მთავარი | პოლიტიკა | არნო ხიდირბეგიშვილი: პოლიშინელის საიდუმლო, ანუ «GEORGIA» ტრანზიტით...

არნო ხიდირბეგიშვილი: პოლიშინელის საიდუმლო, ანუ «GEORGIA» ტრანზიტით...

შრიფტის ზომა: Decrease font Enlarge font
image

გამოთქმაში «პოლიშინელის საიდუმლო» იგულისხმება საიდუმლო, რომელიც სინამდვილეში საიდუმლო არ არის. უბრალოდ, ყველა თავს იკატუნებს, თითქოს ეს მართლაცდა ასეა. ეს ისეთი საიდუმლოა, რომელიც ყველასათვის ისედაც ცნობილია. (მასალა ვიკიპედიიდან – თავისუფალი ენციკლოპედიიდან)

«ომი წაგებული არ არის იმიტომ, რომ ჯერ არ დასრულებულა,» - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 13 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე.

«დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იბრძვის და აქ ორი გამოსავალია - დავნებდეთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ეს საქართველოს მტერს სჭირდება, ან ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. შუალედი აქ არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ჩვენი მცდელობა მტერთან (რუსეთთან. - ა. ხ.) მოლაპარაკებისა უშედეგოდ დასრულდა!» - ეს კი მარტვილში 2009 წლის 5 ივნისს ჩაის ახალი ფაბრიკის გახსნაზე განაცხადა (მართალია, ავი ენები ირწმუნებიან, რომ ეს ფაბრიკა ახალი სულაც არ არის, გადაღებილი ძველია და დაპირებული 200 სამუშაო ადგილიც ბლეფია, რადგან ფაბრიკის მუშაობისთვის 10 კაციც საკმარისია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ: რა დროს «ჩაის მირთმევაა,» როცა ქვეყანა, როგორც მისი უმაღლესი მთავარსარდალი ირწმუნება, საომარ მდგომარეობაში იმყოფება?!).

პრეზიდენტი ამას, ეტყობა, ტყუილუბრალოდ არ იმეორებს: საქართველო, რომელმაც ახლახან დააბრუნა თავისი ბატალიონები ერაყიდან, უახლოეს ხანებში, როგორც აშშ მოკავშირე, ხელახლა აპირებს ომში ჩართვას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან - ავღანეთთან, პაკისტანთან (შესაძლოა - ირანთანაც!), რომლებიც, განსხვავებით რუსეთთან ოთხდღიანი საომარი კონფლიქტისა 2008 წლის აგვისტოში, დაუნდობელი იქნება და მთელ საქართველოს გაანადგურებს!

«ჩვენი ასეული ფრანგული კონტინგენტის (შემდგომში ამერიკული კონტინგენტისაც. - ა. ხ.) შემადგენლობაში ნატოს ეგიდით ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ასევე მზადაა, ამ ოპერაციის მხარდასაჭერად სატრანზიტო ფუნქციაც შეასრულოს,» - გვაუწყა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიხარულიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას, 2009 წლის 3 მაისს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრისას, სიხარულიძე მათ უკვე დაჰპირდა საერთაშორისო კონტინგენტის შემადგენლობაში ჯარისკაცთა ასეულის გაგზავნას და საქართველოს ტერიტორია ნატოს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის წარმოების პლაცდარმად შესთავაზა. როგორც ჩანს, 2009 წლის 3 ივნისს, ვაშინგტონში მორიგი ვიზიტისას, მისი წინადადებები მიიღეს.

თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ვიზიტის წინ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ «დადგა დრო, როცა საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერის მიზნით გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები გაწერილია ქარტიაში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ახლახან მოაწერეს ხელი», ასევე სიხარულიძის შემდგომ განცხადებას - «ჩვენ ვისაუბრებთ იმ ღონისძიებებზე (ვაშინგტონში. – ა.ხ.), რომელთა განხორციელება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიითაა გათვალისწინებული. საქართველო მუშაობს ამ პუნქტების შესრულებაზე,» - დაასკვნი, რომ ქარტიის ტექსტი აშშ და საქართველოს სტრატე­გიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ვაშინგტონის ყოფილი ადმინისტრაციის მიერაა ხელმოწერილი მიმდინარე წლის 9 იანვარს (რომელზეც შეგვპირდნენ, რომ ხელმოწერის დასრულებისთანავე გვაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც არ გვაჩვენეს!), შეიცავდა საიდუმლო დებულებებს, რომლებიც გამჟღავნებას არ ექვემდებარებოდა. ეს დოკუმენტი ჩარჩო ხელშეკრულებას წარმოადგენს და არა ქარტიას, რადგან ე. წ. ქარტია საერთაშორისო სამართალში სამართლებრივი აქტია, რომელიც სავალდებულო შესასრულებელი არ არის და აზრობრივად თითქმის ყოველთვის წარმოადგენს დეკლარაციას, სადაც ჩამოყალიბებულია რაიმე საერთაშორისო შეთანხმების ზოგადი პრინციპები და მიზნები.

მკითხველმა შესაძლოა იკითხოს: მერედა, რა მოხდაო?! განა ჩვენი არმიის ქვედანაყოფები სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში არ შედიოდა ერაყში და ასეთი ოპერაციების წარმოების გამოცდილება არ შეიძინა? ამგვარ შემთხვევებში პირად შემადგენლობაში გარდაუვალი დანაკარგის გარდა რა უარყოფითი შედეგები მოიტანა ამან? რა არის საშიში იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიას ავღანეთში წარმატებული სამხედრო ოპერაციისათვის პლაცდარმად გამოიყენებენ? თვით რუსეთიც ხომ აშშ მოკავშირეა მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში და სავსებით მშვიდად ხვდება ავღანეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტს უზბეკეთის, ყაზახეთისა და, ნაწილობრივ, ყირგიზეთის გავლით?

კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: არ დაფიქრებულხარ, ძვირფასო მკითხველო, რად დასჭირდა ამერიკას საქართველოს ტერიტორიის გამოყენება გადასატვირთ პუნქტად, როცა ფლობს 1948 წლიდან მოქმედ სამხედრო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას (აეროდრომები, საწყობები, კავშირგაბმულობის სისტემა და სხვ.) თურქეთში?.. მხოლოდ პარტნიორობის მიზნით? განა შესაძლებელია საქართველოსა და აშშ სრულფასოვან (ორმხრივ!) პარტნიორობაზე ლაპარაკი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა საქართველო ვერა და ვერ ეღირსა უდიდესი სახელმწიფოსგან სამხედრო დახმარებას? როცა ობამას ადმინიტრაციამ «პოლიტიკის გადახედვის» ჩარჩოში გაუხმაურებლად შეაჩერა მთელი ამერიკული სამხედრო ექსპორტი საქართველოში და არც დააზუსტა, როდის აღდგება მიწოდებები და მომავალში რისი ექსპორტირების უფლება ექნებათ საქართველოში, როცა აშშ, როგორც ამბობენ, აუქმებს კრწანისის სამხედრო-სასწავლო ცენტრს თბილისის გარეუბანში, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ რეინჯერებს წვრთნიდნენ?

ჰოდა, რა არის ეს, თუ არა პარტნიორობა?

სანამ კონკრეტულად ვუპასუხებდე ამ კითხვას, მინდა, ფრაგმენტი მოვიყვანო გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე ჭაჭიას 2008 წლის 4 აპრილის ინტერვიუდან: «ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ნატოში გაწევრებისა სწორედ იმიტომ, რომ კარგად შევისწავლე ამ ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მხარე, რომლებიც არ აფიშირდება და არც რეკლამირდება ნატოს პროპაგანდისტების მიერ და ვიცი, რომ ნატოში ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნის გაწევრება, როგორიც საქართველოა, ფაქტობრივად ნიშნავს სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას, ხოლო ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, სამიზნედ და თვალსაჩინო მსხვერპლად გადაქცევასაც. გასაგებია ამერიკელების ინტერესი ნატოსთან დაკავშირებულ მთელ ამ ისტორიაში: მათ საქართველო პაიკად სჭირდებათ რუსეთთან დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში (რუსეთთან პრობლემური საკითხების განხილვისას ტყუილუბრალოდ ხომ არ ასახელებენ ამერიკელები თავიანთ კოზირთა შორის უნარს, საქართველოს დახმარებით ნებისმიერ წუთში მოახდინონ დესტაბილიზაცია კავკასიაში); მათ, ასევე, ესაჭიროებათ სამხედრო ინფრასტრუქტურა ირანის წინააღმდეგ სავარაუდო სამხედრო მოქმედებებისას (სხვათა შორის, ირანის საპასუხო ქმედებები მიმართული იქნება არა შორეული ამერიკის, არამედ მეზობელი მტრული საქართველოს მიმართ); ცხადია, საჭიროა კონტროლი მილსადენებზეც. საგულისხმოა ისიც, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი არაფერში სჭირდებათ».

აი, «პოლიშინელის საიდუმლოც»: საქმე ისაა, რომ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების (თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ტერიტორია და აეროდრომები დღეს ღიაა ავღანეთში ამერიკის სამხედრო, და არა საბრძოლო, ტვირთების ტრანზიტისთვის! ხოლო საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც, სავარაუდოდ, საბრძოლო ტვირთების ტრანზიტზე დათანხმდა, მაგრამ არა მხოლოდ სურსათ-სანოვაგის, საწვავის, სარემონტო ტექნიკისა და აღჭურვილობის, არამედ იარაღის, საბრძოლო მასალების, ცოცხალი ძალისა და თავისი ტერიტორიიდან ბომბდამშენებისა და სრული სამხედრო კომპლექტაციით ავიაციის სხვა სახეობების გაშვებას...

დარწმუნებული ვარ, რომ ეს «ქარტიის» ერთადერთი საიდუმლო დებულება არ არის: ვფიქრობ, რომ ვალდებულებები, რომლებზეც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, მოვლენათა განვითარების შესაბამისად ჩვენთვის თანდათან გახდება ცნობილი (ისევე, როგორც იმ ჩვენს მაღალჩინოსანთა სახელები, რომლებიც თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს ავღანეთში, საერთაშორისო კონტინგენტის ასეულის შემადგენლობაში გაგზავნიან. თუკი ასეთები, რასაკვირველია, იქნებიან... მერედა, რა მოხდა?! დაე, ყველაფერში დასავლეთის წამბაძველმა და ლონდონზე შეყვარებულმა ქართულმა პოლიტისტებლიშმენტმა მაგალითი აიღოს პრინც ჩარლზის ვაჟებისგან, რომლებიც ერაყში იბრძოდნენ!).

საინტერესოა, რა დამოკიდებულება ექნებათ ამ ყველაფრისადმი უსამა ბენ ლადენს, ალ-ქაიდას, თალიბანსა და სხვა ისლამისტურ ფუნდამენტალისტ-ექსტრემისტ-ტერორისტებს?!

ნეტავ, თუ იცის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიხარულიძემ, რომ არც ავღანეთს, არც პაკისტანს, არც ირანსა და, ასევე, საუდის არაბეთს, ინდოეთს, ისრაელსა და სამხრეთ კორეასაც კი არ აქვს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 1200 კმ-ზე მეტ მანძილზე დაფრინავს და, ამგვარად, საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და, მით უმეტეს, ამერიკისათვის? სამაგიეროდ, რაც აქვთ, ისინი იოლად მოაღწევს ამერიკის მოკავშირე საქართველომდე და რომ მარტო პაკისტანს 80 ბირთვული მუხტი აქვს?

იცის კი საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების განთავსების პროექტი რომც არ შეეჩერებინა ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას და საქართველო მისი მოქმდებების ეფექტურობის ზონაში მოხვედრილიყო, სარაკეტო იერიშის შემთხვევაში ის მაინც განადგურდებოდა, თუკი რაკეტის მოგერიება მის საჰაერო სივრცეში მოხდებოდა? იცის, ასეთი რაკეტების ნამსხვრევები, რომლებიც სულ რაღაც 100 გრამს იწონის, 5-სართულიან შენობას საძირკვლამდე რომ «ფხრეწს,» მიწაზე კი გაცილებით დიდი «ნამსხვრევები» ეცემა? რა მნიშვნელობა აქვს, რა დაგვეცემა თავზე - ისლამისტ ტერორისტთა რაკეტები, თუ მათი ნამსხვრევები?!

განა კაიროში სიტყვით გამოსვლისას აშშ პრეზიდენტ ობამას აღმოსავლურ ნუგბარზე უფრო «ტკბილმა» ხმის ტონმა და თეთრი სახლის ძალისხმევამ, ისრაელს ჰამასთან მოსალაპარაკებლად უბიძგოს; აგრეთვე, ირანში მოსალოდნელმა არჩევნებმა, რომელშიც, ალბათ, აჰმადინეჯადი გაიმარჯვებს; არ უნდა გააფაციცოს საქართველოს ხელისუფლება? აანალიზებს თუ არა ამ პროცესებს მისი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვაშაძე (ამერიკული საზომით - მეორე კაცი სახელმწიფოში!), თუ მას საკუთარ ვეება პლანტაციებში მოწეული ელიტარული ყურძნისაგან ღვინის წარმოება უფრო მეტად იზიდავს, რომელსაც სახელი თავისი მეუღლის - ცნობილი პრიმა-ბალერინის საპატივცემულოდ დაარქვა?!

მზად აქვს კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თარგამაძეს, რომელსაც ბოლო ხანებია საქართველოში მხოლოდ «გიიივის» ეძახიან (ქართული ოპოზიციის ერთადერთი და უდავო დამსახურება...), მობილიზაციის, ზიანის მინიმიზაციისა და შესაძლო კონტრდარტყმის თავიდან აცილების გეგმა? 

დარჩა კი საქართველოში ბომბსაფარი (მეტროპოლიტენის გარდა), რომელიც საბჭოთა ხანაში ააგო ხელისუფლებამ, აწყობილი სამობილიზაციო სისტემა რომ ჰქონდა და პოსტსაბჭოთა პერიოდში რომ გაანადგურეს? თუ უკვე გაყიდეს ბარების, ღამის კლუბებისა და ბუტიკების გასახსნელად?! 

ითვალისწინებს კი შსს ხელმძღვანელობა და თავდაცვის სამინისტროს გენშტაბი ალ-ქაიდას მდიდარ გამოცდილებას მთელ მსოფლიოში ტერაქტების მოწყობის საკითხში და ამუშავებს თუ არა ამ პოტენციურ საშიშროებას? არსებობს კი საქართველოში დასავლეთის ანალოგიური მაღალპროფესიონალური სამაშველო სამსახურები, რომლებიც სამხედრო მოქმედებების შედეგად წარმოშობილ საგანგებო სიტუაციებზეა ორიენტირებული? თუ მთელ იმედებს ისევ, როგორც 2008 წლის აგვისტოში, თბილისის მერზე - უგულავაზე ამყარებენ?! 

მალე ჩვენი ქვეყნის მბრძანებლებს ხომ არ მოუწევთ, შეეხვეწონ «მტერს» – რუსეთს, შემოიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რათა დაგვიცვას ჩვენ (და მთელი კავკასია!) ახლო აღმოსავლეთიდან საპასუხო სარაკეტო ბირთვული იერიშისაგან?! 

პასუხი ამ კითხვებზე ცნობილია (ეს ისეთი საიდუმლოა, რომელიც ყველასათვის ისედაც ცნობილია!), თუმცა ქართველ ხალხს რატომღაც არ ეკითხებიან, ხელს აძლევს თუ არა ასეთი «ბარტერი»: ჩვენ მათ დასავლეთისკენ - ენერგომატარებლების, ხოლო აღმოსავლეთისკენ შეიარაღების ტრანზიტს უზრუნველვყოფთ, ისინი კი საქართველოს მორიგ ტრანშს გამოუყოფენ? განა ამ ფასად იყიდი ავღანეთის ქვიშებში დაღუპული, თუნდაც, ერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეს?..

კომენტარები (0 კომენტარი):

დატოვეთ კომენტარი comment

შეიყვანეთ დამცავი კოდი:

არქივი
first first სექტემბერი, 2010 first first
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
შეაფასეთ სტატია
0
    Rating@Mail.ru