაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულმა ქართულ-კავკასიურმა იმპერიამ თავისი სიძლიერის ზენიტს მიაღწია, არც მანამდე, და არც მას შემდეგ, არ ყოფილა მსგავსი პერიოდი ჩვენს ტრაგიკულ ისტორიაში! 120-წლიანი ოქროს ხანას მიღმა იყო გრდემლსა და უროს შორის მოქცეული საქართველოს ბრძოლა, ბრძოლა ქართველობის, სარწმუნოების, მამულის გადარჩენისთვის.
ანუ, “ენა, მამული, სარწმუნოება”, რაც მოგვიანებით დიდმა ილიამ ქართველობის შენარჩუნების მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელ ფორმულად, გნებავთ, კვინტესენციად - საფუძველთა საფუძვლად დაგვიტოვა, როგორც ჩანს, ჩვენი დიდი წინაპრების ქვეშეცნეულში ყოველთვის იდო.
დავით IV აღმაშენებელი სრულიად დამსახურებულად არის მიჩნეული ქართველების ყველა დროის უდიდეს მონარქად არა იმიტომ, რომ მანამდე და მას შემდეგ დავითის დარი გაქანებისა და ნიჭის მეფეები არ გვყავდა, არამედ იმიტომ, რომ მან სხვებზე შეუდარებლად დიდის და ბევრის მიღწევა შეძლო. ეს “შეძლება” კი უპირველესად იმ დროს შექმნილმა ხელსაყრელმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა და მხოლოდ ამის შემდეგ - აღმაშენებლის გენიამ.
იმავეს თქმა გიორგი V ბრწყინვალეზეც შეიძლება, რომელმაც მონღოლთა ყველას და ყველაფრის წამლეკავი ტაიფუნის მინავლების შემდეგ შეძლო დავითის მიერ შექმნილი ქართველთა იმპერიის აღდგენა. მართალია, მცირე ხნით, მაგრამ - მაინც.
ამის შემდეგაც არა ერთი ნიჭიერი და დიდი ხელმწიფე გვყოლია, ისევე, როგორც უნიჭო. პირველნი ვირტუოზულად ახერხებდნენ გრდემლსა და უროს შორის ბალანსირებას, ანუ შედარებით ნაკლები სისხლის გაღებით ილიასეული ფორმულის “წმინდა სამების” შენარჩუნებას. მეორენი და, სამწუხაროდ, სწორედ უნიჭო, უსაფუძვლოდ ამბიციურნი, თუმცა ბრძოლის ველზე პირადი გმირობით გამორჩეულნი მეფენი მეფობდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხეები ემუქრებოდა. ამ მეფეთა პირადი გმირობა აურაცხელ სისხლად და ცრემლად დაუჯდა საქართველოს, როცა ბაგრატ V და გიორგი VII დროს, 17 წლის მანძილზე, რვაჯერ ილაშქრა თემურ ლენგმა საქართველოზე და თეიმურაზ I, რომლის დროსაც შაჰ-აბასმა ნახევარი კახეთის მოსახლეობა ზოგი გაწყვიტა და ზოგიც ირანში გადაასახლა.
ეს არცთუ მცირე ისტორიული ექსკურსი იმად დამჭირდა, რომ ქვემოთ ვაპირებ, მითუმეტეს, საქართველოს დღევანდელი შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ერთ საჩოთირო თემას შევეხო, რის გამოც, რომ იტყვიან, სამართებლის პირზე მომიწევს გავლა - საქართველო დღესაც გრდემლსა და უროს შორის იმყოფება და სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ისეა აუცილებელი ბალანსირების პოლიტიკა, რომლის უქონლობამ გამოიწვია შარშანდელი აგვისტოს დამანგრეველი ტრაგედია.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჭკუა მაინც ვერ ვისწალეთ. ეს რომ ასეა, განსაკუთრებით აშშ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ აშკარად პირად მხარდაჭერად აღიქვა, მაგრამ ეგ იქით იყოს. ბაიდენის განცხადებებით, რუსეთის საფრთხეს განეიტრალებულად თვლიან, არ ვიცი, გულწრფელ თუ მოჩვენებით ეიფორიაში იმყოფებიან, რაც ორივე შემთხვევაში შეიძლება ძვირად დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას.
ამერიკული და, ზოგადად, დასავლურის გარდა, ქვეყნის განვითარების, არსებობის სხვა ვექტორზე ფიქრიც კი სამშობლოს ღალატად ითვლება. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე საუბრებისთვის თვით კათოლიკოს პატრიარქს, ილია II არ ერიდებიან და ერის სულიერი მამაც კი არა ერთხელ გამხდარა “ნაცების” ურაპატრიოტთა კრიტიკის მსხვერპლი და ჩემისთანა უბრალო მოკვდავს უკეთესი დაემართება?
“ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, - უთქვამს ბრძენ შოთას. ვფიქრობ, დღეს სწორედ რომ თქმის დროა, სიმართლის თქმისა და ფიქრის, როგორ ვუშველოთ ჩვენს საქართველოს, რომლის ტერიტორია ორი ზესახელმწიფოს - აშშ-რუსეთის ინტერესთა შეჯახების პოლიგონად არის ქცეული. და მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის აჯობებს, შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველო გამარჯვებული ვერ იქნება.
აშშ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ხელისუფლება რომ სათავისოდ გააპიარებდა, ამის ვარაუდს ბევრი აფიქსირებდა. ასეც მოხდა, და არცთუ უსაფუძვლოდ ჩათვალა ხელისუფლებამ ბაიდენის დემონსტრაციული ვიზიტი არსებული რეჟიმის მხარდაჭერად.
მიუხედავად ჩვენი უხერხემლო, უნიათო ოპოზიციის ბაქიბუქისა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სააკაშვილი, სულ მცირე, 2013 წლამდე დარჩება. როგორადაც უნდა ეცადონ იმის მიჩქმალვას, თუ რაზე ისაუბრა ბაიდენმა ოპოზიციასთან, ვიზუალური ფაქტები თავისას ამბობს: საკნების ქალაქი ბაიდენის აქ ყოფნის დროსვე აიღეს, მისი წასვლის შემდეგ რუსთაველზე არსებული ტრიბუნაც დაშალეს და მოძრაობაც აღდგა. ამ ფონზე ოპოზიციის ლიდერთა მტკიცება, რომ შემოდგომაზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას აპირებენ, ტაქტიკა-სტრატეგია უნდა შეცვალონ და სხვა პიარ-”ბაიკები”, უკეთეს შემთხვევაში, სასურველის რეალობად წარმოჩენის, და უარესში - საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.
მაგრამ მოდი თავი დავანებოთ ოპოზიციას, რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ ყველაფერი გააკეთა საპროტესტო მუხტის დასაგდებად. მე უფრო ხელისუფლების ქმედებები მაინტერესებს.
ბაიდენის წასვლის მეორე დღესვე პრეზიდენტის რაიხსტაგად მონათლულ სასახლეში უმრავლესობასთან შეხვედრაზე ამ ვიზიტის შედეგების შეჯამება სცადა სააკაშვლმა, რომელმაც სიტყვა-სიტყვით განაცხადა: “პუტინის გეგმა საქართველოს სრული ოკუპაციისა ჩაიშალა, რომ შარშან აგვისტოში 150 სოფელი კი დავკარგეთ დამატებით, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთს მშვიდობის მტრედის იმიჯი (ნეტავ როდის ჰქონდა?) დაუკარგავს დასავლეთის თვალში, რომ აშშ არასოდეს აღიარებს ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას, რაც მომავალში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია, რომ აქედან გამომდინარე - ოლოლო შინაურ რუსეთუმეებს, რომ, რომ და ათასი სულელური რომ, რომელთა ბოლომდე ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
რით შეიძლება, ამ შიშველ პროპაგანდას უპასუხო? მოკლედ და სხარტად ბაიდენის ვიზიტს ერთი რუსული გამოთქმა შეეფერება: “Хრპრშთჭ სმნთ, აპმ აორხრღ მგპე”, ანუ ცუდი ქმედებისას კარგი სახის შენარჩუნების მცდელობა, რაც უფრო მეტად აშშ საზოგადოების შიდამოხმარებისთვის არის გამიზნული, ვიდრე რუსეთის დასაშინებლად.
ვის და როდის გასვლია რუსეთთან ძალისმიერი პოზიციებიდან საუბარი, თუნდაც, ე.წ. კავის რუსეთთან? მითუმეტეს, უსარგებლოა ასეთი საუბარი ატომურ რუსეთთან.
ან რამდენად სამართლიანია სხვის რუსეთუმეობაზე საუბარი, როცა მთავრობაში რუსეთის მოქალაქეები: საგარეო მინისტრი ვაშაძე და რუსეთის მსხვილი ოლიგარქი კახა ბენდუქიძე გყავს, როცა ყველაფერი რუსეთს მიჰყიდეს?
არც ის არის დამაჯერებელი, რომ აშშ არასოდეს ცნობს ცხინვალ-სოხუმის დამოუკიდებლობას, რადგანაც სწორედ შტატების ძალისხმევის შედეგად არსებობს კოსოვოს პრეცედენტი. ასეც რომ იყოს, მხოლოდ არაღიარების პოლიტიკა ვერ გახდება ტერიტორიების დაბრუნების გარანტი. ამერიკას არასოდეს უღიარებია ბალტიის რესპუბლიკების ანექსია, მაგრამ 50 წელიწადი იქ მაინც საბჭოთა რეჟიმი იყო, რაც მხოლოდ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შეიცვალა. თუ ვინმეს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება 50 წლის შემდეგ ხიბლავს, ეს მათი ფსიქიატრიული პრობლემაა.
