«ნაბუქოს» მზე ჩაესვენა
ნავთობ და გაზსადენი მილები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის და რომლებიც ხელისუფლებაში მოსულ «რეფორმატორებს» თავიდან სასაცილოდ ჰქონდათ აგდებული, მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას ამერიკაში აუხსნეს, რას ნიშნავს აშშ-სთვის ენერგომატარებლები, როგორც იქნა, დადუმდნენ. ახლა კი «ნაბუქოს» კერპთაყვანისმცემლები გახდნენ.
ეს მძლავრი ენერგომდინარება წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზეა გათვლილი და მის შემავსებლებად ირანი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი მოიაზრება.
მოაზრებით კი მოიაზრება, მაგრამ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალებით თუ ვიმსჯელებთ, მის რეალიზაციამდე ძალიან დიდი დრო გავა, თუ განხორციელდა საერთოდ.
«ნაბუქოს» მზის ამოსვლას, უწინარეს ყოვლისა, აბრკოლებს ის გარემოება, რომ თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა უფრო მომგებიანი საკუთარი თამაში დაიწყეს.
პირველი თურქმენეთი გამოეცალა. «РИА Новости»-ს ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის თურქმენეთი გაზის 40 მილიარდამდე კუბური მეტრის სიმძლავრის ნაკადს ჩინეთისკენ გაუშვებს. ხელშეკრულება ჩინეთთან 30-წლიან მიწოდებაზე 24 ივნისს გაფორმდა. 40 მილიარდს კი ადრე აღებული ვალდებულებით თურქმენეთი «გაზპრომს» მიაწვდის. ორივე ამ მიწოდების ჯამურ მოცულობას თურქეთში დღეისთვის მოპოვებული მოცულობა - 70 მილიარდი კუბური მეტრი ვერ გასწვდება. «ნაბუქოსთვის» რა რჩება? არაფერი.
ეს - თურქმენეთი. ახლა - აზერბაიჯანი. გაზეთ «კომერსანტის» ცნობით, 29 ივლისს რუსეთმა აზერბაიჯანს იმდენად მომგებიანი პროექტი შესთავაზა, რომ მან «ნაბუქოს ქათამს» Газпром-ის წიწილა არჩია და კიდეც შეუთანხმდა ათასი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის საბაზრო ღირებულებაზე (350 დოლარი) უფრო ძვირად მიყიდვის თაობაზე.
ვინ სულელი იტყოდა ამაზე უარს? ის დრო კი, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ასეთ მომგებიან წინადადებებზე უარს ამბობდა საქართველოს სასარგებლოდ, წარსულს ჩაბარდა.
აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი გაზის გადაქაჩვას რუსეთი მომავალ წელს დაიწყებს, «ნაბუქო» კი, რომლის ამოქმედების ვადა მუდმივად გადაიდება ხოლმე, 2013 წელზე ადრე ვერ ჩადგება მწყობრში. აზერბაიჯანელი ექსპერტი ილხამ შაბანი გაზეთ «შარგში» («აღმოსავლეთი») აცხადებს, რომ «ნაბუქო მითია და არასოდეს იქნება რეალიზებული».
აი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის პოზიცია კი არც ასეთი წყალგადაწურულია. მისი აზრით: «თუ აიგება გაზსადენი «ნაბუქო» და კარგ კომერციულ პირობებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ ამას უპირობოდ გამოვიყენებთ, მაგრამ მის არც ინიცირებას, არც დაფინანსებას არ ვაპირებთ».
ბრძნული პოზიციაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და ჩვენი ხელისუფლების პირველი პირისთვის ჭკუისსასწავლებელია ის პოლიტიკური საფუძველი, რომელიც ამ განცხადებას განსაზღვრავს: «აზერბაიჯანის მაგალითზე, ვფიქრობ, შეიძლება დარწმუნდეთ, რომ სავსებით შესაძლებელია კარგი ურთიერთობების დამყარება ქვეყნებთან, რომლებიც ერთმანეთთან, რბილად რომ ვთქვათ, არ მეგობრობენ... თუ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს ერთმანეთში პრობლემები აქვთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმით, რომ აზერბაიჯანი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ისინი თავიანთ ურთიერთობებს გაარკვევენ».
ამას ამბობს მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ძალაც შესწევს ქადილისა, მაგრამ სხვათა პრობლემებს თავის ქვეყანას არ ანაცვალებს.
რაღა ჩვენ შეგვეყარა შემოდგომის აზნაურების კუდაბზიკობა?
იმიტომაც მიგვდის კარგად საქმე.
ესეც - აზერბაიჯანი.
ახლახან რუსეთმა თურქეთის ხელისუფლებას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღოს პროექტში «სამხრეთის ნაკადი», რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გაიდება ბულგარეთამდე, შემდეგ განიშტოება იტალიისა და ავსტრიისაკენ, და «ნაბუქოს» კონკურენციას გაუწევს.
«სამხრეთის ნაკადი», ბუნებრივია, საქართველოს გვერდს აუვლის. მის 63-მილიარდიან სიმძლავრეს შეავსებს არა მარტო რუსეთის, არამედ სამხრეთ აზიის გაზი. მაშასადამე, იგი ან ჩამოაცილებს «ნაბუქოს» ბუნებრივი აირის პოტენციურ მიმწოდებლებს, ან გააძვირებს შუააზიურ გაზს. ეს კი ევროპულ გაზსადენს ნაკლებად რენტაბელურს გახდის.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა 2 ივლისს განაცხადა, რომ «ნაბუქოს» პროექტი ცოცხალი უნდა იყოს. ჩვენ კი დასავლეთელი კოლეგების მხრიდან ვერ ვხედავთ ისეთ აქტიურობას, როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-არზრუმის პროექტების რეალიზაციის დროს», - იტყობინება The First News.
იმ «აქტიურობის დასანახად» მუშაობაა საჭირო, პროფესიული, დიპლომატიური ურთიერთობების მიზანმიმართულობა, მუდმივი, სისტემატური.
«ნაბუქო» ის მზე არ არის, თავისით ამოვიდეს და გაათბოს ჩვენი ქვეყნის დამზრალი მომავალი.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი