უკუღმა, მიხო, უკუღმა!
აშშ ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა «Wall Street Journal»-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრდება...
«საქართველოს იმედები, რომ ნატოში მიიღებენ, თითქმის გაქარწყლებულია, გამოდის, რომ რუსები სამართლიანი საქმისთვის იბრძოდნენ», - თქვა მან.
გაზეთი შეგვახსენებს, რომ «აგვისტოს ომის წინ სააკაშვილი თავდაჯერებით ლაპარაკობდა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრებასა და, ასევე, ორი დაკარგული ტერიტორიის - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემოერთებაზე». «ახლა პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ სამი მიზნის მიღწევა ნაკლებსავარაუდოა უახლოეს მომავალში», - მოწმობს გაზეთი.
ორშაბათს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და თავისი პოზიციების აღდგენისა თუ კრიტიკოსთა დაშოშმინების მიზნით ხელისუფლების გადანაწილების დამატებით ნაბიჯებსა და არჩევნების დემოკრატიზაციაზე ისაუბრა. სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა ახალი ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის, ოპონენტებისთვის მეტი მედიასივრცის დათმობის შესახებ და ოპოზიციას სახელისუფლებო ორგანოებში ადგილებიც კი შესთავაზა. საგულისხმოა, რომ სააკაშვილმა ეს სიტყვა წარმოთქვა ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე...
პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის, სცადა, გამოხრული ძვალი გადაეგდო სეტერივით გაწვრთნილი და მორჩილი ოპოზიციისთვის, თან დასავლეთის თვალში ქულები აიწია - მნახეთ, რა დემოკრატი ვარ, რარიგ დათმობებზე მივდივარო.
დავანებოთ თავი პიარში გაწაფული პრეზიდენტის მორიგ პროპაგანდისტულ ხრიკს და ისევ «Wall Street Journal»-თვის მიცემულ ინტერვიუს დავუბრუნდეთ. როგორც პრეზიდენტი ინტერვიუში ბრძანებს, «ფსიქოლოგიურად გააზრების» შემდეგ გააცნობიერა, რომ მისი ამოცანა საქართველოს მოდერნიზაციაში მდგომარეობს და მისი გეგმა ითვალისწინებს დემოკრატიის გაღრმავებასა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის უზრუნველყოფას იმ დროისათვის, როცა ის 2013 წელს პოსტიდან წავა. ესეც არაფრისმომცემი პიარი და იაფფასიანი პროპაგანდაა.
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს მარად ცვლადი ხელისუფლება ბოლო 15 წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართველ საზოგადოებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრობას ისე ჰპირდებოდა, თითქოს საწევრო ბილეთი უკვე ჯიბეში ედოთ. ამ მიზნის განხორციელებაზე იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის თითქმის 2/3. ხელისუფლება განსაკუთრებული რიხით ნატოს წევრობაზე აგვისტოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში ლაპარაკობდა, შემდეგ კი რიხიანობამაც იკლო და იმედებიც გაქარწყლდა, რაც იმით დასრულდა, რომ სააკაშვილმა ქართველ ხალხს იმედი გადაუწურა: ისე ვატყობ, ნატოში გაწევრებაზე არც უნდა ვიოცნებოთო. ჰოდა, საზოგადოებასაც გაუჩნდა კითხვა: მაშასადამე, მთელი ამ ხნის განმავლობაში უტიფრად გვატყუებდნენ?!
ანუ მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც სააკაშვილი გვპირდებოდა, ახდა, ოღონდ - უკუღმა. არადა, ადამიანებს, ვინც აცხადებდა, რომ სააკაშვილი ტყუის და მისი პოლიტიკა ხეირს არ დაგვაყრის, შავი დღე აყარეს, მტრად და კონფორმისტად მონათლეს. სინამდვილეში კი თურმე ტყუოდა მიშა, თურმე მისი ნათქვამი თავიდანვე უკუღმა უნდა გაგვეგო და უამრავ პრობლემას, მსხვერპლსა და ნგრევას გადავრჩებოდით... ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც «დათა თუთაშხიაში» - უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!
განსხვავება მხოლოდ ის არის, რეალობაში უკუღმა მოუბარის როლში არა უკბილო დედაბერი, არამედ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გამოდის; პრეზიდენტი, რომელმაც ექვსი წელიწადი ცრუ მიზნისკენ გვატარა, რაც მთავარია, ამ ცრუ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში დენთის სუნი დააყენა, საომარი ავანტიურა წამოიწყო, ტერიტორიები დაკარგა, მერე კი... ვითომც არაფერი, ისე განუცხადა «Wall Street Journal»-ს, რომ დაპირებები იყო სიცრუე, მიზანიც იყო ცრუ, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც მან «ფსიქოლოგიურად გაიაზრა» მომხდარი, მიხვდა, რომ ნატო და ევროკავშირი კი არ ყოფილა ჩვენთვის მთავარი, არამედ... და მონანიების ნაცვლად პრეზიდენტმა სიცრუისა და ცრუ მიზნების მორიგი კორიანტელი დააყენა. ამ კორიანტელსა და უეცარ მეტამორფოზს აფერას ვერ დაარქმევ, ძალიან მაღალი შეფასებაა. ამას ვერც ეშმაკობას დაარქმევ. საქართველოს პრეზიდენტის ტყუილებს ამისთვის ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ეს იმდენად მდარე ვირეშმაკობაა, უკბილო დედაბერ ასინეთასაც არ ეკადრება და დროა, ქვეყნის თავკაცს ვინმემ ურჩიოს - უკუღმა, მიხო, უკუღმა! თუ სააკაშვილს არა, ვაშაძეს მაინც ურჩიოს ვინმემ, მიხოს წაღმა ნათქვამი უკუღმა არ დაატრიალოს ხოლმე.
რა შუაშია ვაშაძე?!
ახლავე მოგახსენებთ: ნორმალური ადამიანები დღის განმავლობაში, საშუალოდ, სამჯერ მაინც რომ იტყუებიან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. საწყენი ისაა, რომ ქვეყნის პირველმა პირებმა თავიც არ შეიწუხეს ერთმანეთში მოსალაპარაკებლად და «ოპტიმალურ ტყუილზე» შესათანხმებლად. ჰოდა, ჭირმაც... უკაცრავად, ტყუილმაც თავი არ დამალა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ბარაკ ობამას მოსკოვური შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა:
- დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ჰგონიათ ან სურთ, ფიქრობდნენ, თითქოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივა არ აქვს. დამერწმუნეთ, დღეს ჩვენი ნატოში გაწევრების პერსპექტივა აბსოლუტურად რეალურია!
ამ დროს ვაშაძეს შეახსენეს, რომ საქართველოს მაპიც კი არ აქვს, რაზეც მან მიუგო:
- მაპის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია. დასავლეთში ძალიან კარგი გამოსავალი მოიფიქრეს ამ, თითქოსდა, ჩიხური სიტუაციიდან. ახლა საქართველო ყოველწლიურად წარუდგენს ნატოს მოქმედების ეროვნული პროგრამის შედეგებს. ჩვენ შევქმენით კომისია ნატო-საქართველო, რომელიც ალიანსთან დაახლოების მშვენიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. უმთავრესი კი ისაა, რომ, უმეტესწილად, საქართველო ნატოს წევრი ქვეყანასავით მოქმედებს. ასე რომ, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივემართებით ნატოსკენ. აშშ პრეზიდენტმა, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მდივანმა და სხვა მაღალი თანამდებობების პირებმა, პირად საუბარში დამიდასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ვერავითარი მესამე ძალა ამას ვერ შეეწინააღმდეგება...
მესამე ძალა კი, ისევე, როგორც მტრის ხატი, ყოველთვის არსებობდა. ასე მაგალითად, მტრად ნათლავდნენ ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინათ აცხადებდა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდებოდა. ახლა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემასთან («Wall Street Journal») საუბარში იმავეს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც მისივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კატეგორიულად არ ეთანხმება და ამ აზრს რუსების ნაბოდვარად მიიჩნევს! საინტერესოდ არ გეჩვენებათ?
ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელმაც განაცხადა:
- იმას, რომ საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში მიიღებენ, ჩვენი საზოგადოების ორი კატეგორია ამტკიცებდა: მოსყიდული პოლიტიკური აფერისტები და ფსიქიკურად არანორმალური ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. შევარდნაძე და მისი გუნდის ძირითადი ნაწილი პირველ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, რომელ კატეგორიას განეკუთვნება ამჟამინდელი ხელისუფლება, თავად განსაჯეთ...
- საზოგადოებისთვის შესაძლოა, ბუნდოვანი იყოს, როგორც თქვენ უწოდეთ, ამ პოლიტიკური აფერისტების ქმედებათა მოტივაცია. რატომ ატყუებდნენ ისინი ხალხს?
- სავალალოა, რომ 15 წლის განმავლობაში ერი და ქვეყანა ცრუ მიზნისკენ მიისწრაფვოდა ცრუ ლოზუნგებით. რამდენიმე ასეული კაცი ამ ლოზუნგების წყალობით გახდა მინისტრი, პარლამენტარი, მოპარული ფულით დააგროვა სოლიდური ქონება, მაგრამ ქართველმა ერმა ამ ლოზუნგების სანაცვლოდ ათასობით თანამემამულის სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, დაკარგა ისტორიული ტერიტორიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, საქონლის გასაღების ტრადიციული ბაზარი და ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ყველას ვეკითხები: ვინ აგებს ამაზე პასუხს?
* * *
ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ საქართველოში ეს ტრაგიკომედია გრძელდება. ესტაფეტა, რომელიც «ნაციონალურმა მოძრაობამ» «მოქალაქეთა კავშირისგან» მიიღო, ახლა მისგან «ოპოზიციას» გადაეცემა, რომელიც ხალხს გამოუცხადებს, რომ მიშას არ შეუძლია საქართველოს ნატოში შეყვანა, ისინი კი ამას უთუოდ მოახერხებენ. ამავე დროს, გაგრძელდება საქართველოს დაშლის პროცესი, მაგრამ განა ჩვენს პოლიტიკოსებს საქართველო აინტერესებთ?
15 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ხერხით ვცდილობდი საქართველოს საზოგადოებისთვის ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნას: ნაძირალა პოლიტიკოსების აყოლით, მათი დემაგოგიური მოწოდებების, ცრუ ლოზუნგების რწმენითა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების იმედით ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ. პასუხად, მოღალატე პოლიტიკოსები და უმეცარი ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მე «კრემლის აგენტი», «მეგრელი სეპარატისტი», «საქართველოს მტერი» ვიყავი. შევარდნაძე-სააკაშვილის საქმიანობის შედეგების ხილვისას ისმის კითხვა: ვინ აღმოჩნდა აგენტი, სეპარატისტი და ქართველი ერის მტერი?
მტერი მოყვრისგან, ისევე, როგორც შავი თეთრისგან ქართველ საზოგადოებას რახანია, უნდა გაერჩია, მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესი, რომელსაც ერთიანი ეროვნული ნება და ამ ნების განხორციელება ჰქვია, იგვიანებს. დაგვიანება კი შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს.
შეგახსენებთ, რომ, იმაზე, რაც დღეს საქართველოს თავს ხდება, ბატონი ჭაჭია წლების წინათ წერდა, მისი შეხედულებები და პროგნოზები იბეჭდებოდა პერიოდიკაში, ამიტომ მათი ჩამოთვლით არ დაგღლით. უბრალოდ, გაუწყებთ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას რეალურად ემუქრება და რომელზეც, როგორც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ამბობს, არც მედიაში და არც პოლიტიკაში ხმას არავინ იღებს. გაზეთ «ასავალ-დასავალში» ორიოდე კვირის წინათ დაბეჭდილ პუბლიკაციაში მან განაცხადა: «ჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკამ შეიძლება საქართველოზე საერთოდ აიღოს ხელი და ჩვენ პირისპირ დავრჩებით, ერთი მხრივ, გაბრაზებულ რუსეთთან და, მეორე მხრივ, თურქეთთან, რომელსაც ძალიან დიდი მადა აქვს!.. იმაზე იფიქრონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რატომ დებენ თურქები ფულს აჭარაში, რისთვის აშენებენ აჭარას? სააკაშვილი კვირაში ორჯერ რომ დადის აჭარაში და ლენტებს ჭრის, თქვენ გგონიათ, ეს ობიექტები ქართული ფულით არის აშენებული? ეს საქართველოსა და ქართველებისთვის არის აშენებული? ამაზე უნდა იფიქროს ახლა ყველა ქართველმა, ვისაც აზროვნების უნარი არ აქვს დაკარგული!»
საფიქრალი მართლაც ბევრი გვაქვს, მაგრამ უმთავრესი ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი დასავლეთელი «მეგობრები და პარტნიორები» საქართველოს განიხილავენ არა როგორც სახელმწიფოს, რომელიც ქართველი ერის განვითარების არეალს უნდა წარმოადგენდეს, არამედ როგორც ტერიტორიას, სივრცეს, რომელსაც გარკვეული გეოპოლიტიკური დანიშნულება აქვს. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის სახელმწიფო იქნება ამ ტერიტორიაზე, რომელი ეთნოსი განვითარდება და, საერთოდ, იქნება თუ არა ეს სივრცე სახელმწიფო.
ცნობისთვის: ათიოდე წლის წინათ ამ პრობლემებზე ბევრს წერდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი.
საქართველოს გარშემო არსებულ ძველ და ახალ საფრთხეებსა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ალექსანდრე ჭაჭიასთან ვრცელ ინტერვიუს «საქართველო და მსოფლიო» უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ.
ლაშა გიორგიძე
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Русская версия
English version







კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი