რუსეთმა შესაძლოა, ენერგეტიკული ბრძოლის ფინალი მოიგოს
ექსპერტები გამოწვლილვით აანალიზებენ “ნაბუკოს” გაზსადენის პროექტზე გასულ ორშაბათს მიღწეულ შეთანხმებას. ევროკავშირი ამ საერთაშორისო აქტს მთავარ წარმატებად მიიჩნევს და განსაკუთრებით ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც მთავარი სატრანზიტო ქვეყნის, ჩართვას ამ პროექტში.
მაგრამ მთავარი წინააღმდეგობაც თურქეთის მხრიდან მოდის. ერთი მხრივ, თურქეთი დაინტერესებულია სომხეთის ენერგეტიკული პროექტებით, მეორე მხრივ, სომხეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება თურქეთში “რეზონანსული” აღმოჩნდა: ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილმა ვერ გადაფარა ტრადიციული გაუცხოება. ეს კი სერიოზული დაბრკოლებაა თურქეთის ევროკავშირში მიღების გზაზე. “ნაბუკოსთან” დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე თურქეთმა დაადასტურა, რომ “ანკარის ურთიერთობები მოსკოვთან მაშინ იფურჩქნება, როცა ევროკავშირში მისი გაწევრების იმედი ჭკნება”.
“მოსკოვმა უკვე შექმნა პროდასავლური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის პერპენდიკულარი ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი. თუ სომხეთი ირანს რუსული მხარდაჭერით ელექტროენერგიას მიაწვდის, ეს კვანძი გაფართოვდება”, - მიაჩნიათ ექსპერტებს. ფრიად ჩახვეულ-ჩახლართული სიტუაციაა.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, სომხეთის მეცამორის ატომური ელექტროსადგურია, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა მოსკოვისა და ანკარის ინტერესები. ეს ელექტროსადგური, ავტორიტეტული მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად დაცულ მოქმედ სადგურად ითვლება. ამიტომაა, რომ “მოსკოვსაც და ანკარასაც თვალი უჭირავს ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ სომხეთს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით, არამედ მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდაც საკმარისი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სადგურის აგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის კონტროლი გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტზე და, შესაბამისად, თურქეთსა და, პოტენციურად, ირანსა და საქართველოზე ზემოქმედებისთვის ძლიერ ბერკეტებს შექმნიდა. ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმის ცოდნა, რომ მოსკოვის მიერ 40 მილიონი დოლარის ვალის ანულირების სანაცვლოდ, სომხეთმა რუსეთს მეცამორის სადგურზე, რომელიც სომხეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აწარმოებს, კონტროლის უფლება დაუთმო.
შეგიძლიათ, პარალელი გაავლოთ ენგურჰესის მართვის უფლების მოსკოვისთვის გადაცემის ფაქტთან.
არქივი
| კვ | ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
შეაფასეთ სტატია
Русская версия
English version






კომენტარები (0 კომენტარი):
დატოვეთ კომენტარი