რაც შეეხება XXI საუკუნეში გავლენის სფეროების არსებობის დაუშვებლობას, ესეც აშშ პროპაგანდაა - აბა, დღეს მიდის, თუ მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება, რომელშიც მესამე მძლავრი მოთამაშე ჩინეთიც ჩაერთვება (თუ ჩართული არ არის) და ამერიკას მოუწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის რუსეთის სასარგებლოდ გაკეთება.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ობამამ პირობა მისცა მოსკოვში ყოფნისას რუსეთს, მის ინტერესებს პოსტსაჭოთა სივრცეში პატივს სცემს და გაითვალისწინებს.
კიდევ ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს ცალსახად შტატების მხარეს გადახრა, მაგრამ, ალბათ, ნათქვამიც საკმარისია და ეს მწარე რეალობა ესმის როგორც ოპოზიციის ნაწილს, ისე საზოგადოების აბსოლუტურ “რუსეთუმე” უმრავლესობას. სწორედ იქიდან გამომდინარეა ოპოზიციის ვოიაჟები ევროპასა თუ უკრაინაში, რომ მოსკოვთან მისასვლელ გზებს ეძებენ.
რაც შეეხება საზოგადოებას, ჩაატარონ ობიექტური გამოკითხვა და ნახავენ, რომ პროამერიკული, პრონატოური განწყობიდან, რომელიც აშკარა იყო შარშან აგვისტოს ომამდე, დღეს თითქმის აღარაფერია დარჩენილი, რადგანაც ყველამ დაინახა, რომ, როგორც იტყვიან, როცა საქმე საქმეზე მივიდა, ხმამაღალი განცხადებების იქით ვერც ამერიკა დაგვეხმარა და ვერც “ნატო”.
რუსიც და ამერიკელიც,
ვანიაცა და ჯონიც,
ჩვენს საქართველოს ორივე
თავისთვის ზომავს და წონის!
ეს უნდა გვახსოვდეს და, აქედან გამომდინარე, უნდა გავიხსენოთ წინაპართა სიბრძნე ორ მგელს შორის ბალანსირებისა.
რადგანაც შტატებთან ურთიერთობები დალაგებული და გარკვეული გვაქვს, იმავეს უნდა ვეცადოთ რუსეთთან. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი იმ პოლიტიკას, როცა, უკაცრავად პასუხია და, ამერიკელის წინაშე წაკუზულ ქართველს ჩინმედლებით აჯილდოვებს - რა მაგარი პატრიოტი ხარო და იმავე ქართველმა თუ რუსს ხელი ჩამოართვა, იმ ხელს მოაჭრის და ოკუპაციის მუზეუმში დადებს - აი, კრემლის აგენტიო!
საქართველო, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და ჩვენს ბედს სხვები წყვეტენ სხვა დედაქალაქებში, სუბიექტის, კავკასიაში ოდითგან მთავარი მოთამაშის სტატუსს, მხოლოდ ორ ზესახელმწიფოს შორის ინტერესებზე გონივრული თამაშით დაიბრუნებს.
ეს რაც შეეხება პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკის ზედნაშენია თუ პირიქით, ჩვენი ეკონომიკის განვითარება რუსეთის უკიდეგანო ბაზრის გარეშე შეუძლებელია. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც, იმავე შტატებსა თუ ევროპაში მცხოვრებ ქართველთაგან განსხვავებით, რუსეთში მხოლოდ ღამის ქოთნების შეტანა-გატანით არ არიან დაკავებულები, არამედ ბევრ მათგანს წამყანი პოზიციები უკავია ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში. აღარაფერს ვამბობ მილიარდობით დოლარზე, რომელთაც რუსეთიდან უგზავნიან საქართველოში მყოფ ნათესავებს. არც ერთმორწმუნეობაზე საუბარია “უაზრო”, როგორც ამასწინათ განაცხადა სააკაშვილმა.
თუ ამ ყველაფერს არ გავითვალისწინებთ და ისევ სამგლე გოჭებივით ატეხილები მხოლოდ “ამერიკა-ამერიკას” ვიყვირებთ, ნურავინ დაიჯერებს, რომ საქართველოს ოკუპაციის პუტინისეული გეგმა, რომლის ჩაშლაც გვახარა სააკაშვილმა, მართლაც ჩაიშალა. რუსული აგრესიის განახლების საშიშროება კვლავაც არსებობს და მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ამერიკული “ადეკვატური” დახმარება არ დაიგვიანებს.
ხმამაღალი განცხადებების ფონზე შავ ზღვაში შემოვა ამერიკის შეერთებული შტატების კრეისერი, რომელიც პამპერსებითა და ცივი წყლით იქნება დატირთული შიშისგან ჩასველებულ და გულწასულ ხელისუფალთა დასახმარებლად.
დავით მხეიძე
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (1 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი